Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

1996

04 სექტემბერი 2017

«You Can Take The Man Out Of The Ghetto, But You Can't Take The Ghetto Out Of The Man»

რამდენიმე ათასი წელი  ჩვ. წელთაღრიცხვამდე

არსებობს მარადიული ქალაქი - რომი, იმპერიის ცენტრი, ადგილი, სადაც იწყებიან გზები და სადაც ტარტაროსამდე ჩასასვლელ კარებს ადგილობრივი შსს იცავს.

და არსებობს მარადიული გეტო - მარადიული ქალაქის გარეუბნები, მიმოფანტული მთელ პლანეტაზე. როგორც ცა და მიწა, არსებობს გეტო, როგორც ბუნების კანონი.

ამ გარეუბნებში ჩვენ ვმრავლდებით როგორც სპამი - არასასურველი, ყოვლად გაურკვეველი მეილები - დიდი სათაურებით და მოწოდებებით, რომლებიც თავის მოგზაურობას სანაგვე ყუთში ამთავრებენ, რომის მოქალაქეების მონიტორებზე.

თუმცა, ის უფრო ადრე არსებობდა. პირველად აქ ადამი და ევა მოხვდნენ, როცა ისინი ედემის ბაღიდან გააგდეს, პირველი ადამიანები კი ვინც გეტოში დაიბადა - კაენი და აბელი იყვნენ. ბევრს ჰგონია კაენისა და აბელის ისტორია ბიბლიური მითია - სინამდვილეში ეს ისტორია გარეუბნების საღამოების ქრონიკაა.

წამყვანი: „ახალგაზრდა აბელი გამვლელმა ანგელოზმა სკოლის პირდაპირ იპოვა, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ეს არის პირველი მკვლელობა ისტორიაში, ედემის პოლიცია ვარაუდობს, რომ საქმე გვაქვს ნარკოდაჯგუფებების დაპირისპირებასთან. ქერუბიმები ოფიციალურ კომენტარს პრესკონფერენციაზე გააკეთებენ“.

აბელი ახალგაზრდა დაიღუპა, გამოდის გეტოს მოსახლეობა კაენის შვილები ვართ.

ბავშვები იმპერიის დამსხვრეული ზეცის ქვეშ.

1996

ბავშვები დახტიან გარაჟიდან გარაჟზე.

ბავშვებს აქვთ შტაბები და ბავშვები ცემენ სხვა ბავშვებს. ბავშვების მამებმა წააგეს ყველა ომი და დაიყვნენ მუშებად და ნარკომანებად, ბავშვების მამებს ცემს მილიცია, ბავშვების დედები ეზიდებიან წყლებს სხვა კორპუსებიდან და თავს ატყვნევინებენ სხვა ბავშვების მამებს, ისე, როგორც ბავშვების მამები ტყნავენ სხვა ბავშვების დედებს. ბავშვების ბიძები ასწავლიან ბავშვებს იარაღის დაჭერას და ქუჩის წესებს. ბავშვებს სჯერათ, რომ იარაღით კომეტის ჩამოგდება შეიძლება, ან გადამფრენი ანგელოზის ან სანტა კლაუსის, დეკემბრის ცივ ღამეებში, როცა ბავშვებს სძინავთ ქურთუკებით.

ბავშვები იპარავენ ჯართს და მაგნიტაფონებს მანქანებიდან. ბავშვები ეწევიან მოსაწევს და ასფალტზე დაგდებულ ბიჩოკებს. სვამენ არაყს.

ბავშვები ანადგურებენ ყველაფერს, რაც მოძრაობს: მტრედებს და ბეღურებს რაგატკებით, ბაყაყებს შავ არხებში, რომელიც მთელ ქალაქს დაუყვება, ქუჩის კატებს და ძაღლებს, მწერებს და ციცინათელებს. ყველა ციცინათელა ბავშვებმა ამოხოცეს.

შეიძლება ითქვას, ბავშვები ნამდვილი ანგელოზები არიან, ბუნების გამწმენდავების როლს ასრულებენ ევოლუციურ სქემაში. სწორედ ამიტომ, ბავშვებს ადრე უჩნდებათ ნაოჭები და ემსგავსებიან კაცებს, იკლავენ თავს ან გადააქვთ მიკროინფარქტები 15 წლის ასაკში. ბოლომდე იცავენ ღირსებას, თუმცა არავის ნორმალურად არ უსწავლებია, რას ნიშნავს ეს სიტყვა.

ბავშვებს ხანდახან ურტყამს დენი, როცა ლევი შუქის სადენებს ქარბუქი მიწაზე ყრის და ის რკინებს ედება. ბავშვები დადიან სკოლაში, სადაც მათ დირექტორი ცემს, დირექტორს კი ცემენ მათზე უფროსი ბავშვები.

შემდეგ ბავშვები წყვილდებიან სხვა ბავშვებთან და აჩენენ ახალ ბავშვებს - მუტირებულ ბავშვებს, რომლებიც არ სვამენ კითხვებს: რატომ ვარ აქ ან ვინ ვარ. აქ არ არის დრო და ადგილი ასეთი კითხვებისთვის.

ნარკომანი მამების, ცეხავიკი მამების, მეთევზე მამების, კორუმპირეული პროფესორების,

თეფშის მრეცხავი დედების,

მფრინავი თეფშების მნახველი მამიდების,

ომში დამარცხებული კაცების, პურის რიგში მდგარი ქალების,

1937-ის დამაბეზღებლების, ყველა ქვემძრომის და ზემძრომის შვილები ვართ - ამბობენ ისინი

- ყველა კარგი მოკლეს, ჩვენ კი იმათ გაგვაკეთეს, ვინც დარჩა.

ზოგის დედა ან მამა ადრე წავიდა ვარსკვლავებისკენ. ზოგი ჩვენგანი კი საერთოდაც უმანკოდ ჩაისახა - ამბობენ ისინი.

ცოტა ვარსკვლავური მტვრის და ბევრი ქალაქური მტვრის ნაზავი. ვერაშენებული ქალაქური პროექტების ნახაზებივით - სადაც წყდება ხაზი, წყდება პერსპექტივები მომავლის.

ჩინური მაშხალები, თურქული ყავა, მოპარული სინათლეა შენი გენეტიკური კოდი.

დეციმეტრული ანტენების ბაღი ხრუშოვკის კორპუსზე ავანგარდული მიშენებებით, სადაც ერთი თვალის შევებით ჩანს, ვინ უფრო ღარიბია.

მავნე ჩვევები რეფლექსებად, მავნე ნივთიერებები სისხლში.

დაბინძურებული მდინარის პირას, გატეხილი კინოთეატრის პირას,

სახრჩობელაზე დაკიდებულების და ამის ვერგამბედავების შვილები.

იესო ქრისტემ რომ 5 თევზი 5 ათასად აქცია, ის თევზები მეზღვაურებმა პორტში მოიტანეს პატარა კრეისერებით,  სახელად «კაპიტანი ბუკია» და «განთიადი»,  რომ ქალაქი შიმშილით არ მოკვდეს. ვდგავარ რიგში, პარკით ხელში. ზღვა გეხმარება და ზღვა გახრჩობს. ერთი ნავიც ვერ ააშენე, რომ ის გადაგეცურა. ვერც მამაშენმა ააშენა, ვერც დედაშენმა, ვერც იმათმა მშობლებმა.

ქრისტეს ხატები და ინსულინის შპრიცი,

პოლიფონია და წვეტიანი ტუფლები,

ტყვნა და შიმშილი,

თოვლივით თეთრი ქიმია და ჰორიზონტივით იისფერი გვამები.

შენი თავდაცვის მინისტრს მხოლოდ რაგატკები აქვს უცხო ქვეყნის ავიაციის ჩამოსაგდებად,

რაგატკა შენც გაქვს ბავშვო.

ესე იგი, შენც გამოდგები - იმ შემთხვევაში თუ არყის, მოსაწევის და ტაბლეტების ბურანში შეძლებ მტერი მოყვარისგან გაარჩიო, ვინაიდან იქ, სადაც რესურსების ნაკლებობაა ამის გარჩევა ფხიზელ გონებაზეც საკმაოდ რთულია.


2017

იაფფასიან ნეონებს ირეკლავს სისხლი, ცოტა ღრმად და ჭრილობიდან მზის შიგნეულობა გადმოიღვრება. ტყუილად ეძებ სიმშვიდეს FM ტალღებზე, „ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში”.

„ცენტრი, ცენტრი, ლამა საბათქანი” - იძახის ტაქსისტი თავის მინი მეგაფონში. რაც ნიშნავს, ღმერთო, ღმერთო, რად მიმატოვე მე?" (მათე 27:46 ). ცენტრი დუმს, „არ დაიდარდო“ ტარიფი - 5 ლარი.

სადღაც ხრუშოვკების თავზე ძველებურად ფეიერვერკებით ხსნიან დრონებს, ხსნიან მტრედებს კეტამინი რომ გადააქვთ ფანჯრიდან ფანჯარაში, ძირს აგდებენ წეროებს ბავშვები რომ მოყავთ ახლადდაქორწინებულებისთვის. რაგატკებით კი რუსეთის ავიაციას. Bang, bang - ყველაფერი ძირს ნაწვიმარ ასფალტზე.

მაგრამ ამ ყველაფერს უკვე სხვა კორპუსიდან უყურებ, სხვა ჰორიზონტიდან, ამფეტამინის ხაზივით რომ გაწოლილა მაგიდაზე. იქნებ დროა გაუშვა ეს ბავშვი: მისი შიშები, აგრესია, გაუთავებელი ლტოლვა აპოკალიფსისკენ. ეს ყველაფერი ხელს გიშლის, როცა გარეთ 2017-ია, სიზმრებში კი - 96. ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ შენ დაიბადო.

მაგრამ რა დარჩება მაშინ შენგან?

ბავშვი ამბობს: „ვინ დადო შენი  ქვაკუთხედი, როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინებდნენ ღვთისშვილები კალაშნიკოვებით ხელში?" , ვინ გკვებავდა ოცნებებით მარსის კოლონიზაციაზე - როცა გშიოდა და ზეთში ამოვლებულ პურს ჭამდი ან აგროვებდი ციდან ჩამოგდებულ თხელი რკინის ქილებს, სადაც პირველად წაიკითხე სიტყვა «USA”?

 მე გასწავლე დარტყმების მიღება აცილება, მე გასწავლე, როგორ გაუსწორო თვალი მტერს და თვალი - მოყვარეს, თვალი წყვდიადს და თვალი მზეს, ნისლი მოგეცი სამოსელად და წყვდიადი – სახვევებად,  როცა წვიმებმა დატბორეს მიწა  – მე განახე  კატაკომბები შენს სულში, სადაც თავს აფარებდი, როცა გეშინოდა მე ვიპოვე წამლები შიშების ჩასახშობად, როცა მარტო იყავი და დედამიწის ზურგზე არავინ იყო ვინც მოგიკითხავდა – მე ვიდექი შენ გვერდით.

და შენც ფიქრობ: რა ამოავსებს ქაოსს, რომელსაც მოკლავ? ახალი სარეცხი მანქანა? ბრანჩები? ელეგანტური ღვინის წრუპვა პიკნიკებზე, ნუკლეარულ ოჯახებთან? სადაც შვილი გავს მშობლებს და მშობლები გვანან ნახატებს იეღოვას მოწმეების ჟურნალებიდან? ენჯეოს რეკლამას, პოლიტკორექტული სიზმრებით და ქვეცნობიერით.

სიყვარული, რომელიც შენ გაქვს ჩემი სიყვარულია, სიძულვილი, რომელიც შენ გაქვს ჩემი სიძულვილია. ვინ ხარ შენ ჩემ გარეშე? – ამბობს ბავშვი.

ბენზოებით ვაყუჩებ, მონაცემთა ბაზებს ვკითხულობ მწუხრის ლოცვებივით «სინათლის ქალაქში».

«შენი ლოდინი გადატენილი იარაღია» - ამბობს ხმა და მერე იძახის გაზაფხულის საფლავების სახელს, ამხელს მათ ადგილმდეობარეობას. მოგონებები მოვლენებზე რომლებიც არ მომხდარა, ქალაქებზე, სადაც არ ყოფილხარ, სიყვარულზე, რომელიც დატოვე როგორც მზე ტოვებს მიწას, რომელზეც თუნდაც ცოტა ხანი, მაგრამ მყარად იდექი და ფიქრობდი: იქნებ გავხდე ხე, ჩავუშვა ფესვები, გადავიდე ფოტოსინთეზზე?

შენ მეტეორივით, ის – მარტო. და ღამის ცა ეკრანივით - უსასრულო როგორც ჩინეთის დიდი კედელი. უვარსკვლავო ქართული ესტრადასავით.

და ამ ლოდინში აგრძელებ აკრობატიკას კალენდრის დღეების: ჩაი ადუღებულია, სარეცხი გაფენილი, შეიძლება ითქვას უკვე მზად ხარ,  მეორეარისხოვანია რისთვის: მეგობრის ნახვა,  მოულოდნელი კაკუნი კარზე, ბირთვული განთიადები. მთავარია, რომ მზად იყო.

მესიჯები „„ფრესკოსგან” და „ელიტ ელეკტრონიქსისგან”. მინეტის სიმართლე. კორპუსები მარსზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^