Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნეოლიბერალური კონსტიტუციის შესახებ

02 თებერვალი 2017

საქართველოს კონსტიტუციაში საგადასახადო რეფერენდუმის საკითხზე გამახსენდა:

წაგიკითხავთ ჩილეს 1980 წლის კონსტიტუცია?

1973 წელს გენერალი პინოჩეტი საკონსტიტუციო კომისიას ქმნის. აქ ჩნდება ცნობილი კონსტიტუციონალისტის, ჰაიმი გუცმანის სახელი, რომლის იდეებს გადამწყვეტი გავლენა ექნება ჩილეს კონსტიტუციის ტექსტზე და, როგორც შემდეგ ვნახავთ, ჩილეს პოლიტიკურ მომავალზე.

გუცმანი ესპანელი დიქტატორის, ფრანკოს, მხარდამჭერია და აღტაცებით ხვდება სამხედრო გადატრიალებას. ის მე-20 საუკუნის ჩილეს ისტორიას კითხულობს როგორც დემოკრატიის დემაგოგიაში გადაზრდის გრძელ ამბავს. გუცმანისთვის პინოჩეტის მოსვლა ასეთი უგვანი დემოკრატიის დასასრულია; მისთვის დიქტატურა საზეიმო ინტერვალია, რომლის დროსაც "პატრიოტულ ბიუროკრატიას და ძლიერ სამხედრო ხელს შესწევთ ძალა, აპოლიტიკური, ტექნიკური, რაციონალური ეკონომიკური წესრიგი დააფუძნონ".

ამ ამბავს კონსტიტუციონალისტი ხავიერ კაუსო ყვება.

გუცმანი ხვდება, რომ სამხედრო ხელისუფლება მუდმივი ვერ იქნება და პოლიტიკის მოწყობის მისეულ ხედვას დაცვის ლეგალური სისტემა დასჭირდება მომავალში. შესაბამისად, კონსტიტუციის ტექსტში უნდა გაჩნდეს ასეთი დაცვის სისტემა, ხოლო თავად კონსტიტუციის დამცველის ფუნქცია სამხედრო ელიტამ იტვირთოს.

სამხედრო-საკონსტიტუციო კომისიას რამდენიმე წევრი ერთმანეთის მიყოლებით ტოვებს. მათთვისაც კი - და ისინი, თავის დროზე, სიხარულით შეხვდნენ პინოჩეტის ძალაუფლებას - კონსტიტუციის ტექსტი მკაფიოდ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სამართალს. პინოჩეტი კომისიიდან გასულ წევრებს უფრო თამამი და ლაღი ჩიკაგოელი ბიჭებით ანაცვლებს. ამ ბიჭებმა ფრიდმანის ლექციებზე იარეს და, შესაბამისად, იციან, ჩილელი ხალხისთვის როგორ აჯობებს.

გუცმანის კონსტიტუციით იქმნება კვაზიორპალატიანი პარლამენტი, რომელშიც სამხედრო პირები არჩევნების გარეშე ხვდებიან; სახელმწიფოს ეკრძალება ეკონომიკაში ჩარევა და შეეძლება, მხოლოდ ისეთ უფლებამოსილებას მოჰკიდოს ხელი, რომელიც კერძო სექტორს მომგებიანად არ მიაჩნია; საკუთრების შეძენის უფლებას მტკიცე გარანტიებს უბოძებენ; პარლამენტს ერთმევა საგადასახადო პოლიტიკის განსაზღვრის უფლება; ჯანმრთელობის უფლება აღარ იქნება უშუალოდ მოქმედი, სასამართლო წესით აღსრულებადი სამართალი; განათლების, საბინაო და სხვა სოციალური პოლიტიკის შესაცვლელად პარლამენტს ისეთი უმრავლესობა დასჭირდება, რომელიც საარჩევნო სისტემით არ მოიპოვება; იქმნება ავტონომიური ეროვნული ბანკი და საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კონსტიტუციასთან შეუსაბამო პროგრესულ კანონმდებლობას გააუქმებს.

გუცმანისა და ჩიკაგოელი ბიჭების ექსპერიმენტის მთავარი მიზანი ასეთია: უნდა დასრულდეს ეკონომიკის საკითხებზე პოლიტიკური დისკუსია და _ მთავარი _ ასეთი დისკუსია მხოლოდ კონსტიტუციური სამართლის ფარგლებში შედგეს. სხვა სიტყვებით, ეკონომიკური საკითხებზე დისკუსიამ პოლიტიკური სივრციდან, ყველაზე კარგ შემთხვევაში, სასამართლო დარბაზში უნდა გადაინაცვლოს.

1988 წელს პინოჩეტმა წააგო რეფერენდუმი, რომელიც დიქტატურის ლეგიტიმაციისთვის ჭირდებოდა. მაგრამ მართალი აღმოჩნდა ჰაიმი გუცმანი: პინოჩეტის იდეებმა ცხოვრება კონსტიტუციის გავლით განაგრძეს მიუხედავად იმისა, რომ ჩილეს კონსტიტუციაში მას შემდეგ ბევრი ცვლილება შევიდა.

მართალი აღმოჩნდა პრეზიდენტ ალიენდეს მეგობარი იურისტი, ედუარდო მონრეალი, რომელმაც თავისი წიგნი დაასათაურა ასე: "კანონი, როგორც წინაღობა სოციალური ცვლილებებისთვის".

გვახსოვდეს ეს ექსპერიმენტი: მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიდგომები დღეს ექსპერიმენტად აღარ წარმოგვიდგება, არამედ უალტერნატივო, ერთადერთ რაციონალურ გადაწყვეტილებად, რომელიც თითქოს დაცლილია პოლიტიკური შინაარსისგან.

არა უშავს. საგადასახადო რეფერენდუმის შესახებ ჩანაწერს ახლა, როგორც ჩანს, ვერ, მაგრამ ამოვიღებთ. მაგის დროც მოვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^