ამერიკელი ფსიქოლოგი, ჯორჯ ბორი წერს: სელფრიჯმა გონება წარმოიდგინა, როგორც ერთი ბეწო დემონების კრებული, რომელთაგან თითოეული ეპასუხება სახელს - ან რაღაც მსგავსს - რომელსაც სხვა დემონები წამოიძახებენ. როდესაც რომელიმე მათგანს ჰგონია, რომ მას დაუძახეს, მაშინ იგი უკვე თვითონ უყვირის სხვა დემონებს. რაც უფრო მეტადაა იგი დარწმუნებული, რომ მას დაუძახეს, მით უფრო ხმამაღლა გაჰყვირის, ვიდრე რომელიმე სხვა დემონს არ ეგონება, რომ ახლა მას ეძახიან. და ასე შემდეგ. ამას უწოდა პანდემონიუმი.
მე რამდენადმე შევცვლი სელფრიჯის ამ მოდელს და წარმოვიდგენ პანდემონიუმს ეშმაკის ბორბალზე. (ეს მხოლოდ დამთხვევაა და არა სიტყვების თამაში). უფრო ზუსტად, მკითხველს ვთავაზობ ეშმაკის უზარმაზარ ბორბალს, რომელზეც მრავალი, არა, უამრავი სკამია გამოკიდებული. ყოველ სკამზე დემონი ზის. ჩვეულებრივი ეშმაკის ბორბლისგან ჩემი „დემონების ბორბალი“ მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ სკამზე მოკალათებული დემონები ბორბლისკენ ზურგით კი არ სხედან, არამედ პირიქით, მისკენ სახით არიან მიტრიალებული. მოგეხსენებათ, ჩვეულებრივ ეშმაკის ბორბალზე სკამები თავისუფლადაა გამოკიდებული ისე, რომ დედამიწის მიზიდულობის ძალის გავლენით თითოეული სკამი ჰორიზონტალურ მდგომარეობას ინარჩუნებს, სადაც არ უნდა იყოს - ბორბლის ზენიტში, ძირში თუ შუაში. ასეა აქაც, დემონების ბორბალზე.
თუმცა, რადგან აქ სკამები უმეტესად შიგნითაა შებრუნებული, ამიტომ სადღაც, დაახლოებით ბორბლის შუაწელზე დაღმავალი და აღმავალი დემონები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან. ბორბალი ტრიალებს; ასე რომ, საკმაოდ ცოტა ხნის განმავლობაში, ვიდრე საბოლოოდ ასცდებ-ჩასცდებოდეს, ეს ორი დემონი ერთმანეთს მისჩერებია. ვფიქრობ, ამ დროს მათ გაკვირვებისგან ენაც ჩაუვარდებათ ხოლმე, რადგან მათ (ჩემი არ იყოს) მეხსიერება საერთოდ არ უვარგათ და ჰგონიათ, რომ პირველად ხედავენ ერთმანეთის თვალებს. (ჩემგან განსხვავებით დემონებს შესანიშნავი მხედველობა აქვთ). ბორბალი კი ტრიალს განაგრძობს და ახლა დემონების სხვა წყვილი აღმოჩნდება ასეთივე მდგომარეობაში, მერე მომდევნო და ასე შემდეგ.
დემონების ბორბალი იმდენად დიდია, ხოლო სკამები დემონების ზომის შესაფერისად იმდენად პატარა, რომ აღმავალი და დაღმავალი დემონების ყოველი წყვილი მხოლოდ ერთხელ თუ აღმოჩნდება ერთმანეთის პირისპირ და, როგორც ჩანს, არასოდეს მეორედ. დემონების ბორბალი ტრიალებს მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეში და მის სიკვდილთან ერთად სამუდამოდ ჩერდება, მასზე წამოსკუპებული, მოუსვენარი დემონები კი საპნის ბუშტებივით ერთხელ და საბოლოოდ ქრებიან. რომელიც ზემოდან ეშვება, ის დემონი იმ ცენტრალური და ხანმოკლე „დაპირისპირების“ ჟამს გაიხსენებს თუ აღმოაჩენს ხოლმე, რომ მისი სახელია „მე“. ხოლო მისი დროებითი ვიზავი, რომელიც ქვემოდან ზემოთ აჰყავს დაუზარელ ბორბალს, ასევე დროებით დაირქმევს „ცნობიერებას“. დაღმავალი დემონი, რომლის სახელია „მე“ ზემოდან ჩამოდის, როგორც მომავლიდან და წინასწარმეტყველებას ჰგავს. ხოლო აღმავალი დემონი თითქოს წარსულიდან ამოდის და ჰგავს მეხსიერების გზააბნეულ ნაფლეთს, რომელსაც ჯერ ვერ გაურკვევია, უკვე წარსულშია მისი ადგილი, თუ ჯერ კიდევ დაედგომება აქ, აწმყოში.
მართლაც, ჩემი შორეული ვარაუდით, ბორბლის „ეკვატორზე“ ორი დემონის - მომავლის მაცნე „მესა“ და წარსულის მეგზური ცნობიერების - ურთიერთშეპირისპირების სწორედ ეს სწრაფად წარმავალი, თუმცა შთამბეჭდავი წამი წარმოადგენს იმას, რასაც აწმყოს ვუწოდებთ ხოლმე. ვისაც ჩემს ბოლო რამდენიმე ესეში ჩაუხედავს, მას არ გაუკვირდება არც „მესა“ და ცნობიერების აწმყოში შეხვედრა, და არც „მეს“ დასახვა უახლოესი მომავლის წინასწარმეტყველებად, ცნობიერებისა კი - უახლოესი წარსულის მეხსიერებად (ან, უფრო ზოგადად, უახლოეს მეხსიერებად). ასეთ მკითხველს მე ვეპატიჟები ერთ უდავოდ უიმედო წამოწყებაში, რომელსაც დამკვიდრებული სამეცნიერო პარადიგმის შეცვლა ჰქვია.
საკმაოდ ხანგრძლივი მისვლა-მოსვლის შემდეგ, როგორ ჩანს, იმ ჰიპოთეტურ დასკვნამდე მივდივარ, რომ საზოგადოებითა და სხეულით გარემოცულ ტვინში საძიებელია არა ცნობიერება, არამედ აწმყო; რომ აწმყო არის ის „არამატერიალური“ და ჯერაც სრულებით ამოუხსნელი საიდუმლო, რომლის მხოლოდ ერთ-ერთი პოლუსია ცნობიერება, ხოლო მეორე გახლავთ სუბიექტი, მე. უკვე თითქმის ოცდაათი წელია, რაც საუკეთესო მეცნიერები და ფილოსოფოსები ეძებენ ცნობიერების წარმოშობის ნეირონულ, ბიოლოგიურ, საბოლოოდ კი უბრალოდ, ფიზიკურ მექანიზმს. არადა, თუ ცნობიერება, დედამიწის პოლუსის მსგავსად, რაღაცის მხოლოდ განუყრელი „ნაწილია“, მაშინ მის მოსაძებნად მთელი დედამიწა უნდა დაინახო გონების თვალით; უნდა დაინახო ის მთელი, ის აწმყო, რომელშიც ცნობიერება და სუბიექტი ერთმანეთს მისჩერებიან და განსაზღვრავენ. ეძებო პლანეტის პოლუსი ისე, რომ წარმოდგენაც არ გქონდეს თვითონ პლანეტაზე, დამეთანხმები, ცოტა არ იყოს, საეჭვო წამოწყებაა.
თუ მკითხავ, საიდან გაჩნდნენ დემონები ერთი სიცოცხლის სიმაღლე ბორბალზე, მარტივად გეტყვი, რომ როცა ამ ბორბალს მოელანდა, რომ მის შუაწელზე ერთმანეთს თვალს-თვალში უყრის ორი პატარა დემონი, როგორც გამჭვირვალე პლანეტის ორი პოლუსი, როდესაც ეს ჰალუცინაცია დაემართა, მის ასახსნელად, ესე იგი, ბრუნვა-ტრიალის დაუეჭვებლად, ანუ ჭრიალის გარეშე გასაგრძელებლად, ბორბალმა ასეთივე ჰალუცინაციური, პატარა დემონების მთელი არმია გამოიძახა და თავის სკამებზე ჩამოსხა, გაგართობთო. ამის შედეგად ყველაფერი შედარებით კანონზომიერი გახდა. რეალობა კი სხვა არაფერია, თუ არა კანონზომიერი ჰალუცინაცია.
თუმცა ამაზე ხომ ადრეც ვწერდი. ოღონდ იქ ჰალუცინაციის გაკონტროლებულ ინტერპრეტაციას ვამბობ. გაკონტროლება კი, ცხადია, გარკვეულ რეგულარულობას, ანუ კანონზომიერებას გულისხმობს. მაგრამ ნუთუ მართლა სრულებით უკვალოდ ქრებიან ეს დემონები? არა მგონია, რადგან დემონების ბორბლებიდან ზოგჯერ გვერდების ნაფლეთები წვიმასავით წამოვა ხოლმე. მათ აკრეფას თუ არ დაიზარებ, რომელიმე ერთი ბორბლის ძირში ვეფხისტყაოსნის ჯადოქრობა შეგრჩება ხელში, სხვაგან კი მატყუარა სახარება. ამ აკვიატებულ ესეებსაც ჩემი საკუთარი დემონები თხზავენ და ფანტავენ, და მეც ამ დემონების კრებული ვარ, პანდემონიუმი.
რენე მაგრიტი, "გოლკონდა"