Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხელქმნილი ღვინო - შიშველი ხელებით

16 ივნისი 2017

აპრილის ბოლოს ღვინის ტურიზმის სეზონი ჩვენს ოდაში ფრანგმა სტუმრებმა გახსნეს. არაჩვეულებრივი მეღვინეები, ცოლ-ქმარი - პოლ და კრისტელ ესტევები გვეწვივნენ რონას რეგიონიდან ოჯახითა და მეგობრებითურთ. ვფიქრობ, პოლს საქართველო  უკეთ უნდა იცნობდეს. მის ღვინოებს MADLOBA  ჰქვია, რომლებსაც ისა და მისი მეუღლე მიწაში დაფლულ ტინახებში, ქვევრის მსგავს ჭურჭელში ამზადებენ. საქართველოში რამდენიმე დღით ვართ, ნემსებზე ვზივართო, ცოლ-ქმარმა, რადგან წლევანდელი აპრილი ყინვებს გვიქადისო. და მართლაც, რამდენიმე  დღეში დაიწყო და არასდროს დასრულდა ჯოჯოხეთი... სოციალური ქსელი აენთო ჩვენი ფრანგი მეგობრების აგიზგიზებული ვენახების ფოტოებით. სამწუხაროდ, ცეცხლის კერები უძლური აღმოჩნდა ძლიერი ყინვის წინააღმდეგ. თითქმის, ყველამ იზარალა მოსავალი, ზოგმა - მთლად ვენახები.

აპრილის ყინვა ჩვენთვისაც არ არის უცხო. გაფრთხილება ჩემი ქმრის ვენახში შარშან მივიღეთ, როცა ბიჭებს პირველი არასრული მოსავალი უნდა მოეწიათ. ბევრი კითხვისა და გაკითხვის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ნაყოფის გაყინვა გარკვეულ ეტაპზე სულაც არ არის ცუდი, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მოსავალზე არ ხარ დამოკიდებული. მეტიც, ზოგი საგანგებოდ მიმართავს ამ ხერხს, რათა საკვები ნივთიერებები მთლიანად მცენარის გაძლიერებისკენ მიმართოს. ზაზა და მისი მეგორები წელს უკვე ტონანახევრამდე მოსავალს ელოდნენ, ამიტომ აპრილის მიწურულს დღეში რამდენჯერმე ვამოწმებდით ამინდის პროგნოზს.

ამასობაში, საოჯახო რესტორნისთვის დამატებითი  ჭურჭლის შესაძენად ორიოდე დღით თბილისისკენ გავეშურეთ მშვიდი გულით, რომ აპლიკაცია უახლოესი ერთი კვირის მანძილზე ღამით სტაბილურ 5-6°-ს მოასწავებდა.   

მისმინე! დილის 4-ისკენ დაჰკრა და მთელი ვენახი გაყინა - უკანა გზაზე გვირეკავს ნიკა ფარცვანია, ჩვენი მეგობარი და  პარტნიორი - ნახერხი შევაგროვე და ცეცხლს ვუნთებდი მთელი ღამე, მარა დილით გაყინა. ქეთოს ახალშენი გადარჩა, ცოტა შეწუხებული იყოს იქნება, თავები  აქვს დამზრალი! - ვუსმენთ ხმამაღლა ჩართული მიკროფონით.

ნახევარი საათით გავჩერდით გორში. ვისხედით უღონოდ, უბრად; ნიკას გამოგზავნილ ფოტოებს გაშავებული ყლორტებით, ვხსნიდით, ვაშტერდებოდით და კვლავ   ვხურავდით. გონს რომ  მოვეგეთ, პარტნიორ მევენახეებთან  და  მეგობრებთან ჩამოვრეკეთ. ბევრი ჩვენს დღეში  იყო, მათ  შორის, ვისგანაც წელს ყურძნის შეძენას ვაპირებთ.  

მე და ზაზას სხვადასხვა მეღვინეობები გვაქვს, შესაბამისად ვენახებიც ცალკე. ჩემი ქალაქ მარტვილშია, მდინარე აბაშის  ხეობაში. შარშანდელი და წლევანდელი ვაზი გადაურჩა  ყინვას, რომელიც ახალშენისთვის უსათუოდ საბედისწერო იქნებოდა. ჩემი ქმრის  ვენახები, რომელიც რამდენიმე მეგობარმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამეულში გააშენა, ტეხურის ხეობაშია, მდინარესთან საკმაოდ ახლოს. აქ ღამღამობით ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა, ასე მოხდა იმ ღამითაც. დაახლოებით, 12 000 ლარის ზარალი ნახეს, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ 2016 წლის პირველი, სრული  მოსავალი დაკარგეს.  

მარტვილში დაბრუნებულებს საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა - ერთიანად გადაშავებული ვენახები თარგამეულში და ჭრაქის საწყისი ნიშნები ჩემს ვენახში. ამასობაში, ფოთლების მოყვანილობებზე დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ ახალშენში მესამე  ბინადარიც მყავს. ნიკა დარწმუნებულია,  რომ ეს უძველესი და  დაკარგული ჯიში - მაჭყვატურია.

შენი ნერგების მყნობის დროს სამი ჯიში მქონდა, ოჯალეში, ჭვიტილური და მაჭყვატურიო, მიხსნის. ფიზიოლოგიური ნიშნებით მაჭყვატურს ამსგავსებს. ჩემთვის კი ეს დიდი აღმოჩენაა, რადგან ჩემი მარანი სწორედ იშვიათი ჯიშების ექსპერიმენტული მეთოდებით წარმოებაზეა ორიენტირებული. მაჭყვატურს ნიკასგან  ვიცნობ. კომპლექსური  არომატები, სიღრმე და გამოკვეთილი ხასიათი აქვს, დაძველების შემთხვევაში გაცილებით უკეთ გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს. ჰოდა, ისე მოხდა, მუჰამედის არ იყოს, მაჭყვატური მივიდა ქეთოსთან.

ამასობაში მე და ჩემი მამამთილი ვენახში საქმეს ვაჩაღებთ. ზურა წამლობასა და  გამოთოხნაში მეხმარება; მე ვფურჩქნი, ნამხრევს ვაცლი, სარებზე ვახვევ, ძირებს სარეველებისგან ვუთავისუფლებ, რომ სუნთქვის საშუალება მივცე. ოჯალეში ფიზიკურად გაცილებით ღონიერი ჩანს, ვიდრე ჭვიტილური - ხორციანია და მყარი სტრუქტურის ფოთლებს ისხამს. სამაგიეროდ, გაცილებით მგრძნობიარე აღმოჩნდა ჭრაქის მიმართ.

თითოეულ ვაზთან მუშაობა, 10-15 წუთს მაინც მოითხოვს. საბოლოო ჯამში, საკმარისი დროა იმის გასაცნობიერებლად, რომ სოფლად ცხოვრება ლარივით გაჭიმული ვენახების, მაღალფეხიანი ჭიქების გრაციოზული რწევისა და ხვიარა ვარდებში აკიაფებული სურნელოვანი სანთლების გარდა, გაუხეშებული ხელებით, ჭუჭყიანი ფრჩხილებითა და ვენების პრობლემებითაც გაჯილდოებს.

წელს მკაცრი ზამთარი და კიდევ უფრო დაუნდობელი გაზაფხული გვქონდა. ყინვამ   მოაშთო, წყალდიდობებმა წალეკა და სეტყვამ დაადუღა ქართლის, იმერეთის, კახეთის ვენახები,  მეფუტკრეობები, ხეხილი, ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურები. უდიდესი ზარალი მიადგა მეურნეობებს, რომელთა მონაგარსაც ფერმერები, სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციები იმედის თვალით შესცქეროდნენ. ამიტომ  წელს განსაკუთრებით ცხადად გამოიკვეთა აგროდაზღვევის პროგრამის სისუსტეები. არსებული  სადაზღვეო  პაკეტი, რომელიც კერძო კომპანიებმა სახელმწიფოსთან თანამშრომლობით შეიმუშავეს, უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ რისკს, გაზაფხულის ყინვას არ ფარავს მაშინ, როდესაც ბოლო წლებში საქართველოში ეს მოვლენა ბევრ ფერმერულ მეურნეობას საბედისწეროდ შეეხო და საკმაოდ დიდი ზარალი მიითვალა.

რაც შეეხება, უშუალოდ მევენახეობის დაზღვევას, აქ მთავარ პრობლემად ზარალის კომპენსაციის ტარიფები რჩება - აგროდაზღვევის პროგრამა კილოგრამ თეთრ ყურძენზე 0.80-ს, ხოლო წითელზე - 1.00 ლარს გვთავაზობს. როგორც ჩანს, შეთავაზება რქაწითელისა და საფერავის ბოლო წლების საბაზრო ფასების მიხედვითაა შემუშავებული, თუმცა სრულიად არარელევანტურად გამოიყურება წითელი ჯიშების - ალექსანდროულის,  მუჯურეთულის,  უსახელოურის,  ოჯალეშის დაზღვევის შემთხვევაში, რომელთა ფასები ბოლო წლების მანძილზე 7-10 ლარის ფარგლებში  მერყეობდა. სწორედ ამიტომ ჩემმა ქმარმა უარი თქვა ვენახის დაზღვევაზე და არც მე ვაპირებ, სანამ პირობები არ შეიცვლება.

ამ ფაქტს უფრო ფართო კონტექსტიც აქვს. სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მევენახეობა-მეღვინეობასთან რაიმე თვალსაზრისით იკვეთება, როგორც წესი, მხოლოდ კახეთის მევენახეთა საჭიროებებზეა მორგებული. ცხადია, დღეს  კახეთი საქართველოს მეღვინეობის მთავარი რეგიონია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვაგან ისეთივე უძრაობაა, როგორც თუნდაც, ამ ხუთიოდე  წლის წინ იყო. ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მესხეთსა და რაჭაში არაერთი საშუალო, მცირე, თუ მიკრო მარანი დაარსდა. სახელმწიფო პროგრამები ამ რეალობას, რატომღაც, არ ასახავს. პირიქით, მევენახეებს ამ რეგიონებიდან გარკვეულ ბარიერებს უწესებს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად (მევენახეობა-მეღვინეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა), ან, უბრალოდ, ხელსაყრელ და სასარგებლო პირობებს არ სთავაზობს (აგროდაზღვევის პროგრამა).

სახელმწიფო, თითქოს, მევენახეობის განვითარების პერსპექტივებს კახეთის რეგიონის გარეთ ვერ ხედავს მაშინ, როცა ასე გვეამაყება ღვინის სამშობლოს საპატიო წოდება, ვაზის მდიდარი გენოფონდი და რვაათასწლოვანი გამოცდილება საქართველოს, თითქმის, ყველა რეგიონში. ვფიქრობთ, სასურველი იქნება, თუ სახელმწიფო არსებულ კონიუნქტურას კი არ მოერგება, არამედ დარგობრივ პოლიტიკას თავად შექმნის;  მსოფლიოში ღვინის ახალ რეგიონებსა და ახალ ღვინოებზე მზარდ ინტერესს შესაბამისი პროგრამით უპასუხებს. მაგალითად, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში ვაზის იშვიათი  ჯიშები ვენახების გაშენებას შეუწყობს ხელს კახეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც.

საუკეთესო დაზღვევა ცოდნაა, როგორც რისკების პრევენციის გარანტი. ცოდნა   ყველას სჭირდება, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ერთი მხრივ მავნებლებსა და დაავადებებს ვეჭიდებით, მეორე მხრივ კი ვცდილობთ, ბუნებისადმი მეგობრულები  დავრჩეთ. ეკოლოგიურ  და მდგრად მეურნეობებში ადამიანის ჩაურევლობა, მისი ზეგავლენის შესუსტება სულაც არ ნიშნავს უყურადღებობას, არაგულისხმიერებასა  და განათლებაზე უარის თქმას. პირიქით, მევენახეობა, რომელიც ვენახს მავნებლებისა და დაავადებებისგან, მწერებისა და ჩიტებისგან ისე იცავს, რომ არ არღვევს ეკოლოგიური და მდგრადი მეურნეობის პრინციპებს, უფრთხილდება ეკოსისტემასა და ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების  შენარჩუნებას, გაცილებით დიდ ფიზიკურ შრომასა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ ცოდნას მოითხოვს. მისი  მთავარი მიზანი მცენარის იმუნიტეტის, მისი ბრძოლისუნარიონობის გაძლიერებაა და ძალისხმევას სწორედ რისკების პრევენციისკენ მიმართავს. ამ თვალსაზრისით, ორგანული მევენახეობა  ბეწვის ხიდზე სვლას ჰგავს დღეს, როცა ქიმიკატების გაძლიერებასთან ერთად მცენარის მავნებლები კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანნი ხდებიან.

მავნებლებისა და დაავადებების შესახებ გამოცდილებითი ცოდნა საქართველოში საუკუნეებს არ ითვლის, რადგან სოკოვანი დაავადებები, ფესვის, ნაყოფისა და ფოთლის  მღრღნელები, ჭიები და ტკიპები მე-19 საუკუნის შუა წლებიდან ჩნდება. სპილენძის შემცველი პრეპარატებით წამლობაც ამ პერიოდიდან იწყება. რაც შეეხება, თანამედროვე ემპირიულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას, თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ პრობლემები ვენახსა და მარანში, მასზე ადგილობრივ მეურნეებს ხელი არ მიგვიწვდება. არ ვიცით, მიმდინარეობს თუ არა საქართველოში მეცნიერული კვლევები, თუნდაც, ისეთი საკითხის გარშემო, როგორიცაა ყინვის პრევენცია. ვიცით თუ არა ახალი მავნებლების, მაგალითად, Drosophila Suzukii-ის შესახებ, რომელსაც კენკროვნების, ყურძნისა და  ყველა თხელკანა კულტურისთვის საბედისწერო შედეგები მოაქვს და რომელიც, სხვათა შორის, თურქეთში უკვე დაფიქსირებულია. რაც   დაბეჯითებით ვიცით, მუნიციპალიტეტებში  არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებამდე ეს ცოდნა არ მოდის.

ყინვასთან ბრძოლის რამდენიმე ძალიან საინტერესო მეთოდს ბავარიაში გავეცანი, მევენახეობის სახელმწიფო კვლევით ცენტრში სტაჟირებისას. ასეთია, მაგალითად, ქარის წისქვილი, რომელიც ცივი და თბილი ჰაერის  მასებს ერთმანეთში ურევს, თუმცა ეს მექანიზმი მცირე მარნებისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. განსაკუთრებით საინტერესოდ მეჩვენა ერთი მეთოდი, რომელიც პროფესიული ტერმინოლოგიით  გაცილებით დამაბნევლად ჟღერს, ვიდრე სინამდვილეში უნდა იყოს. როგორც ამიხსნეს, ყინვების პერიოდში ვენახს წვეთოვანი სისტემით რწყავენ, რის შედეგადაც მცენარე ყინვასთან გამკლავებისთვის საჭირო ენერგიას თავად გამოიმუშავებს.

2017 წლის რთვლამდე, სულ ცოტა, 10 კვირა დარჩა. ვიდრე მორიგი საარჩევნო წლის მადლით, სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირების პროგრამას, ანუ მოუქნელ და ალაგ-ალაგ  დაჟანგულ წითელ ცეცხლმაქრს აამუშავებს, თითქმის, ყველა მუნიციპალიტეტი დაისეტყვა. ბოლომდე განადგურდა „ხოხბის ცრემლების“ ტიბაანის ზვრები, „ოქროს“ ვენახების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა 2017 წლის მოსავლის ღვინოებსაც მსოფლიოს საუკეთესო ბარები და რესტორნები დიდი ინტერესით ელოდნენ. დაისეტყვა ის ვენახებიც, რომელთათვისაც ყურძნის „ჩაბარება“, თუნდაც, მიუღებელ ფასად, ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა.

როდესაც რთველზე, მევენახის ბედზე და პოსტ-საბჭოთა ღირებულებრივ გარემოზე ვფიქრობ ხოლმე, ჩემი ცნობიერებიდან სიურრეალისტური მეტაფორა ამოიზრდება,  ანგელოპულოსის ხელსა და ქეთელაურის მარჯვენას შორის. ხელი, რომელიც, თითქოს, დავიწყებული კახური, აფხაზური, რაჭული ჯიშების - ჟღიას, მცვივანის, კაბისტონის, ავასირხვას, თეთრას გასაშენებლად უნდა ირჯებოდეს, მაგრამ უფუნქციოდ გაწვდილა სასახლის კარის წყალობის მოლოდინში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^