Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსუბუქი ნარკოტიკის აუტანელი სიმძიმე

11 დეკემბერი 2016

- თავი  დამანებე, თუ ძმა ხარ, ვინმეს ნარკომანი არ ვეგონო  - ასე ჩამომძახა კიბეებიდან მმართველი პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომელსაც, ჩემი აზრით, მარტივი კითხვა დავუსვი: უნდა მოხდეს თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია.

ეს ამბავი ხუთი წლის წინ მოხდა. მას შემდეგ, ყოველ ჯერზე, როდესაც მსუბუქი ნარკოტიკის დეკირიმინალიზაციაზე ჩამოვარდება საუბარი და პოლიტიკოსების ნაწილი უხერხულად იშმუშნება, სულ ის დეპუტატი მახსენდება, ჩემს კითხვაზე რომ შეშინდა და, ინსტინქტურად, მეორე სართულისკენ გაიქცა. მახსენდება ის უხერხული ღიმილიც, რომლითაც სხვა დეპუტატები  მარიდებდნენ თავს. საკანონმდებლო ორგანოში არც ხუთი წლის შემდეგ შეცვლილა რამე. წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, პარლამენტართა ნაწილს ამომრჩეველთა გულის მოგების წინაპირობა, დღესაც პატრიარქთან ერთად გადაღებული ფოტოები, სექსუალური უმცირესობების ირიბი შევიწროვება, ქართველობის დაცვა თუ მკაცრი ნარკოპოლიტიკა ჰგონია. 

ადამიანის ტვინი ასე მუშაობს: რაც უფრო გიკრძალავენ, უფრო აკეთებ, რაც უფრო ცოტა გაქვს, უფრო გინდება. რაც უფრო წინააღმდეგობას გიწევენ, ჩარჩოებში გაქცევენ, ბორკილებს გიკეთებენ და კარს გიკეტავენ, მით უფრო მოიწადინებ წინაღობების დამსხვრევას და თავისუფლებას. წინააღმდეგობა მით უფრო დიდია, რაც უფრო აბსურდულია აკრძალვა.  

ამიტომაც არის მარიხუანას წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტიანი. არაეფექტიანი, გამაღიზიანებელი და უსამართლოც. მათ შორის პოლიციის რეიდები ქუჩებში, ძალით მოშარდვინებები, ჩხრეკა ავტობუსის გაჩერებაზე, კლუბებსა თუ პაბებთან პარასკევ საღამოობით, ყოველგვარ მიზეზგარეშე გაჩერებული პატრულის მანქანები, ამოჩემებული ადამიანები, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებები პოტენციური სამიზნეების მიმართ, შანტაჟი... უსამართლო ნარკოპოლიტიკის გამო ადამიანებიც დაიღუპნენ. მაგალითად, ადამიანი, რომელიც განყოფილებაში ძალით გადაიყვანეს და შარდმდენი დაალევინეს, პროცედურიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სხვათა შორის, მას ნარკოტიკის შემცველობა არ აღმოჩენია.  

უცნაურია, თუმცა რამდენადაც ულმობელია სახელმწიფო ნარკომომხმარებლის მიმართ, იმდენად ლმობიერია გამსაღებლებისადმი. მაშინ, როდესაც პირადი მოხმარების მიზნით აღმოჩენილი მარიხუანას გამო, ადამიანებს წლობით უშვებენ ციხეში, გამსაღებლებს საზღვარზე სხვადასხვა სახის მსუბუქი ნარკოტიკი უპრობლემოდ შემოაქვთ, უპრობლემოდვე ასაღებენ ცეცხლის ფასად და ხმასაც არავინ სცემს.

ორმაგი სტანდარტები ცუდი რამაა. პოლიტიკაშიც, პოლიციაშიც და აქტივიზმშიც. ცუდია, როდესაც პოლიცია, მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, ავიწროვებს, აკავებს, ზღუდავს, შეურაცხყოფას აყენებს. ცუდია, როდესაც პოლიტიკოსები დეკრიმინალიზაციას ემხრობიან, თუმცა მასებში ამ განცხადების არაპოპულარულობის გამო, ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ და ვიწრო წრეში, ახლობელ ადამიანებს ჩურჩულით ეკითხებიან, “რამე ხომ არ აქვს.”

უსამართლობაა, როდესაც ადამიანები მარიხუანას გამო შანტაჟს ვერ უძლებენ, თავს იკლავენ და დამშანტაჟებელ პოლიციელს სათანადოდ არ სჯიან. გამოსამშვიდობებელი წერილის ბოლო ფრაზა კი ყველა საპროტესტო აქციაზე ხმაურიანია.

ალბათ, მოვა დრო, როდესაც ამ ქვეყანაში მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზებაც მოხდება და პროსტიტუციის ლეგალიზებაც, 17 მაისს, რუსთაველზე, IDAHOT დღესაც აღვნიშნავთ და ოჯახის სიწმინდესაც მედგრად დავიცავთ, ადამიანები ბოდიშის მოხდასაც ისწავლიან და საჯარო ინტერესების პირადზე მაღლა დაყენებასაც.

ის დროც მოვა, როდესაც საბჭოთა მეხსიერებას მოვიშორებთ და გავაანალიზებთ, რომ ტატუს მხოლოდ ყოფილი პატიმრები არ ატარებენ და ციხე, ნარკომომხმარებლების სამკურნალო დაწესებულება არაა. თუმცა მანამდე უნდა ვზიდოთ მარაზმში გადასული მსუბუქი ნარკოტიკების აუტანელი სიმძიმე, რომელსაც დრო, ენერგია, ნერვები და ადამიანები ეწირებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^