Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალგაზრდა მაგდას ვნებანი

19 დეკემბერი 2016

პროკურორმა ჰკითხა, როდის დაიწყო ჩვენი ინტიმური ურთიერთობა; თან ჩემს საქმეს ფურცლავდა. მარიმ უპასუხა. პროკურორმა გულცივად შენიშნა, თუ არ ვცდები, ეს დედის დასაფლავების მეორე დღეაო; და ირონიული გამომეტყველებით მოგვიბრუნდა...“ (ალბერ კამიუ, „უცხო");

***

ზუსტად ერთი წლის წინ დააპატიმრეს მაგდა პაპიძე. მე არ ვწერ დანაშაულსა და საქმის იურიდიულ ასპექტებზე; ვწერ ტაშზე; მქუხარე აპლოდისმენტებზე; ოვაციებზე, მრავალჯერ რომ აღმოხდა სეირის მაყურებელ ხალხს, მეტადრე - მსაჯულთა ვერდიქტის გაცხადებისას და აგრეთვე, სასჯელის ზომის დადგენისას. ეს არ იყო ის ტაში, „სამართლის ზეიმს“ რომ მიუძღვნიან ხოლმე. ერი არ შეჰხვედრია მკვლელის დასჯას ასეთი ველური ყიჟინით. არა. ეს იყო არა მკვლელის, არამედ - ქმრის მოღალატე ქალის გასამართლებით გამოწვეული საყოველთაო აღტყინება, სისხლმოწყურებული ბრბოს დაუფარავი სიხარული, მასობრივი ფსიქოზი, ჰიპერბოლიზებული შიზოფრენიის პაროქსიზმი და ჯოგის „სამართლის“ აღსრულება. ეს არ იყო მკვლელის დასჯა; ეს იყო დასჯა და შერისხვა იმ ქალისა, „ნორმებს“ რომ არ ემორჩილებოდა; ქალის სიწმინდის ნაფერებ-ნალოლიავებ კონცეფციას რომ არღვევდა; რომ არ ოთარაანთქვრივობდა; ქალისა, რომელსაც საყვარელი ჰყავდა. ქალისათვის დაწესებული „საზღვრების“ გადალახვის გამო დაისაჯა (არა მხოლოდ კრიმინალის გამო). ეს დარაზმული საზოგადოება არასოდეს შეჰგებებია ასეთი მქუხარე ტაშით ცოლის მოღალატე და მკვლელი კაცის სამაგალითოდ დასჯას.

საქმის განხილვისას უპირველესი მნიშვნელობა მიანიჭეს ქორწინებამდელ კავშირებსა და ღალატს და არა იმას, ნამდვილად ჩაიდინა, თუ არა დანაშაული განსასჯელმა. მთავარ „ღერძად“ იქცა არა სავარაუდო დელინკვენტური ქცევა, არამედ - თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, ქორწინებამდელი ინტიმური კავშირი, ფეისბუქში გამოქვეყნებული „თამამი“ და „სექსუალური“ სურათები, „გამომწვევი“ ჩაცმულობა, სკაიპის მეშვეობით ბიჭთან მესიჯობა, ეშმაკების შესახებ ნანახი ფილმები, გადატანილი აბორტები და ა.შ. ხალხს მხოლოდ დანაშაულის გამო არ დაუსჯია მაგდა. მაგდას დანაშაული სხვაა. სულ სხვა. მისი ბრალი „დაამძიმა“ ზემოხსენებულმა დეტალებმა. რატომ დასაჯა ხალხმა და არა - სასამართლომ? იმიტომ, რომ ხალხის „ხმა“ ისმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. ეს სახალხო სამსჯავროა, ერის სურვილის გამოძახილი. ამ 12 ადამიანის ხელით, მთელ საზოგადოებას გამოაქვს განაჩენი ბრალდებულისათვის. მსაჯული ერთი მთლიანობის წარმომადგენელია, ერისგან არჩეული და ხელდასხმული; მისი სარკეა და მისი ნების აღმსრულებელი.

თითქოს, განსასჯელის არანორმატიული სექსუალური კავშირები (რის დამტკიცებასაც ბრალდება ცდილობს) პირდაპირ იწვევდეს გამამტყუნებელ განაჩენს... ამიტომაც, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროკურატურისთვის მთელი სოციუმია; ისე ელაპარაკება მას, როგორც სტატისტიკურ ერთობლიობას, მთელი თავისი ცრურწმენებით, სტიგმებით, ტაბუებით, კლიშეებითა და ქალებისადმი სიძულვილით. ცდილობს მის სენტიმენტებზე ითამაშოს. ბრალდება აღიზიანებს ნაფიც მსაჯულთა მორალის ეროგენულ ზონებს და, მაღალი ალბათობით, გამამტყუნებელ განაჩენსაც მიიღებს. თუ მსჯავრდება მოხდა, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ დაისაჯა მორალური და არა კრიმინალური დევიაცია. საქმეში პირველადი არის არა ის, მოკლა თუ არა ბრალდებულმა ადამიანი, არამედუღალატა თუ არა ქმარს... აქ ჩვენ მართლმსაჯულებისა და მორალური განსჯის უცნაურ და ანაქრონულ სიმბიოზს ვაწყდებით... სასჯელის ობიექტი მხოლოდ სექსუალობაა; ეს არის საზოგადოების შურისძიება ქალზე, რომლის ცხოვრებაც თავისუფალ სექსუალურ ურთიერთობებს მოიცავს“, წერს ვახუშტი მენაბდე.

რატომ დაისაჯა მაგდა ასე მკაცრად?

იმიტომ, რომ არ აპატიეს „თამამი“ და „სექსუალური“ ფოტოების გამოქვეყნება („მარტო თავისი გაჩაჩხული ფეხები გამოუმზეურებია ამ ძუკნას!“; „გათხოვილ ქალსა და დედას (!) რო 160 ფოტო ექნება გამოტყლარჭული ფეისბუქში და არც ერთი - ქმარ-შვილის!“; „მარტო თავისი დაჭყეტილი თვალები გამოუჭენებია!“; „სხვადასხვა პოზებში გადაღებული ფოტოები მიგვანიშნებს, რა ნაგავიცაა პაპიძე!“). ზნეობის ამ სარანგებს აზრად არ მოუვათ, ასე განსაჯონ მკვლელი კაცი, ჭიანჭველებივით შეესიონ მის ფოტოალბომებს და გაარკვიონ, ცოლ-შვილის რამდენი ფოტო ჰქონდა გამომზეურებული. ცხადია, დაქორწინებული (ანუ ნივთივითა და საქონელივით გათხოვილ-განათხოვრებული) ქალი არ უნდა აქვეყნებდეს საკუთარ ფოტოებს, რადგან ცოლი და დედა მუდამ ლეჩაქით უნდა იბურავდეს თმას, თავდახრილი, მჭმუნვარედ, ფეხაკრეფით დაიარებოდეს და უდრტვინველად აღიარებდეს საკუთარ მეასეხარისხოვნებას. მუდამ უნდა იდგეს უკანა პლანზე, ჩრდილში; ქმარ-შვილის ჩრდილში; ოჯახური უღლის ჩრდილში; ჯერ ქმარ-შვილი, მერე - ქალი.

მაგდამ კი თამამად დაარღვია ქალისათვის დადგენილი ეს აკრძალვა, გადააბიჯა ტანჯული, თავჩაქინდრული დიაცის პატრიარქალურ არქეტიპს და აღასრულა თავისუფალი ნება. ასე გააწნა სილა მაგდამ იმ ქალთმოძულე საზოგადოებას, რომელიც გამალებით აკვირდებოდა მისი თმის ფერსა და თმის სარჭების ფორმას („რა გვირილები ჩაუბნევია თმაშიიიი და თვალები ამოუკრასკიაააა! ეს ახლა ნორმალურიააა?“). ქალთმოძულე სეგმენტის აზრით, მაგდამ მაშინ ჩაიდინა მკვლელობა ხელმეორედ, როცა გაბედა თმისა და თვალ-წამწამის შეღებვა, ანუ ქალისთვისუკადრისისაქციელი იკადრა. დიახ, მაგდამ ნამდვილად ჩაიდინამკვლელობა“, ოღონდ, ზემოჩამოთვლილი უკიდურესად ტრანსგრესიული ნაბიჯებით (როცა დაარღვია სექსისტური კულტურისაგან ქალისათვის თავსმოხვეული ნორმები) მოკლა ქალის მჩაგვრელი სტერეოტიპები; მოკლა სულშემხუთავი პატრიარქალური მარწუხები; არ დაემორჩილა იმ უმრავლესობას, მგზნებარე სურვილი რომ სწვავდა თმაგამოხუნებული, ძონძმანძებში გამოხვეული, ლეჩაქმანდილიანი, დაცემული ქალის ხილვისა.

საუკუნეების განმავლობაში ქართულ კულტურაში ქალის ხატის რეპრეზენტაცია სიმბოლური ევადან დაარაევა" შუშანიკიდან მოყოლებული, წარმოჩინდებოდა, როგორც მსხვერპლი, ოჯახს, შვილებს, პატიოსნის სახელს შეწირული, დაღვრემილ-სევდიანი, მკაცრი, ქვეყნის ბედზედ, ოჯახის უფროს თაობაზედ და ოჯახის კაცებზედ მუდმივად მჭმუნვარე, დეპრესიული, ჩამქრალთვალებიანი, ამოშავებულუპეებიანი, რკინის ქალამნებიანი, მიტოვებული, უსქესო და უსექსო ქვრივი. ქალი, რომელიცქალს/ადამიანს უნდა დამსგავსოს",  ქართული ორი დისკურსის - ბოზი/არაბოზის გარშემო იტრიალებს. ქართველი ქალის სურვილი მხოლოდკულტურული", ანუ მართლმადიდებლური სურვილია, წილხვედრი ქვეყნის საკადრისი, რომელიც გამორიცხავს ლიბიდოს, ანდა ამ ლიბიდოს მიღმა სურვილს, - წერს ია მერკვილაძე.

რატომ დასაჯეს მაგდა ასე მკაცრად და ულმობლად? იმიტომ, რომ არ აპატიეს თმის შეღებვა, დავარცხნა, პომადისა და ლაინერის წასმა („ძუკნა! რა ელაინერებოდა?!“). თმაგახუნებული, ძაძით მოსილი, მხრებში მოხრილი, მოტეხილი და უპეებამოშავებული მაგდა რომ წარმდგარიყო სამსჯავროზე, წამებული დედის მანტიაში გამოხვეულიყო და ოთარაანთ ქვრივის როლი შეესისხლხორცებინა, ხალხის რადიკალურად განსხვავებულ რეაქციებს ვიხილავდით. სამაგიეროდ, ეს მოფუთფუთე მასა არ დაინტერესებულა, მკვლელმა კაცმა ლაინერი მოითხოვა, განდონი, თუ საქსოვი ჩხირი. რატომღაც, ერს არ ადარდებს, კაცს დეკოლტე აცვია, გრძელტოტებიანი შარვალი, შავი პერანგი, თუ ბიკინი ახურავს თავზე; თმა „რადიოზე აქვს დაყენებული“, შეღებილი, თუ დავარცხნილი. მიზეზი ერთია და მარტივი - მაგდა ქალია და არა კაცი.

არასოდეს განუხილავთ, ვისთან იწვნენ მკვლელი კაცები, რადგან ინტიმური ურთიერთობა არასოდეს გახდება კაცის წინააღმდეგ მიმართული მორალური ტერორის მიზეზი; არ გახდება სიძულვილის ნიაღვრის ამოხეთქვის საწინდარი. ქალის ქორწინებამდელი სექსი, „გამომწვევი“ ჩაცმულობა და პომადა-ლაინერის წასმა კი გარყვნილებად შეირაცხა და მკვლელობის სინონიმად იქცა. საჯარო ან დახურულ სხდომაზე რომც გამოამზეურონ კაცის პირადი ცხოვრება, ეს მაინც ვერ მოახდენს გავლენას საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე; ვერც ერთსულოვან მამულიშვილთა ლაშქარს დარაზმავს, რადგან განსასჯელი კაცია. სამაგიეროდ, მაგდას ქალწულობის დაკარგვის სავარაუდო თარიღიც კი შეგვატყობინეს. არასოდეს მოჰქცევიან ასე მდაბლად და უპატივცემულოდ არც ერთ ბრალდებულ კაცს; არ უსაუბრიათ ინტიმურ დეტალებზე ჟურნალისტების წინაშე; პირდაპირ ეთერში არ დაუზუსტებიათ, თავდაცვის რა საშუალების გამოყენება შესთავაზა განსასჯელმა მეგობარ ქალს, დაუცველი სექსი მოისურვა, თუ უსაფრთხო; აბორტის გაკეთება ხომ არ სთხოვა; რამდენჯერ ხვდებოდა კვირაში, როგორ პოზას ამჯობინებდა და ა.შ.

როცა ცოლთა და ყოფილ ცოლთა მკვლელობის ბუმი გაჩაღდა, ზნეობის ქალთმოძულე დარაჯები გვიმეორებდნენ, რომ „ზედაპირულად არ უნდა გვემსჯელა“, მიზეზებს ჩავღრმავებოდით და გაგვეთვალისწინებინა დამნაშავეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სამაგიეროდ, არავის დაუძრავს კრინტი მაგდა პაპიძის (სავარაუდო) დანაშაულის მიზეზზე; კაციშვილს არ მოუთხოვია მისი ფსიქიკის გულდასმით შესწავლა, ბნელით მოცულ, თვალუწვდენელ სიღრმეთა ჩაწვდომა (მით უმეტეს, ესოდენ დიდი მგზნებარებით). რატომ ინატრა ხალხმა (დაპატიმრებისთანავე, როცა ჯერ კიდევ არ იყო ბრალი დადასტურებული) მისი ჩაქოლვა და აკუწვა? თუკი კაცის დაკავებისას ყველას პირზე აკერია „გაუბედურებული, საწყალი ბიჭი“; „ალბათ, გადავიდა ჭკუიდან, თორემ ამას არ იზამდა“, მაშ, რატომ არ გაახსენდათ ყოველივე ეს მაგდას დატუსაღებისას? იქნებ, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა? გაარკვიეს ეს საკითხი? არა. არავინ დაინტერესებულა. მყისვე ეშაფოტზე გაგზავნეს. ეს იყო პატრიარქატის დაუყოვნებელი რეფლექსი. რატომ? მაგდა ქალია. როცა ქალს ეხება საქმე, სექსისტ მორალისტებს არ აინტერესებთ მისი ფსიქიკის მდგომარეობა; არც ის, ძალადობის მსხვერპლი ხომ არ ყოფილა; ხომ არ სცემდა და მოკვლით ხომ არ ემუქრებოდა ქმარი. მთავარია, ის გაარკვიონ, როდის გაიკეთა აბორტი და ვისთან დაკარგა ქალწულობა ქორწილამდე 6 კვირით ადრე (სწორედ ამმნიშვნელოვანიდეტალების გარკვევა სურთ მაშინაც, როცა ქმარი კლავს (ყოფილ) ცოლს. ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე მრავალწლიანი ძალადობა, როგორც მისი შესაძლო დანაშაულის მაპროვოცირებელი ფაქტორი. ვიცით, რომელიმე მკვლელი კაცი ვაჟიშვილად ჩაჰბარდა ცოლს, თუ არა, ან უკანონო შვილი ხომ არ ჰყოლია? არ ვიცით, რადგან ისინი კაცები არიან, მაგდა კი ქალია. შესაბამისად, ქორწინებამდელი სექსის ამოქექვა-გამოაშკარავება ვერასოდეს „დაამძიმებს“ ბრალდებული კაცის მდგომარეობას: ჩვენს სექსისტურ სინამდვილეში, სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა მამრის „გასეირნება“ ქორწინებამდეც და ქორწინების შემდგომაც.

როცა კაცები ყოველ ცისმარე დღეს ხოცავდნენ ცოლებსა და ყოფილ ცოლებს, მათი სისხლით რომ ირწყვებოდა კურთხეული ქართული მიწა (რომელზეც აღმოცენდა და ფრთები გაშალა „ქალის კულტით“ გამორჩეულმა კულტურამ), სექსისტები დაუღალავად ქადაგებდნენ: „შეეშვით მაგ კაცს! თავისი გაჭირვება ეყოფა! ისედაც შავ დღეშია!“. აი, მაგდას კი არ აკმარეს არც თავისი გაჭირვება და არც შავი დღე. რატომ? ქალია. ერის სამსჯავროზე გამოაჭენეს, საგულდაგულოდ დაითვალეს მისი ფოტოები და იმის გამო ჩაქოლეს, მხოლოდ თავად რომ იყო გამოსახული იმ სურათებზე და არა ქმარ-შვილთან ერთად; იმის გამო, რომ ქმრის ნებართვის გარეშე (!) (ანუ ოჯახის თავის, საკუთარი მბრძანებლის დაუკითხავად!) დაიარებოდა გასარუჯად თბილისის ზღვაზე. გაბატონებული საზოგადოებრივი აზრი ართმევს ქალს პიროვნულ ავტონომიას; არსებობის უფლებასაც კი არ უტოვებს ოჯახური სივრცის მიღმა. სექსისტურ ცნობიერებაში არ არსებობს ქალი მასზეაღმატებულიქმნილებების, ქმრისა და შვილის გარეშე. მას უფლება არა აქვს, ცოტა ხნით მაინც დაივიწყოს ოჯახური მოვალეობები, განმარტოვდეს და მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქროს. იგი ოჯახის საკუთრებაა, უფასო მსახური და ყურმოჭრილი მონა.

მკვლელ კაცებზე ამბობენ: „ალბათ, ბოზმა ცოლმა ამოუყვანა ყელში და ამანაც აჩეხა“; „უარესის ღირსი იყო!“; „საწყალი ბიჭი გააუბედურა თავისი ბოზობით“; „კაცს თუ გადაეკეტააა“... მხოლოდ კაცს შეიძლება „გადაეკეტოს“. აი, ქალმა კი უხმოდ უნდა დაითმინოს ყოველივე. მოღალატე ქალების ეროვნული სადამსჯელო რაზმი მუდამდღე დიდი მონდომებით არკვევდა, საყვარელი ხომ არ ჰყოლია ყოფილი ქმრისაგან წამებით მოკლულ ქალს, ან „დედაკაცისთვის“ „შეუფერებლად“ ხომ არ ეცვა; რატომ დაშორდა ქმარს, ქორწილის ღამეს ქალიშვილი ჩაჰბარდა „პატრონს“, თუ არა და ა.შ. თუ გაშორდა და განქორწინება გაბედა, აბა რა უნდა ექნა?“ „თქვენ რა გინდათ? საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ოჯახის კულტი, ტრადიციებია, ესოდენ უდიდესი ისტორიის და რწმენის ქვეყანაში, ამას მოითმენს ქართველი კაცი? კაცი, რომელიც მოღალატე ცოლს მოკლავს, მებრალება, რადგან არარაობის გამო ცხოვრება უნდა დაინგრიოს და ციხეში წავიდეს, თორემ მოღალატე ქალი ისედაც მკვდარია. ეს არის ქალი, რომელსაც ეშმაკიყავს შეჩენილი! სიკვდილის ღირსია ყველა მოღალატე ქალი, რომელსაც მოსიყვარულე ქმარი და შვილი ყავს და კიდევ ვერ იკავებს 1 ადგილს! მოსახლეობის 99% და უფრო მეტი ჩემს სიტყვებს დაადასტურებს, გარეთ რონ გამოკითხვა ჩაატაროთ. კაცი, რომელიც ცოლს მოკლავს ღალატის გამო, 1 წელზე მეტი არ უნდა მიესაჯოს, ის ქალი არ იმსახურებს დასაფლავებასაც კი!“

***

,,პროკურორმა ჰკითხა, პირველად როდის დაამყარა ინტიმური კავშირი ოთოსთან; თან მის საქმეს ფურცლავდა. მაგდამ უპასუხა. პროკურორმა ირონიული იერით შენიშნა: ,,თუ არ ვცდები, ეს ქორწინებამდე ერთი კვირით ადრე მოხდა. მერე ქმრისგან დაფეხმძიმდით და აბორტი გაიკეთეთ; მერე უღალატეთ." („ახალგაზრდა მაგდას ვნებანი"; ავტორი: ქართული მიზოგინი საზოგადოება და მედია).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^