დასაწყისში მინდა გითხრათ, რომ ეს ბლოგი არ ამბობს არაფერს ახალს. ის მხოლოდ თავს უყრის ფაქტებს, რომელიც სრულიად მარტივად და ხელმისაწვდომად არიან გაბნეული ინტერნეტში. მათი შეკრების და ერთიანად ჩვენების საჭიროება მიკარნახა ჩვენი მოქალაქეების ორი ტიპის არსებობამ და ამ კონტექსტში მათმა აქტიურობამ. ერთ ჯგუფს შეადგენენ გულუბრყვილო და გაუთვიცნობიერებელი ნიჰილისტები; მეორეს - გათვითცნობიერებული მავნებლები და აფერისტები. ორივე ჯგუფი იჩემებს, რომ აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის, მათ როლებსა და ფუნქციებს თუ შევადარებთ, შესაძლებელია ტოლობის ნიშნის დასმა, როგორც საქართველოსთვის ასევე ზოგადად, მსოფლიოსთვის. ეს არის აბსოლუტურად მცდარი და ხშირ შემთხვევაში გამიზნული ტყუილი, რომელიც ქართველების მოტყუებას ისახავს მიზნად. საერთო ჯამში, ამ ორი სახელმწიფოს ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება, მეტიც, ზემოთ ხსენებულ კონტექსტში მათ შორის განსხვავება უზარმაზარია.
აშშ vs რუსეთი საქართველოსთვის:
საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ჩვენ სამშობლოს უდგას სამი ძირითადი პრობლემა: ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, სიღარიბე და დაბალი საგანმანათლებლო დონე. მოდით ამ სამი მაჩვენებლის გათვალისწინებით განვიხილოთ აშშ-ისა და რუსეთის როლი და ქმედებები.
ტერიტორიული მთლიანობის რღვევა - ბევრი მტკიცება არ უნდა იმას, რომ ეს პრობლემა სათავეს რუსეთის ოფიციალური პოლიტიკიდან იღებს, ანუ საქართველოსთვის ამ პრობლემის არსებობა რუსეთის „დამსახურებაა“. აშშ-ის როლი კი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და უფრო მეტიც, ყველა იმ სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციებით დასჯა, ვისაც საწინააღმდეგო პოზიცია აქვს.
სიღარიბე - სამართლიანი იქნება ითქვას, რომ სიღარიბე საქართველოში გარკვეულწილად წინა პრობლემის შედეგია. ანუ, სულ მცირე, ირიბად ამ პრობლემის მიზეზი რუსეთის ფედერაციაა. ამას ემატება ეკონომიკური სანქციები და ემბარგო, რაც ათიოდე წლის წინ რუსეთმა ენერგეტიკულ დივერსიასთან ერთად მოგვიწყო. მეორე მხრივ, გარდა თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივისა აშშ-სთან (რაც გულისხმობს მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრის 26.7%-თან უბარიერო ყიდვა-გაყიდვას), ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს სამ მილიარდზე მეტი ამერიკული დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია, რაც საშუალოდ, წლიური ასოცი მილიონი დოლარის ეკვივალენტია. ჰო, რუსეთმა ნული მილიარდ ნული მილიონ ნული ათას ნოლი დოლარის დახმარება გაგვიწია.
განათლება - ემპირიულად დადასტურებულია, რომ უმეტეს შემთხვევაში, სიღარიბეს და დაბალ საგანმანათლებლო დონეს შორის არა მარტო კორელაცია, არამედ მიზეზ-შედეგობრივი მიმართებაც არსებობს. ანუ, ასევე რაღაც ალბათობით(!) სამართლიანი იქნება, თუ ამ პრობლემის სათავედაც რუსეთს ჩავთვლით. თუმცა, მოდით დახმარებაზე გავაკეთოთ აქცენტი. აშშ-ის მთავრობისა და ამერიკული არასამთავრობო ან ფილანტროპიული ორგანიზაციების წყალობით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ათასობით ქართველს მიეცა საშუალება, ესწავლათ წამყვან ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებში, ან საქართველოში მიეღოთ ფინანსური დახმარება (გრანტები) სამეცნიერო სამუშაოების საწარმოებლად. ცხადია, იგივე მაჩვენებელი რუსეთის გრაფაში ისევ ნულს უტოლდება.
მოკლედ, არ ღირს დავა იმაზე, რომ საქართველოს პრობლემების მოგვარებაში ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ-მა დადებითი როლი ითამაშა, ხოლო რუსეთმა - უარყოფითი. ისიც კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი გვიქმნიდა პრობლემებს, აშშ კი - გვეხმარებოდა მათ გადაწყვეტაში. ცხადია, ამ ორი ქვეყნის შედარება ქართულ რეალობაში უადგილო და აზრმოკლებულია.
აშშ vs რუსეთი ზოგადად:
ამ შემთხვევაში, შედარების მთავარ კრიტერიუმებად დავასახელებდი შემდეგ სამ მაჩვენებელს: ეკონომიკა, სამხედრო პოტენციალი, და მეცნიერება/განათლება (ცხადია, ჩემთვის უპირველესი ადამიანის უფლებები და დემოკრატიის ხარისხია, თუმცა შესაძლოა ოპონენტებს სხვაგვარად ესმოდეთ ეს საკითხები და უაზრო ინტერპრეტაციებისა და კამათის თავიდან ასარიდებლად, ასევე, უპირობო უპირატესობის გამო, გამოვტოვებ).
ეკონომიკა - აქ რიცხვები ყველაფერს ამბობენ. ეკონომიკის სიდიდე: აშშ - ნომერ პირველი - 18.6 ტრილიონი ამერიკული დოლარი - მსოფლიო ეკონომიკის 24.3%. რუსეთი - ნომერ მეთორმეტე - 1.3 ტრილიონი ამერიკული დოლარი - მსოფლიო ეკონომიკის 1.7%. სამომხმარებლო ბაზარი: აშშ - ნომერ პირველი - 11.5 ტრილიონი ამერიკული დოლარი - მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 26.7%. რუსეთი - ნომერ მეათე - 1.9 ტრილიონი ამერიკული დოლარი - მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 2.5%. ასევე, 2016 წლის ბოლო მონაცემებით, ათივე ყველაზე დიდი საბაზრო ღირებულების მქონე კომპანია ამერიკულია.
სამხედრო პოტენციალი - ამ შემთხვევაშიც რიცხვებია ყველაზე ნათლად მეტყველი. ბირთვული იარაღი: აშშ - მსოფლიოს პოტენციალის 45.5%. რუსეთი - 46.8%. თავდაცვის ბიუჯეტი: აშშ - 554.2 მილიარდი ამერიკული დოლარი. რუსეთი - 69.2 მილიარდი ამერიკული დოლარი. სამხედრო შემადგენლობა: აშშ - 1.3 მილიონი სული. რუსეთი - 0.7 მილიონი სული. ტანკების რაოდენობა: აშშ - 8848. რუსეთი - 20050. ჯავშანტრანსპორტიორთა რაოდენობა: აშშ - 46000. რუსეთი - 30201. საჰაერო ხომალდი: აშშ - 12100. რუსეთი - 4042. სამხედრო ვერტმფრენი: აშშ - 5000. რუსეთი - 1360. საზღვაო ხომალდთა რაოდენობა: აშშ - 436. რუსეთი - 313. წყალქვეშა სამხედრო ხომალდთა რაოდენობა: აშშ - 70. რუსეთი - 61.
მეცნიერება/განათლება - კვლავ რიცხვები. ნებისმიერ საერთაშორისო კვლევასა და რეიტინგების ჩამონათვალში ნახავთ, რომ მსოფლიოს ტოპ 50 უნივერსიტეტიდან სულ მცირე 20 ამერიკულია, ხოლო რუსული - 0. რუსული სამეცნიერო დაწესებულებებისთვის ყველაზე ოპტიმალურ სიებშიც კი, ასეულს მიღმა არის მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მაშინ როცა 30-40 ამერიკულ უნივერსიტეტს შეხვდებით ლომონოსოვის უნივერსიტეტის ამ სიაში აღმოჩენამდე. ამას გარდა, ფაქტობრივად ყველა დარგის ტოპსამეცნიერო ჟურნალი არის ამერიკული და მათში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიებიც, ძირითადად, ამერიკულ-ევროპული სამეცნიერო ინსტიტუტებიდან არის გაგზავნილი. ამერიკული ეკონომიკისა და მეცნიერების უპირობო და უპრეცენდენტო წარმატების მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ ზემოთ ხსენებული ათი ყველაზე დიდი საბაზრო ღირებულების მქონე კომპანიებიდან ხუთი (Apple Inc., Alphabet Inc., Microsoft, Amazon.com, Facebook) ტექნოლოგიური პროფილისაა, რომელთა ფინანსური წარმატებაც კორელაციაშია ამერიკული ტექნოლოგიური მეცნიერებების უკონკურენტო განვითარებასთან.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი:
- ქართველი ხალხისთვის გაწეულ დახმარებაში აშშ-ის როლი - ყველაზე დადებითი; რუსეთის კი - ყველაზე უარყოფითია;
- ეკონომიკურ და საგანმანათლებლო მაჩვენებლებში რუსეთი ოდნავადაც კი არ არის აშშ-ის სადარი. მეტიც, ამ მხრივ რუსეთი სხვა მოწინავე ქვეყნების გვერდითაც კი ვერ ხვდება, რომლებიც ხშირად ათჯერ ჩამორჩებიან აშშ-ს.
- ერთადერთი, რაშიც რუსეთი მეტ-ნაკლებად აშშ-ს უტოლდება, ბირთვული იარაღის მოცულობაა, რისი აბსოლუტური უმრავლესობაც, უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირისგან ხვდა მემკვიდრეობით.
ამრიგად, არ არსებობს არანაირი პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული ფაქტორი, რაშიც ეს ორი ქვეყანა ერთმანეთის გვერდით შეიძლება იდგეს. ამ ორს შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ მისი ვერშემჩნევა უპატიებელი ბოროტებაა ჩვენნაირი ქვეყნის მოქალაქისთვის.
ბოლოს, სამართლიანობა მოითხოვს, გვახსოვდეს, რომ ყველანაირი წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს იქნება ადამიანის უფლებების აღიარების საკითხი თუ მეცნიერება, დღეს მოდის აშშ-დან (დაეჭვების შემთხვევაში წარმოიდგინეთ მსოფლიო აშშ-ის გარეშე და მერწმუნეთ, საწყისი ეჭვები მაშინვე გაგეფანტებათ). მაღალი ხარისხის დემოკრატია და მაღალი ხარისხის მეცნიერება ნიშნავს ყველაზე მთავარს - ადამიანს აქვს უფლება და შესაძლებლობა, იაზროვნოს და შექმნას. ნუ დავაკნინებთ ამ ქვეყანას და მის როლს როგორც მსოფლიოსთვის, ისე ქართველებისთვის და ნუ გავუტოლებთ მას რუსეთს, რომელიც ერთ დიდ მსოფლიო მუწუკადაა ქცეული.