ეძღვნება უკრაინელ მეგობრებს
ევროპაში მოგზაურობა ჯერ კიდევ გვიან შემოდგომაზე, მეგობრებთან ერთად დავგეგმეთ. დავთვერით და თვითმფრინავის ბილეთები, როგორც საქართველოში უყვართ ხოლმე თქმა, შემოგვეყიდა. იანვარში ვაპირებდით წასვლას მიუნხენში. მგზავრობა ისეთ დროს დავამთხვიეთ, რომ ვიზების ლიბერალიზაცია შეგვხებოდა. ვიზის აღება არცერთს გაგვიჭირდებოდა, თუმცა მოტივაციის ასამაღლებლად, ევროპაში ვიზიტს სიმბოლური დატვირთვაც შევძინეთ.
მოგეხსენებათ, ევროკავშირში სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესი გაჭიანურდა, თან ჩვენი რეისიც გადაიდო და მეგობრებთან ერთად ევროპაში ვოიაჟი ჩაიშალა. თუმცა, მეუღლესთან მოლაპარაკებების შემდეგ გადავწყვიტე ხელი არ ჩაგვექნია და ბილეთები გავცვალეთ. მეორე ცდა წარმატებული აღმოჩნდა და გაფრენის თარიღი - 30 მარტი - იდეალური გამოდგა, რადგან 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟმით სარგებლობის უფლება მისცეს.
ბარგის ჩალაგებამდე ათას ვებ გვერდს გადავხედე, მეგობრებთან გავიარეთ მრავალგზის კონსულტაცია და ქუთაისის აეროპორტში ჩასასვლელად ავტობუსი შევარჩიეთ. ნამდვილი ევროპელი მოგზაურებივით გადავიკიდეთ ზუგჩანთები და „თავისუფლების მოედნიდან“ ავიღეთ გეზი ევროპისკენ. მართალია, შინაგანად უკვე „გერმანელი“ ვიყავი, თუმცა იმერეთში ჩასვლამდე „ქათველობას არავინ დაგაკარგვინებს“ - არც მძღოლი და არც თანამგზავრები. საჭეს ჩაფრენილმა რამინმა, რომელმაც ვინ იცის რამდენი ევროპელი ატარა რიკოთის გზაზე, მხოლოდ დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ჩართო კონდიციონერი. ჩემს წინ მჯდომი „საქმიანი ქართველი“ კი აეროპორტამდე ტელეფონით ხმამაღალა არკვევდა სახლში დარჩენილი დიჯიპასის ამბავს, ჟურნალისტთან ინტერვიუს საკითხს „აგვარებდა“ და თან ყველას ვინც ურეკავდა ამაყად ამცნობდა, რომ ქუთაისამდე „ფაქტობრივად შვებულებაშია“. მოკლედ, ყველა ქართული ტრადიციის დაცვით ვიმგზავრე.
აეროპორტში შუადღისას ჩავედით. რეგისტრაციის გავლამდე გრძელი რიგში დგომა მოგვიწია, რომელსაც ბევრი გვერდითა შენაკადი ჰქონდა. როგორც იქნა მივაღწიე ქართველ მესაზღვრეს. ჩახედა ჩემს რამდენიმე თვის წინ აღებულ შინდისფერ პასპორტს და იმერული კილოთი მკითხა დამატებითი საბუთები თუ მქონდა. მეც პატიოსანი „ევროპელივით“ დავიწყე ჩანთიდან სასტუმროს ჯავშანის, უკან დასაბრუნებელი ბილეთის და სხვა საბუთების ამოლაგება. გამაჩერა. კაი, არ გინდაო. ეგ იმათ აინტერესებთ მე არაო - მითხრა და მელნისფერი შტამპი ჩაარტყა.
თვითმფრინავში ასვლამდე საათნახევარი მოსაცდელში გავატარე. ვაკვირდები მგზავრებს. უმეტესობა ქართველები არიან. ახალგაზრდები უფრო მორიდებულად იქცევიან. აქვე შუა ხნის მამაკაცები შევნიშნე, რომლებიც სავარაუდოდ უკვე ნასვამები არიან. ქეიფის თვითმფრინავში გასაგრძელებლად ემზადებიან. ქალები სევდიანი თვალებით - ალბათ დიდი ხნის უნახავ შვილებთან რომ მიემგზავრებიან. ყველას ხელში პასპორტი უჭირავს და ვერ ელევა. საქართველოს მოქალაქის მოწმობა ასეთი მნიშვნელოვანი და ძვირფასი, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ალბათ არც არასდროს ყოფილა.
თვითმფრინავში ძირითადად მეძინა. ძილბურანში შიგადაშიგ მეუღლის კითხვები ჩამესმოდა - ნეტავ, ახლა რომელ ქვეყანას გადავუფრინეთ? რატომ უნდა გავხსნათ დაშვებისას ილუმინატორის ფარდა?... გამეღვიძა მემინგენში - მიუნხენთან ახლოს მდებარე ქალაქია, სადაც პატარა აეროპორტია. ეკიპაჟის წევრებს ღიმილით დავემშვიდობე და ტერმინალამდე მისვლამდე გერმანიის ჰაერი ჩავისუნთქე. მთავარი „გამოცდა“ წინ გველოდა. ევროპელი მესაზღვრის ვერდიქტის მოლოდინში რიგში ჩემი ადგილი დავიკავე. აქაც ყველა ჩქარობს. მესაზღვრეებს ვათვალიერებ. ორნი არიან. ვცდილობ ავირჩიო, რომელთან მივიდე. თან ჩემს გვერდით მდგომი ადამიანების რეაქცებს ვაკვირდები. ზოგი ნერვიულად იცინის, ზოგი ფიქრებშია გართული, ზოგიც საბუთებს ამზადებს. ვუყურებ როგორც გადიან შემოწმებას ჩემს წინ მდგომი მგზავრები და ნელ-ნელა ვწყნარდები. ფანჯარასთან დიდი ხნით არც ერთს არ აჩერებენ, ყველას მხოლოდ უღიმიან. აი, ჩემი დროც დადგა. მესაზღვრეს დიდი, სქელშუშიანი სათვალე უკეთია. პასპორტს მართმევს და მესალმება. სანამ ჩემს დოკუმენტს ასკანერებს, მე უკვე მომზადებული მაქვს პასუხები ყველაზე რთულ კითხვებზეც კი. მზად ვარ დავუსახელო მოგზაურობის მიზანი და მარშრუტი, ცალი ხელით სასტუმროს ჯავშანი მიჭირავს, მეორე კი საფულეზე მიდევს. ჩემი მრავალჭირნახული სამშობლოს გეოგრაფიის, ისტორიისა თუ კულტურის შესახებ მოკლე თხზულებაც კი მაქვს გულში მოხაზული. ზეზვა და მზიას ამბიდან დაწყებული სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობის ჩათვლით. რა იცი რაში დამჭირდება?! ამ ფიქრებში გართულს შტამპის დარტყმის და ჩემს უკან მდგომი მგზავრის ხმა მაფხიზლებს - ჰა, გამატარე, ბიჭო!
გზას მონუსხული ვაგრძელებ, თან ცოტა შეურაცხყოფილიც ვარ, რომ არაფერი მკითხეს და მგზავრობის დროს ფიქრში დახარჯული დრო ცოტა მენანება.
„სულ ეს იყო? ახლა საით? კიდევ უნდა შეგვამოწმონ?“ - მეკითხება აშკარად ჩემსავით დაბნეული მეუღლე.
„არა, სულ ეს იყო. საით და საითაც გული გაგვიწევს“ - ვპასუხობ და თან რატომღაც ისევ ჰომო გეორგიკუსები „ზეზვა და მზია“ მახსენდებიან.
მიუნხენის აეროპორტიდან გასულმა გაზაფხულის სურნელი ვიგრძენი - ევროპული გაზაფხულის, რომელსაც ქართველები ასე დიდ ხანს ველოდით.