Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩურკინი, რუსეთი და მათზე რეაქციები

22 თებერვალი 2017

რამდენიმე წლის წინ რუსი გენერლის სიკვდილის გამო აღფრთოვანება ვერ დამალა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა და ამას მოჰყვა რეზონანსი, სადაც ეს საქციელი ფასდებოდა. მოკლედ საკითხი იდგა ასე: რამდენად სწორია ადამიანის სიკვდილით გახარება?

გუშინწინ 65 წლის ასაკში, ნიუ-იორკში გარდაიცვალა რუსეთის წარმომადგენელი გაერო-ში, ვიტალი ჩურკინი. ამ ფაქტს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში რა რეზონანსიც მოჰყვა, წინა შემთხვევისგან, რომლითაც საუბარი დავიწყე, განსხვავებულია. ეს იყო სრულად ანომალიური მოვლენა. ფეისბუკზე დადიოდა „პროდასავლური კურსის“ მორალური პოლიცია, რომელიც ხალხს ნამუსზე აგდებდა და შენიშვნას აძლევდა იმის გამო, რატომ არ გაუხარდათ ჩურკინის სიკვდილი. ეს ის ხალხია, ვინც მორწმუნეებს გააკრიტიკებს მოძალადეობის ნიშნით და იმ მიზეზით, რატომ გვკარნახობენ ისე ცხოვრებას, როგორც თვითონ იქცევიანო. ეს ჩვეულებრივი ობსკურანტიზმია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ლიბერალიზმთან.

რა თქმა უნდა, ჩურკინის თემის საწყისი რუსეთის ფაქტორია.

განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდა, აქტიურ ხალხში პუტინის და რუსეთის სიძულვილი. ჯერ იმდენი პოლიტიკური ცნობიერება არ აქვთ, რომ ქსენოფობიაში არ გადაზარდონ თავიანთი გემოვნება. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ, მთლიანად სიმულაკრის კატეგორიაა.

ეზიზღებათ პუტინი, რუსეთი, თუმცა რის გამოც ეზიზღებათ, ის საკითხები არაფრად ანაღვლებთ, ანუ მოიხმარენ საგნებს, დაცლილს სუბსტანციებისგან. ვერ ინტერესდებიან პატრიოტიზმით, არ აქვთ მგრძნობელობა დევნილების მიმართ, არ წავლენ ომშიარ მოსწონთ რუსეთში ავტორიტარული სისტემა, ადამიანის უფლებები და იყვნენ მიშისტები, აკრიტიკებენ რუსეთში გაჭირვებას, ჩვენთან კი ვერ ხედავენ და .. ანუ, რის გამოც პუტინი უნდა ეზიზღებოდეთ, ის საკითხები არ ადარდებთ. ერთადერთი რასაც ებრძვიან მათი მამების და ბაბუების თაობაა, რომელთაც რუსეთის კულტურული გავლენა ეტყობათ.

რატომ მგონია ეს ზიზღი უკიდურესად ხელოვნური?

ძველი თაობის რუსეთთან სიახლოვე  და ამერიკის სიძულვილი იდეაზე იდგა. საბჭოთა იდეაზე, რომელსაც ტელეოლოგიურ მიზნად კომუნიზმი ჰქონდა დასახული, უდიდესი გრანდ ნარატივი. როდესაც ეს იდეა მოიშალა, ახალი აღარ შექმნილა და ყველაფერი მორალური ინვერსიის პროექტით ხორციელდებოდა. ესაა კონდიცია, როდესაც შენ არ გაგაჩნია რეალური ღირებულებები, მყარი ფასეულობები და სხვის ნეგატიურობაზე, სხვის ბოროტებაზე აგებ საკუთარ მსოფლმხედველობას და არ ქმნი არაფერ ორიგინალურს, ანუ სხვისი ცუდი საქციელის ფონზე ჩანხარ უკეთესი. საქართველო არ არის იდეაზე, სიმყარეზე აგებული,  ვგულისხმობ რაღაც გრანდ ნარატივს, რაც აქვს კონტინენტურ ევროპას - კეთილდღეობის სახელმწიფო და რაც აქვს  ამერიკას - სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა და ა.შ. ჩვენ მსგავსი არ გვქონია.

ჩვენ უბრალოდ ვბაძავდით  სიმულაციურად. მიმეზისის ცნება ძველმა ბერძნებმა გამოიყენეს, რათა აეხსნათ, თუ როგორ ასახავდა ან ბუნების იმიტირებას ახდენდა ენა და ნახატი. ეს დღევანდელობაში მეტაფორულად რომ გამოვიყენოთ, შეიძლება გავიგოთ როგორც უბრალოდ მიბაძვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში შეიქმნა იდეოლოგია, რომელიც ასწავლიდა ხალხს, რა როგორ სცოდნოდა. ამ ცოდნის ლეგიტიმაცია და წყარო კი იყო დასავლეთი, მათ შორის ევროპა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ის, რასაც ასწავლიდნენ საზოგადოებას, ნასწავლი ჰქონდათ დასავლეთიდან. საბოლოო ჯამში საქართველოში ყველანაირი სოციალური ქცევის, აზროვნების, ურთიერთობების და ა.შ. პროტოკოლი განსაზღვრული იყო დასავლეთიდან, ოღონდ, სინამდვილეში იყო მიმეზისი დასავლეთისა.  ვბაძავდით ისეთ ევროპას, როგორიც არ არსებობდა, დაცლილს საყოველთაო ჯანდაცვისგან, სოციალურად პასუხისმგებლიანი სახელმწიფოსგან და ა.შ. ვბაძავდით სინგაპურს ისეთს, როგორიც არ არსებობდა და გვაჩვენებდნენ მას, როგორც დერეგულაციის სამოთხეს, როდესაც სინგაპურის ცნობილი ჯანდაცვის სისტემა უფრო მეტ რეგულაციას გულისხმობს სახელმწიფოსგან, ვიდრე სხვა.

მოკლედ ჩვენ არ გვქონია სიმყარე, არ გვქონია ის, რაც გვეყვარებოდა, რასაც ვიწამებდით და რისი საფრთხის შექმნის გამოც შევიზიზღებდით მტერს, თუნდაც რუსეთს. ამიტომაც რუსეთის ზიზღი, რომელიც აწარმოა სახელმწიფომ, რომელსაც სიმყარე არ ჰქონდა, ვერ იქნება ავთენტური იმიტომ, რომ ის იდეას ვერ ებრძვის, ის მხოლოდ მორალური ინვერსიისთვისაა საჭირო, რათა სხვის ცუდზე ავაგოთ საკუთარი კარგი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^