Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გადასახადები და პოლიტიკის დაბადება

25 მაისი 2017

გუშინ გაგარინის მოედანზე ტვ პირველის შენობის კიბეებზე ხალხის დიდი ჯგუფი დავინახე. ორი ახალგაზრდა  ერთმანეთს ხმამაღლა ელაპარაკებოდა. დანარჩენები გარს შემოხვეოდნენ. დაძაბული და ემოციური საუბარი ჰქონდათ. მოკლედ, უბნის ჩვეულებრივი ჩხუბი მეგონა, სადაც მაყურებლები გასაშველებლად ემზადებოდნენ. არადა, აღმოჩნდა რომ „პოლიტმეტრის“ დასასრულის შემდეგ გადაცემის ორი სტუმარი გადასახადებზე კამათობდა. კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღების საკითხზე მემარჯვენე და მემარცხენე პერსპექტივიდან ცხარე არგუმენტებს ცვლიდნენ. სახლში წასვლას არავინ აპირებდა. საქართველოში პოლიტიკის დაბადების ნიშნები გამოჩნდა.

25 წელია ქართველებს პოლიტიკა რომელიმე ლიდერის კარგის და ცუდის, ქარიზმატულობის, ხასიათის, უნარ-ჩვევების გარჩევა გვგონია. არჩევნებიდან არჩვენებამდე ამოვიჩემებთ ვინმეს და ვარჩევთ მის თვისებებს, მის გუნდს; განვიცდით, როგორ შეიცვალა, თავში აუვარდა ან დაძაბუნდა. არადა, პოლიტიკა სწორედ ესაა: კამათი გადასახადებზე, დაბეგვრაზე, სოციალური პასუხისმგელობისა და სახელმწიფოს როლის ხარისხზე; კამათი იმაზე, თუ ვინ უნდა იხდიდეს მეტს და ვინ ნაკლებს; როგორი საპენსიო სისტემაა სამართლიანი, რა ტიპის დაზღვევა უნდა გვქონდეს, და რა წვლილით ვმონაწილეობთ ყველა საჯარო სიკეთის შექმნაში. ასეთი კამათი აქამდე პერიფერიული იყო ჩვენს საჯარო დისკუსიაში. ამიტომაც, პოლიტიკოსთა უმრავლესობას დღესაც ვერ გაურკვევია მემარცხენეა თუ მემარჯვენე, ლიბერალია თუ კონსერვატორი; რა სხვაობაა კომუნიზმს, სოციალიზმს, მემარცხენეობას შორის; სად დგას სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით. ზოგიც თავს იკატუნებს და პოლიტიკურ პოზიციას იმის მიხედვით ცვლის, თუ რამდენად პოპულარულია ესა თუ ის თემა: მიწის უცხოელებზე გასხვისებას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ თუ ხედავს, რომ ეს პოზიცია არაპოპულარულია, მოსახლეობის აზრის მიხედვით პოზიციას იცვლის.

გუშინდელი ეპიზოდი ამ მხრივ იმედის მომცემია. ორი ახალგაზრდა იმაზე კი არ კამათობდა ცხარედ, ვინ უფრო ძლიერი პოლიტიკოსია, ვინ უფრო მაგარია - პეტრე, თამარი თუ ივანე, არამედ იმაზე, თუ როგორი გადასახადები უნდა იყოს საქართველოში და რამდენად დიდი ან უმნიშვნელო უნდა იყოს სახელმწიფოს როლი გადასახადებთან მიმართებაში. ეს არ იყო ჩხუბი სუფრის ან ფეხბურთის შემდეგ. ეს იყო კამათი პოლიტიკაზე. ასეთი კამათი ჩვენს სამსახურებში, სახლში, მეგობრებთან და ტელევიზორში იძლევა იმედს, რომ ვიფიქრებთ და ვიდარდებთ არა პერსონებზე, არამედ შედეგებზე. პოლიტიკოსებსაც დავუკვეთავთ, იფიქრონ არა ქარიზმატულ ლიდერებთან სიახლოვეზე, არამედ საქმეზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^