Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეჟიმი OFFLINE

30 სექტემბერი 2017

რეჟიმი OFFLINE

ასე უეცრად გამეღვიძა

16 ბიტიანი სტერეო განთიადების ცივ ნათებაში

დაბალბიუჯეტიანი ცარიელი დღეების სერიალი

სადაც სიყვარული ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ სითბოს წყაროს მოძიებას

ასე რომ შეიძლება უეცრად თავდავიწყებით შეგიყვარდეს

გათბობის მილები ან ვინმე ახლადგაცნობილი თბილი მაჩო.

პარტნიორების გადაგდება მოსულა.

იდეალური ღამეები ცხელი ჩაისა და ნარკოტიკებისთვის.

ასე უეცრად გამეღვიძა

OFFLINE რეჟიმში

დაცარიელებული პარკების მსუბუქი დეპრესიით და ახლადნაყიდი იარაღით ჯიბეში

უცხო, ვაგინალური სიზმრებით სუბტიტრების გარეშე

ხარვეზიანი კომუნიკაციებით ბინის პატრონთან -

თოვლის ფიფქებივით თეთრი ტაბლეტებით,

სექსივით მოსაწყენი ცა

დასვრილი ფანჯრის ერთ მეოთხედზე.

იდეალური განთიადები წებოს სასუნთქავად. როგორც უღრუბლო ბავშვობა.

პოსტაპოკალიპტური ხილვების ბარიგა/ გადამფრენი ფრინველებივით სასოწარკვეთილი სისტემა/ გადაულახავი ორგაზმული პიკები/ ღრმა ფსიქოლოგიური კრიზისების მუზეუმი/ შამპანური და დენდის თამაშები მონატრების ქსელის აბონენტებთან

ოთახებში სიჩუმე და სიცივეა,

გოგოები იკეტებიან ტუალეტებში და მასტურბირებენ

ამერიკული კომიქსების გარემოსთან ადაპტირებულ სუპერგმირებზე,

ბიჭები ეგუებიან სიმარტოვეს

და ერთობიან მსუბუქი ოვერდოზებით,

მერია წყალკანალში  აწვეთებს წვეთებს,

ხალხი ემზადება არჩევნებისთვის, კანდიდატები ჩურჩულით ესაუბრებიან უფალს.

ასე უეცრად გამომაღვიძა მეგობარმა ანთებული სახით:

-- წამო მოვკლათ DJ..

წამო მივითვისოთ სითბო..

წამო სახლში დედასთან, დედა სახლში მარტოა.

-- ალბათ თეფშებს რეცხავს, ომისთვის ემზადება..

ჩემი გამოღვიძება სახიფათო მოთენთილი აერობიკაა, უნებლიე გალობაა, დაუნდობელი ლოცვა:

არშემდგარი კოსმონავტების

უშნო, მაგრამ გულკეთილი ადამიანების,

მივიწყებული ავტორების,

არაფხიზელი პროლეტარების,

ნააბორტალი მიტოვებული ტრაექტორიების,

უნებლიე ანგელოზების,

სილამაზის სალონების,

უშიშროების მკვლელების

და სხვათა და სხვათა და მოწყენილთა მხარდასაჭერად

დაუმონტაჟებელი საღამოების უხეში ლაივები

როდსაც უსაშველოდ გენატრება სრულიად უცნობი ადამიანი

ავტოსაგზაო მოძრაობის წესები

[ პატარა ანონიმური ქალაქების ანონიმურ ტურისტებს..]

1.იარე ნელა

როგორც ღრუბლები იცვლიან ფორმებს ყველა შუქნიშანი გაფუჭებულია

და არასწორ მიმართულებას იძლევა

გუშინ მიტოვებული ბინებისკენ.

ყველა შუქნიშანი სინამდვილეში არ არის შუქნიშანი

ეს მოძრავი ფერები შესაძლოა ურთულესი კომუნიკაციური სისტემებია

რომლებიც გვესაუბრებიან სიყვარულზე

ამბობენ რომ

ყველა ქალაქში არის სიყვარულის საიდუმლო ოთახი

რომელსაც უძინარი ერთეულები პოულობენ ხოლმე ღამის 12-ის მერე

იფიქრე მათზე

იფიქრე სიყვარულის საიდუმლო ოთახზე ნეონური გადაღლილობის ქალაქებში,ატხადნიაკების პიკზე

იფიქრე მასზე, როგორც ვარდისფერ აბზე, რომელიც მოგგვრის სითბოს და ძილს

2.იარე ნელა

როგორც წვიმა ეცემა მინებს

ან ფრინველები მიფრინავენ იქით სადაც მზეა

დაიცავი ტუჩებიდან ტუჩებამდე არსებული მოძრაობის წესები

რომ განუმეორებელი ორგაზმებით შეაღწიო მათ სხეულებში

და როცა ისინი დაიძინებენ, მათ სიზმრებში მოკლა ხსოვნა შენზე და წახვიდე როცა გათენდება

მაქსიმუმ დატოვო უსარგებლო საჩუქარი,ისეთივე როგორც შენ ხარ.

მხოლოდ ასე შეიძლება გადარჩე

მხოლოდ ასე შეიძლება შეინარჩუნო

3.იარე ნელა

როგორც პეპლები კორპუსებს შორის საღამოს ჩერნობილში

როცა ტელევიზორით სავსე ქალი ფენს სარეცხს

და კატები ყეფენ როგორც რადიოშიშინი

და შეიკარი ღვედები

მერე რა რომ მანქანაში არ ზიხარ

შეიკარი ეს ზეცისფერი ღვედები

შაჰიდის ქამარივით

როდესაც აინთება წითელი -- ყველა აბონენტი გახდება მიუწვდომელი

როდესაც ყვითელი -- ყველას მობეზრდება ყველა

მწვანეზე ყველაფერი თავიდან დაიწყება.


რა დარჩა

ჩვენმა მისამართებმა მიატოვეს ჩვენი სახლები

ჩვენმა მეგობრებმა როგორც იქნა ისწავლეს ფარული ფრანგული ამბორები გეთსამანიის ბაღებში

ჩვენი ყოფილი შეყვარებულები ჩვენს ყოფილ ფანებთან ერთად

მიირთმევენ დილის ყავას

ჩართული ტელევიზორით და საუბრებით არაფერზე..

ჩვენი მოსაწევები გატრუხდა.

ჩვენი სიცილი სულ უფრო ემსგავსება ტირილს, როცა არ იმჩნევ.

ჩვენი საწოლები აჯანყდნენ და საზოგადოებრივმა ტრანსპორტებმაც უცებ შეიცვალეს რეისები,

არც ტაქსისტებმა, არც პასაჟირებმა არ იციან როგორ ან რა.

ასე რომ საერთოდ გაჭირდა დანიშნულების ადგილამდე მისვლა.

ჩვენი მომავალი პრეზიდენტები წავიდნენ პოლიტიკიდან და გალოთდნენ.

ჩვენი შვილები არა და არ იბადებიან.

ჩვენი ქვეყანა დიდია და ლამაზი.

ჩვენი საყვარელი რადიოტალღები დიდი აფეთქების ექოს ტრანსლირებენ, რაც პრინციპში არაფერში წაგვადგება,

ჩვენი ბარიგები დაიჭირეს, დაყარეს ასფალტზე როგორც ფოთლები შემოდგომის, წაიყვანეს სადღაც შორს.

ჩვენი საყვარელი პოეტები უკვე დიდი ხანია პოეტები არ არიან.

ჩვენი ოცნების ამერიკა ფილმებია როკ-ვარსკვლავების შესახებ ბანძ საიტებზე,

დენზელ ვაშნგტონის ენერგიული პახოდკა,

საშიში პატარა ქალაქები სერიალებიდან.

ჩვენი ნარკოტიკები ვერ გადიან საბაჟო კონტროლს.

ჩვენი საყვარელი მულტფილმების გმირები დაიხოცნენ გაურკვეველ ვითარებებში.

სიზმრები  გადაიქცნენ gif-ებად, ოცნებები სპამად სუსტი ფასვორდებით დაცულ მეილებზე.

ჩვენმა მამებმა გაუფრთხილებლად მიგავტოვეს ბავშვობაში და

წავიდნენ შორს შორს შორს.. ვარსკვლავებისკენ.

ჩვენი წვიმები მხოლოდ ოთახებში მოდიან.

ჩვენი აფთიაქები ხურდებში გვატყუებენ, მაგრამ გულუხვები არიან სხვა რამეებზე.

ჩვენი მეტეორები ყოველღამე

ჩუმად და ლამაზად ეცემიან მთვარის ზედაპირზე.

რა დარჩა შენგან

ან ჩემგან

ან იმათგან, ვინც აქამდე მოვიდა?


 

მოწყენილი შემოდგომა

მოწმენდილი ცის ნაფლეთებით.

უკვე დავიწყებული ტელეფონის ნომრები გაუცხოებული სახელებით.

მექნიკური, ინერციული კოცნები. ცოტა ზიზღი, ცოტა სიყვარული.

ნოტიფიკაციები ივენთებზე. ორგაზმის ინსცენირება.


წერილი გმირს

გამარჯობა გმირო

როცა ძველ სატელეფონო ცნობარებში

ეძებდნენ შენს გაცრეცილ სახელს

ხვალინდელი ზეცის არქივებისთვის --

მე მეძინა.

შენ უბრალოდ უნდა აგეკრიფა 022

და გეთქვა რომ --

ხეების სუნი ასდის კედის,

რომ კატებმა ისევ მოისაქმეს საწოლის უკან,

რომ ფრაქტალური გეომეტრია გასათვალისწინებელია ქალაქის დაგეგმარებაში --

მაგრამ ქარხანებმა გაგიტაცეს და ცეკვავდნენ შენთვის, როგორც ვარსკვლავები და ცხოველები კრიშნას გარშემო.

სამყარო მოსაწყენია ორშაბათობით, გეთანხმები.

აი ასეთი მოულოდნელია ჩვენი ტრაექტორიები

დილის მაღვიძარადან საღამოს კლუბებამდე

დილის ყავიდან საღამოს ზახოდებამდე

დილის ცივი ტრანსპორტებიდან ღამის კომფორტულ საწოლამდე

სევდიანი, გმირული და ელეგანტური ორგაზმით

ორ (ან მეტ) ხმაში.

შენ საახალწლო ჩინური მაშხალა ხარ გმირო!

იაფად ნაყიდი ჯადოქრობა ღარიბი კვარტალის ბავშვებისთვის.

როცა დღეები იწვიან როგორც სიგარეტი ჩემს თითებში

შენ იცი --ქარხნების სუნი ასდის საყვარელ ადამიანს

შენ იცი სადაც ამზადებენ მისნაირებს.

შენ ალბათ ცუდ ვარსკვლავზე გაჩნდი

იმიტომ რომ უკვე კარგა ხანია გამაზე საკუთარი სპეც. რეპორტაჟი

(რომელიც არის ცხოვრებაში ერთხელ და მერე არასდროს, ისიც თუ გმირად დაიბადე)

ვინაიდან მათ უკვე გამორთეს თავისი ტელევიზორები, შეჭამეს კაბელები და წავიდნენ სამსახურში.

არაუშავს.სამაგიეროდ

ჩვენ დაგვრჩა -- ყველა სახის ჯანქი და უამრავი ფერადი სათამაშო

სატელეფონო ხაზები და Am სიხშირეები

იარაღის საწყობები და ვიღაც მხატვრების რეპროდუქციები.

გარდა ამისა

მე შევძელი გადამენახა რამდენიმე უცნაური ნოტი

რომელიღაც საბავშვო პიესიდან

ფორტეპიანოსთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^