ქართველებს, ხომ იცი, აღსანიშნი მიზეზი არ გამოგველევა. ასევეა შენი მკვლელობის ამბავიც. მართალია, ჯერ კიდევ მაშინვე გვითხრეს, ფურთხის ღირსები ხართო და ჩვენც დავეთანხმეთ, მაგრამ მაინც სადღაც, გულის სიღრმეში გვჯერა, რომ ტიპებს, რომლებმაც ტყვია გესროლეს, ქართველობასთან საერთო არაფერი აქვთ და, ორი რუსეთის მსგავსად, ორი საქართველოც არსებობს.
სხვა დიდი ქართველებისა და საზოგადო მოღვაწეებისაგან განსხვავებით, შენს გახსენებას, მაინცდამაინც, 30 აგვისტო არ უნდა. თუ ზეციურ საქართველოშიც ასლოკინებთ, მანდაურ გინესებში უცილობლად პირველი ადგილი გექნება დაკავებული. განსაკუთრებით, წინასაარჩევნო ან სამიტინგო პერიოდებში. აქ ხომ შენს ხსენებაშია ყველა: განურჩევლად სოციალური სტატუსისა თუ საქმიანობისა, მემარჯვენე თუ მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიისა, ინტელიგენციისა თუ გლეხობისა, ლიბერალებისა თუ არალიბერალებისა.
ეს ამბავი წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით საინტერესო ხდება. ეკლესია და ილიას გზა იმდენჯერ და ისეთ კონტექსტში ტრიალებს, ზოგს ლამის ერთდროულად ჰგონიხარ ფაშისტი, ლიბერალი, ანარქისტი, მონარქიის მომხრე, დემოკრატი, ქსენოფობი და კიდევ უამრავი რამ.
ჰო, ქართველებს, შენი გზით სიარულზე მეტად, ალბათ, მხოლოდ ხინკალი გვიყვარს. არ ვიცით, მაგ გზას ტაძრამდე მივყავართ თუ გარყვნილ ლიბერალობამდე, მაგრამ ფაქტია, სულიკოს საფლავივით ჯიუტად ვეძებთ. ცოდვა გამხელილი სჯობს და, ილიას გზით სიარული ისეთი ბანალური გახდა, როგორც ყოველ საღამოს ფაბრიკაში დაჩექინება. სინამდვილეში ყველამ ვიცით, რომ არც “შენი გზის” ჩვენებური გაგება გააბრწყინებს ქვეყანას და არც ქარხნის ეზოში მოწყობილ, ჰიფსტერულ სივრცეში მოსიარულე ხალხი, იქ შექმნილი, არარსებული თავისუფლების განცდით რომ ტკბება.
ქართველებს ლიბერალები ახლაც ჭირს დღესავით გვძულს. მოძულეთა რიგებში ისეთ ხალხსაც აღმოაჩენ, ერთი შეხედვით, 2012 წლამდე ილიას გზით სიარულის მეტი რომ არაფერი უკეთებია. ასეთებს ვუმალავთ შენს ლიბერალობას. რომც არ დავუმალოთ, ცოცხალი თავით ვერ დავაჯერებთ, რომ სამყაროზე ასეთი შეხედულება გქონდა.
კრიტიკა და ლანძღვა დღესაც ერთმანეთში გვერევა. ახლაც ისევე ამორალურია უფროსი ასაკის ადამიანის კრიტიკა, როგორც მაშინ, შენს დროს. ეს ინტელიგენციაც ისევე ცხვირაბზეკილი გვიყურებს ახალგაზრდებს, როგორც ადრე. ერთი ისაა, რომ მათი შექმნილი შედევრები შეიცვალა. ”სადღეგრძელოს” ნაცვლად, ახლა ამაყად გვეკითხებიან, ენა რომ წაგვიგდია, მათი კუკარაჩა თუ გვაქვს ნანახი.
შენი გზით მოსიარულე პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო სექტორის შემხედვარე, ხშირად ვფიქრობ, ასი წლის შემდეგ რომ ყოფილიყავი, სად იქნებოდი. ალბათ, NGO სექტორში. სხვების წარმოდგენით, ტრენინგებსა და ფურშეტებზეც ივლიდი, გეცოდინებოდა ინგლისური და კომპუტერი და დროის ფუჭად ფლანგვა. ალაგ-ალაგ, საქმესაც გააკეთებდი. ალბათ, სოფლის მეურნეობის რომელიმე პროგრამის ხელმძღვანელი, ან, ამავე სამინისტროს მრჩეველი იქნებოდი. დღეს ხომ აგროკულტურული მიმართულებები ყველაზე აქტუალურია. ეს სფერო კი შენია. ისევე, როგორც სხვა ყველა.
ჩვენს რეალობაში, ალბათ, ყველაფრის ექსპერტსაც დაგარქმევდნენ. იქნებოდი ისეთი, ხალხს რომ არ უყვარს და რა ყველაფერში ერკვევაო, ამბობენ. გიწოდებდნენ უფლებადამცველს, აგრონომს, სამართლის ექსპერტს, ჟურნალისტს, ეკონომისტს, ექიმს, მეწარმეს, ლიდერს.
დაგმობდი ჰომოფობიას, ქსენოფობიას თუ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას და, კეთილი განზრახვით, პირში სიმართლის თქმის მიუხედავად, შენზე იტყოდნენ, სოროსის ფულებით გაზულუქებული ტიპია, რომელიც ამერიკის დირექტივას ასრულებს და ჩვენთვის ქართველობის წართმევა უნდაო.
შენი წმინდანობის ამბავიც ისეთივე სასაცილოა, როგორც ქართულ სკოლებში შენი შემოქმედების სწავლების მეთოდიკა. მიუხედავად ამისა, მადლიერმა ქართველმა ერმა მაინც წმინდანად შეგრაცხა, რადგან მოგეხსენება, მკვდარს არავინ არაფერს ჰკითხავს, შენი წმინდანობა კი, ალბათ, ისევ სამშობლოს სჭირდებოდა.
ჰოდა, რა ვიცი, ილიკო. ერთი იმით შემიძლია, დაგამშვიდო, რომ, ჩვენისთანა ბედნიერი ერი სოფლიოში მართლა არ მოიძებნება. არ შეგეშინდეს, არ იღელვო: სამშობლოსთვინ ყველანი ქვის მჭამელები ისევ ისე ვართ, როგორც მაშინ, შენ რომ ბევრს ნერვიულობდი.