ამ დღეებში საქართველოში მხარდამხარ, პარალელურად ხდებოდა ორი ერთმანეთისგან საპირისპირო მოვლენა, რომელიც საკმაოდ სიმპტომატურია ჩვენთვის.
პირველი იყო ვიზალიბერალიზაცია, სადაც ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების დონეზე, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას ევროკავშირის უკვე სამივე ინსტიტუტი უჭერს მხარს.
მეორე მოვლენა იყო რუსთავის „აზოტის ქარხნიდან“ 300-ზე მეტი მუშის ახსნა-განმარტების გარეშე გათავისუფლება და შემდეგ აქციაზე მისული ხალხის ცემა.
რატომაა ეს ორი მოვლენა ერთმანეთის საპირისპირო?
ჩვენ გვიხარია ვიზალიბერალიზაცია იმიტომ, რომ ევროპულ სივრცესთან უფრო დავახლოვდებით, უფრო ხშირად წავალთ, მივიღებთ იქაურ განათლებას და ა.შ. მოკლედ ჩვენთვის ევროპა არის მომავლის ტერიტორია, სადაც თავს უკეთ ვიგრძნობთ. თუმცა, აუცილებელია განვმარტოთ რა არის ევროპა. ერთადერთი, რაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ ევროპაზე - ესაა ღირსეული შრომითი პირობები, უფასო განათლება და საყოველთაო ჯანდაცვა. ევროპა არის ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, სოციალურად პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო, რომელიც იცავს მოქალაქეებს, თავის თავზე იღებს მათ ჯანდაცვას, განათლებას, კვების, ეკოლოგიის და სხვა საკითხების კონტროლს.
შესაბამისად, ის რაც ხდება საქართველოში შრომითი უფლებების მხრივ და განსაკუთრებით მძიმე ინდუსტრიებში, არ არის ევროპული სივრცის ნაწილი. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მუშაობს შრომის კოდექსი, რომელიც დამსაქმებელს არ აძლევს უფლებას მონად ამუშაოს დასაქმებული, ისე როგორც ეს საქართველოში ხდებოდა და ხდება, განსაკუთრებით კი მძიმე ინდუსტრიებში - კაზრეთის საწარმო და ჭიათურის მარგანეცი ამის იდეალური ვარიანტია. მაგ. კაზრეთის საწარმოს კვირაში 70 კგ ოქრო გააქვს ბაზარზე მუშათა სამუშაო დრო: 12 საათი. მინიმალური ხელფასი: 300 ლარი. მაქსიმალური ხელფასი: 850 ლარი ადმინისტრაციის თანამშრომელთა სამუშაო დრო: 8 საათი. მინიმალური ხელფასი: 5000 ლარი მაქსიმალური ხელფასი: 220 000 ლარი. ეს უსამართლობის კატეგორიაშიც აღარ გადის, ესაა პირდაპირი მონობა, ასევე მაგალითად, არც ერთ მაღაროში არ არის სამედიცინო პუნქტი, ჰიგიენური პირობები, მაღაროში არ არსებობს გამართული ვენტილაცია და დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავენ. არ აქვთ არანაირი გარანტიები; უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული; ჭიათურაში არ არსებობს საავადმყოფო და ექიმთან ზესტაფონში დადიან. ზუსტად მათ,ისინი, ვინც ყველაზე მეტად ეკუთვნით დაფასება მუშაობენ მეცხრამეტე საუკუნის ევროპის შრომითი პირობებით, და ყოველწლიურად იმატებს სიკვდილიანობის რიცხვი.
ჩვენ ყოველთვის გვესმოდა საჯარო სივრციდან, რომ ვბაძვთ ევროპას, მაგრამ ვბაძავთ ისეთ ევროპას, როგორიც არ არსებობს. ესაა სიმულაციური. ვბაძავთ ასლს, რომლის ორიგინალიც არ არსებობს. ეს არის ევროპის დამახინჯებული მიმეზისი. მიმეზისის ცნება ძველმა ბერძნებმა გამოიყენეს, რათა აეხსნათ, თუ როგორ ასახავდა ან ბუნების იმიტირებას ახდენდა ენა და ნახატი. ეს მეტაფორულად რომ გამოვიყენოთ დღევანდელობაში, შეიძლება გავიგოთ როგორც უბრალოდ მიბაძვა. ჩვენ ავირჩიეთ მიგვებაძა სხვისთვის, შემდეგ კი მიბაძვაც გავაყალბეთ და ამ მავნებლურ პოლიტიკას ვარქმევთ ევროპულს.
მოკლედ, არ შეიძლება მოგვწონდეს და გვახარებდეს ვიზალიბერალიზაცია და არ გვაწუხებდეს რუსთავის „აზოტის ქარხნის“ მშრომელთა ბედი. უბრალოდ შეუთავსებელია ეს ორი რამ.
ალბათ ხშირად შეგხვედრიათ კოლექტიური ქართველი კაცის ან ქალის სახე დამცინავ ჭრილში. ასეთებია მაგალითად „ჯიპიანი კაცი, რომელიც შშმ პირებისთვის განკუთვნილ სადგომზე აყენებს მანქანას“, „ქართველი კაცი, რომელიც ნაგავს ყრის“, „ქალი, რომელიც ამბობს - რომ მთავარია მე არ გამაგებინოს“, „ევროპაში მოსაპარად წასული ქართველი“ და კიდევ მრავალი „ქართველი ვაჟკაცის“ ვარიაციები. ეს სახეხატები გვევლინება, როგორც ჩვენი კულტურული სივრცის მანკიერი მხარეები. მე მინდა ამ სიის ღირსეულ ადგილს იკავებდეს კიდევ ერთი მანკიერი მოვლენა, ოქსიმორონი - „ადამიანი რომელიც აღფრთოვანდა ვიზალიბერალიზაციით და ხმას არ იღებს რუსთავის აზოტის ქარხნიდან გამოყრილ და უფლებადარღვეულ მუშებზე!“ გამოდის, რომ მას მხოლოდ ადვილად გადაადგილება გაუხარდა და არა როგორც იდეა და პოტენციალი ვიზალიბერალიზაციისა, დაახლოებით ისე, როგორც „ევროპაში მოსაპარად წასული ქართველი“...