Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მჭიდროდ მოლანდება

06 მარტი 2017

მოვიდა მარტი, გულახდილობის თვე. მის პირველ რიცხვებში რაღაცები ხდება, სასამართლოები, გამოძიებები და ინტერვიუები. ვიღაც ასაღებს თავს ფილოსოფოსად, ვიღაც - პოეტად. ორივე მათგანი თვითგამოცხადებული და თვითაღიარებულია, როგორც რუსეთის იმედით და ხელშეწყობით მოწყვეტილი ეგრეთ წოდებული სახელმწიფოები. ამღვრეულია ქვეყანა და უდანაშაულო მკითხველებს, მათ შორის უდავოდ კარგ ადამიანებს, სჯერათ ამ ორის, რადგან ორივე იბრალებს პატრიოტობას. სინამდვილეში კი ისინი უჩინმაჩინი მმართველის მითითებას ასრულებენ კეკლუცად იმით, რომ ლიბერალიზმს აკრიტიკებენ. მაგრამ მათი კეკლუცობა მხოლოდ დავალების შესრულება როდია, მათ გულწრფელად ეჯავრებათ ლიბერალები და ლიბერალიზმი. ეჯავრებათ კი, ვფიქრობ, იმიტომ, რომ თვითონ ეს სიტყვები გულისხმობს თავისუფლებას (ლათინური სიტყვა liberalis ნიშნავს თავისუფალს). მათ თავისუფლება ეზიზღებათ იმიტომ, რომ იგი გულისხმობს დამოუკიდებელ აზროვნებას, რომლის გარდაუვალი ნაყოფია საღი კრიტიკა და მისი მეშვეობით მიღწეული კრიტერიუმები. ესენი კი დამღუპველია თვითმარქვიასთვის, შარლატანისთვის, ქოსატყუილასთვის. მოკლედ, საპირფარეშოს ფილოსოფოსი და აბანოს პოეტი დაძმობილდნენ... რომელიმე მათგანის ნააზრევის გაცნობას არ გირჩევ, რადგან ჩვენს ზღაპრულ, პოლიფონიურ ქვეყანაშიც კი ძნელია პუტინის პუტანას ტიტინის ატანა.*

მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ არც ესენი და არც რომელიმე მათი ხორციელი თუ სულიერი მკვებავი არ უნდა აღვბეჭდოთ მითოლოგიზაციით, რომლის თანახმად გამოვა, რომ ისინი, ვთქვათ, ცხიმიანი სიბნელისა და დანაყრებული მონობის მხარეს დგანან წელწვირილი თავისუფლებისა და მხარბეჭიანი პროგრესის წინააღმდეგ. არა, ამგვარი იდეოლოგიური დიქოტომია და დაპირისპირება  არის სრულებით გაუმართლებელი მითოლოგიზაცია, რომელიც მხოლოდ მათთვისვეა ხელსაყრელი იმიტომ, რომ თითოეული მათგანის ინდივიდუალური მოჩვენებითობა სწორედ ამას საჭიროებს - ერთ ბანაკად თავმოყრას, რათა მას თავი ისე შეაფაროს, როგორც იდეოლოგიური კუს კოლექტიურ ბაკანს.

ამასთანავე, ნურც ის გამოგვრჩება მხედველობიდან, რომ ბოლო დროს საპატრიარქოში დატრიალებული ციანიდის მორევი თანდათან კინაღამ გაუთვალისწინებლად უმართავი გახდა და მისი სასწრაფოდ მიჩქმალვა შეიქნა აუცილებელი. ამისთვის სასწრაფოდ შეთხზეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ისეთი ხმაურით აახია პატრონებს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და მისდამი დაუნდობლად კრიტიკული ტელევიზია, რუსთავი 2, რომ ხმა მაშინვე მისწვდა სტრასბურგს. რამდენიმე საათში ექო უკანაც დაგვიბრუნდა ევროპულად მკაფიო  სახით, სულზე მოუსწრო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ, ესე იგი, მინიმალურად მაინც თავისუფალ სიტყვას. 

მაგრამ ორიოდე დღით თუნდაც მიაჩუმონ, არსებითად ეს ქვეყანა მაინც მართლმადიდებელი ეკლესიითა და მისი საპატრიარქოთია შეპყრობილი. ამიტომ დროა, გამართლება თუ არა, საპატიებელი ახსნა მაინც მოვუძებნოთ ილუზიების ამ ფაბრიკას, ჭეშმარიტად ქართულ ჰოლივუდს, ნაყოფიერსა და სარფიანს. იქნებ, გარკვეული აზრით, ეს ასეც უნდა იყოს, და თუ რომელიმე ქვეყანაში ჩემნაირი ათეისტები სჭარბობენ, იმათაც ურჩევნიათ, რამე მსგავსი გამოიგონონ. რადგან, ვინ იცის, ყოველი ადამიანისა და მთელი საზოგადოების არსი სწორედ ამდაგვარ ინსტიტუტებში გამოიხატება უაღრესად სწორად და სანიმუშოდ.

ჩემი ფილოსოფიური და მეცნიერული ფანტაზია მართლაც მკარნახობს, რომ ჰალუცინაცია და ილუზია არის ყველაფერი, რასაც წარმოვადგენთ მე და შენ, მკითხველო, და რასაც ჩვენთან ერთად მოიცავს ჩემი და შენი ცნობიერება. უფრო ზუსტად, ჰალუცინაცია არის აწმყო, რომელშიც გაერთიანებულია ცნობიერება და მისი სუბიექტი (ვთქვათ, შენ). ჩემი ვარაუდით, ეს ჰალუცინაციური აწმყო ძალიან ხანმოკლეა, მაგრამ მისი გაქრობისთანავე ჩნდება თითქმის ისეთივე. ჰალუცინაციები ძალიან სწრაფად ფეთქავს, მათი წარმომქმნელი „გული“ კი ნერვული სისტემის, ტვინის ჯერაც გაუკვალავ სიღრმეშია საძიებელი. მაგრამ ჰალუცინაციური აწმყოების მონაცვლეობა ფიზიკურ დროში უნდა ქმნიდეს მჭიდრო, უწყვეტ რიგს, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რასაც შენი ცნობიერი ცხოვრება შეიძლება ეწოდოს. სხვაგან უკვე ვთქვი, რომ აწმყოთა ეს რიგი წარმომიდგენია, როგორც მკაფიო სტრუქტურა, ზიგზაგი, რომელსაც ქმნის ერთმანეთის თავდაყირა მჭიდროდ ჩალაგებული (გაშლილი) მარაოები. მთელი ჩვენი ცნობიერი ცხოვრება არის ეს ზიგზაგი, რომლის განმავლობაში, ყოველ ახალ მარაოდ გაშლილ აწმყოში, სუბიექტი და მისი ცნობიერება „ადგილებს“ ცვლიან.

მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვითონ გველანდება ჩვენი საკუთარი ან ერთმანეთის არსებობა. ეს ჩვენს სხეულებს ელანდებათ ჩვენი არსებობა, ელანდებათ, რომ მათში ვიღაც თუ რაღაც სხვა ცხოვრობს, სინამდვილეში არარსებული. ყოველი ჩვენგანის სხეული ამ მოლანდების, ამ ჰალუცინაციის შესაბამისად იქცევა, ანუ მის განმარტებას, ინტერპრეტაციას და გათვალისწინებას ცდილობს. ცალკეული სხეულის ასეთ შინაგან რწმენას იზიარებს და აძლიერებს სოციუმი, საზოგადოება. ამ თვალსაზრისით, ადამიანების საზოგადოება არის ვირტუალური რეალობის შემქმნელი მანქანა; ესაა მექანიზმი, რომელიც ნედლ მასალად იღებს ორ ფეხზე მოსიარულე სხეულში წარმოქმნილ ჰალუცინაციას, ახდენს მის კულტივაციას და უკან აბრუნებს, თავიდან ნერგავს იმავე სხეულში კონკრეტული ცნობიერებისა და ბიოგრაფიის მქონე სუბიექტის, სოციალიზებული პერსონის სახით. ამას ინდივიდუალური ჰალუცინაციის სოციალური კულტივაცია ან გადამუშავება შეიძლება დავარქვათ.

რადგან ჩემი ჰიპოთეზის მიხედვით, სხეულში ჩაბუდებულ ჰალუცინაციას ყოველ ფიზიკურ მომენტში აქვს აწმყოს სახე, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება ჩვენს სუბიექტურ, ინდივიდუალურ აწმყოს მოაქცევს სოციალური წარსულისა და მომავლის ჩარჩოში. ვფიქრობ, სწორედ ეს უნდა იყოს პირველი და ძირითადი ზემოქმედება, რომელსაც საზოგადოება ახდენს ინდივიდზე, როდესაც მას კერძივით ამზადებს. ამ თვალსაზრისით, საზოგადოებას, თავის მხრივ, შვება მოაქვს ჩვენი სხეულებისთვის, მათთვის იმ მეხამრიდის როლს ასრულებს, რომელიც მათ ჰალუცინაციის ტვირთს უმსუბუქებს იმით, რომ სოციალურ სივრცეში გადააქვს იგი, სოციალურ ახსნა-განმარტებას აძლევს მას და სოციალურ პერსონად აყალიბებს. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველი ჩვენგანის პიროვნება სინამდვილეში წარმოადგენს სოციალურ ილუზიას, რომელიც ცალკეულ სხეულში არსებული ჰალუცინაციის რეალობად მიჩნევისა და აღიარების, ანუ არსებითად მისი არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე იქმნება, ვითარდება და ნარჩუნდება. ამაში შეიძლება დავინახოთ ერთ-ერთი ევოლუციური გამართლება, რომელიც საზოგადოების განვითარებას შეიძლება ჰქონდეს. უფრო ზუსტად, აქ ორმხრივ სარგებლობაზეა საუბარი, რომელსაც ადამიანისა და საზოგადოების ერთმანეთთან „სიმბიოზი“ ანიჭებს ორივე მათგანს.

სუბიექტი და მისი ცნობიერება ყველგან და ყოველთვის აუცილებლად აწმყოს წვეთშია მოქცეული მისი „ფერადი პოლუსებივით“, ან - თუ ჩემ მიერ წინა ესეში მოხაზულ ანალოგიას კიდევ ერთხელ გავიხსენებ - გადაშლილია მარაოს სახით. ხოლო საზოგადოება იცნობს მხოლოდ წარსულსა და მომავალს, მაგრამ სრულებით არ ცნობს აწმყოს მისი იმ რელაციური და სოციალური ფუნქციისგან დამოუკიდებლად, რომელსაც აწმყო, როგორც მიმართულება, ასრულებს სოციალური წარსულისა და მომავლის ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ასეთია დროითი, ტემპორალური განხეთქილება, რომელიც ინდივიდსა და საზოგადოებას შორის აუცილებლად არსებობს, თუნდაც ხშირად შეუმჩნეველი გვრჩებოდეს. შევნიშნავ, რომ ეს სასიკეთო სიბრმავე მით უფრო გვახასიათებს, რაც უფრო უკეთ ვართ ადაპტირებული ანუ შეგუებული გარემომცველი სამყაროს იმ ნაწილს, რომელსაც ჩვენი საზოგადოების საპატიო სახელით ვიცნობთ. მაგრამ თუ წარსული და მომავალი, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, სოციალური წარმონაქმნებია, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთთან მათი დამაკავშირებლის ფუნქციას აწმყოს აკისრებს ისევ და ისევ საზოგადოება, როგორც სოციალური სისტემა. ცხადია, რომ საზოგადოებას ამასთანავე შეძლებისდაგვარად მიჩქმალული და უგულებელყოფილი უნდა ჰყავდეს აწმყო და მასში მცხოვრები სუბიექტი თავისი ცნობიერებითურთ.

საზოგადოებას დაუბრკოლებლად ფუნქციონირებისთვის სჭირდება მოსახერხებელი და მსუბუქი, მხოლოდ მიმართულების მიმთითებელი, საგზაო ნიშანივით ბრტყელი სუბიექტი, ცნობიერება და აწმყო. როცა კარის ანჯამები ხმას ამოიღებენ ან ხასიათს გამოავლენენ, მათ ხომ დაზეთავენ ან სულაც გამოცვლიან ხოლმე. აწმყოში მცხოვრები სუბიექტი, ყოველი ჩვენგანი, რამე რომ იყოს, წინასწარვეა გამზადებული გასადევნად იმ საზოგადოებიდან, რომელმაც თვითონ ააგო იგი, სოციალური ილუზია, ჯერ კიდევ პატარა სხეულში მოციმციმე ჰალუცინაციის საფუძველზე. ჩანს, სწორედ ამ შესაძლებლობის რეალიზაციას წარმოადგენს ოსტრაკიზმი - საზოგადოებიდან მოკვეთა, განდევნა - რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დაუნდობელი სასჯელია, მავანისთვის სიკვდილზე უფრო საშინელი. მაგრამ ოსტრაკიზმის საპირისპირო რამ, ვფიქრობ, ასევე გვემართება ხოლმე. წარსული და მომავალი არის საზოგადოების ღონიერი მკლავები, რომლებითაც ის გულში იკრავს აწმყოს ანუ ადამიანს. ამ დროს საზოგადოებას ზოგჯერ ზედმეტი მოსდის და თითქმის გუდავს, აუქმებს თავის პირმშოს. ზოგჯერ თუ ხშირად, ძალიან ხშირად? ხომ გონება და თავისუფლება მხოლოდ აწმყოში იშოვება.

*http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=68&id=4669

 http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=48&id=4655

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^