Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კონსტიტუცია და ეკონომიკური არათავისუფლება

19 მაისი 2017

არა იმდენად ტექსტი, რამდენადაც კონტექსტი ხდის გასაგებს სათქმელს. მცდარ  გზაზე დააყენებს მკითხველს ქვეყნის უზენაესი კანონის მიზან-მიმართულების ამოსაცნობად მისი სიტყვასიტყვითი გაგება. ხოლო იმისათვის, რომ ამ დოკუმენტის მნიშვნელობა შევაფასოთ, არ არის საკმარისი მხოლოდ იმ ვითარების ცოდნა, რა უძღოდა მას წინ; არამედ უპირველესად უნდა ვიცოდეთ, რა შედეგები მოჰყვა მას, სხვაგვარად: როგორი სისტემის შექმნა გახადა შესაძლებელი კონსტიტუციამ.

საქართველოს კონსტიტუციის ეკონომიკურ ასპექტებზე მოგახსენებთ.

2010 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რითაც ფუნდამენტური გადასინჯვა მართველობის მოდელი. აქედან ორ თვეში კიდევ სამი ნორმა დაემატა ქვეყნის უზენაეს კანონს. მასში ის საკითხები შევიდა, რომელსაც დღეს, სხვა ნორმებთან ერთად, ეკონომიკური თავისუფლების აქტად მოიხსენებენ. ორივე ამ ნაბიჯს ერთი მნიშნელოვანი ასპექტი, ძალაში შესვლის თარიღი აერთიანებს. 15 ოქტომბრის ცვლილებები ამ კუთხით არსებითად ორად ნაწილდება, პირველი, ის ნორმებია, რომელიც ძალაში მალევე 2011 წლის პირველ იანვარს შევიდა და მეორე - რომელიც 2013 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდა.

პირველი მოიაზრებს ისეთ დებულებებს როგორიცაა: პრეამბულა, ზოგადი დებულებები, ადამიანის უფლებები, დროებითი კომისიები, კენჭისყრის წესი საკანონმდებლო ორგანოში, პრეზიდენტის ცენზები, მისი არჩევისა და ფიცის დადების პროცედურა, სასამართლოსთან დაკავშირებული დებულებები (გარდა მოსამართლეთა დანიშვნის წესისა), ადგილობრივი თვითმმარველობა, ეროვნული ბანკის შესახებ სიახლეები და 94-ე მუხლის მე-3 პუნქტი, სადაც ჩაიწერა, რომ ,,გადასახადებისგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით’’.

მეორის ჩამონათვალი ასეთია: პარლამენტის დათხოვნა, ინტერპელაცია, მთავრობის წევრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი, რიგგარეშე სხდომის მოწვევის პროცედურა, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთების წესები, კანონპროექტის ინიცირება, პრეზიდენტის სტატუსი, უფლებამოსილებები, კონტრასიგნაცია, რეფერენდუმის ჩატარების წესი, მთავრობის შესახებ თავი და კონსტიტუციის გადასინჯვა. თავისუფლების აქტის კონსტიტუციური ნაწილის ძალაში შესვლის თარიღიც ამათ მსგავსად დადგინდა.

ადვილი მისახვედრია, წესით რა უნდა ყოფილიყო კანონმდებლის მიერ სიახლეების ამგვარი გადაჯგუფების მიზანი. ის ცვლილებები, რომლებიც არ იყო დაკავშირებული ძალაუფლების სიმძიმის ცენტრის პრეზიდენტიდან კაბინეტზე გადატანასთან,  ძალაში უნდა შესულიყო მალევე. ხოლო ის დებულებები, რომლებიც ზღუდავდნენ ქვეყნის პირველი პირის უფლებამოსილებებს - მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალი პრეზიდენტი აირჩეოდა, რასაც შედეგად ახალი მთავრობის ფორმირება მოჰყვებოდა. თუმცა დაკვირვებული თვალი შენიშნავს, რომ ამ ორ ჩამონათვალში ყველაფერი ამ ლოგიკით არ არის დალაგებული. მაგალითად, გაუგებარია, რატომ გადაიდო მოსამართლეთა დანიშვნის წესის ძალაში შესვლა 2013 წლამდე, ან რატომ შეიცვალა პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების მექანიზმები. ხელისუფლების ამგვარი ნაბიჯები ეჭვს აღძრავს, რომლის მიხედვითაც მაშინდელი მმართველი გუნდი ცდილობდა ყველა ის დებულება, რომელთა ამოქმედებისთვის ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა ნიადაგი მოსწორებული, მომავალში გადაესროლა. სავარაუდოდ, მას სურდა ბოლომდე ესარგებლა არსებული ვითარებით, საიმედოდ გაედგა საცეცები, უნაკლოდ ჩამოეყალიბებინა მისთვის მისაღები მოდელი და მხოლოდ ამის შემდეგ დაედგინა მისი ხელშეუხებლობა. ასეთ თავიდან მოშორებულ ნორმებს შორის მოხვდა საგადასახადო რეფერენდუმის დებულებაც (მიუხედავად იმისა, რომ მისი მაშინვე ამოქმედება არავითარ სისტემურ გაუგებრობას არ გამოიწვევდა, მათგან ერთი, როგორც ზემოთ აღინიშნა, მალევე შევიდა ძალაში). ამგვარად მაშინდელმა მმართველმა ელიტამ ქვეყნის ეკონომიკის მისთვის სასურველ მოდელზე საბოლოოდ მოსარგებად ფორა აიღო და მხოლოდ ამის შემდეგ ფაქტობრივად ჩაკეტა მისი შეცვლის მექანიზმები.

კონსტიტუციაზე ბევრი დაიწერა, ვეცდები უკვე გამოკვეთილ არგუმენტებს აქ აღარ დავუბრუნდე და ვინაიდან უზენაესი და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონი ერთ მთლიანობას ქმნიან, ამ უკანასკნელზე გავამახვილო ყურადღება. ისინი ერთი სულისკვეთებით არის დაწერილი და, მიუხედავად იმისა, დღეს მათ შორის წინააღმდეგობებს ხედავთ თუ არა, შეიძლება ითქვას, რომ ორგანული კანონი კონსტიტუციური დებულებების კომენტარია. ის გვეუბნება რას გულისხმობდნენ ეკონომიკის მაშინდელი არქიტექტორები 94-ე მუხლში და მის ყველაზე არსებით დებულებებში ნებისმიერი ცვლილება ცხადია მათ მიერ აღქმული იქნება, როგორც არაკონსტიტუციური რეგულირება და საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიძლება ვიხილთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი კონსტიტუციური რეფორმიდან 7 თვეში მიიღო ხელისუფლებამ, ძალაში შესვალმდე ორწელიწად-ნახევრით ადრე, მაშინ, როცა სხვა მიმართულებით კანონმდებლობის კონსტიტუციის ასამოქმედებელ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის იმ მოწვევის პარლამენტს რეალურად თითი თითზე არ დაუდია.

თავისთავად ის, რომ ამ ნორმატიულ აქტს „ორგანული კანონის’’ სტატუსი აქვს, მნიშვნელოვან შეტყობინებას გვიგზავნის. ის ამბობს, რომ შეცვლა არ შეიძლება იყოს ყოველდღიური პოლიტიკის ნაწილი, ამ საქმისთვის საჭიროა პარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამგვარი მოწესრიგება მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას მხოლოდ მყარი უმრავლესობის მქონე კაბინეტს აძლევს, ხოლო კოალიციურ მთავრობებს ამ ბერკეტს გამოაცლის და ფაქტობრივად კრახისთვის გაწირავს.

ეკონომიკური თავისუფლების აქტი იწყება კონსტიტუციის ქვემოთ მდგომი ქართული კანონმდებლობისთვის არატიპური პრეამბულით, რომელიც (,,ამ კანონით საქართველოს მოქალაქენი ადგენენ’’) საუბრობს საქართველოს მოქალაქეთა სახელით. ფორმალურ-სამართლებრივად აქ, ცხადია, პრობლემა არ არის, მაგრამ ქართული საკანონმდებლო ტექნიკიდან ამგვარი დევიაცია იპყრობს მკითხველის ყურადღებას, რომელსაც არ გამორჩება ამ დებულების ხელოვნური ინტონაცია, უხერხულობის განცდა, რომელიც თან სდევს გადაბრალების მცდელობას - ხელისუფლებას სურს საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა ხალხის ნებად გამოაცხადოს.

კანონის პრეამბულა განმარტავს კონსტიტუციაში მოხსენებულ ეკონომიკურ თავისუფლება. ავტორთა აზრით, სწორედ ასე უნდა იყოს წაკითხული ქვეყნის უზენაესი კანონი, როგორც ეს პრეამბულას ესმის, სადაც წერია, რომ ეკონომიკური თავისუფლების სამიდან ორი ჰიპოსტასი არის ,,მცირე მთავრობა’’ და ,,დაბალი გადასახადები’’. გამოდის რომ ეკონომიკური თავისუფლების მამა-დედებმა კონსტიტუციით არა მხოლოდ ის განსაზღვრეს, როგორი უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, არამედ ისიც, როგორი მთავრობა უნდა ჰყავდეს ყველა მომდევნო მმართველ გუნდს. კაბინეტის ფორმირება, როგორც წარმომადგენლობითი დემოკრატიის ყველაზე ავთენტური გამოხატულება, ამ ჩანაწერით ასეთად აღარ მოსჩანს.

აქტის მიხედვით, საგადასახადო რეფერენდუმის დანიშვნის არაორდინალური წესი რომ არის დადგენილი, და რომ თავად მას ამ პროცედურის ინიცირების უფლება არ აქვს (აღნიშნული კომპეტენცია მთავრობას გააჩნია), ეს უკვე დაიწერა. მაგრამ ამით არ სრულდება ის შეზღუდვები, რომელსაც კანონმდებლობა საგადასახადო რეფერენდუმს უწესებს. გარდა პროცედურული დაბრკოლებისა, კანონი ითვალისწინებს შინაარსობრივ რეგულირებასაც, რომლის მიხედვითაც რეფერენდუმის საგანი დაუშვებელია იყოს გადასახადის პროგრესულობის პრინციპი ან მეთოდოლოგია/საგადასახადო რეჟიმი. ეს ორი შეზღუდვა აჩვენებს, რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიზანი ხალხისთვის საგადასახადო საკითხებზე ძალაუფლების მინიჭება კი არა, მისი წართმევა იყო. მაშინდელ მმართველ გუნდს ფაქტობრივად სურდა მის მიერ შექმნილი ეკონომიკური სისტემა, ვერავის შეეცვალა,  მათ შორის ვერც ხალხს.

ზემოთ თქმულს ადასტურებს თავად საგადასახადო რეფერენდუმის ინსტიტუტის მიმართება ქართულ სამართლის სისტემასთან. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს პრინციპს, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია რეფერენდუმის ჩატარება ისეთ საკითხზე, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს. საქმე ის არის, რომ გადასახადების არსებობა საკუთრების უფლებაში ჩარევას წარმოადგენს. ამგვარად რეფერენდუმზე მისი გაზრდის გატანა ნიშნავს რეფერენდუმზე უფლების შეზღუდვის საკითხის დაყენებას, რაც ჩვენი კონსტიტუციური სისტემით არ დაიშვება და რომლიდანაც ერთადერთი გამონაკლი საგადასახადო რეფერენდუმია.

ეკონომიკური თავისუფლების აქტის ავტორებს სურდათ, შეექმნათ ნეოლიბერალური სისტემა. მათ ჩამოაყალიბეს ეკონომიკური სტრუქტურები და მოიპოვეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომლის გამოყენებითაც ეს ეკონომიკური პოლიტიკა კონსტიტუციით გაამყარეს, ხოლო მისი გადასინჯვისთვის ერთადერთ გზად რეფერენდუმი დასახეს. ამგვარად მივიღეთ ვითარება, როდესაც პოლიტიკურმა ძალამ ქვეყნას ერთპიროვნულად მოახვია თავს ეკონომიკის მისეული ხედვა, მის შესაცვლელად კი ერთადერთი ბერკეტი, სასამართლოს, მმართველ გუნდსა და ხალხს შორის რთულად მისაღწევი კონსენსუსი დაგვიტოვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^