Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლაშა რევოლუციონერი

19 აპრილი 2017

ეს ძველისძველი ისტორიაა და მოხდა „ვარდების რევოლუციის” დროს, „ცოცხების რევოლუციამდე”  9 წლით ადრე. (მცირე ბოდიშით იმ მცირერიცხოვან ადამიანებთან, ვინც ნამდვილ და უკანასკნელ რევოლუციაზე ოცნებობს).

იმ ღამეს, როცა პარლამენტის წმინდა შენობაში ხალხი სპიკერების მიკროფონებს ამტვრევდა და სააკაშვილმა შევარდნაძის პიტნის ჩაი დალია - მე იქ არ ვიყავი. ეს უპატიებელი შეცდომაა რევოლუციონერისთვის. რაღა რევოლუციონერისთვის, ნებისმიერი პატიოსანი ადამიანისთვის, განსაკუთრებით მწერლისთვის, ვინც ოდნავ პატივს სცემს საკუთარ თავს და ესთეტიკური მიდრეკილებებით არის დაჯილდოებული - ნამდვილი ტრაგედიაა არ დაინახო დამხობილი პარლამენტი, არ დააწერო მარკერით სიტყვა «ყლე» ადგილს, სადაც პრემიერ-მინისტრი იჯდა. ასეთი შანსი ჩვენნაირ ქვეყნებში არც ისე ხშირად, 10 წელიწადში ერთხელ მაინც არის და მე ყოველთვის შავი შურით მშურდა იმ ხალხის, ვინც მეუბნება, რომ «მან აიღო პარლამენტი».  როგორ შეიძლება გააცდინო ასეთი შოუ? ეს ხო არც გაკვეთილია, არც უნივერსიტეტი, არც ცხოვრება - რო გააცდინო, ეს რევოლუციაა. მერე რა რომ ვარდების, თუ გინდა ტიულპანების ერქვას - როგორც ახალი კაპიტალისტები იძახიან: «ნებისმიერი (თუნდაც ნეგატიური) პუბლიკაცია - კარგი პუბლიკაციაა» - ჩვენც მაშინდელ პანკებს გვეგონა, რომ ნებისმიერი რევოლუცია - კარგი რევოლუციაა. აბა მიდი და ეხლა იცეკვე ხორუმი და ბრეიკდანსი პარლამენტში. საკაიფოდ მოგხვდება კეფაში.

და მოგიწევს ლოდინი შემდეგ არჩევნებამდე, ან იმის შემდეგამდე - რომელიმე ხო დაჯდება ზეროზე?

ჩემთვის, როგორც რევოლუციონერების და მომიტინგეების ქვეყანაში გაზრდილისთვის - რევოლუცია საოცარი სანახაობა და საჩუქარი იყო, მაგრამ პარლამენტის აღებაში არმონაწილეობა სერიოზული სტრესია, სექსი გათავების გარეშე. მაგრამ საქმე სხვა რამეშია. არ იყო ეხლა საჭირო ამხელა შესავალი. რევოლუციებზე ყველა წერს, მაგრამ არავინ წერს ხალხზე, ქუჩის ლომებზე, არავინ კიდებს მედალებს ყოველდღიურობის გმირებს. მე კი მინდა მოგიყვეთ რევოლუციაზე და ლაშაზე. ლაშა ამ შემთხვევაში პირობითი სახელია იმ ბიჭის, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან ვიცნობ. გამისწორდებოდა ფილმის ტიტრივით რომ დამეწერა, თითქოს სახელი შეცვლილია ამ პიროვნების დასაცავად, მაგრამ ყველაფერი უფრო მარტივადაა ჩემს მრავალჭირ და ნივთიერებაგამოვლილ მეხსიერებაში ვერაფრით აღვიდგინე «ლაშას» ნამდვილი სახელი, ამიტო ეხლა პირველი სახელი, რაც გამახსენდა, იმას დავუძახებ. ერქვას «ლაშა». ლაშას შეიძლება თქვენც იცნობთ შორიდან, იმიტომ, რომ ეს ბიჭი  ერთერთი იმათგანია, ვინც ვარდების რევოლუციის დღეებში პარლამენტთან მდგარ სტოლბზე ცდილობდა აძრომას და ლეგენდარულად ჩამოვარდა. დაჟე ორჯერ თუ სამჯერ ჩამოვარდა, ერთხელ ვიღაცეებს კისრები გაუტეხა, მეორედ კი უკვე მოლოდინში მყოფმა ხალხმა მსმენელებში გადამხტარი როკსტარივით დაიჭირა. საბოლოოდ, აძრომით ვერ აძვრა, მაგრამ ეცადა. ამის დაფასებაც უნდა ვისწავლოთ. ასევე ეს ის ერთადერთი ადამიანია, რომელმაც 2003 წლის 23 ნოემბერს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე აღმაფრთოვანებელი და მაგიური სიტყვები მითხრა: «ადექი, პარლამენტის ასაღებად გავდივართ!»

სანამ ამ მომენტამდე მივალთ ცოტა უკან უნდა გადავახვიოთ - ლაშა პირველად სკოლის უკან, «ბაღის» ეზოში ვნახე. საქმის გარჩევაზე.

მე ყოველთვის ვეცნობი ხოლმე ხალხს, ვინც არ მიცნობს, როგორც სამი ომის მონაწილე, (ჩვენს თაობაში ყველა ეგრეა. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ cv-შიც ჩაიწეროთ) – მერე რა, რომ პირველი ჩემი ომის დროს 6 წლის ვიყავი, და მესამე ომის დროს რუსეთის ჯარით ალყაშემორტყმულს იარაღის მაგივრად ხელში ჯოინთი აღმომაჩნდა (ეს ცალკე ისტორიაა და არ დაიწყოთ ეხლა დემაგოგია, მერე მოვყვები). სამაგიეროდ მეორე ომი იყო ხანგრძლივი და დამღლელი. ეს უფრო ომის იმიტაციები იყო და  ქუჩებში, სადარბაზოებში, ბინებში და ტრანსპორტებში მიმდინარეობდა უამრავი წლის განმავლობაში, სანამ ერთხელ ვიღაც ჟღვინტიანმა ბავშმა «ბიძია» არ დამიძახა – ეს ბავშვი კი მივპიზდე და სულ სიგარეტის ბოლი ვუბერე სახეში, იმიტომ, რომ საკმარისად ახალგაზრდად არ მივაჩნდი, მაგრამ მერე მახსოვს, როგორ ამოვისუნთქე, როცა მივხვდი, რომ უკვე არ ვარ შპანა.

მოკლედ, თუ გახსოვთ მაშინ მთელი ქვეყანა ჩხუბობდა ერთმანეთთან. დილის ნიუსები იმით იწყებოდა ვინ ვისთან იჩხუბა გუშინ და ვინ ვის რას უპირებს დღეს. იგივეს იმეორებდნენ ბავშვებიც. მოკლედ, მორიგი გარჩევის დროს მოწინააღმდეგე ბანაკმა წარმოადგინა «მომავალი», რომელსაც უნდა გაერჩია რაზე ვდავობთ და მიეღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს «მომავალი» იყო ლაშა. 13-15-ის და უკვე ბეზ პიტი მინუტ კანონიერი ქურდი. ჩემზე ორი თავით მაღალი, შავგრემანი, სუსტი ასანთის ღერივით, მაგრამ ისეთი დერზკი ბოდი ლენგვიჯით, რომელსაც სიტყვები არ სჭირდება, რომ გითხრას, ვინ არის აქ ბოსი. მე მაშინ  არ ვიცოდი, რომ ლაშა შიშის ზარს სცემდა შპანა ბავშვების მთელ ლეგიონებს, საუბარი კი აშკარად იქითკენ წავიდა, რომ ცოტაც და საცემები გავხდებოდით, ამიტომ ბრძენი ბიძების და მამის ნასწავლი შეგონება გამახსენდა: „ზურიკ ზადნი არ მისცე”.  და ლაშას ჰომო საპიენსის საყვარელი უძველესი ილეთი ჩავუტარე - პირდაპირ ბლატნოი სახეში გავუქანე ჯიბიდან ამოღებული სქელი ქვა. ეს ქვები გზაში ოთხფეხა ძაღლების დასაფრთხობად მოვაგროვეთ, მაგრამ მერე ვიფიქრე, რატომაც არა – იდოს ჯიბეში, რა იცი, იქნებ ისინი რაკეტებით მოდიან?

ლაშა შემოდგომის ფოთოლივით მოეფინა ასფალტს და ჩვენი ლაშქრები ერთმანეთს დაეტაკნენ. ბრძოლა მოკლე იყო, მაგრამ დაუნდობელი, ისეთი ლეონტი მროველს რო მოეწონებოდა. ლაშას გაგორებამ ეტყობა მაინც დააგდო მოწინააღმდეგე რაზმის სულისკვეთება და ჩვენ ადვილად შევძელით ურჯულო ოსმალოების უკუქცევა. რამდენიმე დღის მერე ლაშამ დიდძალი სპასპეტების, თავისნაირი პუწიოვი მთავარსარდლების არმია შეკრიბა და ჩემს კორპუსს ასაღებად მოადგა. მიუხედავად იმისა, რომ მაგრად შემეშინდა - აქ უკვე ვზროსლების კონტაქტებმა გაჭრა, ლაშას რამდენიმე მაგიური სახელი გვარი ვუთხარი შელოცვასავით და მისი ძალების პარალიზება მოვახერხე დროებით. თუმცა ამის მერე ის არასდროს უშვებდა შანსს, როგორმე დაეშავებინა ჩემთვის, მეც ყველანაირად ვერიდებოდი. მოკლედ დაძაბულობა იყო. ასე გავიცანი ლაშა და წლების მერე უკვე არც მახსოვდა მისი არსებობა, ერთი-ორჯერ თუ გამხსენებია, როცა ვიხსენებდი ყველას, ვინც ქურდობას აპირებდა და ვცდილობდი მეფანტაზიორა – სად იქნებოდნენ ეხლა? ნეტავ მიაღწიეს მიზანს? სვაბოდაზე გულაობენ თუ ციხე უჭირავთ? რუსეთში არიან თუ ელინების სამეფო აიღეს? სულ ვცდილობდი ძლიერები და წარმატებულები წარმომედგინა თავიანთ საქმეებში, გიყვარდეს მოყვასი შენიო - ამბობს უფალი. მოკლედ ლაშა მკვდარი მოგონება იყო, რომელიც რომელიმე მორიგი არასიფხიზლის დროს დაღუპულ ნეირონს გაჰყვებოდა არარსებობაში, რომ არა რევოლუცია. სწორედ იმ დღეს, ბედმა მე და ლაშა პარლამენტის წინ შეგვახვედრა ერთმანეთს, მე გრძელი თმებით და საკუთარი აზრების ნაცვლად პანკ ბენდების ტექსტებით -  ლაშა, რომელიც ჩემი გამოთვლებით სადმე ხარკოვში უნდა ყოფილიყო, «კმარას» მაისურით – პირდაპირ ციდან ჩამოვარდა. როცა ვამბობ, „ციდან ჩამოვარდა“ – ვგულისხმობ ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობას: ჯერ ერთი ლაშა მართლა ციდან ჩამოვარდა, როცა მორიგი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა იმ ყლე სტოლბზე აძრომის და მეორე, გადატანითი მნიშვნელობითაც ციდან ჩამოვარდა, იმიტომ, რომ მე უკაპიკო და უძინარი ვიყავი გარეთ, სახლამდე მიღწევის არანაირი პერსპექტივით – ახალგაზრდა რევოლუციონერი და ყოფილი მომავალი ლაშა კი ერთადერთი ნაცნობი იყო, ვინც ამ დროს შემხვდა.

დღისით, მთელ ამ მსვლელობებში, სადღაც შემომეფანტა ყველა მეგობარი, ამის გარდა ხალხში ხმა გავარდა, რომ რევოლუცია დღეს დასრულდებოდა. ასე რომ, ამ შეგრძნებით აღფრთოვანებული და გაბრუებული გვიან ღამემდე ვიყიალე ბრბოს ტრაექტორიებით. გულწრფელი რომ ვიყო, გაბრუებული უფრო სხვა რამეებითაც ვიყავი, რაც ხშირად ძალიან მძაბავდა. მაგალითად, იყო მომენტები, როცა ვერ ვხვდებოდი, საიდან მოვიდოდა საფრთხე: ამ ხალხისგან, სახელმწიფო ჯარისგან თუ უბრალოდ ასფალტი ჩამყლაპავდა. მაგრამ, როცა ვიღაც ჩოხოსანმა ხელი ხელში ჩამავლო და ხალხს სიხარულით აუწყა, რომ რომელიღაც ქვედანაყოფი «ჩვენთანაა» -- ჩავთვალე რომ ყველაფერი კარგადაა. ჩუმად გავედი ეკლესიის უკან პარკში და ჯიბეში ჩატენილი თავდასაცავი ქვები ამოვყარე.

მოკლედ ღამე ისე მოვიდა, რომ უკვე საკუთარ სახელს ვერ ვიხსენებდი, მარტო ვიყავი და გაოგნებული ანგელოზების სიმრავლით ცაში უბრალოდ დავყვებოდი ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც მიზანიმართულად სადმე მიემართებოდა და მათთან ერთად ვბუტბუტებდი ნებისმიერ სიტყვას რასაც კი იტყოდნენ. უცნაურია, რატომ იძახიან ხოლმე ხალხმრავალ მიტინგებზე ერთსა და იმავე სლოგანს ან სიტყვას ასე ხშირად. ჩემი დაკვირვებით, თუ ერთსა და იმავე სიტყვას ასჯერ გაიმეორებ - სიტყვა კარგავს მნიშვნელობას და საერთოდ ვერ ხვდები, რატომ ერქვა ამ სიტყვას ეს სიტყვა და არა ბგერების რომელიმე სხვა კომბინაცია.

ასე დაღამდა და ჯიბეში ერთი თეთრიც არ აღმომაჩნდა. ღამე კი იყო გრძელი და მოულოდნელი.

ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული რევოლუციური რაზმები იაფფასიანი არყით გამიმასპინძლდნენ და მითხრეს, რომ შევარდნაძის დღეები დათვლილია. არაყი აშკარად არ იყო კარგი კომბინაცია იმ ასევე იაფფასიანი ქიმიური ნაზავისთვის, რომლითაც მაშინ მქონდა ორგანიზმი ავსებული და თავში ყველაფერი სრულიად აირია. იყო მომენტები, როცა მეგონა, რომ რევოლუცია დაიწყო, გაგრძელდა, მოედო ქალაქებს და ხალხი უკვე რომის, თეთრი სახლის და კრემლის კარებთან იდგა და მარადიული იმპერიებისთვის სკანდირებდა: „კმარა!”, „გა-და-დე-ქი”. იყო ამ ხალხმრავლობაში რაღაც სიკეთეც – მდიდარი და ღარიბი, წვეტიანტუფლიანი თუ კეტებიანი, შავი თუ წითელი ერთად იდგნენ (მერე რა რომ მთელი რუსთაველი სავსე იყო კაკაშკებით  და პერიოდულად ვიღაცა ვიღაცას პიზდავდა. აბა როგორ გინდათ რევოლუცია). ძველ მერიასთან კეთილი სამარიტელები პიტაკით გამიმასპინძლდნენ და როცა რუსთაველს გავხედე, დავინახე როგორ გამოქონდათ მავზოლეუმიდან ლენინის მუმია და იმასაც პიზდავდნენ. სამოთხის კარებთან კი ყველა ცოდვილი შეიკრიბა სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით და სადაცაა მათთან სასაუბროდ გამოვა ღმერთიც.

ყველა სხვადასხვა მიმართულებას იძახდა, თუ საით უნდა წავსულიყავით, რომ „შევარდნაძე გამოგვეჭირა” და დაგვეტყვევებინა. სიმართლე გითხრა, პირადად პრეზიდენტის, როგორც ადამიანის  წინააღმდეგი არაფერი მქონდა, მით უმეტეს გამოჭერას არ ვაპირებდი. უფრო რევოლუციის ლოგიკა მაინტერესებდა, მაგრამ მახსოვს წლების მერე, როცა ედუარდ შევარდნაძესთან ინტერვიუ ავიღე, სადაც ბევრი ვილაპარაკეთ კოსმოსზე და მან ბირთვული საიდუმლოებები გამანდო - მაინც რაღაცნაირად თითქოს შემრცხვა ამ მოგონების.

მოკლედ, როცა დავიღალე წინ და უკან სიარულით - მტკიცე ნაბიჯებით პარლამენტისკენ დავიძარი.

გზაში მივხვდი, რომ ძალიან მცივა და ძალიან მშია და შესაძლოა მალე დავეცე, როცა ციდან ლაშა ჩამოვარდა.

უცებ ვიცანით ერთმანეთი და გადავეხვიეთ.

- შენ აქ რა გინდა? - მკითხა ლაშამ, ალბათ იმის იმედად, რომ დამასწრებდა ამ შეკითხვას. ყოველდღე ხომ არ გხვდება ყოფილი «მომავალი» «კმარას» მაისურით.

- შენ თვითონ რა გინდა? - დავუძაბე მე.

- ამათ დედა უნდა მოვუტყნა! - არ დააყოვნა ლაშამ, სქილსები მაინც სქილსებად რჩება. რატომღაც ჩავთვალე, რომ ლაშამ ამ ფრაზის მერე ეჭვის თვალით შემომხედა, თითქოს მასკანირებდა და ამოწმებდა «ჩვენიანი» ვიყავი თუ აგენტი და ვინანე, რომ ქვები გადავყარე. რა მაგარი დვაინოი უდარი გამოვიდოდა წლების მერე ისევ რომ გამექანებინა სახეში.

- რატომ კანკალებ, გცივა? - მომაყარა მოულოდნელად.

- მაგრად მცივა.

- წამო ჩვენთან ოფისში.

ოფისი, თუ მეხსიერება არ მღალატობს, სადღაც კინოს სახლისკენ იყო და სავსე იყო ახალგაზრდა ხალხით. „კმარას“ მაისურები, „კმარას“ დროშები, მეგაფონები და სრული ქაოსი გადახლართული იმ რევოლუციურ აღტაცებასთან, რომელიც აზროვნების უნარს გაკარგვინებს. ვიღაც გოგოები ცხელ ჩაის და ბუტერბროდებს ამზადებდნენ და ახალგაზრდებს ურიგებდნენ. ლაშამ თავად მომაწოდა ჩემი პორცია ჩაი და ბუტერბროდი. ვიღაცები გიჟებივით დარბოდნენ, მეტაკებოდნენ და ჩემი ლიპტონის ჩაი ქვევით მწოლიარე ან მჯდომარე ტიპებს ეღვრებოდათ თავებზე მადლივით. როგორღაც მოვასწარი რამდენიმე ყლუპის დალევა და ვიგრძენი როგორ თბება ორგანიზმი. ლაშა რომელიღაც ოთახში შევარდა და მესმოდა როგორ დავობდნენ რაღაც საკითხზე. ლაშა და მისი gang მოითხოვდა,რომ დაუყონებლივ პარლამენტისკენ დაძრულიყვნენ. ვიღაც ენჯეოშნიკური ჰაბიტუსის ტიპი კი იხვეწებოდა, რომ ცოტა ხანი დაეცადათ, იმიტომ, რომ ის მნიშვნელოვან ზარს ელოდებოდა. მე ვიღაც გოგონას ვუღიმოდი, მაგრამ უშედეგოდ. ეს გოგო, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად არ გამოირჩეოდა მაღალი „კლასობრივი თვიშეგნებით”, თითქოს ვერავის ამჩნევდა, მის თვალებში მხოლოდ პარლამენტის შენობა ჩანდა, ხოლო, როცა საუბრობდა, გეგონებოდა ვიღაცამ მეგაფონი ჩართო.  ბოლოს, არ ვიცი ის ზარი განხორციელდა  თუ უბრალოდ ლაშას შემართებამ გაჭრა, მაგრამ დაახლოებით იმ დროს, როცა ცხელმა ჩაიმ და დაღლილობამ ჩემი ორგანიზმი ძილისკენ გაიტყუა, ლაშა ოთახში შემოვარდა და რატომღაც დაიძახა: «შევარდნაძე კმარა», მცირე პაუზის მერე კი სახე ჩემკენ მოატრიალა და მითხრა: «ადექი, პარლამენტის ასაღებად გავდივართ!»

მთელი ოფისი წამოხტა, დროშის ტარებმა ჩამოამტვრიეს ნათურები და რთული აღმოჩნდა ფეხზე დადგომა. სანამ მე ვერტიკალური მდგომარეობა დავიყენე და ნაბიჯების ტესტირებები ჩავატარე, ლაშამ და სხვა ლომგულმა მეომრებმა პარლამენტი უკვე ორჯერ აიღეს, ქუჩებში ხალხი ზეიმობდა და ერთმანეთს კოცნიდა.

ყველას ეგონა, რომ, როცა ეს ღამე გათენდება რევოლუცია რაღაც მაგიურ შელოცვებს ჩაატარებს და დილიდან ყველანი საოცარ სამყაროში გავიღვიძებთ. რუსთაველზე აქეთ-იქეთ დადიოდა რაღაც მანქანა გახსნილი ზურგით და ამ კამაზივით გახსნილ ზურგში 10-მდე მოქალაქე იყო ამძვრალი. ვიღაცამ ხელი გამომიწოდა, როგორც ადამს უწვდის ღმერთი დავინჩის ნახატში. მეც ჩავებღაუჭე ამ ხელს და ამ გახსნილი ფურგონის ზურგზე აღმოვჩნდი. პირველად აქ შემეპარა სევდა და ატხადნიაკი.

ჯერ სევდა ტრივიალური იყო: როგორ გავმაზე „პარლამენტის აღება”? მაგრამ არა უშავს - ვიწყნარებდი თავს - ლაშა ხომ იყო მანდ, სავარაუდოდ, დეპუტატების სპიკერ-მიკროფონებიც დალეწა, პირისპირ დაუდგა სახელმწიფო ჩაგვრის სიმბოლოებს და თვალიც არ დაუხამხამებია. სავარაუდოდ, მიშას ძლიერ ზურგსაც შეახო ხელისგული და ექსტაზში შესულმა ყველა ის ვარდი შეჭამა, იმის ნიშნად რომ რევოლუცია არ გაჩერდება ვარდებზე და კიდევ იქნება: მიხაკები და ყაყაჩოები, პლანის ფოთლები და ლენცოფა, ცოცხი და სარეცხი მანქანა. მაგრამ სევდამ ეგზისტენციალური მასშტაბები მიიღო, როცა მივხვდი, რომ ეს ამდენი გულწრფელი სიხარული ორ დღეში აუცილებლად დასრულდებოდა. როგორც ატხადნიაკი ბედნიერი ღამის მერე. ბუნების კანონია.

მას შემდეგ ლაშა არ შემხვედრია. იმ ღამესვე ვხვდებოდი, რომ უკვე ვეღარ ვნახავდი, ეს უბრალოდ მასების კოლექტიურმა ინტელექტმა შეგვახვედრა და მწარედ ჩავფიქრდი იმ ფურგონის ზურგზე:

რას იზამს ლაშა, როცა  სახლში დაბრუნდება და აღმოაჩენს, რომ სახლი ისევ იქ დგას და შიგნით ყველაფერი ისევ ისეა? ცას ვუყურებ და არაფერი შეცვლილა, რას იზამს ლაშა, როცა ისიც აიხედავს და  ნახავს, რომ  მის აქტივობას არ შეუცვლია პლანეტების განლაგება ცაში, მან მხოლოდ ადამიანების განლაგება შეცვალა სახელმწიფო სტრუქტურებში?

იქნებ ის „მარადიულ მომიტინგედ” გადაიქცა? არის ჩვენში ასეთი ნიშაც. როცა „რევოლუცია” ნიხვატკას გიტოვებს და ცდილობ როგორმე ამოავსო ეს ნიხვატკა და მერე მნიშვნელობა არ აქვს, რა მიტინგი ტარდება - ფემინისტები იცავენ საკუთარ ფუჩუებს თუ დატანჯული ნარკომანები ითხოვენ, რო სახელმწიფომ დააბას თავისი ძაღლები, მიდიხარ  საკუთარი მეგაფონით და ყვირი, იმიტომ, რომ ყველა „რევოლუციამ” მოგატყუა და გული გაქვს გატეხილი სამარადისოდ.

ან იქნებ ლაშამ ჯილდოდ სამსახური მიიღო სტაბილური ხელფასით და იყიდა მანქანა, მოიყვანა ცოლი, დაყარა ბავშვები (თან პარლამენტი უკვე აღებული აქვს) და ჩათვალა რომ თავისი როლი შეასრულა სამყაროს წინაშე?
ამაზე მეტი მართლა რა უნდა გააკეთო ადამიანმა, არა?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^