დრაფტი ნაწყვეტი ნოველიდან
„ახლა მომავალში წვიმს”. არ ვიცი რატომ, მაგრამ თუ დააკვირდებით - აღდგომამდე ყოველთვის წვიმა იცის ხოლმე. დილით საფლავებზე მოსულ ცოცხლებს საფლავის ქვების ინტერფეისები დასველებული ხვდებათ და წითელ კვერცხებზეც დილის ცვარია. სველი მიწის სურნელი. ახლად ჩამქრალი ჰოლოგრამის სურნელი. ალბათ ზუსტად ეს სურნელი ტრიალებდა გადაგორებულ აკლდამაში, სადაც ჩვენთვის უცნობმა ანგელოზმა მარიამს უთხრა: „რატომ ტირი? რატომ ეძებ ცოცხალს მკვდრებთან? ის, ვინც მკვდარი იყო, უკვე მკვდარი აღარაა. წადი და ახარე ეს სიმონს პეტრედ წოდებულს, იაკობ ზებდეს ძეს და სხვა ჩვენს ბიჭებს და გოგოებს...“. ანგელოზმა ეს ჩუმად თქვა, ისე, რომ იქვე მძინარე რომაელი მცველების ძილი არ დაეფრთხო და ნაწვიმარი ნელსაცხებლებით გაბრუებულმა მარიამმაც ჩუმი, ნეტარი ღიმილით უპასუხა ანგელოზს: „ჰო“. მაშინ ანგელოზები ჯერ კიდევ ფასობდნენ, რაღაცას ნიშნავდნენ და მათ არავინ კეტავდა რეზერვაციებში. ეს მოხდება წარსულში, ახლა კი, მომავალში ჯერ კიდე ღამეა. თითქოს არაფერი განსაკუთრებული - მორიგი სერიული წარმოების ღამე, და წვიმს. ასეთ ღამეებს 20 დოლარად დაგიმზადებენ “განთიადის დიზაინერები” ელიავას ბაზრობიდან. მაგრამ არის ამ სერიულ ღამეში რაღაც სხვანაირი მოლოდინი. რაღაც საფრთხე.
საჭირო დოზის მერე ყველა აცნობიერებს დროების პირობითობას – ყველა ეს წარსული, მომავალი, აწმყო – მხოლოდ სიზმრისეული კადრებია, ბანქოს აჩეხვა ხელებში, პარალელურად მიმდინარე და ერთმანეთზე ზემოქმედი პროცესები სამყაროს გამომთვლელ მანქანაში, რომლის ნამდვილ არქიტექტურაში მხოლოდ უფლის ინჟინრები ერკვევიან, ჩვენ კი შეგვიძლია მხოლოდ შევიგრძნოთ მისი სტრუქტურა: ოპერაციებით ვენებში, ნეირონული სერფინგით. „მომეცით საყრდენი წერტილი და მე ამოვატრიალებ სამყაროს“, - ტირილით ამბობდა არქიმედე, იმიტომ რომ იცოდა – საყრდენი წერტილები არ არსებობს, ამიტომ იმისათვის, რომ სამუდამოდ არ დაიკარგო განზომილებებში, და არ იფრინო როგორც წარუმატებელი ექსპედიციების მკვდარი კოსმონავტები დაფრინავენ - მიჯაჭვულები უცხო პლანეტების გრავიტაციას - საჭიროა თუნდაც დროებითი კოორდინატები, ათვლის დროებითი წერტილები – ამიტომ ვთქვათ, რომ ეს აწმყოა ხოლო ახლა მომავალში წვიმს და თბილისს არ სძინავს მეფურ ძილით. არ სძინავთ ანგელოზებს გეტოებში, ხელიდან ხელში აწვდიან ერთმანეთს უზის, ნაგანებს, გახვრეტილ ბოთლებს. არ სძინავთ სიზმრების მონიტორინგის სამსახურშიც, რადგან ქალაქის სიზმრებში უჩვეულო ფლუკტუაციების რაოდენობამ ყველა ნორმას გადააჭარბა. არ სძინავს რეინკარნაციული პოლიციის შეფსაც, ჰაბლის ტელესკოპივით მოუქნელია საწოლში, წრიალებს, აწუხებს ცოლებს. მისი „ალღო” - ზურგის ტვინში ჩაინსტალირებული ნეიროჩიპი - უცნაურად ტოკავს. პულსარივით.
არ სძინავს მრევლს და არ სძინავთ სტიქაროსნებს, საკმეველში ოპიუმს ამატებენ, რომ მრევლმა ბოლომდე იგრძნოს – რას ნიშნავს გათავისუფლება ტკივილებისგან, რომ სინოდი და სახელმწიფო ზრუნავენ მათზე. „აპოკალიფსი არ იქნება“ - ჯიუტად იმეორებენ სამთავრობო პარტიის ტელევიზიები, მათი მთავარი სლოგანი მოახლოვებული არჩევნების წინ.
„სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი და საფლავების შინათაააააა – ცხოვრების მიმნიჭებელი“ - ისმის ჰაერში მცურავი დირიჟაბლის მეგაფონებიდან და თბილისის ვამპირები, კიბორგები და ზომბები, ანგელოზები და მთებში დამალული მეამბოხე გნოსტიკოსები, ჩაგრულები და მჩაგვრელები, თბილისელი მუსულმანებიც კი თანაქალაქელების პატივისცემის ნიშნად – ყველანი იხედებიან უვარსკვლავო ცაში და იწერენ ჯვარს, რომბს, კვადრატებს – ვინც როგორ გრძნობს. ყველაზე მოსისხლე მტრებსაც კი ყოველთვის რამე აქვთ საერთო, შეიძლება ითქვას, მტრებს ყოველთვის უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე მეგობრებს.
ძვირიან ლუქსში, თეთრ საწოლზე წამომჯდარი დეტექტივი, შეცდომა, ხედავს როგორ ნერვულად ბჟუტავს კედელზე დაკიდებული ნეონის ჯვარი. 40-დღიანმა წვიმამ ყველა ხასიათი და ყველა კაბელი დააზიანა. შეცდომა იხდის ტანზე, ხელში ლატექსის მათრახი უჭირავს და ჯერ ნელა, ხოლო შემდეგ უფრო სწრაფი და ძლიერი მოქნევით ირტყამს ზურგზე. ზუსტად იქ, სადაც რებეკას ფრთები ჰქონდა. ფრთები, რომლებიც სინოდმა საჯაროდ მოაჭრა, არაანგელოზთან სექსუალური კავშირის ბრალდებით. სისხლი ეწვეთება საწოლს და ირეკლავს ნეონებს. ლუდიტები გამუდმებით ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სისხლია რეალური, მაგრამ როდესაც DMT ხსნის – ყველაფერი რეალურია, განსაკუთრებით ის – რაც ვერანაირ ლოგიკურ ახსნას ვერ უმკლავდება. დეტექტივი შეცდომა ყოველ აღდგომაზე იღებს DMT-ს - ეს დეტექტივის აუცილებელი ნორმაა, ჯერ კიდევ აკადემიაში ნასწავლი ბრძანება: იმისათვის, რომ დეტექტივმა გაუძლოს წყვდიადს. ის უნდა მოკვდეს და გაცოცხლდეს, ისე როგორც კვდება და ცოცხლდება მისი ღმერთი. კვდება და ცოცხლდება. გამუდმებით. როგორც gif ან გაზაფხული.
შეცდომა პირაღმა ეცემა საწოლზე, ჭერზე დატანილი სიქსტის კაპელას უნიჭო რეპროდუქცია ფრაქტალებად იშლება...
სეფიროთების ხეს ცვივა ფოთლები - შემოდგომაა, ღმერთის ნათება ირეკლება დისკობოლებში.
ანტიგრავიტაციული ტაბლეტები ორსულებისთვის, შარშანდელი რეკლამები საღამოს რბილ ცაზე.
შავი ხვრელი იძახის შენს სახელს.
ედემის მაიმუნები სარკეებით სახეების ნაცვლად ირეკლავენ ბირთვულ განთიადებს, ციფრული სისხლი ეშხეფება თვალების მონიტორს... 16-ბიტიანი დელფინები სერავენ ვენებს, „ამერიკული მთები“ ფრაქტალურ გვირაბში, სამყაროს პრე-ვერსიების არქიტექტურული ნახაზები – პაპირუსებად ბაბილონის ბიბლიოთეკის დამტვერილ თაროებზე...
„სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი“ – ესმის შორ ექოდ სინათლის გვირაბში და უკვირს – რატომ აღნიშნავს ამდენი ადამიანი ერთი ადამიანის აღდგომას, როცა სიკვდილი არ არსებობს და არც არასოდეს არსებობდა. აბაზანიდან შიშველი, დაამფეტამინებული ანგელოზი გამოდის ახლად დაბანილი ფრთებით, მისი ნელსაცხებლების სურნელი მთელ ოთახს ედება. მისი თმები ზუსტად ისეთივე ქერა ფერია, როგორიც ანგელოზებს აქვთ რენესანსის დროინდელ ნახატებში. თითქმის ყველა ანგელოზი ასეთ ვიდზე დგას საროსკიპოებში, მაშინ, როცა ადამიანი-ბოზები მონა ლიზას, თამარ მეფის ან ნაპოლეონ ბონაპარტის სახეებს იყენებენ პლასტიკური ოპერაციებით. ეს იმიტომ, რომ კულტურული პროგრამირება ყველაზე რთულად ქრება და, გარდა ამისა, უძველესი ბიზნესი ყველაზე კარგად იცნობს საკუთარ მომხმარებლებს - ყველა მათ, გულის სიღრმეში, პრინცებისა და პრინცესების ტყვნა უნდათ.
- როგორც ჩანს, უჩემოდ გაფრენილხარ – ამბობს ის, მის წინ მუხლებზე ჯდება, ჭერამდე შლის უზარმაზარ ფრთებს და იწყებს ანგელოზური მინეტის კეთებას. შეცდომამ იცის – საჭიროა ალიბი, სანამ ყველაზე წმინდა დღეს ქალაქში არნახული საპროტესტო ტალღა აგორდება. ამიტომაც ის აქ არის. ღვთაებრივი გეომეტრიისა და მინეტის გადაკვეთაზე და არა გნოსტიკოსების ბუნკერში, სადაც ამ წამს დიდთავიანი ჰაკერები სასაფლაოების სერვერებზე ახორციელებენ ყველაზე მასშტაბურ კიბერშეტევებს, რათა მკვდრები დაბრუნდნენ ქალაქში და თქვან სიმართლე. დეტექტივმა შეცდომამ იცის, რომ დღეს ღამით რებეკაც დაბრუნდება და შეცდომა ამჯერად ვერ გაექცევა საკუთარ წარსულს.
ვინაიდან ყველამ იცის - მკვდრები არასოდეს სტყუიან.
* * *
მომავალში ახლა წვიმს. რადიოაქტიური წვიმის წვეთები ტყვიებივით სერავენ პირველი გამოღვიძებული ჰოლოგრამის სხეულს.
- ისევ შენ მოხვედი? არ გაქვს ამის უფლება! წაეთრიე! - კივის მკვდარი ქალი ტოტალურ სიბნელეში და წვიმა ახშობს ამ კივილს. რატომ უნდა დაუტოვო ასეთი მესიჯი საყვარელ ადამიანს? რომ მან გამუდმებით დანაშაულის შეგრძნებით იცხოვროს? თვითმკვლელების უმრავლესობა ეგოისტია. იქვე, 10 მეტრში მიწიდან ჰაერში ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ნახევარი სახე ახლოდან ნასროლი ვინჩესტერით აქვს გაგლეჯილი. ჰოლოგრამა #2: მაპატიე, სხვა შანსი არ მქონდა.
- დედა! დედაააა! სად ხარ? - ყვირის მინდვრის ბოლოდან პატარა ბავშვი, მისი სხეული ლურჯად ბჟუტავს, რაც იმის ნიშანია, რომ ის მალე ჩაქრება. სავარაუდოდ, დედა უკვე დიდი ხანია არ იხდის გადასახადებს და დღე-დღეზე მკვდრების მონიტორინგის სამსახური გამორთავს ჰოლოგრამას, მისი მოგონებები და ავატარი დაიბლოკება, ავტომატურად ამოვარდება ქალაქის მკვდრების მონაცემთა ბაზიდან და გადაინაცვლებს პრობლემური გადამხდელებისა და პრობლემური მიცვალებულების სიაში, შემდეგ warning მესიჯები დაეგზავნებათ მის ნათესავებს და კიდევ გადაუხდელობის შემთხვევაში პატარა ბავშვი უბრალოდ სახალხო მავზოლეუმში გადაინაცვლებს. აქ, სახალხო მავზოლეუმში, 100 მეტრზე ყველა უპატრონო, დავიწყებული და ურჩგადამხდელი მიცვალებულის ავატარი იყრის თავს. „არქივი” ასე ეძახიან ღარიბების მავზოლეუმს, ჰოლოგრამების ველზე კი ისინი არიან - ვინც ახსოვთ, ვინც ჯერ კიდევ სჭირდებათ..
ჰოლოგრამების ველი უკვე 40 წელია, რაც არსებობს. როცა ტრადიციული სასაფლაოების ექსპანსიამ ნახევარი ქალაქი დაიკავა და საფლავები უკვე კორპუსების ეზოებსა და საბავშვო ბაღების უკან იდგმებოდა - მერიის წინაშე დადგა გვამებისა და მოგონებების უტილიზაციის პრობლემა. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თბილისი - სინათლისა და სიყვარულის ქალაქი გადაიქცეს ერთ დიდ სასაფლაოდ”, - განაცხადა მაშინდელმა მერმა. თუმცა წლებია ყველა გრძნობს, რომ თბილისი სასაფლაოა, მაგრამ როცა მონუმენტები გარეუბნებს გამოცდნენ და მუხიანში საფლავების ალეაც გაჩნდა -- ცოცხლებს მოგონებები მოაწვათ, მოგონებები კი ხელს უშლის ქალაქის ფუნქციონირებას და არჩევნების გაყალბებას. „მკვდრებისა და ცოცხლების ომი” ასე დაარქვეს ჟურნალებმა ამ გადაუწყვეტელ ურბანულ პრობლემას: მკვდრებმა ქალაქში შემოაღწიეს და რამდენიც არ უნდა ებრძოლა ადამიანს, სიკვდილის შემდეგ ისიც მკვდრების მხარეს გადადიოდა და ჩუმად, მაგრამ ჯიუტად ითხოვდა საკუთარ ადგილს მზის ქვეშ. მაშინ მერიამ სასაფლაოები აკრძალა ქალაქის ტერიტორიაზე მაგრამ ქალაქგარეთ მიცვალებულების დაკრძალვა ასტრონომიულ თანხებს, უსასრულო ბიუროკრატიას და გარეუბნების მტრულ დახვედრას შეეჯახა. ტიფლისის ვიზა, კრიმინალური დაჯგუფებები ქალაქის კედლებს გარეთ, მცხეთის რადიოაქტიულად დაბინძურებული ნიადაგი... იყო პერიოდი, როცა მიცვალებულების მარხვა პირდაპირ ქალაქის პარკებსა და ქუჩებში დაიწყეს -- დასაკეცი ელექტრო ჯვრები იაფია, ხშირად სახლშიც შეგიძლია დაამზადო უფასოდ, არც კიბორგი მამაოები ჯდება ძვირი - საკმარისია რკინის ფული შეაცურო მის საფეთქელში და სასურველი სერვისი აარჩიო მის ხელში ჩადებული ბიბლიის მონიტორიდან. პოლიცია კი ვერ ერეოდა საქმეებში, რამდენადაც კანონი ვერ ფუნქციონირებდა, ხოლო ადამიანები საკუთარ მიცვალებულებს ბოლომდე იცავენ. სინოდს ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა ამბოხი. სწორედ ამ დროს ჩაეშვა „ბიოუტილიზაციისა და მოგონებების გაუკვდავების პროგრამა” - ასე ერქვა დოკუმენტს, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. პროგრამა გულისხმობდა უზარმაზარი კრემატორიუმის აშენებას, მკვდრების ისეთი სახით კრემაციას, რომ ისინი ჟანგბადად გადაქცეულიყვნენ (თუმცა ეს არ გამოვიდა და ქალაქის სმოგს კრემაციის ღრუბლები დაემატა) და ყველაზე მთავარი - მოგონებების გაუკვდავებას. მერიამ გამოყო უზარმაზარი პარკი, რომელსაც შემდეგ ჰოლოგრამების ველი ეწოდა - აქ ქალაქის ყველა გარდაცვლილის 3-განზომილებიანი ავატარი განთავსდა - ავატარში ქალაქის მონაცემთა ბაზიდან იტვირთებოდა ადამიანის მოგონებები, ანდერძი, მისი პრივატული საუბრების ჩანაწერები – შედეგად ჰოლოგრამების ველზე მოსულ ადამიანს შეეძლო სიკვდილის შემდეგაც ესაუბრა მის ახლობელთან, ასევე შეეძლო მათთან საუბარი უცხოებსაც. მაგრამ მერიამ ვერ გათვალა, რომ მკვდრები არც ისე ადვილი გასაკონტროლებელი არიან, როგორც ცოცხლები. რამდენადაც მათ დასაკარგი უკვე არაფერი აქვთ, ისინი მოურიდებლად ამბობენ სიმართლეს. საჭირო გახდა მონაცემების დამუშავება, პროგრამული აკრძალვების შეტანა, მაგრამ რთულია თვალი გაადევნო ყველას, როცა მათი რიცხვი ყოველ წელს იზრდება, ამიტომ მერიამ გადაწყვიტა მხოლოდ მნიშვნელოვანი ფიგურების სულები გაერედაქტირებინა, სხვები კი უბრალოდ ჩაიკარგებოდნენ ჰოლოგრამების ველში ათას სხვა ჰოლოგრამასთან ერთად. ამასთან, მერიამ შემოსაზღვრა მათი ტერიტორია და კანონში გარკვევით დაწერა, რომ მკვდრების ადგილი არ არის ცოცხლებს შორის, ყველა ჰოლოგრამას აკრძალული აქვს ველის დატოვება და ქალაქში დაბრუნება. მერიამ კანონი ალგორითმულად და ტექნიკურადაც გააფორმა – ჰოლოგრამებს სურვილის შემთხვევაშიც არ შეეძლოთ საზღვრების დატოვება.
აქამდე ყველა იცავდა ამ წესს, მაგრამ არა დღეს. როცა აპოკალიფსი კარებზეა მომდგარი – თამაშის წესები ძალაუნებურად იცვლება. სანამ დეტექტივი შეცდომა ალიბის და ნარკოტიკებს იკეთებს ტიფლისის ელიტურ ბორდელში, გნოსტიკური წინააღმდეგობის ჰაკერები სასაფლაოს სერვერებს ტეხენ: აღდგომის ღამეს ჰოლოგრამად გადაქცეული ყველა მკვდარი დაბრუნდება ქალაქში და მათ მსვლელობას უკვე ვერავინ დაარბევს, მათ სათქმელზე კი ვერავინ დახუჭავს თვალებს.