ძნელია ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომლის მოსახლეობის მთავარი პრობლემა ქერტლი, კარიესი და კრიტიკული დღეებიაო - იხუმრა ერთხელ რუსმა იუმორისტმა, მიხეილ ჟვანეცკიმ.
ქვეყნის რა მოგახსენოთ, მაგრამ არც ჩვენს დედაქალაქშია ცხოვრება ადვილი.
პრობლემები, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, და არცთუ სახუმაროდ გვაქვს საქმე - საგზაო მოძრაობის გადატვირთული ტრაფიკი, ტექდათვალიერებისა და ტაქსების ლიცენზირების არარსებობა, არარსებობა, გამონაბოლქვი, გზის საფარის მდგომარეობა, გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და, ამ ყველაფრის გვირგვინი, ერთგვარი ბოროტების განსხეულება, კომპანია CT-Park, რომელიც, სხვა სიკეთეებთან ერთად, არსებულმა ხელისუფლებამ წინამორბედისგან მემკვიდრეობით მიიღო და, გასაგებ თუ გაუგებარ მიზეზთა გამო, ვერაფრით მოიცილა თავიდან.
პრობლემები, რა თქმა უნდა, ამაზე მეტია, მაგრამ ეს უკანასკნელი პრობლემათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც, სათანადო პროფესიონალური მიდგომისა და გამბედაობის შემთხვევაში, ადვილად მოგვარებადია.
არადა, ძნელია, სხვა ქვეყანასა თუ ქალაქში იპოვო კომპანია, ამდენი უფლება რომ ჰქონდეს მინიჭებული (გასარკვევია, კანონიერად თუ არა) და ასეთ დონეზე რომ არღვევდეს მოსახლეობის უფლებებს.
კომპანია, რომელიც საკუთარი მოქმედების არეალს, დიდი ხანია, გასცდა და მოქალაქეების საკუთარ ეზოებში დაჯარიმება დაიწყო.
კომპანია, რომელმაც არაერთხელ გადაიყვანა საჯარიმო სადგომზე ავტომობილი, რომელშიც შემდეგ მძინარე ბავშვი აღმოჩნდა.
კომპანია, რომელსაც არაფრად მიაჩნია ქალაქში მიმდინარე სამუშაოები და სპეციალური სიტუაციები, როცა მძღოლებს აკრძალულ ადგილებზე გაჩერების უფლება ენიჭებათ.
კომპანია, რომლის 10-ლარიანი ჯარიმაც ვადაგადაცილების შემთხვევაში 170 ლარამდე იზრდება, ხოლო რამდენია ეს „ვადა“, ხშირ შემთხვევაში, თავად კომპანიაშიც ვერ ამბობენ ზუსტად.
კომპანია, რომელსაც წინა ხელისუფალმა სპეციალური, ძალადობრივი კანონები შეუქმნა, ხოლო არსებულმა ხელისუფალმა ამ კანონის გაუქმება ვერ, ან არ, შეძლო.
ბოლო რამდენიმე წელია, თბილისის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მთელი ქალაქის მასშტაბით პრივატიზებული პარკინგი, ციდან დაშვებული „ობობა“, უმეტესწილად კანონდარღვევით საჯარიმოზე გადაყვანილი ავტომობილები და მათი 70-ლარიანი გამოსასყიდი გვევლინება.
კომპანია CT-Park, რომელსაც, არაოფიციალური მონაცემებით, მოღვაწეობის მანძილზე 70 მილიონ ლარზე მეტი აქვს ამოღებული მხოლოდ ჯარიმებით, ისედაც ძალიან საეჭვო წარმონაქმნია, რომელიც მემკვიდრეობითი ვირუსივით დაგვრჩა და მოუშორებელ ჭირად გვექცა ამ ქალაქის მცხოვრებთ.
არადა, ამ ქალაქის პარკინგს მოწესრიგებისა არაფერი ეტყობა - სხვა რომ არაფერი ვთქვათ, თბილისის ნებისმიერ ქუჩაზე შეგვიძლია, როგორც მინიმუმ, ზედ პარკინგის ნიშნულებზე დადგმული სანაგვე ურნების ნახვა, რომელსაც არა დასუფთავების სამსახური, არამედ სრულიად გაურკვეველი, ცალსახად თბილისური წარმონაქმნები, ე. წ. „სტაიანშჩიკები“ იყენებენ სარფიანი კლიენტისთვის ადგილის შესანახად.
მე იურისტი არ ვარ, არც ინფორმაციაზე მიმიწვდება ხელი, რომ ვიცოდე, რატომ ვერ მოხერხდა ამ კონკრეტულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა და მუნიციპალური პარკინგის მოწყობა.
მე მძღოლი ვარ და ვხვდები, რომ CT-Park კომპანია კი არა, უკვე დიაგნოზია.
ყურადღებით დაველოდები, მოახლოებულ არჩევნებზე რომელი კანდიდატი დადებს ამ დიაგნოზისგან განკურნების რეალურ გეგმას.
ჩვენ ხომ პრობლემებს ძირითადად მხოლოდ არჩევნების წინ ვაგვარებთ.
დროებით.