Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გუშინ საბაზე არ უსაუბრიათ...

26 იანვარი 2017

25 იანვარს საქართველოს მთავრობის დელეგაციამ ბავშვის უფლებათა კომიტეტს უკვე მეოთხედ მოახსენა იმ „მიღწევების" შესახებ, რაც  ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით აქვს, თუმცა, მათ გამოტოვეს საბას ისტორია.

მოკლედ ფაქტებზე

საბა 11 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბიჭია. ეს ბიჭი წლების განმავლობაში ერთ-ერთი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობდა,  რაც უზრუნველყოფდა მისთვის მთავარს - საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობასა და თანატოლებთან ურთიერთობას. საბას უნარების განვითარებაში სხვადასხვა სპეციალისტი ეხმარებოდა, თუმცა დაახლოებით 1 წლის წინ, არასათანადო დაფინანსებისა და შესაბამისი პროგრამის არარსებობის გამო, საბა მომსახურებიდან ამორიცხეს და უთხრეს, რომ დღის ცენტრი ვერ უზრუნველყოფდა მისთვის საჭირო მომსახურებას და ამ დღის შემდეგ საბა სახლში გამოკეტეს.

რა მოხდა შემდეგ?

საბასთვის სახლში გამოკეტვას უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია - მოიმატა აგრესიამ და სუიციდის რეალური რისკი გაჩნდა. მას შემდეგ საბას უფრო და უფრო ხშირად უწევს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნა. ბოლო 6 თვის განმავლობაში 11 წლის ბიჭი ფსიქიატრიულში უკვე მესამედ გადაიყვანეს. პარადოქსია, რომ საბასთვის ფსიქიატრიულში გადაყვანა სახლიდან გასვლის ერთადერთ  საშუალებად იქცა. როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოდის, საბამ იცის, რომ ამ დროს გარეთ გასვლის შანსი ეძლევა, რომ  მანქანაში ჩასვამენ და განსხვავებულ ადგილას წავა, რომ იქ ბავშვებსაც ნახავს, რომლებიც უკვე დაიმეგობრა და საბას ეს ყველაფერი უკვე ახარებს კიდეც.

დედა

არც საბას დედაზე უსაუბრია ვინმეს ჟენევაში. ქალზე, რომელსაც უწევს, სამინისტროებს უმტკიცოს, რომ მისი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია, უჭირს შვილზე ზრუნვა, აღარ აქვს პირადი ცხოვრება, შეწყვიტა მუშაობა, ძილიც შეწყვიტა და ალბათ ახლაც  დგას ფანჯარასთან, ყურადღებით აკვირდება თავის შვილს, რომ საბა უცებ არ გადაიხაროს და მე-8 სართულიდან არ გადავარდეს. ჟენევაში საბას დედაზე ვერც ილაპარაკებდნენ, რადგან მათ ცოტა ხნის წინ ამ ქალს  სოციალური დახმარება შეუწყვიტეს და შეუწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ბინიდან ბინაში თავადვე გადაიყვანეს, სახლი თავადვე შეუცვალეს.   

ჟენევაში ალბათ ვერც იმას იტყოდნენ, რომ ქვეყანაში  ბავშვზე ზრუნვის სისტემა არსებობს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ  იმისთვის, რომ შვილები მშობლებს არ დაშორდნენ, რადგან კარგად ახსოვთ, როგორ შესთავაზეს საბას დედას შვილის ბავშვთა სახლში ჩაბარება.

ალბათ, ყელში ბურთი გაეჩხირათ დელეგაციის წევრებს, როცა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე საუბარი დააპირეს; როცა უნდოდათ, ეთქვათ, რომ ისინი ზრუნავენ გარემოზე, რომელიც ადამიანის შესაძლებლობებს ამცირებს, იწვევს მათ სეგრეგაციას, რადგან გაახსენდათ საბა, რომელსაც ზუსტად იმ დროს, ფსიქიატრიულისკენ მიაქანებდნენ  და ეს პატარა, ცელქი ბიჭი, გზაში პოლიციელებსა და ექიმებს ეთამაშებოდა.

დაბოლოს, ალბათ ეტყოდნენ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრებს, რომ პროგრესი არ არის და რაც ანგარიშში წერია, უნებლიე შეცდომაა, რადგან სინამდვილეში, საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო საბას სასამართლოში უმტკიცებენ, რომ ის ისეთი მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვია, რომ მისი საზოგადოებაში გამოჩენა და ბავშვებთან თამაში შეუძლებელია. თუმცა, სახელმწიფო მუდმივად გაუღებს საბას კარს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც სათამაშოც იქნება და დაცული ფანჯრებიც...  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^