მიდის!
ქომაგისთვის გულდასაწყვეტია, მისთვის კი ალბათ უფრო მტკივნეული.
კალათბურთიდან - რაგბიში! ლელოდან - საფრანგეთში! ჩხუბისთავობიდან - პროფესიონალთა რიგებში!
სწორედ მუშტი-კრივით გაიცნო ხალხმა. რაგბის მუღამი ჯერ არ იცოდა, მამუკას ჩხუბის ვიდეოებს ტელეფონებით რომ უზიარებდა ქართველი ქომაგი ერთმანეთს! გადავავლე თვალი ამ ჩხუბებს, მსაჯებთან არასდროს არაფერს აპროტესტებდა სინბინის პირას მყოფი გულივერი.
გულწრფელი გაკვირვება 2015 წლის მსოფლიოს დროს გვახსოვს ყველას - „მე რა შუაში ვარ!“ - იკითხა გორგოძემ, რომელიც საქართველო-ზელანდიის შეხვედრაში საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს!
ასეთი თავმდაბლობა ასეთი წარმატებულობის პერიოდში მხოლოდ თანდაყოლილი თვისება ვერ იქნება! ამაზეც იმუშავა საუკეთესო კაპიტანმა!
ბავშვებთან საუბრის დროს გარკვეული საკითხების ზუსტად ასახსნელად მუდამ მომყავს მორაგბეების სათამაშო და მოედანს მიღმა ცხოვრების მაგალითები. მიკვირს თავმდაბლობის მაგალითად ამ მომენტს რატომ არ ვიხსენებდი. გამოვასწორებ.
კაპიტანს ალბათ დინამოდან გავაცილებთ და ეს იქნება ყველაზე თბილი და მტკივნეული გაცილება დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის ისტორიაში. მერვე წუთზე „მამუკას“ ძახილით ისეთი ატმოსფერო უნდა შევქმნათ, მსაჯებიც და მოწინააღმდეგეებიც ტრიბუნას აჰყვნენ.
ოხ იმ ჟურნალის რედაქტორს რა ვუთხარი, რუსთაველის სიტყვებით რო ააჭიკჭიკა დევიდ ბექჰემი, თორე ხო დავამთავრებდი მოკლედ ამ ჩანაწერს :)
მოკლედ, მიხარია, რომ წლების განმავლობაში მამუკას თამაშების ცოცხლად ნახვის ბედნიერება მქონდა. დარწმუნებული ვარ მამუკას გამოცდილება ნაკრებს სამომავლოდ გამოადგება.