5 დღე დარჩა ფინალამდე!
ალბათ იფიქრებთ, რომ გავგიჟდით Juventus-ის ქომაგები. ჰო ასეა, გაწონასწორებულ/დალაგებულნი არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ მოდით, შევეცდები აგიხსნათ, რა გვჭირს ახლა, ამ კონკრეტული საფეხბურთო სეზონის წინ.
გუშინ საფეხბურთო სამყარო ფრანჩესკო ტოტის დაემშვიდობა. ერთი საშუალო გუნდის დიდ კაპიტანს. აგერ უკვე 23 წელია (სულ 32 წლის ვარ) იტალიის ნაკრების ქომაგი ვარ და არ მინდოდა, ეს მოვლენა გამომეტოვებინა. ვერ ვასწრებდი სახლამდე მისვლას და უახლოეს ტოტალიზატორში შევვარდი. მე - იუვენტუსის ქომაგი. მე, დელ პიეროს, ბაჯოს, ბუფონის მადიდებელი.
შევედი დიდ დარბაზში, სადაც, როგორც წესი, ძალიან ბევრი ხალხია: ბიჭები 18 წლიდან; ახალგაზრდები, რომლებიც მისაღები გამოცდებისთვის უნდა ემზადებოდნენ და თავს წიგნიდან არ უნდა იღებდნენ; სტუდენტები, რომლებიც დაღლილ თვალებს უნდა ასვენებდნენ, რომ შემდეგი საგანის წარმატებით ჩააბარონ; 30 წელს მიტანებული ბიჭები, რომლებსაც ერთი სული უნდა ჰქონდეთ სამსახურიდან გამოვარდნენ და ოჯახს მოეფერონ, ან/და მეგობრებთან, შეყვარებულთან ერთად კვირა საღამო გაატარონ; შუა ხნის კაცები, ცოლ/შვილის საზაფხულო დასვენებაზე რომ უნდა ფიქრობდნენ და სასექტემბროდ ძველი სახლის გარემონტებისთვის დანახარჯებს რომ უნდა თვლიდნენ; 60 წელს მიკაკუნებული შევერცხლილი კაცები, შვილიშვილთან ერთად რომ უნდა იღვიძებდნენ და პენსიამდე დარჩენილ დროს დომინოს თამაშში ატარებდნენ; 70 წლამდე პაპები, შთამომავლებისთვის ხელიხელ საგოგმანები რომ უნდა იყვნენ...
მოკლედ ყველა იქ იყო. სულ იქ არიან. სულ!
სიგარეტის კვამლით გატენილ უზარმაზარ დარბაზში ადგილი ძლივს ვნახე. თამაში უკვე მთავრდებოდა. ყველას თავი რაღაც ფურცლებში ჰქონდა ჩარგული და 1.3 კოეფიციენტს (10-ლარიანი ფსონით რომ 3 ლარს იგებ, ეგაა 1,3 კოეფიციენტი) ეძებდნენ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, შესაძლო დაზღვევის მექანიზმებზე აკეთებდნენ გათვლას. აკვირდებოდნენ პარალელურად დარბაზში შემოსულ ყველა ახალ სახეს, ხელებზე ან ჯიბეზე...
სიგარეტი ხომ არა გაქვს ჯიგარო?
გული ჩამეწვა, განა იმიტომ, რომ სიგარეტი მთხოვეს? არა, მეც არ მქონია და მეც მითხოვია. მეწყინა ის, რომ ეს ხალხი ჩემსავით ანთებული არ იყო, ტოტიზე არ ფიქრობდა, ფეხბურთი არ უყვარდა!
ჩასტვინა მსაჯმა და დიდ ეკრანზე ფრანჩესკო ტოტი გამოჩნდა, რომის უკანასკნელი იმპერატორი; კაცი, რომელიც ერთადერთ გუნდს და ერთადერთ ქალაქს ემსახურა 25 (!!!) წელი.
კინაღამ გამისკდა გული, ჩამიწითლდა თვალები, სუნთქვაც შემეკრა და ამ დროს ჩემს წინ მდგარი, ყავარჯნებიანი მოხუცი, რომელიც უფილტრო სიგარეტს ეწეოდა, უცნაურად შეიშმუშნა. სიგარეტი პირში ჩაიდო, ყავარჯნებს მყარად დაეყრდნო იღლიებით, ხელები გაითავისუფლა და ტაში შემოკრა...
ზუსტად 1 წამში ინგრეოდა დარბაზი. დიდი, პატარა, ახალგაზრდა, მოგებული, წაგებული, დაცვა, მიმტანი, ფეხზე ვიდექით ყველანი და ტაშს ვუკრავდით 40 წლის იტალიელ კაცს, სადღაც 3500 კილომეტრის მოშორებით, რომელიც თვალცრემლიანი იდგა და ცდილობდა 75000 გულშემატკივრისთვის მადლობის სათქმელად სიტყვები ეპოვა.
იმ წამს ვინატრე, ნეტა გვხედავდეს ტოტი სადღაც ჯურღმულში შეკრებილ 200-მდე ადამიანს, რომელიც ყელამდეა სავსე საკუთარი პრობლემებით და ცდილობს 2-3 ლარი მოიგოს და თუ წააგებს ხშირად სიკვდილზეც კი ფიქრობს, როგორ ვუფასებთ 25-წლიან კარიერას-მეთქი.
ტოტი, რა თქმა უნდა, ვერ დაგვინახავდა, მაგრამ მე ხომ დავინახე?!
ჰო, რას მოვაყოლე ამ რომაელი კაცის ამბავი? 3 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩია. ტურინის იუვენტუსი და მადრიდის რეალი ხვდებიან ერთმანეთს.
მე იუვენტინო ვარ, აგერ უკვე 22 წელია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტიტული კი უკვე 21 (!!!) წელია არ მოგვიგია! მშიერი გულშემატკივარი ვარ. ძალიან მშიერი და ველოდები ნანატრ ვახშამს, რომელსაც განსაკუთრებული მზარეულები ამზადებენ 3 ივნისის საღამოს. ძალიან, ძალიან ბევრი უნდა ვჭამო. უფრო ზუსტად - მინდა, ვჭამო.
მაგრამ თუ 3 ივნისს ჩემთვის მომზადებულ დელიკატესს ისევ სხვები დააგემოვნებენ, უფრო მშიერი დაველოდები შემდეგს და შემდეგზე უფრო გემრიელად ვივახშმებ!
ასეთები ვართ ნამდვილი გულშემატკივრები, ერთგულები, ამაყები, მუდმივად მშივრები!
Forza Juventus!