იმ მრავალ წამოყვედრებათა შორის, რომელიც ჩვენს მთავრობას წინამორბედებთან შედარებისას ახასიათებს, ერთ-ერთი მთავარი თავისუფალი მედიაგარემო და განსხვავებული აზრის თავისუფლებაა. გვარწმუნებენ, რომ ამ მთავრობამ მედიის კონტროლზე უარი თქვა და ამის დასტური “რუსთავი 2-ის” არსებობა, ანდაც, საზოგადოებრივი მაუწყებელია. არხი, რომლის არსებობიდან დღემდე, არც ერთ დირექტორს მიუყვანია ბოლომდე კანონით განსაზღვრული ექვსწლიანი ვადა, არხი, რომელსაც ყველა, ჩვენ ჩვენი ჯიბიდან ვინახავთ და, საზოგადოებრივზე ხშირად, სამთავრობო აზრის გამტარებელი ყოფილა.
ხელისუფლება ხშირად ამაყობს პოლარიზებული მედიაგარემოთი. მაგალითად, კრიტიკული კითხვის გაჩენისთანავე ხელს “რუსთავი 2-ისკენ” იშვერენ და, აქვე, სასწრაფოდ აყოლებს, რომ არხის გარშემო კერძო სამართლებრივი დავა მიმდინარეობს, რომელთანაც მთავრობას კავშირი არ აქვს. დიახ, ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება, სათავეში მოსვლისას, დამოუკიდებელი მედიაგარემოს შექმნა იყო. აკი, ამ მიზნით გადაიხედა კანონმდებლობაც, რომელიც, იდეაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გარანტი უნდა ყოფილიყო.
ხელისუფლების პირველი მარცხი სწორედ სამეურვეო საბჭოს შერჩევის პრინციპს უკავშირდება. მაშინ, 2014 წლის დეკემბერში, მედიის, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირების ნაწილისაგან შემდგარი კომისია, საბჭოს კანდიდატობის მსურველებს, პირდაპირ ეთერში ესაუბრებოდა. თითქოს, ყველაფერი გამჭვირვალედ წარიმართა, კომისიამ შეადგინა კანდიდატთა სია და პარლამენტს გადაუგზავნა. პარლამენტს, რომელმაც, პირველად გამოხატული ნების მიუხედავად, კენჭისყრა ჩააგდო და კონკურსი თავიდან გამოაცხადა.
- ღირსეულთა შორის ღირსეულის შერჩევა გაგვიჭირდაო, - მაშინ ასე იმართლეს თავი და სამეურვეო საბჭოც სულ სხვა შემადგენლობით დაამტკიცეს.
საკონსტიტუციო უმრავლესობა დიდი ცდუნებაა. ისეთი დიდი, რომ განუსაზღვრელ ძალაუფლებას მთავრობებიც გადაუყოლებია. ასეთი მაგალითი არცთუ შორეული წარსულიდან გვახსოვს. ასეთ დროს დამოუკიდებელი მედიის, როგორც ხელისუფლების მაკონტროლებელ მოდარაჯე ძაღლის არსებობას, დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით, "საზოგადოებრივ მაუწყებელს", რომელმაც რეპუტაციის აღდგენა ნელ-ნელა, ბოლო პერიოდში დაიწყო და მაყურებლის ნდობაც მოიპოვა. გაუჩნდა მცირე, თუმცა ერთგული აუდიტორიაც.
მედიაბაზარზე ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით კი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი დირექტორის არჩევაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. ეს არჩევნები უნდა ყოფილიყო ინდიკატორი იმისა, სურდა თუ არა ხელისუფლებას პოლარიზებული მედიის არსებობა, იყო თუ არა რეალურად დამოუკიდებელი სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებების მიღებაში, ანდაც, მათი ნაწილი მაინც თუ იყო ბრძოლისუნარიანი.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ჰქონდა შანსი, არამხოლოდ მაუწყებლის, არამედ, ქვეყნის არსებობის ისტორიაში ახალი თავი დაეწყო. განსაკუთრებით, ღია კონკურსის პირობებში, როდესაც კანდიდატებთან გასაუბრება პირდაპირ ეთერში ხდებოდა და კონკურსანტებიც ნორმალური არჩევანის გაკეთებაც შესაძლებლობას იძლეოდნენ. მაშინ, როდესაც გამოიკვეთნენ ფავორიტები, რომლებსაც არხის განვითარების კონკრეტული გეგმები ჰქონდათ.
სამეურვეო საბჭომ ბოლოს მაინც იმ კანდიდატს დაუჭირა მხარი, რომელიც ღიად გამოხატავს სიმპატიებს ხელისუფლების მიმართ, რომელიც, გასაუბრებაზე ყველაზე სუსტი გამოსვლით გამოირჩეოდა და რომლის მიმართაც საბჭოს კრიტიკა არ დაუკლია.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის", “მაესტროს,” GDS-სა და სხვების გარდა, ალბათ, “რუსთავი 2-ის” საქმეც მალე გაირკვევა. და დღეს, იმ “სისხლიანი ცხრა წლის” მოკრიტიკე ხელისუფლებას აქვს შანსი, დაუშვას ზუსტად იგივე შეცდომები. შეცდომები, რომლის გამოსწორების პირობითაც თავის დროზე ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ.