ძველ საბერძნეთში პანთეონებს ღმერთების სადიდებლად აშენებდნენ, ხოლო შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ევროპაში ის პოეტთა მუდმივ ნავსაყუდელად იქცა. ღმერთების უდიდესი მწერლებითა და პოეტებით ჩანაცვლება ნიშნავდა, რომ ამა თუ იმ ერის მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდილიყო გამორჩეული და საკაცობრიო მნიშვნელობის სახელები. დღეს მსოფლიოში მიმოფანტული ორი ათეული პანთეონიდან სამი თბილისშია თავმოყრილი!
მთაწმინდა, დიდუბე და საბურთალო, სადაც 600-ზე მეტი ხელოვანი, მეცნიერი თუ საზოგადო მოღვაწეა დაკრძალული, ბოლომდე გადავსებულია. ამიტომ ყოველი ცნობილი პოეტის, მწერლისა თუ არტისტის სიკვდილი ხელახალი ვნებათაღელვის საგანი და ლამის მარადიული შეკითხვის ტოლფასი ხდება - სად და რატომ?
ალექსანდრე გრიბოედოვიდან მოყოლებული, რომელიც პირველი დაკრძალეს მამა დავითზე, საკრალურად მაინც მთაწმინდა რჩება. დღეს იქ მოხვედრა დაახლობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ან კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვედრის ტოლფასია. მერე რა, რომ რუსთაველი იქ ვერასოდეს იქნება, ხოლო ორგზის გადასვენებულ ბარათაშვილს ძლივს ეღირსა კანონიკური სივრცე. მთაწმინდისგან განსხვავებით, დიდუბე უფრო პანთეონის საბჭოთა დროის ფილიალად აღიქმება, ხოლო საბურთალოს პანთეონი მოკვდავ თუ უკვდავ არტისტულ სამყაროში დღემდე არასერიოზულად ჟღერს.
პანთეონების ამგვარი დახარისხება კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი საზოგადოების ინფანტილიზმზე და საერთოდ, არასერიოზულს ხდის დისკურსს. მაგრამ რა უნდა ვიღონოთ, როცა „უკვდავების ბინადართა“ სამივე არსებული სივრცე დაკავებული და ათვისებულია? თბილისის მერიამ დიდხანს იფიქრა და გადაწყვიტა, რომ მახათას მთაზე, სადაც ახალი სამონასტრო კომპლექსი შენდება, იქვე, გვერდით პანთეონიც გაიხსნება... მაგრამ მარადიული ადგილი ავლაბარში ვიღაცებისთვის მაინც არასწორია და არაპრესტიჟულიც. თანაც იქამდე შორია - ვინ მივა დღეს მახათას მთაზე მწერლისა და პოეტის საფლავის სანახავად?!
რამდენი კარგი მწერალი და პოეტია საქართველოში? ხუთი, ათი, თორმეტი... და თუ არითმეტიკა ამ შემთხვევაში უხერხული და არაფრისმთქმელია, ხომ არსებობს რაღაც ესთეტიკური ან მეტაფიზიკური საზომი, მსაზღვრელი, რომელიც სინამდვილეში, ყოველთვის უშეცდომოდ გვკარნახობს, რით განსხვავდება საშუალოდ კარგი, ძალიან კარგი და მშვენიერი გენიალურისგან? ისიც ხომ ვიცით, რომ გენიალური ყოველთვის ძალიან ცოტაა და მისი გამორჩევა-დიფერენცირება, დიდი ესთეტიკური თუ ეთიკური დავიდარაბის მიუხედავად, მაინც შეიძლება.
რატომ არ შეიძლება პანთეონი სწორედ ერთეულებს დავუტოვოთ, იმის შესაბამისად, რომ მომავალში აღარ განმეორდეს გადმოსვენება-გადასვენების აქტები და თუ მაინცადამაინც აუცილებელია, დანარჩენი „კარგები“ სადმე „ერთად შეყარნას მიწამან“... ამით ხომ გადავსებული პანთეონის იდეა სადავო მაინც არ გახდება. ისე კი, ნაციონალური პანთეონი ყველა ქვეყანაში ერთია და გასაგები კონცეფციით აგებული. ეს საქართველოშია სამი, რის გამოც ცოტა არასერიოზული ხდება პანთეონის მნიშვნელობაზე და იქ დაკრძალვის ვნებებზე საუბარი.
რა დააკლდებოდა მთაწმინდის პანთეონს, იქ რომ მხოლოდ რამდენიმე პოეტისა და მწერლის საფლავი იყოს. ეს ხომ იმასაც აღნიშნავდა, რომ საქართველოსაც ჰყავს ცოტა გენიალური და ბევრი კარგი პოეტი და არ არის აუცილებელი ყველა ერთად იყოს დაკრძალული. თუნდაც იმიტომ, რომ პანთეონი პრესტიჟული ან მხოლოდ ელიტური სასაფლაო არ არის, ის სრულიად სხვა განზომილებას აღნიშნავს. მაგალითად, ბოდლერი მონპარნასის სასაფლაოზეა დაკრძალული, ბალზაკი - პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, ფლობერი - მშობლიურ რუანში. პარიზის პანთეონში კი დაკრძალულნი არიან ვოლტერი, ჰიუგო, დიუმა....და მათ შორის არავინ არავისზე ნაკლები არ არის.
კიდევ ერთი, მტკივნეული საკითხია, თუ ვინ უნდა გადაწყვიტოს პანთეონში დაკრძალვის საკითხი. სხვათა შორის, რიგ ქვეყნებში არსებობს კანონი, რომელიც ითვალისწინებს, რომ გარკვეული დროის შემდეგ თავად ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, ესა თუ ის ხელოვანი, მოაზროვნე თუ მეცნიერი უნდა გადაასვენონ თუ არა პანთეონში. ჩვენს შემთხვევში, ვაჟა-ფშაველასა და ნიკოლოზ ბარათაშვილის მთაწმინდაზე გადასვენება, ნამდვილად სწორი იყო; ხოლო თუ კონსტანტინე გამსახურდია კოლხური კოშკის ეზოში, საკუთარი ანდერძის მიხედვით დაკრძალეს, ეს მის შემოქმედებას და მომავალს არაფერს აკლებს.
ის, რომ დღეს არტისტს, მწერალს, ხელოვანს, ის უფრო ადარდებს, თუ სად დაიკრძალება, ვიდრე - რა დარჩება მისი შემოქმედებიდან,ზუსტად ასახავს გადავსებული პანთეონების თემას, რომელსაც, სხვათა შორის, ლაშა ბუღაძემ მშვენიერი სატირული პიესა მიუძღვნა. როგორც ჩანს, ეს თემა კიდევ დიდხანს იქნება ჩვენთვის აქტუალური.
P. S. ჰო, გამახსენდა, რომ მოცარტი ვენის საერთო სასაფლაოზე დამარხეს. ასე რომ, საბოლოოდ, მაინც „არს ლონგა ვიტა ბრევის“.