Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბეირუთელი მესაყვირის სასოწარკვეთა

02 აპრილი 2017

მინდა საკუთარი შიში გაგიმხილო, რომ ყველა მელოდია განსხვავებულია, მათზე დაწერილი ყველა ტექსტი კი ერთმანეთს ჰგავს. მაგრამ ვიმედოვნოთ, თითქოს არსებობდეს უნიკალურობა, რომელიც თითოეულ მუსიკას და მის მსმენელს მყარად დააკავშირებს ერთმანეთთან. თუ პირველი ავტორის დამსახურებით ხდება, მასზეა დამოკიდებული, მეორე თავად მსმენელის აქტი, მისი ინდვიდუალური მიმართებაა. ეს განსაკუთრებულობა ჩვენში მაშინ იბადება, როდესაც მოვლენა track-ს გადაეჯაჭვება და ამის მეშვეობით ჩაებმება უსასრულო ასოციაციების მდინარებაში, რომელიც მოულოდნელ ვითარებაში შეგახსენებს თავს და გონებას მოგტაცებს, წამით იმ ძველ დროში გადაგისვრის, რომელთანაც ასოცირდება.

Ibrahim Maalouf არაბული წარმოშობის ფრანგი მუსიკოსია. ის 1980 წელს ბეირუთში დაიბადა. მშობლები მუსიკოსები ყავდა, მამა მასავით მესაყვირე, დედა კი პიანისტი. მინდა მასზე და მის ალბომზე Kalthoum გითხრა ორი სიტყვა. სულ შემთხვევით გადავაწყდი, ეს მუსიკაში ჩემი მწირი ცოდნის ბრალია. იქამდე ცოტა რამ მსმენოდა თავად შემსრულებლის შესახებ, მაგრამ ეს კრებული მაინც სულ სხვა საფეხურია თავად მისთვისაც. პირველი რამდენიმე წუთი რომ ვუსმინე, მერე ინსტინქტურად თავიდან ჩავრთე, თითქოს საკუთარი შთაბეჭდილების გადასამოწმებლად. მართლა ძნელია ამ სასულე ინსტრუმენტით ასეთი ღრმა და ფაქიზი შესრულების დაჯერება.  როგორ არა, ბევრი გვინახავს, ბევრს დაუგდია სახელი, ვიღაცებს შეიძლება უკეთესი ტექნიკაც უჩვენებია, მაგრამ უცნაური მაინც ისაა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ყოველ ჯერზე რომ მაინც ოცდები.

პირველი ორი მელოდიის თემატიკა და შესრულების მანერამ ავიშაი კოენიც კი შეიძლება მოგაგონოს ერთი შეხედვით. მაგრამ ეს მცდარი ასოციაცია იქნება, მასზე არ მოგახსენებ, მე მხედველობაში მყავს ეგვიპტელი მომღერალი ქალი Umm Kulthum და მისი 1969 წლის ალბომი alf leila wa Leila, ანუ ათას ერთი ღამე, რომელსაც ლიბანელმა მუსიკოსმა ახალი სიცოცხლე მისცა. ამ ქალის ისტორია ცალკე მოსაყოლი ამბავია. აქ დავტოვებ და თავად განახლებულ, თითქმის ერთსაათიან ალბომს მივყები, რომელიც 7 კომპოზიციას მოიცავს. მათგან პირველი Introduction თითქოს იმისთვისაა შემქნილი რომ დანარჩენი ექვსის მოსმენის შესაძლებლობა არ მოგცეს. ის თავიდანვე განადგურებს. მსმენელის ყველა ემოციას ძირს უთხრის. 3 წუთის და 54 წამის განმავლობაში მეთოდურად და ნაბიჯნაბიჯ გათლის ხორცის თხელ ნაჭრებს სხეულზე, რომ შემდეგ ექვს ჯერად ბღუჯა მარილი მოგაპნიოს ზედ, თავისი შესვენებებით, მარილისვე კლავიშით და დრამის და საყვირის სასმენელთან მიბჯენით.

Overture I – drifting თუ შესაძლებელია გამოიხატოს ნოტების გაცოცხლებით ამას ამ კომპოზიციის პირველ ნაწილში ნახავთ. აქ ხშირია დისონასური გადასვლები, სადაც ეთნო ელემენტებს კლასიკური ჯაზი ანაცვლებს და სრულიად ორიგინალურ რეალობას ქმნის.

Overture II - თითქოს თავიდანვე გამზადებს. შესასვლელს წარმოგიდგენს. ალბომის მთავარი გზიდან გვერდით გახვევინებს, მაგრამ მალევე ისევ იქ გაბრუნებს საიდანაც მოგიტაცა. საბოლოოდ კი თითქოს კედელთან მიგაყენებს და დასახვრეტად გამზადებულს უკანასკნელად განახებს ამ სამყაროს ოთხივე კიდეს, ამაღელვებელს და მშვიდს, ხმაურიანსა და ჩუმს. ისე რომ კაცს არაფერზე გული აღარ გწყდება.

Movement I - შეუძლებელია გაიგო სად მთავრდება მესამე და იწყება მეოთხე კომპოზიცია. ის რაც შენ ჟანგბადის ასაღებად გაპარებული პაუზა გგონია, დასასრული აღმოჩნდება, რაც კულმინაციისთვის მზადება - ახალი მელოდიის დასაწყისი. ალბათ ამ ნაწილში ყველაზე მეტია არაბული ელემენტები, მსუბუქი დრამი, კლავიში და გაგუდვის პირას მყოფი საყვირი ერთობლივად რომ ქმნიან.

Movement II - სამხედრო მარშიდან ამოგლეჯილი ნოტები რომ ქარმა დაუკრას ეგაა. მობილიზაციას მოითხოვს მსნელისგან. ყველაზე რთული აღსაქმელია დანაწევრებული სიუჟეტის და ურთულესი მომენტების გამო, უმაღლეს საშემსრულებლო ხელოვნებას მოითხოვს. მერე კი ნელ-ნელა მუსიკა ლბება, მშვიდ დინებას მიეცემა და საყვირი თითქოს გამოგელაპარაკება და თავდაპირველ სიმჭიდროვეს გავიწყებს.

Movement III - აქ იბრაჰიმი დასავლეთელი ბიჭია. მუსიკით თამაშობს და არად დაგიდევთ რაგინდარა სისხლი ჩქეფდეს დედანში. ხან ფეხაკრეფით დაიარება, ხან ისე ხლართავს სათქმელს თავგზა აგერევა, ხან ხტუვახტუნვით მიუყვება თემშარას ბეირუთდან ვიდრე პარიზამდე და აქა იქ, სულო ცოდვილო, ფეხიც კი ერევა. შენი არ ვიცი და ეს 15 წუთი ჩემთვის კაიხელა მოგზაურობაა, ოდისეა, სირინოზების ხმაც, რომ ჩაურთავს ანძაზე მიუჯაჭვავი მსმენელების მორევში დასანთმელად, ავტორს.

Movement IV - აი ეს კომპოზიცია მოგვიწოდებს დავუტევოთ ამ სოფლის ფიქრები. ყალიონი გავტენოთ ათასგვარი ცადამყვანი მხალეულობით, ჭიქა წავუქციოთ ხელოვნების მფარველ წმინდანებს, მისი სადიდებელი სიტყვა ვთქვათ, საყვირში რომ პირველად ჩაჰბერა და გვერდით მდგომთ სმენა დაუამა. თითქოს არც ეს მუსიკა აპირებს დამთავრებას. დასასრული შეუძლებლად გეჩვენება, არადა მე და შენ ხომ ვიცით რომ ეს ბოლო track არის. ისიც ვიცით, რომ ათასობით მილის იქეთ, აი ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, პირველი აპრილის საღამოს, საფრანგეთის ალპებში სოფელ megeve-ში ჯაზფესტივალი ეშხში შედის, სცენაზე კარგი შეკრული დასტა დგას და მუსიკალური ინსტრუმენტებით მჩხიბავობს. თუმცა მათ იციან, ჩვენც ვიცით, და იქ მყოფებსაც კარგად მოეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ 3 კვირის წინ ძალაში იყო გეგმა, რომლის მიხედვითაც ეს საქმე სხვას უნდა აეღო საკუთარ თავზე, მაგრამ ბედის უკუღმართობით ცუდი ბრალდება წაუყნეს და ახლა ქალაქიდან გაუსვლელობის ვალდებულებით შებოჭილს ისღა შეუძლია სასოწარკვეთილმა ითხოვოს, მისი გვჯეროდეს. დღეს მონბლანის ძირში იბრაჰიმ მაალუფს ალბომი Kalthoum უნდა დაეკრა. ღმერთმა არ ქნას სიმართლე აღმოჩნდეს რასაც ამ ბიჭს ედავებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^