„თუ მართლა გინდა ევოლუციის გამოკვლევა, უნდა გახვიდე ხანდახან გარეთ,
რადგან სიმბიოზს დაინახავ ყველგან!“
ლინ მარგულისი
ზომბის ავატარი არის ის, ხარ შენ, ვარ მე. ზომბის ავატარია ადამიანი, როგორსაც იგი თავის თავს იცნობს, აღიქვამს და აცნობიერებს. ზომბის არ გააჩნია ცნობიერება, ის ვერაფერს გრძნობს, ვერაფერს აღიქვამს, ის ბიოლოგიური მექანიზმია, ცოცხალი მანქანაა. ცნობიერება, შეგრძნება და აღქმა აქვს ავატარს, ზომბის ავატარს.
აქ ვსაუბრობ არა ფოლკლორულ ან მხატვრულ პერსონაჟზე, ზომბიზე, რომელსაც შეიძლება ამოძრავებდეს შიმშილის ან წყურვილის გრძნობა, ანუ მის მიერ ცნობიერად აღქმული რაღაც, არამედ ვგულისხმობ, ეგრეთ წოდებულ, ფილოსოფიურ ზომბის, რომელიც აზრობრივი ექსპერიმენტების ცნობილი გმირია. ეს ზომბი არის ცნობიერებას პირწმინდად მოკლებული, მაგრამ ყველა თავისი მოქმედებით, საუბრითა და გარეგნული რეაქციით ცნობიერი ადამიანის ზუსტი ასლი, რომელსაც ვერანაირი დაკვირვებით ან გამოკითხვით ვერ განასხვავებ სუბიექტური სამყაროს მქონე ცნობიერი ორიგინალისგან.
მაგრამ ფილოსოფოსებისგან განსხვავებით ამგვარი ზომბი მე არ გამოვიხმე მორიგი აზრობრივი ექსპერიმენტის ჩასატარებლად. მე მართლა მგონია, რომ ყოველი ნორმალური ანუ ცოცხალი და ცნობიერების, სუბიექტური სამყაროს მქონე ადამიანი „სინამდვილეში“ შედგება ორი წევრისგან. ერთი ამათგანი არის სწორედ არაფრის შემგრძნები ბიოლოგიური ზომბი, ცოცხალი არსება, რომელმაც არაფერი უწყის, რადგან უაღრესად რთული, მაგრამ სრულიად და არსებითად „უსულო“ მექანიზმია. მაგრამ როდესაც ამ ზომბის ურთულესი ორგანო, ტვინი, აღწევს ფიზიკურ სამყაროში შესაძლო სირთულის ზღვარს, იგი განიცდის გამრავლებას გაყოფით, რომელსაც სხვაგან მენტალური მიტოზი ვუწოდე. უფრო ზუსტად, ვივარაუდე, რომ ცოცხალი არსების ტვინში არსებობს გარკვეული „ინფორმაციული ბირთვი“, რომელიც სირთულის ზღვართან მიახლოებისას, რადგან „სხვა გზა არ რჩება“, რათა დამღუპველი ნაბიჯი არ გადადგას ქაოსისკენ, პოულობს გამოსავალს გამამარტივებელი გაყოფის, ანუ მენტალური მიტოზის სახით.
ამ მენტალურ-ინფორმაციული (ორად გაყოფით) გამრავლების შედეგად ჩნდება ორი შთამომავალი, ორი შვილობილი. ერთი შვილობილი არის არაცნობიერი ინფორმაციული ბირთვი, რომელიც, შეიძლება ითქვას, არის არა უბრალოდ ბიოლოგიური, არამედ მენტალურ-ინფორმაციული ზომბი ზუსტად თავისი მშობლის მსგავსად. ხოლო მეორე შვილობილი არის განახევრებული ფიზიკურობის მქონე წარმონაქმნი. რაც ნიშნავს, რომ მას პრინციპულად არ გააჩნია არც ობიექტურ, ფიზიკურ სამყაროში და არც თავისივე სუბიექტურობის ფარგლებში რამენაირი შედეგის გამოწვევის უნარი. ჩემი ვარაუდით, მენტალური მიტოზის სწორედ ეს მეორე შვილობილი არის ცნობიერება და მისგან განუყრელი ცნობიერი „მე“, სუბიექტურობა და სუბიექტი.
ამ ცნობიერებას მთელი თავისი შინაარსი მშობლისგან, ანუ ტვინის ინფორმაციული ბირთვიდან აქვს მემკვიდრეობით მიღებული მენტალური მიტოზის შედეგად. ეს შინაარსი იქნება ინფორმაციული ბირთვის შიგთავსის გამარტივებული ასლი. გამარტივებული თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ამგვარ ასლში მოხვედრილ ინფორმაციას - უკვე ცნობიერების შინაარსს, გრძნობად აღქმებს, კვალიას (qualia, აღქმაში მოცემული გრძნობადი თვისებები, პომიდვირის სიწითლე და სხვა) - აღარ გააჩნია იმის უნარი, რომ რამენაირი შედეგის გამომწვევი მიზეზის როლი შეასრულოს რომელიმე სამყაროში. ამიტომ მგონია, რომ ცნობიერების არმქონე ინფორმაციული ბირთვი უკვე შეიძლება დავახასიათოთ, როგორც არა უბრალოდ ბიოლოგიური, არამედ მენტალური ზომბი, რომელიც ცოცხალი, ბიოლოგიური ორგანიზმის მმართველი არაცნობიერი გონებაა. შესაბამისად, ცნობიერება შეიძლება დავახასიათოთ, როგორც მენტალური ზომბის მენტალური ავატარი!
უნდა დავაზუსტო, რომ რადგან არაფერზე არანაირი ზემოქმედება არ შეუძლია, ამიტომ მენტალური ავატარის - ცნობიერების - არსებობაც კი უცნობია მენტალური ზომბისთვის. რომ არა სოციუმი და, მით უმეტეს, კულტურა, თავისივე არსებობა დარჩებოდა თვითონ ცნობიერებისთვისაც სრულებით უცნობი. კულტურა ცნობიერების სარკეა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ცნობიერება კულტურაში ირეკლება. ეს იქნებოდა კულტურაზე ზემოქმედების შედეგი, რისი უნარიც, ვაღიარებ, მე ჩამოვართვი ცნობიერებას ჩემი თავაშვებული ჰიპოთეზებით. კულტურა არის ცნობიერების სარკე იმ აზრით, რომ ცნობიერება თავისი არსებობის ამბავსაც და იმასაც, თუ რას აღიქვამს აწმყოში ან რა შეიძლება აღიქვას ოდესმე, შესაბამისად იგებს და გაიგებს კულტურიდან, რომელიც ამ ცოდნით დაუზარებლად ამარაგებს მენტალურ ავატარს ბიოლოგიურ-მენტალური ზომბის გავლით. კულტურა არის ჯადოსნური სარკე, რომელიც თვითონ თხზავს ანარეკლს.
მნიშვნელოვანია, აქვე დავაზუსტო, რომ მენტალური ავატარი იმყოფება, ცხოვრობს იმ გარემოში, იმ სამყაროში, რომელიც მთლიანად და უკლებლივ წარმოადგენს მენტალური ზომბიდან მემკვიდრეობით მიღებულ შინაარსს (შინაარსებს) და სხვას არაფერს. ხოლო ის, რომ ავატარი, ადამიანის ცნობიერი მე „ცხოვრობს“, არ ნიშნავს, რომ იგი თვითონ, დამოუკიდებლად აკეთებს ამას, რადგან ყოველი მისი ნაბიჯი და მიმოხვრა, ყოველგვარი მისი სევდა და სიხარული ასევე მთლიანად მენტალური ზომბის მიერ აქვს მინიჭებული: ზოგი რამ უფრო ზომბის ნახელავია, ზოგიც უფრო კულტურიდან იმავე ზომბის მეშვეობით არის სუბიექტურ სამყაროში ტრანსლირებული.
შემიძლია ვივარაუდო, რომ ტვინში განვითარებული ინფორმაციული ბირთვი სირთულის ზღვარს აღწევს, როდესაც მასში ხდება ბიოლოგიური სიმბიოზის, უფრო ზუსტად, სიმბიოგენეზის მსგავსი რამ და ორი „შედარებით“ მარტივი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ერთეული ერთმანეთს ერწყმის ახალ, უფრო რთულ წარმონაქმნში. სხვათა შორის, მენტალური სიმბიოზის თვალსაჩინო ნიმუში შეიძლება იყოს უბრალო მეტაფორა. მართლაც, მეტაფორა არის ორი კონცეპტის, გარკვეული აზრით, ასიმეტრიული შერწყმა დაახლოებით ისე, როგორც სიმბიოგენეზის სახელით ცნობილი ჰიპოთეზის თანახმად ხდება ბაქტერიების სიმბიოზის შედეგად „ერთი“ ბაქტერიის ჩამოყალიბება მასპინძელ უჯრედად, ხოლო „მეორე“ ბაქტერია გარდაიქმნება ამ უჯრედის შინაგან, ენდოგენურ ელემენტად. ევოლუციის ამ ახალ საფეხურზე უჯრედსა და მის ორგანელებს, მათ შორის უჯრედის ბირთვს, უერთმანეთოდ აღარ შეუძლია სიცოცხლე - კვება, ზრდა და გამრავლება.
ასე თუ შევხედავთ, მეტაფორა ორი კონცეპტის სემანტიკური სიმბიოგენეზის შედეგად წარმოიქმნება. მასპინძელი უჯრედის როლს ასრულებს მეტაფორის მთავარი სუბიექტი, ხოლო მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ შინაგან ორგანელას წარმოადგენს მეტაფორის დაქვემდებარებული სუბიექტი. მაგალითად, მეტაფორაში „ჯულიეტა არის მზე“ გარემომცველ, მასპინძელ უჯრედად გარდაიქმნება მანამდე ავტონომიური კონცეპტი - „ჯულიეტა“, ხოლო შინაგან ორგანელად - „მზე“, რომელიც მეტაფორაში მოხვედრამდე თვითონაც დამოუკიდებელი კონცეპტი იყო. ამიტომ, როცა მეტაფორას სტანდარტულად განმარტავენ ხოლმე, როგორც ერთი კონცეპტის აღწერას მეორე კონცეპტის ტერმინებით, ვფიქრობ, ეს ერთი შეხედვით ლაკონური და მოსახერხებელი ფორმულირება უბრალოდ თვალს ხუჭავს ახალ მთლიანობაზე, რომელსაც მეტაფორა წარმოადგენს. უფრო ზუსტად, ამგვარი განსაზღვრება თითქოს განზრახ არ იმჩნევს, რომ მეტაფორა შეიძლება იყოს მენტალური სიმბიოგენეზის შედეგად წარმოშობილი ახალი „სახეობის“ ენობრივი ერთეული, რომელშიც აღსაწერი და აღმწერი კონცეპტები ერთმანეთზეა სუბორდინაციულად დამოკიდებული საერთო სტრუქტურის კონტექსტში.
ანალოგიური, მენტალური სიმბიოზის განსახიერება შეიძლება (უნდა) იყოს სხვადასხვა სახის - როგორც ინტრამოდალური, ასევე ინტერმოდალური - სენსორული ინფორმაციის გაერთიანება, რომლის შედეგად გვეძლევა, ვთქვათ, ფერისა და ფორმის მქონე ერთიანი ვაშლი ან მოლაპარაკე ადამიანი, რომელიც ერთდროულად ისმის და მოჩანს.
ამ თვალსაზრისით, ადამიანის ტვინი სირთულის ზღვარს აღწევს, როცა მასში ვითარდება სენსორული და სხვა სახის ინფორმაციის მენტალური სიმბიოზი. ასე რომ, ცნობიერება და ცნობიერი „მე“ წარმოადგენს მენტალური სიმბიოგენეზის ერთ-ერთ ნაყოფს. ხოლო ის, რომ თითქმის უმარტივესი ევკარიოტების, ანუ ბირთვის მქონე ერთუჯრედიანი ცოცხალი არსებებისა და ურთულესი მენტალური ფენომენის, ცნობიერების წარმოქმნაში არსებითად ერთი და იგივე მექანიზმი - სიმბიოგენეზი - შეიძლება მოქმედებდეს, არც ისე შეუძლებელი და მოულოდნელი მოგვეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ ევოლუციისთვის დამახასიათებელ ეკონომიურობას, რომელიც ახალ კონტექსტებში ძველი „მეთოდების“ ხელახლა და ახლებურად გამოყენებას გულისხმობს. ამის ერთ-ერთი განსახირება ხომ თვითონ სიმბიოგენეზია.
ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ერთი და იგივე მექანიზმია განხორციელებული, თუ შეიძლება პირობითად ასე განვასხვაოთ, ორგანულ სიმბიოგენეზსა და მენტალურ სიმბიოგენეზში. პროკარიოტებიდან, ანუ უბირთვო ერთუჯრედიანი არსებებიდან ორგანული სიმბიოგენეზის შედეგად წარმოიშვა უფრო რთული ევკარიოტები, ბირთვის მქონე ერთუჯრედიანი არსებები. მათგან კი, ევოლუციის მომდევნო საფეხურებზე კვლავ ამოქმედებული სიმბიოგენეზის შედეგად, წარმოიშვა ყველა მრავალუჯრედიანი ორგანიზმი ჭადრების, სოკოების, პეპლებისა და ადამიანების ჩათვლით. შეიძლება დაახლოებით ასევე, მენტალური სიმბიოგენეზის მონაწილეობით წარმოიქმნება ცნობიერება, როგორც თავისებურად ზღვრული ფენომენი ბიოლოგიურ და ფიზიკურ სამყაროში.
ვფიქრობ, ეს ზღვრული ფენომენი - ცნობიერება - ამავე დროს, უნდა იყოს მენტალური ზომბის ცნობიერი ავატარი! ახლავე განვმარტავ: ადამიანის შემთხვევაში ცნობიერების შევსება შინაარსებით, რომელთა შორისაა რეფლექსური წარმოდგენაც თავად ცნობიერებაზე, მთლიანად ადამიანური კულტურის საფუძველზე ხდება. ამიტომ მას, ჩვენს კულტურას, პირველ რიგში, ცნობიერების კულტურა შეიძლება ეწოდოს. სხვა ცხოველებთან შედარებით ჩვენი სახეობის საკმაოდ რადიკალური და მათგან მოწყვეტის მსგავსი წინსვლაც დაკავშირებული შეიძლება იყოს სწორედ იმასთან, რომ ადამიანმა, ცხადია, უნებლიეთ განავითარა ცნობიერების კულტურა. ვიმეორებ, ესაა კულტურა, რომელიც ბეჯითად ქმნის და ავითარებს საკუთარ ჰიპოთეზას ცნობიერებისა და ცნობიერების მქონე სუბიექტის როგორც არსებობის, ასევე შინაარსის თაობაზე. ამ კულტურისეული ჰიპოთეზის ფრაგმენტებს, მათ შორის მეტაფორების მასალას, გრძნობის ორგანოები და ტვინი მენტალური სიმბიოზის ქვაბში ყრიან. იქ დუღს და გადმოდუღს შერწყმისა და შემოწმების პროცესი. ზედმეტი ორთქლის გამოსაშვებად, ანუ უკიდურესი სირთულის განსამუხტად ევოლუციის მიერ „გამოგონილი“ მენტალური მიტოზი წარმოშობს განახევრებული ფიზიკურობით აღბეჭდილ ცნობიერებას, რომელშიც ბოლოვდება ის და მხოლოდ ის, რაც კულტურაში იღებს სათავეს.
თანამედროვე მეცნიერების უდიდესი პრობლემა და ჯერაც ამოუხსნელი საიდუმლო არის ცნობიერება. ათასწლეულებია, რაც ძველი თუ ახალი რელიგია ზებუნებრივ და უკვდავ სულს თხზავს აშკარად არც თუ მთლად ფიზიკური ცნობიერების დასაბინავებლად. თანამედროვე მეცნიერება კი ცნობიერებას ეძებს ტვინში, განსაკუთრებით ადამიანის ტვინში, რომელიც ჩვენთვის ნაცნობ მთელ სამყაროში ყველაზე რთული ობიექტია. მაგრამ ზემოთ მონიშნული ვარაუდის თანახმად, ტვინის ინფორმაციული ბირთვი უკიდურეს სირთულეს აღწევს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მენტალური სიმბიოზის, სიმბიოგენეზის შედეგად, რასაც მოჰყვება მენტალური მიტოზი, უკვე რომლის შედეგად ჩნდება ორი განაყოფი, ორი შვილობილი: ა) ტვინის ინფორმაციული ბირთვის მომდევნო მდგომარეობა, რომელიც სრულად ფიზიკურია იმ აზრით, რომ აქვს როგორც ფიზიკური მიზეზი, ასევე ფიზიკური შედეგის გამოწვევის უნარი, თუმცა „მშობელ“ ინფორმაციულ ბირთვზე ნაკლებად რთულია; ბ) ტვინის ინფორმაციული ბირთვის მეორე განაყოფი, რომელიც არასრულად ფიზიკურია იმ აზრით, რომ მას აქვს ფიზიკური მიზეზი, მაგრამ არ გააჩნია ფიზიკური შედეგის გამოწვევის, ფიზიკურ სამყაროზე მიზეზობრივი ზემოქმედების უნარი.
მენტალური მიტოზის სწორედ ეს განახევრებული, ნაკლული ფიზიკურობით აღბეჭდილი შვილობილი არის სუბიექტური და ფენომენალური ცნობიერება. განახევრებული ფიზიკურობა გულისხმობს, რომ ცნობიერებას პრინციპულად არ შეუძლია რამენაირი ზემოქმედება მოახდინოს ფიზიკურ სამყაროზე, რის გამოც შეუძლებელია ცნობიერების ობიექტურად დაკვირვება, ის უბრალოდ არ არსებობს მესამე პირის პოზიციიდან. ამიტომ მენტალური სიმბიოზი მხოლოდ ცალმხრივადაა დაკავშირებული ცნობიერებასთან. ეს კავშირი გაშუალებულია მენტალური მიტოზით, რომლის აუცილებლობას ამწიფებს მენტალური სიმბიოზი მას შემდეგ, რაც ზედმეტად მიუახლოვდება სირთულის ზღურბლს. ამ მომენტში ტვინი, კერძოდ, ტვინის ინფორმაციული ბირთვი აღწევს სირთულის დასაშვებ მაქსიმუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი განმუხტვის აუცილებლობის წინაშე დგება, რათა ქაოსური, ტურბულენტური პროცესების მსხვერპლი არ გახდეს.
მენტალური სიმბიოგენეზით მიღწეული სირთულე უდავო ინტელექტუალურ უპირატესობას მიანიჭებდა მისით აღჭურვილ ჩვენს წინაპარს. მაგრამ ამგვარი უპირატესობა უაღრესად და უნაყოფოდ ხანმოკლე იქნებოდა, თუ მას დროულად განმუხტვის უნარი არ დაუმშვენებდა გვერდს. სიცოცხლისუნარიანობას შეინარჩუნებდა მხოლოდ ის ტვინი, რომელიც გართულებასთან ერთად ასე განმუხტვას ახერხებდა და, შესაბამისად, თავს არიდებდა სიგიჟისკენ მიმავალ საბედისწერო გადაჭარბებას. ცხადია, თანაც ამ უნარის მქონე ტვინის პატრონს მხოლოდ ჭკვიანზე გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა, დაეტოვებინა შთამომავლობა, რომელსაც მემკვიდრეობით, გენეტიკური გზით გადაეცემოდა უკიდურესი გართულების როგორც მიღწევის, ასევე განმუხტვის მექანიზმები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბუნებრივი გადარჩევა აუცილებლად შეამჩნევდა და შემოინახავდა მენტალური სიმბიოგენეზისა და მენტალური მიტოზის ნაყოფიერ წყვილს.
კაცი ბჭობდა და ევოლუცია იცინოდაო. მით უფრო ახლა, როცა ჩემი უცნაური ვარაუდების მთელი ეს კასკადი საბოლოოდ კიდევ უფრო უცნაურ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: ცნობიერების ადგილი არის არა ტვინში, არამედ სხვაგან. არა, რომელიმე სხვა ორგანოს არ ვგულისხმობ. ცნობიერება არის და, შესაბამისად, საძიებელია არა ტვინში, არამედ ევოლუციაში! (?) ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ მცდარი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი თანამედროვე პარადიგმა, რომელშიც ცნობიერების მეცნიერული კვლევა წარმოებს და ვითარდება.
ევოლუციას არ გააჩნია მიზნები, ამიტომ ალბათ ხშირად აკვირვებს მას თავისივე ნახელავი. ამ ესეს დასასრულ ერთი-ორ მნიშვნელოვან ფრაზას კიდევ მოგახსენებ, მკითხველო. ცნობიერება არის მეჩხერი მოაჯირი, რომელიც სამყაროს კიდეს მიუყვება, რათა ევოლუციური სირთულით მოხიბლული ცოცხალი არსება, სამყაროს უნებლიე მესაზღვრე ქაოსის უფსკრულ მოუსავლეთში არ გადაეშვას. ხოლო შენი სწორუპოვარი „მე“, რომელიც ასე განსაკუთრებული და აუცილებლად არსებული რამ გგონია, შეიძლება იყოს მთლიანად შეთხზული, თავიდან ბოლომდე გამოძერწილი კულტურის ხელით და მხოლოდ შემდეგ შეთვისებული თავისთავად არანაირი „მეს“, არავითარი სუბიექტის არმქონე ცნობიერების მიერ. ზომბი, ავატარი და კულტურა შეადგენს მოჯადოებულ სამკუთხედს, რომლის გარეთ ადამიანი უკვალოდ ქრება.