პირველად მსგავსი შემთხვევა თინეიჯერობისას, მეტროში მქონდა. როდესაც ვაგონში შესვლისას, სიხალვათეში ვიღაცის ხელი ჩემს უკანალზე ვიგრძენი. შემრცხვა და ხმა ვერ ამოვიღე. შემრცხვა იმის, რომ სხვების თვალში სასაცილოდ გამოვჩნდებოდი და იტყოდნენ, მოეჩვენაო. მთელი გზა საკუთარ ჩაცმულობაზე ვფიქრობდი. ვცდილობდი, ამეხსნა, შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყო ჩვეულებრივ ჯინსში რამე განსაკუთრებული, თუმცა დამაჯერებელი არგუმენტები ვერ ვიპოვე.
მერე გავიზარდე და გავაანალიზე, რომ სექსუალური შევიწროება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში საშუალო ასაკს გადაცილებული კაცებისა თუ თინეიჯერების მხრიდან ფათური არ არის. ისეთი შემთხვევებიც მქონია, თავისთვის სიტუაციებიდან გაქცევით რომ მიშველია. მერე გადავწყვიტე, რომ რაც არ უნდა სულელად გამოვჩნელიყავი სხვის თვალში, აუცილებლად ყველასთვის საჯაროდ, იქვე, უხეში ფორმით გამეცა პასუხი.
არ მეგულება ქალი, ვინც ერთხელ მაინც არ გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.სექსუალური შევიწროება სკოლაში, გარდატეხის ასაკიდან იწყება. როდესაც ბიჭები გოგოების მოზრდილ მკერდზე საჯაროდ ქილიკობენ, უხეშად ეხუმრებიან და ზოგჯერ კლასებში მათ მარტო გამოჭერასაც ცდილობენ. გოგოები კი შიშით თუ სირცხვილით ვერაფერს ამხელენ და სწორედ მაშინ სწავლობენ ჩუმად ყოფნას.
უნივერსიტეტში გადასვლისა და სამსახურის შოვნასთან ერთად, სიტუაცია რთულდება. ყველაზე ხშირი ალბათ მაინც სამსახურიდან გაშვებით შანტაჟია. გოგოებიც ნასწავლ სიჩუმეში ყოფნას ამჯობინებენ, თუმცა ხანდახან ასეთი ამბებიც სკდება. მოძალადეები კი თავს იმართლებენ, რომ იხუმრეს. საქმეც, უმეტესად, მათ სასარგებლოდ გვარდება.
სექსუალურ შევიწროებას, ძირითადად, არავინ აღიქვამს სერიოზულად. ის გაუპატიურება არ არის. რამეს თუ იტყვი, აუცილებლად გიპასუხებენ, რომ აზვიადებ, რადგან არაფერი მომხდარა. მერე რა, რომ შემთხვევით მოგედო ავტობუსში და ხელის მოსმა დაგიწყო, ან კლუბსა და პაბში ცეკვის დროს შემთხვევით აგეკრა. რა მოხდა, თუ შემთხვევითვე, არამეგობრულად შემოგხვია წელზე ხელი იმ მეგობრულ სადილზე, რომელიც ცოლს მოამზადებინა, ან, დიდი ამბავი, თუ უფროსი სამსახურში უხამსად გეხუმრება და გრძნობ, ყოველი შეხვედრისას, მზერით როგორ გეფათურება. როდესაც სიტუაციიდან თავის დაღწევას ცდილობ, განზე იწევი ან მიდიხარ, იქით გამუნათებენ და დაგცინიან, რა იყო, არაფერი მომხდარა და ასეთი საქციელი ოცდამეერთე საუკუნეს არ შეჰფერისო.
ახლა, როდესაც ბოლო რამდენიმე დღეა, არ წყდება ბრალდებები ჰოლივუდის გავლენიანი პროდუსერის მიმართ ქალთა სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, როდესაც ხმა ამოიღეს ჰოლივუდის გავლენიანმა მსახიობებმა და ყოველდღე ახალ-ახალი ფაქტები ხდება ცნობილი, ვიღაცები კითხულობენ, რატომ მალავენ ქალები სექსუალური შევიწროების შემთხვევებს და რატომ არ საუბრობენ ხმამაღლა მათზე განხორციელებული ძალადობის შესახებ.
პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ეშინიათ. ეშინიათ არა კონკრეტული პირის, არამედ საზოგადოების რეაქციის; ეშინიათ, ვინმემ მათზე არ იფიქროს, რომ მოეჩვენათ; ეშინიათ, სხვის თვალში არაადეკვატურად გამოჩენის; ეშინიათ ურთიერთობების გაფუჭებისაც. ყველაზე მეტად კი საკუთარი თავის ეშინიათ. ვერ უტყდებიან, რომ ასეთი რამ მათ შეემთხვათ, რომ ისე გახდნენ შევიწროების მსხვერპლნი, რომ ძლიერმა და მაგარმა ქალებმა, შეურაცხყოფისათვის პასუხი ვერავის მოსთხოვეს. ჯაჭვური რეაქცია მხოლოდ მაშინ მიდის, როდესაც ერთი გაბედავს და იტყვის სათქმელს.
სექსუალური შევიწროების გაუხმაურებლობის მეორე მხარე ისაა, რომ ქალების ნაწილი მას განსაკუთრებულ შემთხვევად არ აღიქვამს. მსგავსი ქმედების კონტექსტსაც ვერ ხვდება, ჩვეულებრივ ფაქტად მიაჩნია, რომელთა მიზეზს კვლავ თავის ჩაცმულობაში, ქცევასა თუ გარეგნობაში ეძებს, მომხდარის დავიწყებასა და დამალვას კი ყველაზე მეტად საკუთარ თავთან ცდილობენ.
შევიწროების მსხვერპლი ქალიც და კაციც შეიძლება იყოს. ეს გაუცხადებელი ძალადობის ფორმაა, რომლის დამტკიცების შანსი ძალიან დაბალია და ფიზიკურზე მეტად მსხვერპლს მორალურად შეურაცხყოფს. იქნებ, სწორედ ამიტომ ღირდა ჰარვი ვაინშტაინის ამბით გამოწვეული რეზონანსი, რომ ადამიანებს სექსუალური შევიწროების საკუთარ გამოცდილებაზე ხმამაღლა ლაპარაკი დაეწყოთ.