Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოტენციური მკვლელები

23 მარტი 2017

არცთუ დიდი ხნის წინ თავის გზაზე მიმავალ ტაქსის რუსთაველზე მანქანა დაეჯახა. მასში მჯდომი გოგო დაიღუპა. ცოტათი ადრე ფეხბურთზე მიმავალ თინეიჯერ მეგობრებს ზებრა გადასასვლელზე დაარტყა მანქანამ. ახლა კი ავტობუსის გაჩერებაზე 11 წლის ბავშვი იმსხვერპლეს.

ასეთი საგზაო შემთხვევების დროს საქმე, უმეტესად, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. სასჯელის მაქსიმალური ზომა 12 წელია. მძღოლების სრული პასუხისმგებლობა, უმეტესად, იმის მიხედვით დგება, უჩივლებს თუ არა ჭირისუფალი დამნაშავეს. ასეთი შემთხვევები იშვიათია, რადგან „ახალგაზრდა ბიჭის/გოგოს დაღუპვა“ არავის სურს და ჭირისუფალსაც ჩივილზე უარის თქმა დიდსულოვნებად მიაჩნია. 

2013 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაანახევრა. 2017 წელს ავტომობილების დაანონსებული ტექდათვალიერებაც გაურკვეველი ვადით გადაიდო. სამაგიეროდ, მართვის მოწმობის ასქულიან სისტემაზე გადავალთ და მისი ჩაბარების წესიც შეიცვლება.

ხელისუფლების მოტივი გასაგებია: მანქანების ტექდათვალიერება და მკაცრი ჯარიმები მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს. მძღოლების კომფორტი კი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოქალაქეების სიცოცხლე, რომელსაც მანქანის მართვის კულტურის არმქონე მძღოლები იწირავენ. ასეთი მძღოლები კი ბევრნი არიან.

მოდი, შევთანხმდეთ, რომ ქვეყანაში, სადაც თითქმის ყველა მეორეს მანქანა ჰყავს, არ გვაქვს მისი მართვის კულტურა. ვარღვევთ სადაც გვინდა და როგორც გვინდა. დავდივართ იმ სიჩქარით, რომელიც მოგვეპრიანება, გადავდივართ საპირისპირო ზოლში და იქეთ ვუსიგნალებთ თავის გზაზე მიმავალ მანქანას. მერე კი ვლანძღავთ ყველას, ვინც ჯარიმას გამოგვიწერს იმიტომ, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმა ქართველი ვაჟკაცის უდიდესი სირცხვილია.

ქართველი მძღოლები უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვასაც შეურაცხყოფად მიიჩნევენ. რომ არა ჯარიმა, დღემდე არავინ გამოიყენებდა უსაფრთხოების ღვედს. დაცვის მექანიზმს, რომელიც, განსაკუთრებით,  რეგიონებში მიმავალი სამარშტრუტო ტაქსების უმეტესობაში, ბუტაფორიის ფუნქციას ასრულებს, რადგან ამ მანქანების ტექნიკური მდგომარეობით არასოდეს არავინ ინტერესდება, პრეტენზიის გამოთქმის შემთხვევაში კი მძღოლიც და მგზავრებიც ისე გაგაკრიტიკებენ,  თავს დამნაშავედ იგრძნობ.

ქართველებს გვჯერა, რომ რაც უფრო ბევრი წესის დარღვევით ვმოძრაობთ, მით უკეთესი მძღოლები ვართ. კარგ ტონად მივიჩნევთ პატრულზე მეგობრებში წუწუნს, ერთმანეთს ვეჯიბრებით პროფესიონალიზმში და ვატოლებთ, რამდენ ხანში რა სიჩქარის აწევა შეგვიძლია.  ჩვენ გვიყვარს მანქანის ცალი ხელით მართვა პიკის საათებში, ტელეფონზე ლაპარაკი და ზებრაზე ფეხით მოსიარულეთათვის გზის ჩაჭრა. ჩვენ ვაბულინგებთ მძღოლებს, რომლებიც წესების დაცვით მოძრაობენ და ღრმად გვწამს, რომ მათ მანქანის მართვა არ იციან.  გზებზე არსებულ ქაოსურ მოძრაობას გაუმართავი ავტომობილებიც ემატება. სტატისტიკურად ხომ ისიც არ არის ცნობილი, რამდენი ასეთი მანქანა მოძრაობს. ტექდათვალიერების არარსებობა კი ავარიის საფრთხეს ერთიორად ზრდის, რაც ფაქტია, რომ ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ანაღვლებს.  

მსოფლიოში საქართველო ალბათ ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც მართვის მოწმობის აღება ყველაზე მარტივადაა შესაძლებელი. ჩვენთან ხომ მისი გამოცდა უცხო ენის საერთაშორისო სერტიფიკატის გამოცდასავითაა, სადაც საგამოცდო ტექნიკის კარგად შესწავლის შემთხვევაში, მაღალი ქულის აღება ენის საფუძვლიანად ცოდნის გარეშე შეგიძლია.

ქორწილებსა თუ ნათლობებში, არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვასა თუ შეჯიბრებებში, ჩვენ ყველა პოტენციური მკვლელები ვართ და შემთხვევითობები მხოლოდ იშვიათი გამონაკლისია. პოტენციური მკვლელების არსებობას ხელს უწყობს მთავრობაც, რომელიც  უარს ამბობს იმ მოქალაქეების სიცოცხლის დაცვაზე, რომლებიც სწორედ ამაში უხდიან ფულს.

ცალკე განზომილებაში არიან ქვეითად მოსიარულეები, რომლებსაც წესრიგის დარღვევა მძღოლებზე ნაკლებად არ უყვართ. არასოდეს სარგებლობენ მიწისქვეშა გადასასვლელებით, ზებრათი თუ შუქნიშნით და  ნერვის აუტოკებლად შეუძლიათ, შუა მაგისტრალზე ქუჩაში გადასვლა.

მანამ, სანამ ჩვენ ვწერთ და ვკითხულობთ, ფეისბუქზე ვშფოთავთ, სამსახურებიდან სახლში მოძრაობის წესების დარღვევით ვბრუნდებით და ყველა ავარიას რატომღაც კონკრეტული ფირმის მანქანას ვაბრალებთ, მორიგი პოტენციური მკვლელი სადღაც მანქანის გასაღებს თითზე თავდაჯერებით ატრიალებს, იხსენებს, თუ როგორ ვერ გაუბედა პატრულმა დაჯარიმება და სჯერა, რომ კანონი დასარღვევად არსებობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^