Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მე ვიცავ საკუთარ უფლებებს

24 თებერვალი 2017

მე მარიკო ვარ. რიგირთი მოქალაქე. გავჩნდი ოჯახის დიდი ხნის სანატრელი შვილი-გოგო, ყველაფერი ქართული ოჯახის წესითა და ტრადიციის „დაცვით“ მიდიოდა. ჩვენი ოჯახი, საზოგადოების მიერ დადგენილ ყველა „სტანდარტში“ ჯდებოდა-ოჯახში იზრდებოდა ორი ბავშვი, პირველი, უფროსი შვილი - ბიჭი, გვარის გამგრძელებლი. მეორე კი, „ტრადიციისამებრ“ გოგო-შესაბამისი ასაკის მიღწევისას სახლიდან წამსვლელი და „პატრონს“ ჩასაბარებელი. თუმცა, ეს „ტრადიცია“ და „სტანდარტი“ ერთმა, „დაუპატიჟებლმა“ ვირუსმა დაარღვია, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება. შეიცვალა ჩვენი ცხოვრების სტილი და რეჟიმი, ვინაიდან, ერთი მეორეს მონაცვლეობით, იცვლებოდა საავადმყოფოები, ექიმები, ექიმბაშები. იცვლებოდა მკურნალობის სტილი, მეთოდი და მიდგომები, რომლებიც დაფუძნებული იყო არასასიამოვნო, უფრო სწორედ, აუტანელ ტკივილებთან, განცდებთან და შეგრძნებებთან.

მერე იყო ბევრი დღე, თვე, წელი, რომელიც გადიოდა. გადიოდა იმედით, მოლოდინითა და ოცნებით. ოცნებით იმაზე, რომ ერთ დღეს, მეც „ჩვეულებრივი“ ადამიანი ვიქნებოდი და „დავემსგავსებოდი“ სხვებს. თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. „ჩვეულებრივიდან“,  საზოგადოების აღქმით, მე გავხდი „სხვანაირი“ და ეს „სხვანაირობა“ მდგომარეობს იმაში, რომ მე დღეს ეტლით მოსარგებლე ვარ.

თავიდან ყველაფერი ძნელი იყო. საკუთარი თავის მიღებაც. ძნელი იყო იმასთან შეგუება, რომ სხვებს არ „ვგავდი“. ძნელი იყო იმის გაცნობიერება, რომ მე არ უნდა მქონოდა ოცნებები, მიზნები, სურვილები - ეს იყო საკუთარი ქვეცნობიერის მიერ, საკუთარი თავის მიმართ გამოტანილი განაჩენი. რადგან მე ვიზრდებოდი იმ საზოგადოებაში, რომლებიც ერთ დროს საბჭოთა კავშირის მოქალაქეები იყვნენ და რომლებსაც, არასოდეს ენახათ გარეთ გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და შესაბამისად, მათში ყველაფერ „განსხვავებულის“ მიმართ უარყოფისა და განდევნის სურვილი ღრმად იყო ფესვგადგმული.

და მერე იყო ბევრი „მერე“.

მერე იყო ბრძოლა ყველაფრისათვის.

ბრძოლა საკუთარ თავთან - მიმეღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვიყავი!

ბრძოლა საზოგადოების წევრებთან - მივეღეთ ისეთი, როგორიც ვიყავი!  

ბრძოლა საზოგადოებაში საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის - მესარგებლა მეც იმ სიკეთეებით, რასაც თითეული შეზღუდვის არმქონე მოქალაქე, უბრძოლველად, ბუნებრივად ღებულობდა. და ამ ბრძოლაში არასოდეს ვიყავი მარტო. თუმცა, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მავიწყდებოდა ერთი მნიშვნელოვანი რამ - მავიწყდებოდა ის, რომ ეს ყველაფერი იყო ჩემი უფლება. უფლება, რომელიც დაბადებისთანავე მომენიჭა და რომელიც, სიცოცხლის ბოლომდე მეკუთვნოდა.  პროფესიით იურისტს, მავიწყდებოდა, რომ არავითარ „განსხვავებულობას“ არ შეეძლო ჩემთვის იმ უფლებების წართმევა, რომელიც ადგილობრივი თუ საერთაშორისო კანონებით იყო დაცული და ხელშეუვალი.

უარყოფისა და განდევნის ღრმად ფესვგადგმული შიში განაპირობებს ჩვენს სისუსტესა და მოწყვლადობას, შესაბამისად, ხელს გვიშლის სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და შესაბამისი მოქმედების განხორცილებაში. შესაძლოა, თქვენთვის ნაცნობი იყოს ეს გრძნობა. მაგრამ, მოდით, სიმართლე ვთქვათ – ასე ადვილი რომ იყოს ხმის ამაღლება და საკუთარი უფლებების დაცვა, მაშინ ამის გაკეთებას ყველა შეძლებდა. მაგრამ, არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ჩვენ თავად ვკარნახობთ გარშემომყოფებს, თუ როგორ მოგვექცნენ.

და როდესაც, ერთ მშვენიერ დღეს მიმახვედრეს, რომ ის, რაზეც ვიბრძოდი, იყო ჩემი უფლება, მოვიკრიბე გამბედაობა და რწმენა საკუთარ თავში იმისთვის, რომ დამეღწია თავი იმ საზოგადოებრივი წყნეხისგან, რომელიც ხელს მიშლიდა უამრავი ახალი შესაძლებლობის დანახვასა და განხორცილებაში. არ მივეცი საზოგადოებას უფლება, ემართათ ჩემი ცხოვრება და მოვიკრებე გამბედაობა საკუთარი უფლებების დასაცავად, რამაც ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა მომცა. ცხოვრების, სადაც საზოგადოება კანონის ძალით „იძულებული“ იქნება მიმიღოს, როგორც თანასწორი და პატივი სცეს ჩემს უფლებებს.

თუმცა, ვაღიარებ, რომ ეს სულაც არ არის ადვილი. როდესაც ცხოვრებ ისეთ საზოგადოებაში, რომლის უმეტეს ნაწილს არ გააჩნია ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ, ძნელია აუხსნა, რომ ბრძოლა დარღვეული უფლებებისთვის, სულაც არ არის „ცუდი ტონი“. ძნელია აუხსნა, რომ ის რაც მათ „ბუნებრივად ერგებათ“, მე მხოლოდ დიდი ბრძოლის შედეგად შეიძლება „მერგოს“ მხოლოდ იმიტომ, რომ მე შეზღუდული შესაძლებლობის ვარ! ძნელია აუხსნა, რომ ჩემი ქმედება დაფუძნებულია მხოლოდ სამართლებრივ პრინციპებზე, ვინაიდან მე ვცხოვრობ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელებიც შშმ პირთა დღისადმი მიძღვნილ დღეს, გულზე „საგანგებოდ“ იბნევენ იასამნისფერ სოლიდარობის ლენტს და მხოლოდ ეს ჰგონიათ ჩემდამი, თითეული შშმ პირისადმი ნაკისრი ვალდებულებისა თუ მოვალეობის შესრულებად. ძნელია აუხსნა საზოგადოებას, აუხსნა ხელისუფლების ცენტრალურ თუ ადგილობრივი წარმომადგენლებს ჩემი ქმედების სისწორე, ვინაიდან მათი ცნობიერება შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ დღესასწაულებზე შშმ პირებს საგანგებოდ „მიართვან“ „ფოჩიანი კანფეტები“ და „გაბანტული“ ეტლები. ძნელია აუხსნა მათ, რომ მათი უფლება-მოვალეობები, მხოლოდ ამ კეკლუცური, პიარზე დაფუძვნებული მოქმედებებით კი არ შემოიფარგლება, არამედ, მათი, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირების უშუალო მოვალეობაა, შეიმუშავონ ისეთი პოლიტიკის დოკუმენტები და სამოქმედო გეგემები, რომლებიც თითეოეული შშმ პირის მდგომარეობას გააუმჯობესებს და მისცემს არჩევანის შესაძლებლობას. არჩევანის, აირჩიონ თუ რომელი ტკბილეული იყიდონ თვითონ, თავიანთი შრომით გამომუშავებული თანხით და რომელი ეტლი აარჩიონ საკუთარი გემოვნებით.

მე ვარ პირველ რიგში ადამიანი, პიროვნება და შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის და ამის გამო საერთოდ არ მრცხვენია! მე არც იმის მრცხვენია, რომ დავიცვა საკუთარი უფლებები! არც იმის მრცხვენია, რომ ხშირად არ გამომდის და ყველაფერს თავიდან, ხელახლა დაწყება მიწევს! არც იმის მეშინია და მრცხვენია, რომ თუკი ჩემი, სხვისი უფლებების დასაცავად სიმართლეს ვიტყვი არ დამიჯერებენ, გამლანძღავენ ინტიგანს დამიძახებენ და ზურგს შემაქცევენ!

პირიქით, მე მრცხვენია საზოგადოების იმ ნაწილის, რომლებიც მე და სხვა, თითეულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აღვიგვამენ როგორც „პაციენტებს“, „ავადმყოფებს“ და არა სხვებთან თანასწორი უფლებების მატარებლს!

მე მრცხვენია ადამიანების, რომლებიც ცდილობენ შშმ პირითა და თემატიკით მანიპულირებას!

მე მრცხვენია იმ ადამიანების რომლებიც ჩემი დარღვეული უფლებების დაცვას, აღიქვამენ როგორც სამარცხვინო ფაქტს!

მე მერცხვენია იმ ადამიანების, რომლებიც მხოლოდ გამორჩენის მიზნით „იცავენ“ შშმ პირთა უფლებებს!

მე არ მრცხვენია საკუთარი თავის, ვინაიდან სწორედ, რომ ჩემი მდგომარეობის გამო ვარ ის, ვინც ვარ და გამომდინარე აქედან, მე არ მრცხვენია საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^