21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ცენტრალური მნიშვნელობა აქვს შეჯიბრს თბილისის მერის პოზიციაზე. ამ პოზიციის დიდი მნიშვნელობა განპირობებულია ბევრი მიზეზით. ყველაზე მთავარი არის ის, რომ დედაქალაქის მერს ევალება საქართველოს მოსახლეობის 30%-ისთვის საარსებო სივრცის გაუმჯობესება. ამ და კიდევ სხვა ბევრი მიზეზის გამო აუცილებელია, თბილისის მოქალაქეებმა გავიაზროთ რეალობა, გასაკეთებელი არჩევანის შედეგები წინასწარ განვსაზღვროთ და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ არჩევანი. ჰო, არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა რომ მინიმალური აუცილებელი პირობაა, არ ავხსნი, ისედაც ცხადია.
მართალია, ნიკო ნიკოლაძეს და დიმიტრი ყიფიანს ვერ ვხედავთ კანდიდატთა ჩამონათვალში, თუმცა ამ მხრივ, წინა არჩევნებთან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. მაშინ თუ ორი კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალა უპირისპირდებოდა ერთმანეთს, ახლა ოთხი უპირისპირდება, საიდანაც ერთი ძლიერი უპარტიო კანდიდატია. ოთხს იმიტომ გამოვყოფ, რომ სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით მხოლოდ მათი კონკურენტუნარიანობა იკვეთება. ესენი არიან: კახი კალაძე („ქართული ოცნება“), ზაალ უდუმაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) და ალექსანდრე ელისაშვილი (უპარტიო, დამოუკიდებელი კანდიდატი). ჩემი სუბიექტური აზრით, ეს სია ორზე დაიყვანება, მაგრამ იყოს ოთხი. ცხადია, რომ თბილისის შემდეგი მერი ამ ოთხიდან იქნება. ანუ, მიუხედავად იმისა თუ რამდენად შეესაბამება რომელიმე მათგანი ჩვენს გემოვნებას, მაინც მოგვიწევს რომელიმეს არჩევა. ანუ, შეკითხვა ისე კი არ დგას - „ვინ არის კარგი კანდიდატი?“, არამედ ასე - „ვინ არის ყველაზე კარგი კანდიდატი?“. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა შევადგინოთ ცხრილი, სადაც მარცხენა ვერტიკალურ სვეტში ჩამოვწერთ ჩვენს მოთხოვნებს/კრიტერიუმებს, ზედა ჰორიზონტალურ მწკრივში ჩავწერთ ამ ოთხ კანდიდატს და გავზომავთ მათ კრიტერიუმების შესაბამისად.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია: არჩევნების პოლიტიკური კონტექსტი; რამდენად დამოუკიდებელი და სანდოა კანდიდატი და მისი წარსული არსებული პოლიტიკური პარტიებისგან; რამდენად იცის თბილისის პრობლემები; და რამდენად შესწევს უნარი პრობლემების გადასაწყვეტად.
პოლიტიკური კონტექსტი: ბოლო 13 წელია საქართველოს მართავს ორი პოლიტიკური ძალა, რომელთაც ხალხურად ნაცებს და ქოცებს ეძახიან. აღსანიშნავია, რომ ამ ორი ძალის მთლიანობა არ შედგება თანაუკვეთი ძალებისგან. პირიქით, მათ დიდი თანაკვეთა აქვთ. პარლამენტშიც და საკრებულოებშიც (აქ უფრო მეტად) ხშირად შეხვდებით თმაშევერცხლილ ქოცს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა ნაცი იყო. ანუ, რეალურად, ეს არის ადამიანების შედარებით პატარა ჯგუფი, რომელიც გვეუბნება, რომ საქართველოს მათ იქით გზა არ აქვს. ისინი ყოველთვის ხაზს უსვამენ სხვა ალტერნატივის არარსებობას, მათ ამომრჩეველთა სიმრავლეს და რომ ქართველები მათ გარეშე ვერ მოვახერხებთ განვითარებას. არადა, სულ რაღაც ერთი წლის წინ, ამ ორმა ძალამ მთლიანობაში მიიღო საქართველოს ამომრჩეველთა მხოლოდ 37%-ის მხარდაჭერა (ქართული ოცნება - 24%, ნაციონალური მოძრაობა - 13%). როგორც წმინდა მეუფე სპირიდონი შემოგვძახებს ხოლმე დროდადრო - „ეგი გვინდა ქართველებს?!" მე არ მინდა ეგი. მე ვფიქრობ, რომ, როგორც მოქალაქე, ვიმსახურებ უკეთესს. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებების გარეშეც მაქვს ჩემი წილი საქართველოსა და თბილისის განვითარების შანსი. ეს ყველაფერი კი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღევანდელ რეალობაში, როცა მთავრობა და პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკომპლექტებულია ერთი პოლიტიკური ძალის მიერ, როცა სასამართლო, პროკურატურა და ტელემედიის დიდი ნაწილი პირდაპირ თუ ირიბად ემსახურება ამ ძალას. და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ აზარტული ინტერესი თუ მუღამი მაქვს, რომ ასეთი უსამართლოდ ძლიერი მონსტრი დაამარცხოს ერთმა უპარტიო და უფულო ადამიანმა. ეს იქნება ბევრი კარგი რამის მაგალითი და სამომავლო იმედი. თუნდაც იმის, რომ პოლიტიკოსის სიძლიერეს განსაზღვრავს არა ფული და პოლიტიკური კავშირები, არამედ ამომრჩეველი. ეს აუცილებლად ხდება ხოლმე განვითარების გზაზე მდგომ საზოგადოებაში და ჩვენთანაც მოხდება, მაგრამ უმჯობესია მოხდეს ახლა, ანუ მალე. დემოკრატიულ საზოგადოებაში ამომრჩეველია ყველაზე ძლიერი და დროა, ეს სიძლიერე ქართველმა მოქალაქემაც იგემოს.
დამოუკიდებლობა და სანდოობა: იმისათვის, რომ თბილისის მერმა თბილისის მოქალაქეების ინტერესები გაითვალისწინოს და ჰქონდეს პირობები ეფექტურად და პროდუქტიულად მუშაობისთვის, დღევანდელ რეალობაში აუცილებელია, რომ ის იყოს „ნაციონალური მოძრაობისგან“, „ევროპული საქართველოსგან“ და ბიძინა ივანიშვილსგან თანაბრად დამოუკიდებელი. პირველი ორისგან იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურად ანგაჟირებულ და რევანშისტულ ძალებს, ნაცებს, რომლებიც არ მოერიდებიან თბილისის მოქალაქეებისთვის მავნებლური გადაწყვეტლებების მიღებას საკუთარი პარტიის სასარგებლოდ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არაფრის დიდებით არ ვუტოლებ ელენე ხოშტარიას ზაალ უდუმაშვილს. პირადად ელენე ხოშტარიას მიმართ ვარ სიმპათიით განწყობილი და მიხარია, რომ მისი სახით ძლიერი ქალი კანდიდატია წარმოდგენილი. უბრალოდ, არ ვენდობი მისი გუნდის წევრებს, რომელთაც პუნქტებით არ ჩამოუწერიათ საკუთარი შეცდომები და არ უცდიათ ჩვენი დარწმუნება, რომ იმავეს აღარ გაიმეორებენ. მეორე მხრივ, მე მინდა ისეთი მერი, ვინც არ დათმობს მოქალაქეების საკუთრებას პოლიტიკური და ფინანსური პატრონის სასარგებლოდ და მოქალაქეებისთვის წამგებიანი პირობებით. მოკლედ რომ ვთქვა, მე მჭირდება მერი, ვისაც მაქსიმალურად ექნება წინაპირობები მოქალაქეების ინტერესების გასატარებლად და ვისაც არავითარი კერძო ვალდებულება არ შეუშლის ხელს ამ ინტერესების დაცვაში. ამ ყველაფერს კი, ანუ კანდიდატის სანდოობას, მისი სამომავლო გეგმების გარდა, დიდწილად განსაზღვრავს მისი წარსული საქმიანობა. ალეკო ელისაშვილის წარსული კი (საკრებულოს წევრობის ჩათვლით), რომელიც ორივე პოლიტიკურ ძალასთან თბილისის პრობლემების გამო უანგარო და უკომპრომისო ბრძოლისგან შედგება, არის ის, რაც ჩემს საჭიროებას აკმაყოფილებს.
თბილისის პრობლემების ცოდნა: საქართველოს დედაქალაქს აქვს ძალიან კონკრეტული პრობლემები, რომლებსაც სხვადასხვა გამოკითხვებში აჟღერებენ მისი მოქალაქეები. ესენია: ეკოლოგიური კატასტროფა, მოუწესრიგებელი ტრანსპორტი, ქაოსური განაშენიანება. ეკოლოგიური კატასტროფა, ანუ მწვანე გარემოს დეფიციტი. მოუწესრიგებელი ტრანსპორტი, ანუ დაუმთავრებელი საცობები, უხარისხო სატრანსპორტო საშუალებები და მოუწესრიგებელი პარკინგი. ქაოსური განაშენიანება, ანუ უადგილო და უსახური შენობა-ნაგებობები. საბოლოო ჯამში, ეს პრობლემები ითარგმნება მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის, ეკონომიკური განვითარების და საკუთრების (საჯარო თუ კერძო) უფლებების დარღვევაში. სამართლიანია აღინიშნოს, რომ ეს პრობლემები ხშირად გვხვდება განვითარებად ქვეყნებში და რომ ჩვენ არ ვართ ამ მხრივ უნიკალურად ცუდები. თუმცა, ეს ვერ იქნება შვების წყარო. ის, რომ ეს პრობლემები ყველაზე კარგად ესმის ალეკო ელისაშვილს, მისი წარსული საქმიანობის გარდა, კარგად ჩანს ამ საკითხების დღევანდელ უპრეცენდენტო აქტუალურობაში. გავიხსენოთ, ვინ დაიწყო ამ პრობლემების გააქტიურება და ვინ აქცია ისინი მთავარ სადებატო საკითხებად. ვინ გადაიტანა თბილისის მერის არჩევნები ჩვეული უსაგნო პოლიტიკური კინკლაობიდან ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე დისკუსიაში. ალეკო ელისაშვილი არის კანდიდატი, ვინც წლების განმავლობაში ეხმარებოდა თბილისის მოქალაქეებს ქალაქის მთავარი პრობლემების მიგნებაში და მათზე საჯაროდ საუბარში.
პრობლემების გადაწყვეტა: მოქალაქეებზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხის, მათი ინტერესების ყველაზე მაღლა დაყენებისა და პრობლემების კარგად ცოდნის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია მათი მოგვარების უნარიც. ამას კი, ამომრჩევლისთვის მეტწილად განსაზღვრავს ორი რამ: გუნდი და პროგრამა. ალეკო ელისაშვილის გუნდი, სხვებისგან განსხვავებით, დაკომპლექტებულია არა პარტიული მედროშეებით, არამედ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებით, რომელთაც, ცოდნის გარდა, ასევე აქვთ საჭირო ენთუზიაზმი და შესაბამისი წარსული. რაც შეეხება პროგრამას და სამი აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებს. ეკოლოგია: ვემხრობი მტკვრის, მისი შენაკადებისა და გამოუეყენებელი ტერიტორიების (brown fields) სრულიად ათვისებას. ასევე, არსებული რეკრეაციული ზონებსა და სხვა საჯარო ადგილებში არსებული სიმწვანის განვითარებას მწვანე მიმართულებით. ტრანსპორტი: ვემხრობი ტრამვაის ინიციატივას და მეტროს დატვირთვის გაზრდას. პარკინგთან დაკავშირებით, კარგად არ მესმის მისი გეგმები „სითი პარკის“ გაშვების შემდეგ პერიოდთან დაკავშირებით და არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ „სითი პარკის“ გაშვება აუცილებელია. განაშენიანება: სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოვისმინე სრული პროგრამა. არ გაუკეთებიათ პრობლემის სეგმენტირება უბნების მიხედვით, არ წარმოუდგენიათ შესაბამისი რეგულაციების სია, და არ განუსაზღვრავთ სამოქმედო გეგმა. თუმცა, რადგან ჩვენ ყველაზე მაგარ კანდიდატს ვეძებთ, და არა მაგარს, საერთო ჯამში აქაც ალეკო ელისაშვილს აქვს ჩემი მხარდაჭერა. ზოგადი საუბრების გარდა, რომ „ასე გაგრძელება არ შეიძლება“, არც არავის არ დაუდია კონკრეტული გეგმა ქაოსური განაშენიანების პრობლემის მოსაგვარებლად.
დანარჩენ სამ კანდიდატსაც რომ შევეხოთ აღნიშნული ოთხი ფაქტორის გათვალისწინებით:
კალაძე: მიუღებელი პოლიტიკური კონტექსტი; არასანდო და ბიძინა ივანიშვილზე დამოკიდებული; პრობლემების მწირი ცოდნა; არასაკმარისი სურვილი და მოტივაცია პრობლემების გადასაჭრელად.
უდუმაშვილი: მიუღებელი პოლიტიკური კონტექსტი; არასანდო და მიხეილ სააკაშვილზე დამოკიდებული; პრობლემების უცოდინრობა; არავითარი უნარი და მოტივაცია პრობლემების გადასაჭრელად. საერთოდ,გაუგებარია, რატომ უნდა მისცე ამ ადამიანს ხმა, თუ მიხეილ სააკაშვილი არ გესიზმრება ყოველ ღამე.
ხოშტარია: წინა ორზე უკეთესი, თუმცა ბოლომდე მაინც მიუღებელი პოლიტიკური კონტექსტი; არასანდო გუნდის წევრი; პრობლემების წინა ორზე უკეთესად ცოდნა; საკმარისი სურვილი და მოტივაცია, მაგრამ შეუსაბამო გუნდი და უნარები.
საბოლოო ჯამში კი, ჩემი ცხრილი ასე გამოიყურება:
0 - ყველაზე დაბალი. 10 - ყველაზე მაღალი. ფაქტორების წონა - თანაბარი.
ბოლოს, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ჩამორჩენილი ქვეყნის პატრონობის გამო თავს იმით ვიმართლებთ ხოლმე, რომ რეალურად არ გვქონია არჩევანის გაკეთების საშუალება. არჩევანი ხომ მაშინ კეთდება, როცა ასარჩევებს შორის ერთზე მეტი კანდიდატია? 2004-ში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავდა ალტერნატივა, 2012-ში - „ქართულ ოცნებას“. სხვა საქმეა, რომ ამგვარი რეალობებიც ჩვენი შექმნილია, მაგრამ ამაზე სხვა დროს. ჰოდა, ახლა არის შანსი და შესაძლებლობა გაირღვეს ეს გაუხსნელი წრე და გავაკეთოთ არჩევანი. არის ალტერნატივა პატიოსანი, ენერგიული და მცოდნე ადამიანის სახით, ვინც იმსახურებს ნდობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს წუწუნის გაგრძელება.