Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კუნძული

29 დეკემბერი 2016

რაჭაში მუშები ერთი კაცის სახლს ძალიან დიდხანს, წლიდან წლამდე არემონტებდნენ. დღეში ერთ საათს მუშაობდნენ,  ბევრ საათს კი დამქირავებელთან ერთად სადილობდნენ. სახლის მეპატრონემ რამდენიმე წელი ანგელოზური მოთმინების, იუმორის შესანიშნავი გრძნობის და შესაშური კაცთმოყვარეობის წყალობით გაუძლო ამ ერთობ თავისებურ შრომით დისციპლინას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, თვეს და წელს ნერვებმა მაინც უმტყუნა და მუშებს უსაყვედურა, როდესმე მაღირსებთ დასრულებასო? მუშების უფროსმა გაოცებულმა გადახედა მოუთმენელ კაცს, “სად გეჩქარება ბოშო? კაცმა საკეთებელი სულ უნდა დაიტოვოს, თორემ გადმოიხედავს ღმერთი და  იფიქრებს, რაღა უნდა ამას აქ, უკვე ყველაფერი მოუმთავრებიაო.”

ოპტიმისტურია, როცა არსად გეჩქარება. როცა დრო შენი საკუთრება გგონია და დარწმუნებით იცი, იმიტომ გაგვიანდება, რომ მოასწრო. იმ კაცს ახლაც დაუსრულებელი აქვს რემონტი, სამაგიეროდ ცხოვრების სიბრძნითაა აღჭურვილი, რაც ამად ღირდა.

ჰაინრიხ ბიოლის მოთხრობაში, უდარდელად, ზარმაცად წამოწოლილ კაცს აქტიური წყვილი დაუზარლად აძლევს რჩევებს, როგორ უნდა ააღორძინოს “ამ სამოთხეში” ბიზნესი, გახდეს ძალიან მდიდარი, რომ შემდეგ მთელი ცხოვრება უდარდელად წამოწვეს. კაცი ვერ ხვდება, ამგვარი საბოლოო მიზნისთვის ამდენი ბზრიალი რა საჭიროა, როცა ის უკვე მშვენივრადაა წამოწოლილი.

არ გეგონოთ, ამ შესავალით სიზარმაცისკენ და უმოქმედობისკენ მინდა გიბიძგოთ. მხოლოდ და მხოლოდ შფოთვა მინდა შეგიმციროთ, რომ არაფერი გიგვიანდებათ, მშვიდად წამოწვეთ, წარმოსახვა ჩართოთ და განეწყოთ ხანგრძლივი, საინტერესო სიცოცხლისთვის.

ადამიანებს, რომელთაც ხვალინდელი დღის შიში აქვთ, უჭირთ დაგეგმონ გრძელვადიანი მომავალი. არათუ გრძელვადიანი, ბევრს პირდაპირი გაგებით ხვალინდელი დღეც უფერულად აქვს წარმოსახული, ან სულაც ვერ “ხედავს” მას და ავტომატურად მიჰყვება ყოველი ხვალის  მდინარებას.

მომავლის ბუნდოვანება, სიცარიელე, შინაარსის და რაიმე მოლოდინის გარეშე დღეების გათენება დროთა გამავლობაში იწვევს აპათიას, ცხოვრების უაზრობის განცდას, რაც სრულებით განსხვავდება ადამიანური ფილოსოფიური სევდისგან. ამაოების სევდა. თავისთავად უდიდესი ენერგიითაა სავსე, დარდით, ფიქრით, ღრმად განცდილი ვნებებით და ტკივილებით შეკუმშული. სიცარიელე კი ნიშნავს სიცარიელეს, უბრალოდ მოწყენილობას.

ჩვენი თავის აღქმისას, ვამბობთ, ასეთი იყო წარსული და ასეთი ვიყავი გუშინ, ასეთი მოცემულობაა ახლა და ასეთი ვარ დღეს, მაგრამ ცოტა ადამიანი ხედავს თავს ცხადად მომავალში. არადა სრულად რომ აღვიქვამდეთ საკუთარ პორტრეტს, ჩვენი ცხოვრების შინაარსის მთლიანობას, აუცილებელია, ვათვალიერებდეთ ჩვენს თავს ჯერ არდამდგარ დროშიც, რადგან რეალურად, ჩვენ იქ უკვე ვარსებობთ, როგორც იმ წიგნის პერსონაჟი, ვის შესახებაც ამბის თხრობას ვაპირებთ.

ხვალინდელი დღე ვინ იცის, დადგება თუ არა?  მაშინ სიკვდილის წინ წამოწოლას რა აზრი აქვს? ისე გაატარეთ დღევანდელი დღე, როგორც ნამდვილად უკანასკნელ დღეს გაატარებდით. მიდით, გაბედეთ თქვენი ტკბილი სურვილების ასრულება, “დაემშვიდობეთ საყვარელ ადამიანებს”, ოღონდ გული არ გაუხეთქოთ, არ გაუმხილოთ “უკანასკნელად რომ ხედავთ”, გაახარეთ, გააცინეთ, დატოვეთ მათში მოგონება… ვერ წარმოიდგენთ, რა გადასარევი იქნება ამის შემდეგი ხვალ, რომელიც აუცილებლად გაგითენდებათ ამავე ადამიანებთან ერთად.

ადამიანები, რომლებიც რეალობის გამაყუჩებელ თავშესაფრად წარსულის მოგონებებს ირჩევენ, ხშირად მომავლის საუკეთესო ვარიანტადაც არა რაიმე ახალს, არამედ წარსულის დაბრუნებას მიიჩნევენ, რაც, ცხადია, თავადვე განუხორციელებლად ესახებათ და ფიქრის ამგვარი გადატანით ჩიხში შეყავთ ცხოვრების ულამაზესი მდინარის კალაპოტი, - “იდეალურ წარსულთან” შედარებით მომავალს ვინ დაეძებს, აწმყოც კი ძნელად ასატანი ეჩვენებათ.  

ადამიანებს უკვე განცდილის განმეორებით წარმოდგენა და გახსენება ურჩევნიათ ფიქრებში ახალი გარემოებების შეთხზვას. სიახლე აშინებთ, მითუმეტეს, თუ არ სჯერათ, რომ ამ სიახლის შემოქმედი ძალიან დიდწილად თავად შეუძლიათ გახდნენ.

წარმოისახეთ ათი, ოცი წლის შემდეგ სად და როგორი იქნებით. დაგეგმეთ რაც შეიძლება გრძელვადიანი მომავალი. გზაც იქით წავა, საითაც მიმართავთ მზერას. გააჩენთ თუ არა თქვენი მომავლის წარმოსახვას, სულ სხვანაირად მსუბუქი და ასატანი გახდება დღევანდელი დღე, როგორც სამუშაო კვირის ბოლოს სიამოვნებისთვის დაგეგმილი უქმე დღე გიიოლებთ რუტინას.

ცხოვრებისგან დაღლილობისას არ შებრუნდეთ წარსულისკენ, მომავალში გაიქეცით სულის მოსათქმელად.

15 წელიწადში 60 წლის ვიქნები. ძალიან მომწონს, მეჩქარება და მიხარია ჩემი სიბერე. რაჭაში უნდა გადავსახლდე და ბედნიერი თხის ყველი ვაწარმოო. თხების სახლს საკუთარი ხელით მოვხატავ და გავაფორმებ. ჰენზელის და გრეტელის ზღაპარში კუდიან დედაბერს პეჩენიების და შოკოლადის ფილების სახლი რომ აქვს, იმას ემსგავსება, ნუ, აი, რომ წარმოიდგინოთ, დაახლოებით, ჰუნდერტვასერის არქიტეტურის მსგავსი. ჩემი თხები საღამოობით მუსიკას მოუსმენენ, მგელი ვერას დააკლებს და მათ დაკვლას ვერავინ გაბედავს, მხოლოდ ბუნებრივი სიკვდილით დაიხოცებიან. არც შემდეგ გაქრებიან უსახელოდ, - პატივით დაიკრძალებიან ძმათა და დათა სასაფლაოზე, ჩემსავე მეგობარ დედლებთან ერთად.

დედლებს ჩემი საყვარელი ახლობელი ქალების სახელები ერქმევათ და საუზმისთვის ყოველი კვერცხის დადებას ამაყი კაკანით რომ მამცნობენ, მე საყვირს ჩავბერავ, მთელმა სოფელმა რომ გაიგოს, ვის ყავს ოქროს კვერცხის პრიზის მფლობელი დედლები ამ არემარეში.

ვხედავ ისევე ცხადად, როგორც ახლა ჩემს მწვანე ხეებს ოთახში, ორმეტრიან თოვლს, წინდებზე ბოტებს, სათბურისკენ, აივნის წინ  რომ ავიშენე, ფეხქვეშ თოვლის ჭრაჭუნით მივდივარ და ზაფხულის მზესავით ყვითელ ლიმონს ვწყვეტ. სურნელს აფრქვევენ ფორთოხლები, მანდარინები. ოქროს დღესასწაულია.

აქ, ჩემს კუნძულზე, ჩემთანაც და გვერდიგვერდ პატარა სახლებშიც ის მეგობრები ცხოვრობენ, რომელთაც ჩემსავით უყვართ სიცილი. საღამოობით ჩემთან ვიკრიბებით, თბილ პურს სალათის ფოთლებს, ციცქნა პამიდვრებს და თხის ყველს ვაყოლებთ, ჯადოსნურ ღვინოს ვსვამთ და ვყვებით ამბებს.

სახლში ჩათბილული, ფერად-ფერადი წიგნების ბიბლიოთეკა გვაქვს, ზოგჯერ ჭერამდეც გვიწევს კიბით მიწვდენა. სხვადასხვა წიგნს ვკითხულობთ და შემდეგ ერთმანეთს ვუყვებით, ვკამათობთ. მე ზღაპრებს ვწერ. მერე ვუკითხავ. ზოგიერთი ზღაპრის გმირი იქვეა, თავის თავს ცნობს. ხურციძე მეჩხუბება, მაგ ზღაპარში მსუქანი რატომ ვარო. რა ვქნა? ჩემს პერსონაჟს ასე უფრო უხდება.

აქ ყველაფერი ზღაპრულია, თოვლიც და წვიმაც, ჭექა-ქუხილიც, ადრე გაზაფხულზე ციდან ჩამოცვენილი ვარსკვლავებივით  მინდორზე დაფანტული ყვითელი ყვავილებიც, მერე ცისფრები, მერე თეთრი გვირილები. არ გვჭირდება საათი, არსად გვეჩქარება და არსად გვაგვიანდება. ჩვენ თითქოს უკვე მოვკვდით და სხვაგან დავიბადეთ, ჩვენს საკუთარ კუნძულზე.

და რომ არც დადგეს ეს დღეები, ჩვენ ისე ხშირად განვიხილავთ ყველა დეტალს და სიხარულს, რას გავაკეთებთ, რას დავრგავთ, ვინ მოქსოვს, ვინ დახატავს, ფუტკრებს ვინ მიხედავს… ჩვენ ამ მომავალსაც უკვე სრული განცდით, სრულიად რეალურად ვცხოვრობთ.

შექმენით თქვენი კუნძულები, სადაც ყველაფერი ისეთია, როგორიც თქვენ მოაწყვეთ და ღმერთი რომ გადმოიხედავს, აფუსფუსდით, თითქოს კიდევ ძალიან ბევრი რამ დაგრჩათ საკეთებელი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^