საცობი, საყვირი, „იმოძრავე, იმოძრავე“ ყრუ ხმა ტრიბუნიდან და გაუსაძლისი სიცხე. ვდგავარ მესხის მიმდებარე ტერიტორიაზე და რეგიონიდან ბავშვებს ველოდები. ფშავი, ქართლი, სამეგრელო და რაჭა. გასაკვირია, მაგრამ რაჭველები უკვე ტრიბუნებზე არიან და მე დანარჩენებს ველოდები, ფოტოები უნდა გადავუღო და ბილეთები მივცე...
დამადგა საშველი და შევაღწიე ტრიბუნაზე. პოლიციელს დიდი ამბით ვუწვდი ბილეთებს, ის კი მიღიმის და მატარებს უპრობლემოდ.
მთელი თამაშის მანძილზე ფეხზე ვდგავარ, შეძახილების წამოწყებას ვცდილობ - „სა-ქა-რთვე-ლო, სა-ქა-რთვე-ლო“ და მეხუთე ან მეექვსე შეძახილზე იღლება ტრიბუნა, სანამ ექვსი ერის კარს შევანგრევთ, ამ მიმართულებითაც მოგვამზადოს ვინმემ ქომაგი.
აქ თამაშის დეტალებზე დაწერას არც ვაპირებდი, მაგრამ აფრასიძის მიერ შესრულებული გარღვევა.... დიახ გარღვევა და მეტს ვერც ვერაფერს ვიტყვი....
ქომაგს „დიხანია“ არ გვეყო მაგრამ ბოლომდე ვიდექით მედგრად. ბიჭებს იღბალი არ ეყოთ, მაგრამ ისინი უფრო მდგრად იდგნენ.
მორჩა თამაში, მოედანს წრე დაარტყეს. ჩვენს ტრიბუნას რომ მოუახლოვდნენ, მეგონა რომ ყველაზე მაგრად მე დავიყვირე - „მადლობა ძმებოო“, ასე მთელი ძალით გადაუხადა ყველამ მადლობა....
გამოვედით მზისგან დაღლილები დ ყვირილით დაცლილები. ვდგავართ, ვარჩევთ თამაშს. მსაჯს არავინ „ზოგავს“, ყველაფერი მას დაბრალდა. ვარჩევთ თამაშს და, ყველაფრის მიუხედავად, მაინც რაღაც სასიამოვნო განცდით ვარ სავსე, წაგების მერეც რომ ღირსეულად გაგრძნობინებს თავს. აქ თამაშზე სულ „შინაურები“ ვართ, ყველა გამვლელს ვესალმები, მიდის „ფრთიანი ფრაზების“ გაცვლა. ზოგს ვცნობ, ზოგსაც ვერა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. აქ ზეიმია, ხალხი რაგბის ზეიმობს, შედეგის მიუხედავად... ჰოდა გვერდით ჩამიარა ბიჭმა, აი ტანით რომ მიხვდები, რო მორაგბეა; რომ წეღან მოედანზე იდგა და თავს აკლავდა ირლანდიელებს; რომ კვესელაა - გიო კვესელაძე. 1 წლის წინ მანავის სამხედრო ბაზაზე ტალახში ამოგანგლული, თავს რომ არ ზოგავდა გუნდელებთან ერთად და წინა მსოფლიოზე ზუსტად ირლანდიელს რო მომაკვდინებელი ბოჭვა აგემა (არა არც წელს დაუკლია, მაგრამ ის ძაან ცნობილი კადრია). ჰოდა ეს კვესელა მოდის ასე, ჩვეულებრივად, თავი დაბლა აქვს დახრილი და არავის ეფეთება, მოდის დაჩეჩქვილი და დაბეჟილი. მან ასაკობრივ ნაკრებებში თამაში დაასრულა, კვესელა მომავალია, როგორც მისი გუნდელები, მოდის ჩუმად, ამაყად და ღირსეულად.
-კვესეეელ.
ტრიალდება და მიღიმის.
- რას იზამ, მოგვიგეს რა ჯობა...
დიალოგი დიდხანს არ გაგრძელებულა. მაგრად ჩავეხუტე და დავემშვიდობე. იმ დღეს, რეგიონიდან ჩამოსული გახარებული ბავშვები ვნახე, საფრანგეთ-აფრიკის თამაშზე მოღლიცინე ნეიტრალური ქომაგი, საფინალო ჰაკა, ჩემპიონი ზელანდია, მაგრამ 18 ივნისის მთავარ მოგონებად თავდახრილი, დაჩეჩქვილი და ხალხში ჩუმად მიმავალი კვესელა რჩება.