„გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.“
რუსთველი
ხარბის სიმხდალეა მხოლოდ რელიგია, მეცნიერს იზიდავს თავგადასავალი, ხოლო ხელოვნება ძელგი ღვინის სმაა სიჩუმის პეშვით. ბუნების, ვთქვათ, ფიზიკური კანონები არის აბსტრაქციები და წარმოადგენს ბუნების მოვლენების ახსნას ანუ ახსნა-განმარტებას ანუ გონებაში გამარტივებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბუნება და ბუნებრივი მოვლენები წარმოადგენს რამენაირად მათ მიღმა მდგომი და მათგან დამოუკიდებელი კანონების კონკრეტულ ილუსტრაციას ან გამოვლინებას. ასე თუ ვიფიქრებთ, მეცნიერული აზროვნებიდან თვალსა და ხელს შუა დავუბრუნდებით რელიგიურ და მაგიურ აზროვნებას, რომლის მიხედვით ბუნებრივი, სოციალური და ინდივიდუალური მოვლენები არის ან შეიძლება იყოს ზებუნებრივი ძალების ნება-სურვილის და მათ მიერ დადგენილი წესრიგის გამოჩენა ყოველდღიური ცხოვრების სამოსში.
სიტყვების სიახლოვემ არ უნდა მოგვახვიოს თავს ილუზია, თითქოს მათ მიერ აღნიშნული კონცეპტებიც ასევე ახლოსაა ერთმანეთთან. მოვლენა არ არის გამოვლინება. ბუნებრივი მოვლენა აიხსნება და უნდა აიხსნას, საუკეთესო შემთხვევაში ალბათ ფორმალიზებული, კანონზომიერების, რეგულარულობის საშუალებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს და არც უნდა ნიშნავდეს, რომ ბუნებრივი მოვლენა არის მისგან რამენაირად განცალკევებული რეალობის გამომჟღავნება. თუ ასეთ დამოუკიდებელ, მიღმა ან მაღლა მდგომ წყაროს დავუშვებთ, არ მგონია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, მაქს ტეგმარკის მსგავსად მათემატიკურ სტრუქტურას დავარქმევთ მას, თუ რელიგიის რომელიმე უკვდავი ნაშიერის სახელს.
შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენი გონება ამოზრდილია არქაული აზროვნების მეტაფორებიდან, ჩვენს გაგების უნარს რაღაცნაირად უფრო უადვილდება მოვლენაში გამოვლინების დანახვა, ვიდრე ყინულოვან აბსტრაქციაზე თავის შემაგრება. ჩანს, ადამიანს „გულის სიღრმეში“ ჯერ კიდევ უჭირს, დაიჯეროს, რომ ბუნების ყოველი კანონი არის გონებაში მიღწეული აბსტრაქცია და არა თუნდაც პირწმინდად განყენებული, მაგრამ გონებისგან მაინც დამოუკიდებლად არსებული რომელიღაც სამყაროსკენ მიმავალი ბილიკი. მართალია, როჯერ პენროუზი და მაქს ტეგმარკი მტკიცე ათეისტები არიან, მაინც მათ მიერ პლატონიზმის ანუ მათემატიკური სამყაროს დამოუკიდებელ რეალობად აღიარებაში ძნელია, არ დაინახო ადამიანის გონების უნებლიე უკან დახევა თავისი უფრო საიმედო, ტრადიციული ფორმებისკენ. ამ თვალსაზრისით, რელიგია მართლაც დაბრუნებას უნდა ნიშნავდეს. ოღონდ ესაა დაბრუნება უძღებ მამასთან.
მგონია, რომ ადამიანის ენა, ბუნებრივი ენა არის ეკვივალენტურობის პრინციპს დამორჩილებული ცხოველური სასიგნალო სისტემა. როცა საერთო ვითარებაზე, კონტექსტზე საგრძნობი ზეგავლენის მოხდენის გარეშე ერთი სიგნალი შეიძლება ჩანაცვლებულ იქნეს სხვა სიგნალით, მაშინ ამ სიგნალებს შორის მყარდება ეკვივალენტურობა და ისინი, ეს სიგნალები, გარდაიქმნება ენის ნიშნებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ენა არსებითად წარმოადგენს სწორედ სხვადასხვანაირად ერთი და იმავეს გამოთქმის უნარს, ანუ სასიგნალო სისტემაში ეკვივალენტურობის პრინციპის განხორციელების უნარს და შედეგს ერთდროულად. ვფიქრობ, მასში ეკვივალენტურობის პრინციპის გავრცელების შედეგად ცხოველის სასიგნალო სისტემაში ადამიანის ენა ვითარდება.
ამ განვითარების მკაფიო ნიშანია ენის არსენალში მეტაფორის არსებობა. ერთი შეხედვით, ეს პარადოქსული განცხადებაა, რადგან მეტაფორა განასახიერებს ზუსტად საპირისპირო რამეს. მართლაც, ყოველი მეტაფორა ერთი და იმავე სიტყვებით გამოთქვამს ორ აშკარად განსხვავებულ რამეს, მეტაფორის პირდაპირ მნიშვნელობას და მეტაფორის გადატანით მნიშვნელობას. მაგრამ იგივე მეტაფორა აზრიანი და გასაგებია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მისი მეტაფორული მნიშვნელობა არის ის, რაც სხვა სიტყვებით შეიძლებოდა გამოთქმულიყო. თუ ამ პირობას არ აკმაყოფილებს, მეტაფორა თავისი პირდაპირი მნიშვნელობის აბსურდით ამოიწურება. ამიტომ მეტაფორა, პირველ რიგში, არის ის, რაც სხვა სიტყვებით ამბობს რაღაც იმავეს. მეტაფორაში კრისტალიზებულია სხვა სიტყვებით თქმის უნარი, ანუ მეტაფორაში კონცენტრირებულია ეკვივალენტურობის პრინციპი, რომელსაც, ვფიქრობ, ემყარება ბუნებრივი ენა, ადამიანის ენა.
ამასთანავე, მეტაფორა მოკლედ ამბობს იმას, რასაც სხვა სიტყვებით აუცილებლად უფრო გრძლად ვიტყოდით. ეს კი ნიშნავს, რომ მეტაფორა იმავე ფუნქციას ასრულებს ენაში, რომელსაც მეცნიერება ასრულებს სამყაროს შემეცნებაში. ასე რომ, მეტაფორა წარმოადგენს მეცნიერების არქაულ ნიმუშს, მოდელს. ამ თვალსაზრისით, არა ფილოსოფია, არამედ პოეზია უნდა იყოს მეცნიერების წინაპარი. მეტიც, პოეზია სახელოსნოა, რომელშიც სხვანაირად თქმის, სხვა სიტყვებით თქმის ანუ მეტაფორების დამზადება და დამუშავება ხდება. სხვა სიტყვებით, ისტორიულად პოეზია ენის მთავარ პრინციპს, ეკვივალენტურობის პრინციპს გეგმავს და ახორციელებს. ამ ფუნქციის გამო პოეზია განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ენის, კომუნიკაციისა და საზოგადოების განვითარებაში. მოკლედ, ჩანს, არ ცდება რუსთველი, როცა ამბობს, რომ „შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი“.
ალბათ საკმაოდ იოლია იმის წარმოდგენა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ჩვენი ჰომინინი წინაპრის სასიგნალო სისტემაში ეკვივალენტურობის პრინციპის გაჩენა და გავრცელება, ენის ჩასახვა და წარმოშობა. ასეთ ტრანსფორმაციას გამოიწვევდა სასიგნალო სისტემის რამდენადმე განსხვავებული „დიალექტების“ მატარებელი ჯგუფების ხშირი და მჭიდრო კონტაქტი საერთო საფრთხის მოსაგერიებლად ან საკბილოს მოსანადირებლად. ცხადია, ამას თან ახლდა ცალკეული ინდივიდების მიგრაცია, გადასახლება ჯგუფიდან ჯგუფში, რაც სხვა პრიმატებსაც ახასიათებს. მაგრამ ადამიანის წინაპართა ჯგუფების თანამშრომლობა და ერთმანეთში შერევა განპირობებული იქნებოდა რაღაც ისეთი ობიექტური გარემოებით, რომელიც ნაკლებ გავლენას ახდენდა სხვა პრიმატებზე. ამგვარი გარემოების ყველაზე რეალური კანდიდატი კი შეიძლება იყოს ადამიანის წინაპრების ცნობილი ფიზიკური სისუსტე და მათ მიერ ბუნებრივი იარაღების, ბასრი კლანჭებისა და ეშვების არქონა. ასეთი არსებების ძალა მართლაც რომ მათ ერთობაში იქნებოდა. მტაცებლების მოგერიების, მსხვერპლის მონადირების ან რომელიმე დიდი ცხოველის გვამთან აფთრებისთვის კონკურენციის გაწევის გარდა ასეთი დროებითი და ხშირი კოოპერაცია სხვადასხვა ჯგუფის წევრებს კიდევ ერთ რამეში გამოადგებოდა. ისინი უბრალოდ იძულებული იქნებოდნენ, მოესმინათ და გაეგოთ თავის მსგავსთა მეტ-ნაკლებად განსხვავებული სასიგნალო სისტემები. სწორედ ასე და ამ ვითარებაში, რომელიც მილიონობით თუ არა, ასიათასობით წელი ნამდვილად გრძელდებოდა, ჩვენი წინაპრები გამუდმებით დადგებოდნენ იმ ფაქტის წინაშე, რომ არსებითად ერთი და იგივე რამ შეიძლება „გამოითქვას“ როგორც ნაცნობი სიგნალების სხვადასხვა თანმიმდევრობით, ასევე აშკარად, ფიზიკურად განსხვავებული სიგნალების მეშვეობით.
ასე გაიკვლევდა გზას ეკვივალენტურობის პრინციპი ცხოველების სასიგნალო სისტემიდან ადამიანის ბუნებრივ ენამდე. მას ფეხდაფეხ გაჰყვებოდა ჩვენი წინაპარი ცხოველის ევოლუცია, რომელიც გზადაგზა სულ უფრო განვითარებულ ადამიანს გამოიღებდა ნაყოფად. როგორც ვხედავთ, არა მარტო ათასნაირი უსიამოვნება მოაქვს ჩვენთვის იმას, რომ ენა გვისწრებს ხოლმე ასე ხშირად. მგონი, საკმაოდ ნათელია, სწორედ იმიტომ გამოვეყავით ცხოველთა სამყაროს, რომ სხვებზე უფრო მეტად გვისწრებდა წინ ენა, ჩვენ კი მას ერთგულად მივყვებოდით.
მაგრამ ადამიანის ევოლუციის ამ სახელდახელოდ მონიშნულ სცენარში ეკვივალენტურობის პრინციპით ძირფესვიანად გადასხვაფერებული სასიგნალო სისტემის გარდა კიდევ ორი რამ ნიშანდობლივი გამოიკვეთა: ადამიანის წინაპარი ჰომინინის ფიზიკური სისუსტის გამო იგი განსაკუთრებით ადვილად გახდებოდა მრავალნაირი ცოცხალი და არაცოცხალი საფრთხის მსხვერპლი. იმავე მიზეზით მისთვის განსაკუთრებით ძნელი იქნებოდა საკვების მოპოვება, რაც ხშირი და ხანგრძლივი შიმშილის პერიოდებით აღბეჭდავდა როგორც ცალკეული ინდივიდების, ასევე მათი ჯგუფების, მეტიც, მთელი ბიოლოგიური სახეობის ცხოვრებას დროის შესაბამის მასშტაბებში. მოკლედ, ჰომო საპიენსს ანუ გონიერ ადამიანს, როგორც სახეობას, ექნებოდა საკმაოდ მძიმე ბავშვობა, რომელიც ღრმა და არცთუ სასიკეთო კვალს უსათუოდ დატოვებდა მის ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და მენტალურ განვითარებაზე. გასაკვირი აღარაა, რომ შიში და სიხარბე ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი ადამიანს. თუმცა უმადურობა იქნება, არ ვაღიაროთ, რომ სწორედ დაუამებელ შიშსა და გაფაციცებულ სიხარბეს უნდა უმადლოდეს ჩვენი წინაპარი მილიონობით წლის განმავლობაში თავისზე გაცილებით უფრო მძვინვარე მოწინააღმდეგეებთან მეტოქეობაში გადარჩენას და, მეტიც, მათზე გამარჯვებას.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც რამდენიმე ათასწლეულს ითვლის ეს ყბადაღებული გამარჯვება, რის გამოც ის ალბათ დღემდე შეუმჩნეველი დარჩა მილიონობით და მილიარდობით წელზე გადაჭიმულ ბიოლოგიურ ევოლუციას. ამიტომ ძალიან დიდხანს უაღრესად სასარგებლო თვისებების ჩვენში წაშლას ევოლუცია ჯერ ხელს ვერც მოკიდებდა. ესეც რომ არ იყოს, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, წინასწარ არ იცის ევოლუციამ, თუ რას არ გვიმზადებს მომავალი.
სხვანაირად თქმის, სხვაგვარად „გამოხატვის“ უნარი და გამოცდილება რომ არა, როგორ მიხვდებოდა ადამიანი, რომ ქვაზე წასმული რაღაც საღებავი არა მარტო საღებავია, არამედ არის კლდეზე ან გამოქვაბულის კედელზე გამოხატული მარტორქა? როგორ მიხვდებოდა, რომ მარტორქა არა მხოლოდ ის არსებაა, რომელიც შამბნარს თელავს, არამედ აი, ის ხაზებიც იმ კლდეზე ასევე შეადგენს მარტორქას? ამიტომ ცხადი მგონია, რომ ეკვივალენტურობის პრინციპით გამსჭვალული ენის გარეშე ვერც ხელოვნების კეთებასა და დანახვას ისწავლიდა ადამიანი. ხოლო თუ ხელოვნების მნიშვნელობას ისე გავაფართოებთ, რომ მასში ვერბალური საქმიანობა, მაგალითად, პოეზია მოექცეს, ხელოვნებისთვის ენის გარდაუვალ აუცილებლობას კიდევ უფრო გაესმება ხაზი.
იმავე პრინციპისა და ენობრივი უნარის გამოვლინებაა ადამიანის ბეჯითი მიდრეკილება თავისი თავისა და გარემომცველი სამყაროს კვლევისკენ. მართლაც, ძალიან მოკლედ თუ ვიტყვი, მეცნიერების მთავარი მისწრაფება ისაა, რომ ცხოვრებისა და სამყაროს კალეიდოსკოპურად ცვალებად მრავალფეროვნებას მოუძებნოს სხვანაირი გამოთქმა, უფრო დამადინჯებელი, შეძლებისდაგვარად ლაკონური და მრავლის თავმომყრელი. საერთოდ რომ შესაძლებელია ასე თარგმნა და გარდაქმნა, ამაში თავისმა ბუნებრივმა ენამ დაარწმუნა ადამიანი, რომელმაც სწორედ ენის მეშვეობით შეძლო საკმაოდ ვერაგ თანამოძმეებთან არცთუ საიმედო, მაგრამ მაინც მოლაპარაკება და შეთანხმება. ეს საკმაოდ ნაყოფიერი გამოცდილება ცოტა განავრცო ადამიანმა და დაასკვნა, რომ რაც მის უახლოესში ხდება და ტრიალებს, იგივეა მოსალოდნელი და შესაძლებელი სხვაგანაც ყველგან. ამის შედეგად მან დაიწყო მოლაპარაკება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, იმ სავარაუდო, უხილავ სუბიექტებთან, რომლებიც მეტყველებენ თავის ენაზე, რომლის სიგნალებს, სიტყვებსა და ფრაზებს წარმოადგენს ათასნაირი მოვლენა გარემომცველ ბუნებაში.
ადამიანი დღემდე რიტუალური ქმედებისა და სიტყვიერი ლოცვის ენაზე მიმართავს ამ ძალებს, სამაგიერო პასუხად კი იღებს კარგ ან ცუდ ამინდს, ჯანმრთელობას ან ავადმყოფობას, სასურველ ან არასასურველ ცხოვრებისეულ მდგომარეობას და ასე შემდეგ. სასურველი მოვლენები მოლაპარაკების წარმატებას ადასტურებს, არასასურველი მის წარუმატებლობას ნიშნავს. ათასწლეულების განმავლობაში არსებითად მეცნიერული გამონათებებით ზოგჯერ ამართლებდა ეს მსოფლმხედველობა, გაცილებით უფრო ხშირად კი წარმოშობდა ადამიანისა და სხვა არსებების მსხვერპლშეწირვით ხელდამშვენებული რელიგიის საშინელებას. ასე იმიტომ თუ ხდებოდა, რომ ჩვენი სახეობის ძალიან ხანგრძლივი ბავშვობის უმძიმესი ტრავმები, სახელდობრ, დაუძინებელი შიში და სიხარბე წამოჰყოფდა ხოლმე თავს და ყველაფერს იმორჩილებდა. ასე რომ, ვიმედოვნებ, მკითხველისთვის უკვე ნათელია, ამ ესეს პირველი წინადადება რას გულისხმობს იმის გარდა, რასაც პირდაპირ ამბობს. თუმცა თუ მხედველობიდან გამორჩა, რომ იმ ფრაზებში ერთი მოკრძალებული ნიმუშიც იმალება, ახლა ცოტა განსხვავებული, უფრო ნაცნობი ფორმით გავიმეორებ:
ხარბის სიმხდალეა მხოლოდ რელიგია,
სხვა არაფერი.
მეცნიერს იზიდავს თავგადასავალი,
სხვა არაფერი.
ხოლო ხელოვნება ძელგი ღვინის სმაა სიჩუმის პეშვით
და არაფერი.