Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საშუალო სტატისტიკური ქართველი

11 ივლისი 2017

ლეგენდის თანახმად, მაშინ, როდესაც ღმერთი ტერიტორიებს ანაწილებდა, ქართველებმა დაიგვიანეს. ღმერთს უკითხავს, სად იყავითო, ამათაც, შენს სადღეგრძელოს ვსვამდით და არ გვეცალაო. აჩუყებია გული თეთრწვერა მოხუცს და საუკეთესო მიწა მოუცია ჩვენთვის. ამ სადღეგრძელოს სუფრიდან სუფრაზე გამეორება საშუალო სტატისტიკურ ქართველს ისევე უყვარს, როგორც ლეგენდიდან ლეგენდაში ცხოვრება.

იყო საშუალო სტატისტიკური ქართველი, პრივილეგიაა. მას ხომ უხვად აქვს დაბერტყილი ყველა ტალანტი და ღირსება, რაც კაცობრიობას გააჩნია. ჭკუა, განათლება თუ მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ის იმდენად ნიჭიერია, რომ მარტივად შეუძლია ნებისმიერი ისტორიული ფაქტის სათავისოდ მოტრიალება. მაგალითად, ფიქრობს, რომ ილიას გზით სიარული აუცილებელია, თუმცა ლიბერალები ორგანულად სძულს. მიიჩნევს, რომ დავით აღმაშენებელი ერთ-ერთი უდიდესი მეფე იყო და ავიწყდება, რომ ყივჩაღების ჩამოსახლებით, უცხოელებისათვის დაბალი გადასახადების დაწესებითა თუ რუის-ურბნისის კრებით ის „ქართველობა წაგვართვა”, ახლა რომ კბილებით ვიცავთ.

ქართველობის წართმევა - ეს ყველაზე დიდი შიშია იმ შიშებს შორის, რომელიც საშუალო სტატისტიკურ ქართველს აწუხებს. მას სჯერა, რომ მიწის უცხოელებზე გასხვისება საქართველოს წინააღმდეგ მსოფლიოს მზაკვრული გეგმის შემადგენელი ნაწილია. მერე რა, რომ ამ მიწას, სიზარმაცის გამო თავად არასოდეს დაამუშავებს. 

სწორედ ქართველობის დასაცავად მართავს მარშს საშუალო სტატისტიკური ქართველი. ის ფიქრობს, რომ ირანელები, ჩინელები, ინდოელები თუ თურქები, ყველაფერს ყიდულობენ და ნელ-ნელა ქვეყნას ისაკუთრებენ. ამ უცხოელებში საერთოდ არ შედიან რუსები, რომლებსაც ქვეყნის 20%, პირდაპირი მნიშვნელობით, მისაკუთრებული აქვთ, მოძრავი საოკუპაციო ხაზის მდებარეობა კი მათ ხასიათზეა დამოკიდებული.

საშუალო სტატისტიკური ქართველი ისე ცხოვრობს, როგორც ნამდვილ მამულიშვილს შეეფერება. მას "ქალში ფული არასოდეს გადაუხდია". მეტიც, ბორდელების არსებობასაც აპროტესტებს, აქციაზე კი სადღაც მაინც ამოხეთქავს გულის ნადები: მხოლოდ უცხოელებს რატომ უშვებთ ბორდელში, ქართველებიც შეგვიშვითო.

საშუალო სტატისტიკური ქართველისათვის, ღმერთის შემდეგ, ოჯახი ყველაზე დიდი სიწმინდეა. იმდენად დიდი, რომ ცოლები მხოლოდ ბავშვების გასაჩენად ჰყავთ, სხვა დანარჩენისთვის კი საყვარელი არსებობს. მანდილოსნის პატივისცემაც ბავშვობიდან სისხლში აქვთ გამჯდარი, რაც მჭევრმეტყველურადაა ასახული იმ სადღეგრძელოებში, რომლითაც სუფრის წევრები ერთმანეთს ეჯიბრებიან, შიგადაშიგ კი ყვირილითა და სიყვარულნარევი გინებით გასძახებენ მისავათებულ ქალს სამზარეულოში, სუფრაზე გოჭის ხორცი დაგვაკლდაო.

საშუალო სტატისტიკურ ქართველ კაცს ჰგონია, რომ გოგო, რომელსაც ერთხელ გამარჯობას ეტყვის, მის სახლში აუცილებლად „სტენკის” ჩადგმას აპირებს. ქალი კი, პირველივე პაემნის შემდეგ უფროსი შვილის სახელს არჩევს.

თავისუფლება - ამ ცნებას საშუალო სტატისტიკური ქართველი თავისებურად ხსნის. მაგალითად, მას რუსეთი ევროპას ურჩევნია, რადგან ფიქრობს, რომ ამ ევროპაში ხიდზე ან შუა ქუჩაში მოსაქმებისათვის დააჯარიმებენ, მოსკოვში კი, თუნდაც, კრემლის წინ, მილიცია ვერაფერს გაუბედავს.

საშუალო სტატისტიკურ ქართველს ძალიან უყვარს სამშობლო, თუმცა კარგი ცხოვრება - უფრო. მისი პატრიოტიზმი „ოღონდ აქედან გავაღწიო” განწყობაში გამოხატება, რადგან დარწმუნებულია, რომ მისი ნიჭის, ტალანტისა და გაქანებისათვის სამშობლო ზედმეტად შეზღუდული ასპარეზია და თვალი ევროპა-ამერიკისკენ უჭირავს. აქვე სჯერა, რომ ყველაფერი უშრომელად უნდა მოსდიოდეს და საკუთარი ქვეყნის აშენებას, სხვის აშენებულსა და გამზადებულში ცხოვრება ურჩევნია.

საშუალო სტატისტიკურ ქართველს წარმოდგენა არ აქვს, რაში მიდის მისი შემოსავლიდან გადახდილი 20%. სამაგიეროდ ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი საკუთრებები სხვისი ფულით კეთდება. ამიტომ, როცა შანსი აქვს, გაჩერებაზე მინებსაც ამსხვრევს და სკვერში სკამებსაც აფუჭებს. თან სჯერა, რომ მას არავინ ჰკითხავს და ცუდი საქციელისათვის ყველას ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს.

დამოუკიდებლობის არსებობის მანძილზე საქართველოს მთავრობებიც ისეთივე საშუალო სტატისტიკური ჰყავდა, როგორიც მოსახლეობის უმეტესობაა. მას შემდეგ, რაც ერი ეკლესიის მიმართ რეზისტენტული გახდა და პატრიარქთან გადაღებულ წინასაარჩევნო ფოტოებზე გული აღარ უჩუყს, ხელისუფლებამ გამოსავალს მიაგნო: კონსტიტუციაში ქორწინებას ქალისა და მამაკაცის ერთობად განსაზღვრავს, რაც ქვეყანას "გაპიდარასტებისაგან", საშუალო სტატისტიკურ ქართულ გულებს კი - მთავრობისადმი გაციებისაგან იხსნის.

ჰოდა, ვცხოვრობთ საშუალო სტატისტიკური ქართველები ჩვენს საშუალო სტატისტიკურ ქვეყანაში. არც მის გაუმჯობესებაზე ფიქრით ვიტკიებთ თავებს და არც გაუარესებაზე ვდარდობთ. გვჯერა, რომ რჩეული ერი ვართ, რადგან აქაურობა მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრია და კალთას გამუდმებით გვაფარებს. ხშირად თავადაც გვიკვირს, როგორ მოვედით აქამდე საუკუნეების მანძილზე, მერე კი, გულის სიღრმეში გვახსენდება, რომ ქიციც ვიცით და ქიცმაცურიც, მტრისთვის ფეხების ლოკვაც გვიყვარს და მოყვარესთან დიდ გულზე ყოფნაც. ორმაგი სტანდარტებიც ჩვენი მოგონილია და მედროვეობაც, კვეხნასა და ტრაბახში კი ბევრი გვერდითაც ვერ დაგვიდგება. რას ვიზამთ, ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^