„სამწუხაროდ, მორწმუნეთა შორის სექსი დემონიზებულია, რაც ბერმონაზვნური სულიერი ტრადიციის იდეალიზაციით არის განპირობებული, მაგრამ ქალწულობა ცხონების მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა, როგორც ოჯახური ცხოვრება. და არც ერთი არ არის მეორეზე მეტი ან ნაკლები. ბერები ქალწულობას ირჩევენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სექსუალურობამ არ გაფანტოს მათი ყურადღება უფლისგან. დაქორწინებულნი კი თავიანთი სექსუალურობის სწორი რეალიზაციით ერთმანეთს ეხმარებიან ცხონების საქმეში, რადგან სექსუალურად დაკმაყოფილებული პარტნიორი არის მადლიერი მეუღლე, კარგი მშობელი, მშვიდი მლოცველი და ერთგული მრევლი! როცა უფალი ამ თემას ეხება, სექსუალური ქცევის არც ერთ ფორმას არ ანიჭებს უპირატესობას, მხოლოდ რეკომენდაციას გვაძლევს, თითოეულმა თავისით გადაწყვიტოს, თუ რომელი ფორმის ტარება შეუძლია მას“. ბერი ერმოლაოსი.
დახუჭე თვალები!
გეცნობათ პანიკური ინტონაციით წარმოთქმული ფრაზა, მშობლებთან ერთად ფილმის ყურებისას რომ გაისმოდა? უნდა დაგვეხუჭა თვალები, როცა ქალი და კაცი ერთმანეთს კოცნიდა. სამაგიეროდ, არავინ გვაფარებდა თვალებზე ხელს იმავე ფილმში სისხლიანი მკვლელობების ეპიზოდების გამო.
ხოდა დახუჭეთ თვალები, აქ უფროსები სამარცხვინო სიყვარულზე ვლაპარაკობთ.
იმთავითვე დავიმახსოვრეთ – ამქვეყნად ყველაზე დიდი სირცხვილი სიყვარულია. დავიმახსოვრეთ, შესაბამისად, ვერ დავივიწყეთ. უბრალოდ შიში ჩამოგვიყალიბდა მის მიმართ.
კულტურის, რელიგიის, საზოგადოებრივი აზრის გაერთიანებული ძალით ბრძოლას ვუცხადებთ სხეულს, მაშასადამე ბუნებას, ყოველდღე ვშორდებით მის დიზაინს. თუმცა ჩანაცვლების გარეშე ბუნებრივის მოსპობა შეუძლებელია, გადაგვარება – სავსებით შესაძლებელი. როგორც ჯებირით შეკავებული მდინარე, ადრე თუ გვიან საბედისწეროდ გადმოხეთქავს და მსხვერპლსაც მოიტანს.
ქალი ხელშეუხებელი ღვთაებაა ან უწმინდურიო, ირწმუნეს კაცებმა უკიდურესი ნაპირები და შეიძულეს ქალის სხეული, როგორც ყველაზე ბილწი ცდუნება. „დედა“ თუ აკრძალულია, „მამა“ ყოფილა დაშვებულიო, – ერთმანეთის სხეულებს ეზიარნენ, მაგრამ ვაჰმე, აქაც გამოჩნდა ქვის მსროლელი და დაგმეს ნებისმიერი სხვისი სხეული. საკუთარ თავში ჩავიკეტებიო, იფიქრა კაცმა. მიიხედ-მოიხედა, ხომ არავინ მხედავსო, – დაინახეს! გადაამტვრიეს ჩუკენობისკენ წაცდენილი ხელი, მკლავი მოსჭრეს. დაგუბდა მამრის ქალწულ სხეულში სიყვარულის სურვილი, ვერგახარჯული ენერგია გადაგვარდა და იქცა სიცოცხლის სიძულვილად, მიიღო რელიგიის კარიკატურული ფორმა, შეისხა ბომბებიანი ქამარი და ბუხ... დაიღუპა ასი, დაშავდა ასოცდაათი ადამიანი.
იმავე წარმატებით დააგროვა ბრაზი ახალგაზრდა ქალმა და ვისაც მისწვდა, შეასია ერთმანეთს საომრად.
ნეკროფილმა თქვა, ცოცხლებთან უხერხულია, თვალებდახუჭულ მიცვალებულს გავაცოცხლებ, სულს ჩავბერავო… ეჰ.. მასაც არაფერი გამოუვიდა. ვერც მიცვალებული გააცოცხლა და მასაც წაასწრეს. არადა, ბოროტი ზრახვა არაფერი ჰქონია გულში. უბრალოდ სიყვარულის სასწაულის აღმოჩენა სურდა.
სექსუალური აქტი ფაქტობრივადაც და სიმბოლურადაც სიცოცხლის მიმნიჭებელი აქტია. სიცოცხლის სურვილის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება. ოღონდ ფსიქიკურ პროცესებში მისი ჯანმრთელი, სასიცოცხლო ძალით გაშლა მხოლოდ სიყვარულს შეუძლია. უსიყვარულო კავშირები ფსევდოამოვსებაა და დროთა განმავლობაში გაუდაბნოებულ უფსკრულად იქცევა სულში.
არის თუ არა სიყვარული მარადიული? – დიახ. სიყვარულის სურვილია მარადიული. მარადიული სიყვარულის ობიექტად ქცევას კი ულევი ნიჭი სჭირდება.
„სიყვარული არ არის თავისთავადი. ის უფრო დისციპლინაა, კონცენტრაციაა, მოთმინებაა, რწმენაა, ნარცისიზმის გადაძლევაა. სიყვარული არ არის გრძნობა, სიყვარული პრაქტიკაა". ერიხ ფრომი.
პრაქტიკას შეძენა სჭირდება. ნამდვილ სიყვარულამდე გაზრდაა საჭირო.
მეგობრობის პრაქტიკას სულ პატარა ასაკიდან გავდივართ, ყოველ წელს ვხვეწთ ურთიერთობის კულტურას, სანამ ნამდვილ მეგობრებს გავიჩენთ და ნამდვილ მეგობრებად ვიქცევით. სიყვარულში კი იშვიათად ასწრებს ვინმე ამდენ მეცადინეობას. თანაც მეგობრობის, კოლეგიალობისა და სხვა რაციონალური ურთიერთობებისგან განსხვავებით, სიყვარულში ჭარბი პრაქტიკა სულიერ ცვეთას უფრო იწვევს, ვიდრე მისი ხარისხის ამაღლებას. ამ ტერიტორიაზე ადამიანები დიდწილად ინტუიციით, ბურუსში მივიკვლევთ გზას და ვტკბებით მოულოდნელი აღმოჩენებით ან ვიჩეხებით უფსკრულებში.
სიყვარულის პირველი გამოცდილება ნარცისისტულია, „რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი“, გალაკტიონი.
ჩემი თავი მიყვარს შენში, ჯერ არ შემიძლია მიყვარდე ნამდვილად „სხვა“, „შენ“.
თუმცა ნარცისისტული თუ ნაკლებნარცისისტული სიყვარულის ოცნებებით გაჟღენთილი მხარე ყოველთვის მშვენიერია. ამ დროს მატულობს გამოხატვის შინაგანი აუცილებლობა და მდიდრდება ლექსიკა. ემოციური მეტყველება ხომ სიტყვაუხვი და ნატიფია. ვეძებთ და ვპოულობთ უამრავ ფრაზას, ფერს, ფორმას, ამ დროს იქმნება ლექსები და კარგი მუსიკა. ყოველი ბგერა გაჟღენთილია ეროტიზმით.
უმდიდრესია სიძულვილის არანაკლებემოციური ენაც. ისეთ გინებას და ბოროტმეტყველებას აჩენს, ტაშსაც იმსახურებს. შემთხვევითი არაა, რომ ყველაზე ძარღვიანი გინებაც სექსუალური შინაარსითა გამდიდრებული. სწორედ ამაშია სიძულვილ-სიყვარულის, ერთი დანის ორი პირი.
ზრდასრული სიყვარული სულიერი და ფიზიკური სინაზის შერწყმა-გამთლიანებაა და სწორედ ზრდასრული სიყვარული ჭირს ყველგან, განსაკუთრებით კი იქ, სადაც სხეულთან მეტი კონფლიქტი აქვთ ადამიანებს, ვიდრე კომფორტი. სადაც სხეული მყუდრო სახლი არაა და მისი ზოგიერთი ოთახი ბინძურ საკუჭნაოდ წარმოუდგენიათ.
ფროიდი და ფროიდამდე ფრეზერი ავსტრალიის ველურ ტომებზე დაკვირვებით ცდილობდნენ პასუხის პოვნას, როგორ დაიბადა ადამიანებში ინცესტის უარყოფა, სექსუალობის შეზღუდვა. სხვა ცხოველების, მაგალითად გორილების მსგავსად, როგორ ხდიდა დომინანტური მამრი ხელშეუხებელს ახლოს მყოფ ქალებს და მერე თანდათან როგორ გაიზარდა ხელშეუხებლობის აკრძალვის მასშტაბი.
ფროიდი ოიდიპოსის კომპლექსით ასაბუთებს სექსის, როგორც სამარცხვინო დანაშაულის მიმართ განწყობის ჩამოყალიბებას. საწყისი მშობლის სხეულის აუცილებელი უარყოფაა, იმ წიაღის, რომლიდანაც შვილი იშვა. ამ უკადრისი „უკან დაბრუნება-შერწყმის” სურვილის აღკვეთა და ტაბუირება თანდათან ზოგადად სექსუალობის მიმართ წინააღმდეგობრივ განწყობაში გადაიზარდა. ეს „სასურველი საზიზღრობა” მოგვიანებით განმტკიცდა რელიგიის ფაქტორით, როგორც უნივერსალური მშობლის, უფლის მიმართ მოკრძალება და საბოლოოდ ადამიანის ცნობიერების კრიზისების ყველაზე რთულ ფენომენად გაფორმდა.
ადამიანური სექსუალობა ცხოველის სექსუალობასავით მარტივი საქმე არ გახლავთ. ის სავსეა წარმოსახვებით, სურათ-ხატებით, პერვერსიებით და ფიქსაციებით. ღრმა ფსიქიკურ პროცესებს შეიცავს და რთულ შინაგან კონფლიქტებს უკავშირდება.
ამ მცირე ფორმატის ტექსტში ძნელია აღვწეროთ ყველა სახის სირთულე, რაც ინტიმურ ცხოვრებას ახლავს თან. აღვნიშნავ მხოლოდ ფაქტს, რომ უამრავი წყვილის არშემდგარი ბედნიერების მიზეზი უმეტესწილად საკმარისად ვერრეალიზებული ინტიმური ცხოვრებაა. საკმარისად, თორემ ფროიდისავე მტკიცებით, სრულყოფილი დაკმაყოფილება არც არსებობს და არც არის საჭირო, რომ არსებობდეს, რადგან ლიბიდო, ადამიანის მთლიანი სასიცოცხლო ენერგია სხვა ვერაფრისთვის ვეღარ მოიცლიდა, ვეღარაფერში სუბლიმირდებოდა.
არასაკმარისი რეალიზება კი პირდაპირ კავშირშია სულიერ შფოთვებსა და სიმშვიდის დარღვევასთან.
ნევროზი შინაგანი კონფლიქტია სურვილებსა და აკრძალვებს შორის.
არარეალიზებული სურვილები ხშირად ფსიქიკის არაცნობიერ შრეშია გაჭედილი და ფიქრად ქცევასაც ვერ ბედავს მათი „უკიდურესი არასაკადრისობის” გამო, ამიტომ ზედაპირზე განგაშის, ფობიების ან აკვიატების სახით ჩნდება.
განსაკუთრებით, აკვიატებული მდგომარეობის ნევროზის მქონე პირებში ფროიდის სიტყვებით „კარიკატურული” მორალის დიდი გასაჭირი ყალიბდება.
იმ ადამიანებსაც კი, ვისაც მეტი გახსნილობა, განათლება, მედიცინის ცოდნა აქვს, მაინც შეუძლიათ აღმოაჩინონ თავიანთი ტრავმული დაბნეულობა.
კაცებს სინანული იპყრობთ ყოველი სასიყვარულო აქტის შემდეგ, ხოლო ქალებს ზოგჯერ სექსუალურ ფანტაზიაშიც კი საკუთარი თავის წარმოდგენა არ შეუძლიათ სასიყვარულო ობიექტად და „ვიღაც ქალის დამცირებული ყოფის” წარმოსახვა უწევთ.
კაცებისთვის ხშირად ფიზიკური სიახლოვე სრულიად გახლეჩილია სიყვარულის გრძნობისგან. ის ცოტა საზიზღრობა, ცოტა მტრობა, ცოტა შეურაცხყოფა, ცოტა დამცირებაა... საერთო არაფერი აქვს სინაზესთან და თავის უმთავრეს, პირველად არსთან – სიყვარულის გაცემის და სიცოცხლის მიმნიჭებელ ქცევასთან. ყოველი აქტი მათ მიერ ერთგვარ გამარჯვებად აღიქმება. გამარჯვება კი ბრძოლას მოსდევს, სხვის დამარცხებას და არა სიყვარულს... პირდაპირპროპორციულად, ქალის ცნობიერებაში სიყვარულით დაჯილდოება თვითდამცირების გრძნობასთან გაზავებული თანაარსებობს.
რით ვუშველოთ ამ პირველყოფილი ყოფიდან, უხსოვარი დროიდან განმტკიცებულ ამბივალენტობას, რაც სიყვარულის ფიზიკური მხარის მიმართ ჩამოგვიყალიბდა?
პირველ რიგში, ალბათ, უნდა ვირწმუნოთ, რომ სიყვარული თავისი არც ერთი ფორმით, მისი მთლიანი, ფიზიკური და სულიერი ერთიანი ბუნებით არ შეიძლება იყოს სიბინძურე.
მთავარია, ნამდვილად სიყვარულით ეხებოდეს ყველა ერთმანეთს.
არა აქვს მნიშვნელობა ვინ გიყვარს, მთავარია გიყვარს და ეს ერთადერთი გზაა, დააფასო სიცოცხლე.
ბოლოს და ბოლოს, ღმერთი თუ სიყვარულია, ლოცვა ყოფილა სიტყვა „მიყვარხარ". რამდენჯერაც გაიფიქრებ, იმდენჯერ ხარ ჩახუტებული ღმერთთან. ყველა სხვა სიტყვა ერთადაა ამ სიტყვაში, რასაც და ვისაც არ უნდა მიმართო, ღმერთის ნებისმიერ ქმნილებას, გაელვებას, შემოქმედებას. სრულყოფილი და თვითკმარია ეს სიტყვა, მასში არც შიშია, არც ვედრება, არც სინანული, ის უბრალოდ ღმერთის არსებობისა და მასთან თანხმობის, შენი მასში და მისი შენში ყოფნის დადასტურებაა.
სიყვარული აქრობს სიამაყეს, აქრობს გამოგონილ პრინციპულობას და მხოლოდ ამ დროს ვაღწევთ იმ სულიერ მდგომარეობას, რომლის დასწავლასაც ვცდილობთ ღმერთთან გულახდილობისას. ამგვარად ვხდებით ერთმანეთის სამოთხის კარი.
ყველა შეყვარებულს, მაშასადამე ამქვეყნად ყველა ჭეშმარიტ მლოცველს, თუ მაინც გიჭირთ სიყვარულისთვის თვალის გასწორება, დარჩეს, როგორც არის, ოღონდ კი იყოს ახლომახლო ის, ვისაც ვეტყვით – დახუჭე თვალები. არ დაინახო, როგორ ვთვრები შენი სხეულით.
ოღონდ სულ იყოს ის, ვისაც თვალდახუჭული ვკოცნით.