თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე 33 წლის მამაკაცი, პაატა პავლიაშვილი დაკავებისას პოლიციის მიერ გამოყენებულ ძალას ემსხვერპლა. პაატა საკუთარი უბნის მაცხოვრებელს გამოესარჩლა, პოლიციელებმა კი მისი დაკავება სცადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ქართული სახელმწიფოს ყველაზე დიდ სირცხვილად იქცა, ამ ამბის დამალვას სხვადასხვა ხერხებით შეეცადა. პირველი პაატას მეზობლის ვიდეოკომენტარი იყო, რომ თურმე პაატა “ფსიქოტროპულ ნივთიერებებს” მოიხმარდა, არ იყო ჯანმრთელი და ხშირად სვამდა. ამ, ერთი შეხედვით, სიძულვილით ნაკარნახევი მესიჯის მიღმა ბევრი რამ იკითხება, რასაც ჩვენ, ძალადობის და რეპრესიის წინაააღდმეგი ადამიანები, ხშირად ვაიგნორებთ.
თუკი სახელმწიფოს მხრიდან სიძულვილი ხშირად ეთნიკური და რასობრივი კუთხით გამოიხატებოდა, ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციამ სიძულვილის ობიექტი თავის ორგანიზმში აღმოაჩინა და მას ომი გამოუცხადა. პოლიტიკის შესაქმნელად საჭირო მტერი ქვეყნის შიგნით მოიძებნა და ეს სხვადასხვა, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფი აღმოჩნდა. ნარკომანი, ლოთი, ღარიბი, უსახლკარო, ქუჩაში მდგარი ადამიანი - ეს იმ ჯგუფთა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ნულოვანი ტოლერანტობის სახით ომი გამოუცხადეს და სახელმწიფოს ბიოლოგიური სხეულის მტრად დასახეს. დღეს მსგავს პოლიტიკას ბიო ნაციონალიზმი ან ნეო რასიზმი ეწოდება. როცა რასიზმი დასაგმობია ფართო საზოგადოებაში, ის შინაარსი, რასაც ეს სიტყვა ატარებდა, სხვა ჯგუფში გადადის. ამ ომის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ ჩვეულებრივ ვიღებთ განცხადებას “ლოთი იყო” და ეს აღმწერი განსაზღვრება ამარტივებს იმ ფაქტს, რომ ის გარდაიცვალა. ამას ცდილობდა შსს ვიდეოს ტირაჟირებით, სადაც მეზობელი გარდაცვლილის ცხოვრების წესზე ყვებოდა. ამ მოვლენებს კრიტიკულად თუ შევაფასებთ და ლოგიკას გავყვებით, ვერავინ დამიდასტურებს, რა შუაშია გარდაცვლილის ლოთობა ან ნარკოტიკის მოხმარება იმასთან, რომ პოლიციის ქმედებას მისი გარდაცვალება მოყვა.
ყველაფერი სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ქუჩის უწესრიგობის მთავარ ალტერნატივად ძლიერი პოლიციის გაჩენა დასახელდა. ყველას გვახსოვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონობით ლარი პოლიციის ეკიპირებაში, სოციალურ უზრუნველყოფაში, მათ ტრენინგებსა და ახალ-ახალი მანქანების დარიგებაში, რათა ამ ინსტიტუციას წესრიგი დაეცვა. 1990 წლიდან მოყოლებული, ქართული ქუჩა კრიზისში იყო, რადგან სახელმწიფო ჩვენი მეხსიერებიდან ნელ-ნელა გაქრა. სახელმწიფო, რომლის მთავარი მიზანიც ერთ დროს საზოგადოების მთელი ნაწილის ცხოვრებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსებული პირობების შექმნა იყო, გაქრა.
სახელმწიფოს დაბრუნება, ალბათ 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შედეგად მოსული ნეოლიბერალური ავტორიტარიზმი იყო. ნეოლიბერალური ავტორიტარიზმი ახალი არ არის და ის, როგორც უნიკალური თვალსაჩინოება პირველად ჩილეს მოქალაქეებმა იწვნიეს, წლების შემდეგ კი ლათინურ ამერიკაში “გატესტილი” თეორია ამერიკაში და იმ დროს კრიზისში მყოფ ბრიტანეთში დანერგეს. ზოგადად, არადასავლური ქვეყნები ხშირად ტესტების ლაბორატორიები იყო. იქ იტესტებოდა ის, რაც შემდეგ დასავლეთში ინერგებოდა.
მოკლედ რომ დავახსიათოთ, თუკი კეთილდღეობის სახელმწიფოს ფუნქცია მყარი და გრძელვადიანი სამუშაო ადგილების შექმნა, ღირესეული საცხოვრებლით, ჯანდაცვით და განათლებით უზრუნველყოფა იყო, ნეოლიბერალური, ახალი რეჟიმის ფუნქცია ამ დანარჩენის სახელმწიფო პასუხისმგებლობიდან ჩამოცილება და მოქალაქეების ზურგზე გადატანა გახდა. ეს დიდი და მტკივნეული პროცესი ყოველთვის რეპრესიით და ძალით ხდებოდა. თავისუფალ ბაზარზე გადასვლა რეპრესიის გარეშე არსად მომხდარა. ასე იყო საქართველოშიც. იმ რეფორმების გატარება, რომელსაც იმ დროს “რევოლუციური” ქვეყანა გეგმავდა, რა თმა უნდა, წინააღმდეგობის ფართო ტალღას გამოიწვევდა, ამ წინააღმდეგობას კი სახელმწიფოს მხრიდან ერთადერთი პასუხი ჰქონდა - ძალადობა. ასე მივედით დარბევებთან, შანტაჟთან, წამებასთან, ომთან და ათას უბედურებასთან.
როგორ ვაკავშირებ ამ მოვლენებს იმ ტრაგედიასთან, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე მოხდა? საქმე იმაშია, რომ იქ, სადაც სახელმწიფოს საზოგადოებრივი როლი უბრალოდ წაშლილია და მას არანაირი ჰეგემონიური პროექტი არ გააჩნია ადამიანებისთვის, რომლებიც სწრაფად ცვალებად გარემოში ვერ ინტეგრირდნენ, სისტემის ერთადერთი პასუხი რეპრესია და ძალადობრივი მექანიზმია. ის, რასაც დღეს უკვე ნეოლიბერალური გამონაკლისი დაარქვეს, კარგად ესადაგება ქართული საზოგადოების მაღალი მასშტაბით პოლარიზაციას. გამონაკლისი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანების უმრავლესობა ნეოლიბერალური სისტემის ობიექტია. ინკლუზიურია იმით, რომ მათი სხეული დღემდე იმ სივრცეში მოძრაობს, სადაც მილიონიანი მანქანები გადაადგილდება, თუმცა კი ეს მისთვის ხელმისაწვდომი არ არის. სისტემისთვის ეს ადამიანი ზედმეტი ბარგია, რომელიც სწრაფად უნდა ჩამოიშორო, ანდა მართვის სხვადასხვა ტექნოლოგიით აკონტროლო. ცოტნე ცხვედიანის ბლოგი, რომელიც ალბათ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კითხვას აჩენს ჩვენ პოლარულ საზოგადოებაში, ვფიქრობ, დღეს ყველაზე მეტად რელევანტურია. ის თავის ბლოგში ციტირებს მიხელ სააკაშვილს, რომელმაც დაახლოებით მსგავსი რამ თქვა:
“მიუხედავად იმისა, რომ რომელიმე რადიკალური ჯგუფი შემოვა თუ არა დიალოგში, ქვეყნის მატარებელი არ გაჩერდება, მათ აქვთ უფლება შემოუერთდნენ და სანამ ნელა მოძრაობს მატარებელი დროზე ამოხტნენ, რადგანაც უფრო რთული იქნება – თუმცა არა შეუძლებელი – ამოსვლა, როდესაც მატარებელი სიჩქარეს მოუმატებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ეს კარები მუდმივად ღია არ არის”– მიშა სააკაშვილი
დიახ, საქართველოს პრეზიდენტი აქ ალბათ სიმართლეს ამბობს. ეს კარი დახურულია. ნეოლიბერალიზმი, როგორც გამონაკლისი სისტემა, ფუნქციონირებს ისე, რომ საზოგადოების ზოგიერთი წევრი მის შიგნით არის, ზოგი კი მის მიღმა რჩება. ასე მუშაობს ეს “პროგრესის” მატარებელი, ალტერნატივა ამ პროგრესის მიღმა არის გარეთ დარჩენილი ნაწილის რეპრესია, რადგან მატარებელი დაძრულია, ის უკვე გზაშია, მას ხელი არ უნდა შეუშალოს არავინ. ვინც ხელის შეშლას დააპირებს, იმისთვის მხოლოდ ერთადერთი პასუხი შეიძლება იყოს - პოლიციური ძალა. ასეთია დღეს პოლიციის ლოგიკა, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში, რომლებიც თავს “დასავლურად”, “დემოკრატიულად” და რაც მთვარია, ლიბერალურად აცხადებენ.
ის ადამიანები, ვინც დღეს ამ პოლიციის სისტემას ებრძვიან, ხშირად აპელირებენ, თითქოს მათ შეკავების მექანიზმი აკლია, ან ქართული პოლიციაა მენტალურად ასეთი, ანდა კანონის შეცვლა უშველის ამას. ამ მოთხოვნების უმეტესობა ფუჭი იქნება, თუ ჩვენ ის პოლიტიკა არ გავაკრიტიკეთ, რომელიც მსგავსი პოლიციური ძალადობის შესაძლებლობას ქმნის. ის ინფრასტრუქტურა, რომელზეც დღეს ქართული პოლიციაა დაშენებული, პაატას მსგავს უამრავ მსხვერპლს მოიცავს. გვახსოვს ჩვენ დემურ სტურუა, ეს არ არის გადაცდომები, ეს ის მსხერპლია, რომელიც ამ პოლიტიკას თან ახლავს.
ჩვენ ისეთი საზოგადოების შექმნა უნდა მოვითხოვოთ, სადაც მსგავსი სისტემის არსებობა შეუძლებელი იქნება. სხვაგვარად ერთ წრეზე ვივლით. საჭიროა რადიკალურ კრიტიკაში მოვაქციოთ ის მატარებელი, რომლის უკანა ვაგონშიც აღმოვჩნდით და ვეცადოთ მის შენელებას, რათა სხვა ადამიანებსაც ქონდეთ შესაძლებლობა, ამოვიდნენ. დიახ, დღეს ნეოლიბერალიზმი ამ გამონაკლისებით ოპერირებს, მისთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც სახელმწიფოს დაასუსტებს და საზოგადოების ატომიზაციას გამოიწვევს. არა მგონია, ვინმეს დაესვა კითხვა, რატომ იყო პაატა “ალკოჰოლზე” დამოკიდებული ან თუნდაც, “ფსიქოტროპულ” ნივთიერებებზე? დაბადებიდან ასე იყო? რამ მიიყვანა პაატა და ათასობით პაატა ვაკე-ვერას მიღმა ამ შედეგამდე? აი ეს არის ის კითხვები, რომელსაც პასუხს ვერ ცემს დღეს მოქმედი ანტი პოლიციური მოძრაობები.
პ.ს სამხრე კამერები არა მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, არამედ პოლიციის პიარ სტრატეგიისთვის არსებობს. ჩვეულებრივი მოქალაქე ამ მასალას სასამართლოს გარეშე ვერ მოიპოვებს. თუკი ვიდეოზე მათთვის სასარგებლო მასალა იქნება, ის გასაჯაროვდება და პოლიციაც კიდევ ერთხელ მოითხოვს საზოგადოებისგან ტაშს.