თანამედროვე საქართველოს ისტორია მიტინგების დაშლის ისტორიაა. 9 აპრილიდან იწყება. ბავშვობიდან სულ მიტინგების დაშლას ვუყურებთ. უამრავი გვაქვს ნანახი. ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ვიყავი, ზვიადმა რომ მიტინგი დაშალა, შემდეგ შევარდნაძის მიერ დაშლილი მიტინგები მიდგას თვალწინ, მერე მოჭიდავეების პროტესტი, გირგვლიანის საქმეზე გამოსვლები, 7 ნოემბერი და 26 მაისი.
ერთმანეთისაგან მშვიდობიანი და ძალადობრივი შეკრება უნდა განვასხვავოთ. გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ მაშინ არის დაცული, თუ ის მშვიდობიანია. მშვიდობიანი გამოსვლა პროტესტის გამოხატვის ერთერთი ყველაზე ჩვეულებრივი და ეფექტური ფორმაა. ჩვენ მშვიდობიანი გამოსვლების ვირტუოზები ვართ. ძალადობრივი შეკრება ქართული საპროტესტო კულტურისთვის უცხო და სასირცხვილოა.
ბათუმის დემონსტრაცია მშვიდობიანი არ იყო. ის მშვიდობიანად დაიწყო, მაგრამ შემდეგ თავადვე გადაიზარდა ძალადობრივში. სამართალი გვეუბნება რომ ამ ვითარებაში ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენება საფრთხის თანაზომიერი უნდა იყოს. ბრბოს დაშლისას ძალის თანაზომიერების დაცვა, თავის შეკავება ძალიან რთულია, თუმცა აუცილებელი. როდესაც ორი ჯგუფი, ძალადობრივი ბრბო და შეიარაღებული სპეც. დანიშნულების რაზმი ერთმანეთის საპირისპიროდ ხვდება, ვითარება კონტროლიდან რომ არ გაგექცეს ამას განსაკუთრებული ცოდნა, წვრთნა და თვით-კონტროლი ჭირდება.
დღეს ბათუმში “ქართულმა ოცნების” ხელისუფლებამ პირველად გამოიყენა ძალა შეკრების დასაშლელად. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა. სპეც. დანიშნულების რაზმში წინ, უკან და შიგნით ჩანერგილი ჟურნალისტების მრავალსაათიან რეპორტაჟებში ჩანდა როგორ მისდევდნენ მონაწილეებს, აკავებდნენ მათ, მიჰყავდათ და სვავდნენ მანქანებში. ფონად გამუდმებით ისმოდა “თავი არ დაარტყას,” “ხელი არ დაარტყა”. თუმცა ყველაზე ხშირად გაისმოდა განმეორებითი ბრძანება: “არავითარი ცემა,” “არავითარი ცემა,” “არავითარი ცემა.” ამდენი ასეთ შეძახილი, მაშინ როდესაც 26 მაისის დასისხლიანებული და ხეებთან დაყრილი ხალხი გიდგას თვალწინ, განსხვავებული და იმედის მომცემია.
იმედი მაქვს, გუშინდელი შემთვევის სიღრმისეულად შესწავლის და ანალიზის შემდეგ სასარგებლო გაკვეთილებს გამოიტანენ სამართალდამცავები და პოლიტიკოსები. ბევრი რამ გასაუმჯობესებელია. თუმცა ეს შეძახილი “არავითარი ცემა” პოლიციის გუშინდელი ქცევის აღსანიშნავად დამამახსოვრდება. თუ რაიმე დადებითი შეიძლება დავინახოთ ბათუმის შემთხვევაში, დამწვარ მანქანებსა და დანაგვიანებულ ქუჩებში, ეს არის იმედი რომ “არავითარი ცემა” მომავალში ქართული პოლიციის ქცევის ლოზუნგად დარჩება. იმედი, რომ როგორც მშვიდობა არის ქართული საპროტესტო კულტურის ქვაკუთხედი, ასევე “არავითარი ცემა” იქნება ქართული პოლიციური კულტურის საფირმო ნიშანი.
ანა დოლიძე,
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი