დამწერლობა
დამწერლობის პრაქტიკა ადამიანამდე არსებობდა და იგი სამყაროს პირველი გამონათებიდან ათვლილი წლოვანებისაა - რახან სამყარო სწორედ რომ თავად ნიშნებში ჩაწერილი ტექსტია. წერა არ გულისხმობს მხოლოდ ორგანზომილებაში არსებული პირობითი ნიშნებით ოპერირებას, არამედ ის სივრცეში განვრცობილი სიჩუმით მეტყველებაა - სიჩუმის მრავალგანზომილებიანი სახეხატობრიობა. ხატვასა და წერას შორის ზღვარი ხელოვნურად ნარჩუნდება კულტურის ძალადობის ხარჯზე. მუსიკის ნოტებით ჩაწერის ახალი მეთოდები (ემოციონალური სუბიექტივიზაციის რიგების დაფიქსირება) ამ ზღვრის გადაძლევის არაჩვეულებრივი მაგალითებია - ასევე ვიზუალური პოეზია, ლაზერული გრაფიკა, სამგანზომილებიანი სიტყვა კონცეპტუალურ ქანდაკებაში, პოპ-არტში, რეკლამის თავხედობები დამწერლობასთან, სიტყვასთან, ასოსთან მიმართებაში, მეცნიერთა ფორმულებში ემოციონალურ-რიტმული შტრიხები.
ადამიანის მიერ წერითი ფენომენის დამკვიდრება მის ეგზისტენციალურ პრაქტიკაში უფრო ფუნდამენტური მიმეზისის ხასიათს ატარებს, ვიდრე რაიმე ახლის აღმოჩენის. მან უსასრულოდ გავრცობილი ნიშნობრიობა ფორმულამდე შეზღუდა, საკუთარი მასშტაბისთვის მოსახერხებელ ჩარჩოებამდე დაიყვანა და ამით პირობითად მოიხელთა სამყარო. სხვა მასშტაბისა და ცნობიერების არსება სხვა ჩარჩოებს დაუწესებს სიჩუმით მეტყველების ფენომენს.
თუ დამწერლობას როგორც მეხსიერების გარეთ გამოტანილ ინსტრუმენტს განვიხილავთ, იგი შეიძლება სიზარმაცის სინდრომად ან დემოკრატიის, ანუ უნიჭოსა და განუვითარებლის შანსად დავინახოთ. ადამიანის მეხსიერებას უზარმაზარი ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა აქვს და ამ მხრივ დამწერლობამ ინდივიდუალური გონის ეს შესაძლებლობა, რასაკვირველია, უსასრულოდ დააქვეითა. ინდოეთში იყვნენ ადამიანები, რომელთაც მთელი „ვედა“ იცოდნენ ზეპირად (ვედა - ოთხი უზარმაზარი წიგნია, აქედან მარტო პირველი - „რიგვედა“, ბრიტანეთის ენციკლოპედიის მოცულობისაა). ისე, რომ მობილობასთან და მასების მიძინებული ცნობიერების ფლუქტუირებასთან ერთად, დამწერლობამ ადამიანის ინდივიდუალური ზე-შესაძლებლობები ნამდვილად უკან დახია. სამაგიეროდ, გარეთ გამოტანილ მეხსიერებას ფართო მონაწილეობის ცოდნის კრებითი ფორმების გაჩენის შესაძლებლობა მისცა (კრებითი ცოდნის დინამიკის აღზევება მოხდა) და სწორედ აქედან იწყება კომპიუტერის ისტორია და ეს მის დაბადების დღედ შეიძლება ჩაითვალოს. თუ ადრე ადამიანი ღმერთისკენ ინდივიდუალურად მიიწევდა, დამწერლობის ნიშნობრივ/ციფრული სახეობის გაჩენამ მას უნივერსალური გონებისკენ მიმავალი გარეთ არსებული ხიდების მშენებლობის შანსი გაუჩინა კომპიუტერიზაციის (დღეს კი უკვე კვანტური კომპიუტერიზაციის) სახით, რაც სამომავლოდ ინდივიდის შერწყმაში უნდა ჩამთავრდეს უნივერსალურ გონებასთან - „ტექნოლოგიური სინგულარობის” დადგომის მომენტში. ადამიანის მიერ დამწერლობის გაფორმება, შინაგანის გარეგანში გადახსნის ბედისწერის საკვანძო მომენტია და „ადამიანური ბედის” სამყაროში გასრულების სპეციფიკური გზის ფაქტი.
ხელნაწერი: „მელანი და სუნთქვა” (დერიდას ტერმინი)
ხელწერა - სულის ყველაზე მღელვარე და უშუალო გამოხატულებაა - აქ გონი, მის უძვირფასეს პროდუქტს უცნაურ ფორმაში ხატავს - ნერვით და სუბსტანციით ამოვსებულ არაბესკში, რომელიც პირველ რიგში და უმნიშველოვანესად ყოველთვის დიონისური ჟესტი, დინება და ცეკვაა, აპოლუნური სიმკაცრით ზუსტად მონიშნულ ტერიტორიაზე და მხოლოდ შემდეგ რაიმე არსობრივი, ან აღსაქმელ/შესაგნები ფენომენი.
ხელნაწერი, თეთრი ქაღალდის უბიწობის შელახვაა, ქალწულის სხეულზე დატოვებული იარები სისხლიანი ჭრილობების მანქანური სიმკაცრის მიზანდასახულობით, რომელთა მიერ დატოვებული კვალის გაყინულ ყვირილში, დადუმებულ/სულგანაბული, მაგრამ უსასრულოდ გამაყრუებელი ხმაური ისმის. და კიდევ, იგი შენიღბული სხეულის სიჩუმის მზადყოფნაა, რომ ჩვენს მასთან შეხებაში მარაოსავით აიშალოს და მისი სხეულიდან გადმოვიდეს ყველა ტერიტორიაზე გადახსნილი ადამიანის ვნებები. ცხენებივით ყალყზე დამდგარმა, ქაღალდზე მოჩვენებითად დაღვრილმა სიმშვიდე/სიწყნარის სანაცვლოდ - წყალმა წაგიღოს და, რაც მთავარია, ჯერ სრულიად უცნობი მიმართულებით…
ასო
„ჰ“ - ბავშვობიდან მხიბლავდა, სწორედ მისი „ჰ”აეროვენბით, სართულებად გაწყობილი ვერტიკალური დინამიკით, სამი წრის გახსნილობის სიმბოლიზმით, ბოლო, ზე-სივრცეში გამსვლელი ხვეულას ტრამპლინური ხასიათით, რომელიც თითქოს არარაში გვიპირებს მოსროლას(!); მადლიერი ვიყავი ამ ასოსი - ჩემ წინ გადახსნილში ჩემი ამონასუნთქის გამყოლ/მეგზურად ყოფნისთვის და ამ ამონასუნთქის - მასთან ერთად სივრცეში ჩამთავრებისთვის. ასევე მხიბლავდა “ჰ”-ს ხმოვანების ფონემური მსგავსება ჩემი სუნთქვის ხმოვანებასთან.
და… ყველა ამ უსასრულო სულიერი მახასიათებლების გარდა, ასო „ჰ” იუმორის დონეზეც იკითხებოდა, რახან რაღაცით ულტრა-თანამედროვე „დილდოსაც” მაგონებდა სპერმისთვის უკვე მზადმყოფს და თავში გადახსნილს. ისე რომ, სრულიად შესაძლებელია შემქმნელმა ეს სამომავლო მომენტიც კი გაითვალისწინა ამ „ასოს” სემიოტიკური ველის წარმოდგენა/შექმნისას. :)
წერტილი
ჩემს პირად ალფაბეტში ასო „ანი” იქნებოდა წერტილი (.). საერთოდ ხაზობრიობას გავაუქმებდი დამწერლობაში და მთელ ალფაბეტს მხოლოდ ერთი განზომილებიანი ფიგურებით - წერტილებით (.) შევქმნიდი - წერტილთა სხვადასხვა კომბინაციებით. ამით ასოები უშუალოდ დაებმებოდა რიცხვებსაც და, რაც მთავარია, ყოფიერების ფენომენის მომენტი წინ წამოიწევდა და გამძაფრდებოდა ყველაზე შესაძლო მინიმალური ნიშნით; წერტილ-ფიგურები ასოების შექმნისას თავად გააჩენდნენ უსასრულო კოსმოსებს, ის როგორც ვარსკვლავები ცაზე, წერტილთა წყობებს კი გალაქტიკის ფიგურებთან ექნებოდათ პარალელი - თითოეული წერტილი ხომ უსასრულობისკენ მიემართება.
მე და ტექსტი
სანამ საქართველოში ვცხოვრობდი ყველა ტიპის ტექსტის დესტაბილიზაციისა და დეკონსტრუქციითვის ვზრუნავდი და ვიღვწოდი მხოლოდ. ვიზუალური კოდების შინაარსების შეკიდება/გამოცლა, ახალი მნიშვნელობით ჯერ კიდევ არადატვირთული აღმნიშვნელების შემოტანა, ეს იყო ჩემთვის მთავარი - „არსებულის” სიყვარული ჩემგან ძალიან შორს დგას და ყოველთვის ასე იყო. - მაშინაც და ახლაც სწორედ ენობრიობის ყველა ფორმის ფუნდამენტურ არასრულყოფილებას ვთვლი ადამიანის ცენტრალურ პრობლემად - ანუ ენის მიერ ინფორმაციის არასრულყოფილი გამტარობის პრობლემას - რაც ადამიანის ძირეული ტრავმაა - როგორც ამას ფროიდი და ლაკანი იხსენიებენ. კი ეს გამტარის არასრულყოფილება საკუთარ რეალობებს ქმნის - ფერწერის, დაწერილი ტექსტის, მუსიკის და ა.შ. არტეფაქტების, მაგრამ შეცდომების ეს კალედოსკოპური რეალობა მხოლოდ არსებობის ფორმებს ავრცობს და არა ჩემი დინამიკის შესაძლებლობის შესაძლებლობას.
პირველი ხელნაწერი კი ჩემს ბავშვობაში ჩემმა ბებიამ გამაცნო - რაღაც მისტიური სიმწკრივის, მელნით ნაწერი დავთრები, მაგიური ნიშნობრიობით სავსე სქოლიოები, უფაქიზეს გრძნობადობაში გამოხატული, კლასიკურ ფორმას ნაზიარები და მას დამონებული ტალღობრივად მიმყოლ/გადაბმული ასოებით ნაწერი ხაზები, სტრიქონები, გვერდები, რვეულები. გახუნებული მაგრამ სუნთქვა შენარჩუნებული ფურცლები, აბრეშუმის ძაფით აკინძული და მსუბუქად დაჭრილი ჩანახევებით.
ჩემი ბაბუა ფარმაცევტი იყო და მისი საიდუმლო მნიშვნელობებით დატვირთული დოკუმენტაცია, დღიურები, საანგარიშო ფურცლები ჩემს წარმოსახვაში კაცობრიობის ისტორიის უწყვეტი ლაბირინთის საიდუმლო ჩანაწერების ხატად იქცა.
არქივი და მსხვერპლშეწირვა
თუ ადამიანებს თავისი ისტორიული გზის გაუგებარ/აბსურდული თავგადასავალის ტკივილი ყოფიერების სხეულზე ამოკვეთილ განუმეორებელ ორნამენტად მიაჩნია, მაშინ ამ სისხლიანი ჭრილობის საწყისის საგნობრივი მხილებულებები - ისტორიულ/უნიკალური ხელნაწერების არტეფაქტები, უნდა შეუნარჩუნონ სამყაროს და მათი თავმოყრის ადგილი საკრალურ სივრცედ აქციონ.
საცავები - უკიდეგანო მასშტაბის უმოძრაოდ და უხმოდ მსუნთქავი წარსულის სიმფონიების ჟღერადობის ეგზისტენციალური მოცულობები.
მაგრამ, თუ ამ დასტურ/მხილებულებების შენარჩუნება მას (ადამიანს) არანაირად არ ადარდებს და მხოლოდ მომავლით ცხოვრობს (წარსულის და აწმყოს გაუქმებით), მაშინ ადამიანის მოდგმას უფრო დიდი და ტოტალური მსხვერპლშეწირვის („პოტლაჩი”) ჩადენა ალბათ არც ძალუძს, ვიდრე სამსხვერპლოზე თავისი ისტორიის ეს უკეთილშობილესად მდუმარე გრამები მოიტანოს - საჯაროდ დაწვას და შესწიროს ისინი არარას. ცეცხლმოდებული საცავი ჩვილის ხარისხის დონის განახლებას უდრის! უფრო ღირსეულს ადამიანი ვერაფერს შესწირავს მარადისობას.
ორი გზაა: ძვირფასი, ისტორიის მეხსიერების მომყოლი შლეიფი/კუდის შენახვის და მისი თრევა/დაყვავების ან ამ კუდიანობის კასტრაციის აქტით მომთავრების და მომავლისთვის თავის სრული მიკუთვნება შეწირვის.
მე როგორც თანამედროვე მხატვარი, მომავალს ვეკუთვნი მხოლოდ!