Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაიმე დედა, ვაიმე შევჩენკო - 2

22 სექტემბერი 2017

ჰოდა ასე: ვზომოთ კუკავას, გუგავას, ზალიკოს, ხოშტარიას და სხვათა პოლიტიკური მესიჯები და ამასობაში ლამბერსექსუალ კალაძის მეგობარი ექსზემორეირა ფეხბურთელები სიცოცხლით სავსე ქალაქში ერთად, საქველმოქმედო განზრახვით ჩამოვლენ... თუმცა წესით, ყველაზე მეტად მე უნდა მიხაროდეს, რაც წაღვერისა თუ ბორჯომის ტყეებში ჩემი ბავშვობის დროინდელი ფიჭვ-სოჭ-ნაძვნარი განადგურდა, იმის აღსადგენად მეფისტოფელი თავისი ცნობილი საოპერო კუპლეტებითაც რომ გვეწვიოს, ისიც უნდა გამიხარდეს...

მოკლედ, რივალდომ, შევჩენკომ, ძანეტიმ, დიდამ, სერჟინიომ, მალდინიმ, ტოტიმ, კრესპომ, კანდელამ და კიდევ სხვა ზეცნობილებმა პაიჭაძის სახელობის ცვრიან ბალახზე ბურთი თუ არ გააგორეს ბორჯომის გადამწვარი ტყეების აღსადგენად, რაა საოცნებო მამული.

საქველმოქმედო მატჩისთვის, რომელიც 29 სექტემბერს გაიმართება, ფეხბურთის ფედერაცია თურმე კაპიკსაც არ დახარჯავს. ცეცხლმოდებული აგვისტოს შემდეგ, როდესაც საქართველო-ირლანდიის მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენის ფონდში გადაირიცხა, ბედად, ფედერაციას სამშობლოს ბედზე ზრუნვასთან ერთად, კალაძის საარჩევნო კამპანიაც გაახსენდა და ვის, თუ არა „მილანის“ ყოფილ ცენტრალურ მცველს უნდა ეზრუნა, რომ ზემოაღნიშნულ ზემორეირებს საქველმოქმედო აქციაში აუცილებლად მიეღოთ მონაწილეობა.

ახლა ცოტათი წავურეფლექსიოთ:

ვთქვათ, სემეკთან იაკობივით მებრძოლ გუგავას სულ სხვა ხალხის ჟრიამული იზიდავს;

დავუშვათ, ელენ ხოშტარიას უბადლოდ უბრალო ლექსიკა, კიდევ უფრო სადა პერანგები და გლდანი-მუხიანის ასკეზა მართლა ცუდად ნაკეთი პიარია, ხოლო „ქართუ ბანკის“ წინ ზომაზე მეტად მონდომებული და გახელებული ზალიკო უდუმაშვილი კორპორაციების ბოროტ განზრახვას ჟიჟეკის სტილში ებრძვის;

ვივარაუდოთ, რომ კახა კუკავა მართლა სარეცხის საპონივით ვერ იტანს ლიბერალებს;

ბატონ ვაშაძის ფოტოებზე, სადაც ის სენატორ მაკეინისა და ჰილარი კლინტონის გვერდით დგას, უკრაინაში გადახვეწილი სააკაშვილის აჩრდილი საერთოდ არ იგულისხმება;

ბოლოს და ბოლოს, ვთქვათ, დავიჯერეთ ერთი უცნაური ჟურნალისტის ახირება და ვიდრე ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია პირდაპირ ეთერში არ „იზასავებენ“, სოროსის ლეკვებისა და გრანტიჭამიების სტატუსი არ ასცდებათ...

ნუ, ალეკო ელისაშვილი პოპულისტი რომაა და მეტროში, ზაფხულის ხვატში მხოლოდ გასაგრილებლად ჩადის, ეს ლეგენდაც ძალიან სარწმუნოა...

თუმცა ამავე ლოგიკით რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ მალდინი და ტოტი ბორჯომის ეკოსისტემის გადასარჩენად და მინერალური წლის შემცველობის შესანარჩუნებლად ჩამოვლენ; ან პირთამდე სავსე პაიჭაძის სტადიონზე კახი კალაძის გამოჩენა მხოლოდ მის სპორტულ წარმატებას შეგვახსენებს და არა მაგიურ ციფრს 41?

საქველმოქმედო მატჩის პარტნიორები არიან  VTB  ბანკი და Ice Group; ხოლო სპონსორები - კომპანია „ევექსი“, კომპანია m2 და  „თეგეტა მოტორსი“ და ამით ყველაფერი გასაგებია. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ საქართველო-ირლანდიის მატჩის შემდეგ ასი ათას ლარზე მეტი ჩაირიცხა ბორჯომის ტყის აღდგენის ფონდში, 29-ში დაგეგმილი მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხა კი 400 ათასს არ გადააჭარბებს, შეიძლება ითქვას, რომ  საქველმოქმედო მისია თითქმის შეუსრულებელი დარჩება.

მოკლედ, სტუმართა მიღებაზე დახარჯული თანხა მატჩის შემდეგ შემოსულ თანხაზე არანაკლები იქნება, ამიტომ მთელი ეს ეკოლოგიურ-საქველმოქმედო სანახაობა ცნობილ ვეტერანთა მატჩს დაემსგავსება, რომელშიც მაყურებელი კახა კალაძეს არა საფეხბურთო მატჩის მცველად, არამედ მომავალი მერობის კანდიდატად აღიქვამს. და ეს მიზანი ყოვლად მარტივი და გამჭვირვალეა, როგორც იმ ცნობილ კლიპში - „ვაიმე დედა, ვაიმე შევჩენკო!“... თუმცა შევჩენკო ისევ იქნება და იქნებ, ახალი და უფრო ვნებიანი კლიპიც დაიბადოს: „ვაიმე დედა, ვაიმე კალაძე!“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^