Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩემი ცოლის დაქალების ეშხი

07 ივნისი 2017

როგორც დავაკვირდი, ადამიანი იმიტომ ელოდება და უყურებს სერიალის ყოველ მომდევნო სერიას, რომ გაურბის სიკვდილს, თუნდაც მცირე სიკვდილს. აღარ ნახოს ახალი სერია, მაყურებლისთვის დაახლოებით იგივეა, რომ მოსწყდეს იმ ფილმისეულ საზოგადოებას, რომლის წევრიც იგი წინა სერიების ყურებისას გახდა. ამ ვირტუალურ, უფრო ზუსტად სერიალურ სოციალიზაციას, როგორც ჩანს, ის განაპირობებს, რომ ადამიანის ტვინი „გულის სიღრმეში“ ერთმანეთისგან ვერ არჩევს რეალურ საზოგადოებას და შეთხზულს, ფილმისეულს. ვერ არჩევს ანუ ერთი და იგივე ჰგონია იმიტომ, რომ ორივეს ერთნაირად იცნობს: ხედავს და უსმენს მათ წევრებს, იგებს და იმახსოვრებს მათ სახელებს, მათ გარეგნობას, დამახასიათებელ მიმოხვრას, ჟესტიკულაციას, მიმიკას, მეტყველების მანერას, დიქციასა და ხმებს. ასევე იგებს მათ წარსულს და ახლანდელ მდგომარეობას, თანდათან ერკვევა მათ შორის ურთიერთობების ქსელში.

ყველა ამ ატრიბუტის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რეალური და ფილმის საზოგადოებები არსებითად არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან, ისინი ერთნაირად ნამდვილია, რეალურია ჩვენი ბედკრული, ცხოველური ტვინებისთვის. მილიონობით წლის განმავლობაში ხომ ადამიანის ტვინი არასოდეს დამდგარა ნამდვილი და შეთხზული სოციუმების ან, თუნდაც, ნამდვილი ადამიანებისა და შეთხზული პერსონაჟების ერთმანეთისგან განსხვავების აუცილებლობის, მით უმეტეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აუცილებლობის წინაშე. მართლაც, საზოგადოების - ჯოგის, ხროვის, ტომის - წევრობა ხომ, პირველ რიგში, ნიშნავს სრულებით გარკვეული ცოდნის ფლობას. ცხადია, ეს არა მხოლოდ ცივი, თეორიული ცოდნაა, ვთქვათ, იმისა, თუ საზოგადოების რომელ წევრს რა ჰქვია, როგორი ხასიათი და ჩვევები აქვს, ან როგორი იყო მისი წარსული, ამჟამად სად იმყოფება სოციალურ იერარქიაში და რა მზაკვრობას შეიძლება გეგმავდეს უახლოეს მომავალში. ადამიანის მიერ საზოგადოების ცოდნა განსაკუთრებით მკაფიოდ ემოციურია. ყველაფერი, რაც ვიცით ჩვენი საზოგადოებისა და მისი წევრების შესახებ, უკლებლად ყველაფერი შეფერილია ჩვენი სუბიექტური, ემოციური დამოკიდებულებით. გაიხსენე ნებისმიერი შენი ნაცნობი და დარწმუნდები, რომ მის სახელთან და გარეგნობასთან ერთად შენს ცნობიერებაში ამოყვინთავს გარკვეული ემოციური დამოკიდებულება, რომელიც, შეიძლება ითქვას, აერთიანებს კიდეც იმ ადამიანთან დაკავშირებული ცოდნის სხვადასხვა ფრაგმენტებს.

ამას ადასტურებს ფსიქიატრიასა და ნეიროფსიქოლოგიაში კარგად ცნობილი კაპგრასის სინდრომი, როცა ტვინის სპეციფიკური დაზიანების შედეგად ადამიანი სახეზე ვეღარ ცნობს თავის ახლობლებს. და რადგან ვერ ცნობს, მაგრამ აშკარად ხედავს გარეგნულ მსგავსებას, ამიტომ აცხადებს, რომ მის წინ დგას არა ახლობელი, არამედ ვიღაც უცნობი, რომელიც თავს ასაღებს ახლობლად. ცნობილია, რომ ამ უცნაური დარღვევის მიზეზი არის აღქმის მთლიანობიდან ემოციური, გრძნობადი კომპონენტის არანორმალური გამოკლება. ამის შედეგად ახლობლის სახე, რომელსაც არ ახლავს შესატყვისი ემოციური ანაბეჭდი, მარკერი სრულებით უცნობი ხდება, თუმცა გარეგნულად მასში არაფერია შეცვლილი. მოკლედ, ემოცია, უფრო ზუსტად კი გრძნობა, რომელიც ჩვენს სუბიექტურ აღქმაში განუყრელად თან ახლავს ჩვენს გარემომცველ საზოგადოებასა და მის წევრებს, დაახლოებით იგივეა, რაც საკმაოდ გამოცდილი და ამიტომ სანდო იარლიყი სასმლის ბოთლზე.

ყოველი ჩვენგანისთვის შესაფერისი და მოსაწონია ის სერიალი, რომელიც ჩვენდა უნებლიეთ „გვაიძულებს“, არ დავრჩეთ გულგრილნი და მის პერსონაჟებს ჩვენი სუბიექტური იარლიყები, მარკერები ჩამოვურიგოთ და მივამაგროთ. მაგრამ ეს არსებითად იმას ნიშნავს, რომ „თვალსა და ეკრანს შუა“ ჩვენ თვითონ ვხდებით იმ საზოგადოების წევრი, რომელსაც ეკრანზე უკვე ვცნობთ, ვიცნობთ და განვიცდით. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სერიალების ყბადაღებული პოპულარობისთვის, სერიალი რიტმულად გრძელდება, მისი შეთხზული საზოგადოება დაახლოებით ისევე წყვეტილად და რიტმულად არსებობს, როგორც ნამდვილი საზოგადოება, რომელსაც დროებით გავერიდებით ხოლმე ყოველდღიურად დაძინების ძალით, ვუბრუნდებით კი გაღვიძებისთანავე. შეიძლება ითქვას, რომ როცა ვიღვიძებთ, იწყება ახალი სერია, ხოლო ჩვენი ჩაძინებისას, სერია მთავრდება. სრულებით რეალური ცხოვრება სერიალის წესითაა მოწყობილი ძილისა და ღვიძილის ცირკადული რიტმის შესაბამისად. ყოველი ჩვენგანი იმ საზოგადოებას, ადამიანების იმ წრეს მიაკუთვნებს თავს, რომელსაც ცნობს, იცნობს და განიცდის.

ამით სარგებლობს ქეთი დევდარიანი, რომელიც სერიალის სხვა ავტორებთან და მონაწილეებთან ერთად სიკვდილით გვემუქრება, თუკი ვუღალატებთ. სწორედ ჩვენში ოსტატურად გაღვივებული სიკვდილის შიში გვიბიძგებს, რომ ვუყუროთ სერიალს „ჩემი ცოლის დაქალები“. არა, არა, მე იმას სულაც არ ვგულისხმობ, რომ სიკვდილის შიში არსებითად იმის შიშია, რომ მოკვდები, ჩაძაღლდები, სულს გააფრთხობ ანუ აღარასოდეს გაიღვიძებ და, ესე იგი, ვეღარ ნახავ მორიგ სერიას. ასეთ რადიკალურ, ბიოლოგიურ სიკვდილს, ვფიქრობ, არც კი იცნობს ადამიანი. ბიოლოგიური სიკვდილი ბიოლოგიურად უცხოა ცოცხალი არსებისთვის. როცა ადამიანი ხედავს ლომის მიერ დაგლეჯილ ან რომელიმე უფრო თანამედროვე მიზეზით მომაკვდავს, მას შეუძლია, თანაუგრძნოს თავზარდაცემით და ფიზიკური წამებით დასრულებულ სიცოცხლეს. მაგრამ ამის იქით ჩვენ ვერ წავალთ. თვითონ სიკვდილის თანაგრძნობა შეუძლებელია სიკვდილის ბიოლოგიური სიცარიელის, უშინაარსობის გამო.

სიკვდილის მხოლოდ ერთადერთი წახნაგია ჩვენთვის ნაცნობი, ემოციურად გასაგები და წარმოსადგენი. სიკვდილი ნიშნავს საზოგადოებიდან მოწყვეტას, მოშორებას. ეს აშინებს ადამიანს სიკვდილში ყველაზე მეტად. უფრო ზუსტად, ადამიანს სიკვდილის იმიტომ და იმდენად ეშინია, რომ და რამდენადაც სიკვდილი შეიძლება ნიშნავდეს საზოგადოებიდან სამუდამოდ წასვლას. ამიტომ უთანაგრძნობენ ხოლმე მას, ვინც ცოცხალი იყო და მოკვდა, უთანაგრძნობენ, რადგან აქაურობისას ვეღარაფერს გაიგებს. შესაბამისად, სიცოცხლეც, პირველ რიგში, ისე ესმის ადამიანს, როგორც საზოგადოების ცოდნა, რომელიც მონაწილეობას ნიშნავს. სწორედ ცოდნით მონაწილეობას უნაზღაურებენ ცოცხლები მკვდრებს პირამიდებით, აკლდამებით და საფლავების მონახულებით. საიქიოს იდეაც ხომ არსებითად სათანადო საზოგადოებას უმზადებს ამქვეყნიური საზოგადოებიდან გასულს.

როცა გაიცნობ სერიალის ხალხს, ის შენი საზოგადოება ხდება. მით უმეტეს, თუ სერიებში მრავალი ისეთი რამ გამოსჭვივის, რაც ეხმიანება შენს საკუთარ გრძნობებს და შეხედულებებს, არც ზედმეტს ითხოვს შენგან და არც საკმარისს მოისაკლისებს; ასეთ „საშენო“ სერიალში რაც აშკარად ჩანს, უნდა იყოს ოსტატურად დამაჯერებელი, ზოგჯერ კი სასურველად შთამბეჭდავიც, რათა რეალობის ნამდვილი და შეთხზული ვარიანტების გარჩევაში ევოლუციურად გაუწაფავ ჩვენს სხეულებს და ტვინებს დაუბრკოლებლად გაუადვილდეს ფილმის საზოგადოების გაცნობა და თავისად მიღება, აღიარება. სწორედ აქ ჩნდება სერიალის მაყურებელში სიკვდილის შიში, რომლის ნიშანი აგზნებული ცნობისმოყვარეობაა. როცა მორიგ სერიას უყურებ, ამ დროს იგებ ხოლმე იმას, რაც შეთხზულ საზოგადოებაში თურმე ხდება. გაგება კი ნიშნავს მონაწილეობას ანუ წევრობას. თუ სერიას გამოტოვებ, ვერ გაიგებ რაღაც ისეთს ამ საზოგადოების შესახებ, რაც მასთან კავშირისთვის, მასში ცოდნით მონაწილეობისთვისაა აუცილებელი. ამრიგად, სერიის გამოტოვება იმას ნიშნავს, რომ თავი გარიყო შენი ხალხისგან, შენი ტომისგან. ასეთი რამ კი, თუნდაც დროებითი და ფორმალურად ანაზღაურებადი, მაინც მცირე სიკვდილია, რომელიც აღვივებს ბიოლოგიურად, გენეტიკურად თანდაყოლილ ჩვენს მთავარ შიშს დიდი სიკვდილის ანუ საზოგადოებიდან ერთხელ და საბოლოოდ გარიყვის წინაშე. 

სწორედ ამ თანდაყოლილი შიშით ჟონგლიორობს, მანიპულირებს და გვაშანტაჟებს ქეთი დევდარიანი. თუმცა მადლობის მეტი ვის რა ეთქმის, რადგან კვირაში, მართალია, მხოლოდ ორიოდე საათით, მაგრამ მაინც მის მიერ შეთხზული საზოგადოების ფერად ფარდაგში აცხოვრებს მაყურებლებს, ანუ სიცოცხლეს ანიჭებს მათ თავისებურად. თანაც ამას აკეთებს მეტი გულუხვობით, იუმორით და ხალისით, ვიდრე, ვთქვათ, მართლმადიდებლების ღმერთი გააკეთებდა, რომ ეარსება. მართლაც, როცა თვალს ვადევნებთ ფილმის გმირებსა და პერიპეტიებს, ჩვენ ვიგებთ იქაურ ამბებს და უნებლიეთ იქაურებიც ვხდებით. თანაც როგორ მყუდროდ, რადგან ცოტათი მაინც ხომ ისიც სულ გვახსოვს, ისიც ვიცით, რომ როცა სერია დასრულდება და ფილმის საზოგადოება თვალს მიეფარება, ჩვენ თუნდაც დროებით, მომავალ სერიამდე კი არ გავქრებით, არამედ განაღდებული გვაქვს დაბრუნება არცთუ ცარიელ და ასევე საკმაოდ რეალურ ცხოვრებაში, რომელშიც სავარძელი და ტელევიზორი ან ლეპტოპი გვიდგას. ფილმში როცა ვატარებთ ორმოციოდე წუთს, თანაც დაბევებული გვაქვს საიქიო ანუ ყოველდღიური და შეუთხზველი სინამდვილე, რომელშიც მომდევნო სერიამდე დავბინავდებით.

განთქმული ნეიროლოგი და პრიმატოლოგი, რობერტ საპოლსკი თავის ბოლო წიგნში მშვენივრად წერს იმის შესახებ, რომ ნუშისებრი სხეული ადამიანის ტვინში განსაკუთრებით შფოთავს და, შესაბამისად, ადამიანსაც აშფოთებს ხოლმე, როცა მისი სოციალური მდგომარეობა რამენაირად გაურკვეველია, დაუდგენელია. ეს მაფიქრებინებს, რომ ზოგადად სერიალები, როგორც ჩანს, სალბუნად ედება მაყურებლის სწორედ ნუშისებრ სხეულს იმით, რომ მას ერთი მხრივ (ფილმის) საინტერესო და მრავალფეროვან საზოგადოებაში ამყოფებს, მეორე მხრივ კი მასშივე მიუჩენს რამდენადაც უვნებელ, ამდენადვე გარკვეულ ადგილს. არა მგონია, ქეთი დევდარიანის ფანტაზიის ნამოქმედარი მაინცდამაინც სიმყუდროვეს ასხივებდეს, რადგან მისთვის დამახასიათებელი თანაგრძნობანარევი, მაგრამ მაინც პაროდიული შემართების მთელი ეშხი იმაშია, რომ კონფორმისტულ-კონსერვატორულ ბნელ ანაფორაში გამოხვეული საქართველოს ვინმე ბინადარ მოქალაქეს ზოგჯერ შეახსენებს, ცხოვრების უდიდეს ნაწილს თუ სად ატარებს, თუნდაც ზოგიერთი ავტორივით ცოტა განზე ეჭიროს თავი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^