...დაინიშნა ან მოიხსნა მინისტრი; მოზარდმა გაგუდა კატა ან დააფსა მას; მწერალს ან პოეტს შეეშალა მართლწერა; პრემიერმა სადღაც შეიყო თითი - პრეზიდენტმა კი მიირთვა ჰალსტუხი; ქალი ცემეს, ტრანსგენდერი დაწვეს, სკოლის მოსწავლე გოგონას სადარბაზოში დაანახეს ასო; ერთი შტერი მეორეს ციანიდით უმასპინძლდება, სკოლებში ხაჭაპურის ნაცვლად ვაშლები დარიგდა (!); დორბლმორეულმა რეგვენმა ფბ-ზე საჯარო მასტურბაცია გააჩაღა ლამაზმან პოლიტიკოსზე და... სულ ბოლო! - ერთი „აზაბოჩენი” მეორე დაკომპლექსებულს უკანალზე მიაშტერდა...
საზოგადოება ცხოვრობს „მოვლენებით”. ეს არის მისი ხალისი, მოტივაცია მოტორი და თვითმიზანი...
„მოვლენები”, საზოგადოებაში მოარული ტენდენციების, წარმოდგენების („დოქსების”) და საჯარო ღირებულებების ეგზისტენციალურ ფაქტებთან გადაკვეთის შედეგად ფორმდება.
სწორედ „მოვლენების” გარშემო „იღებს ხმას” დიდი ენთუზიაზმით საზოგადოება და ეს ხმის ამოღება (და არა ქმედება) არის მისი ბუნებისა და ცნობიერების მდგომარეობის ამრეკლავი ჭეშმარიტი სარკე :)
მერე რა, რომ უმთავრეს შემთხვევაში „მოვლენა” ფუჭია, რომ უკან მას არაფერი უდგას მნიშვნელოვანი, კეთილი/ღირსეული, ან საგულისხმო - ან თუ უდგას კიდევაც, კაცმა არ იცის და კაცი ვერ იგებს ამას... - მთავარი ისაა, რომ „საზოგადოებრივ დისკურსს” (ვულგარულობის ეტალონს) მიეცა ბიძგი და დასაბამი - რომლის მისიაც ნერვის, კანის, კეფის და კიდევ ერთი ადგილის ექსტატური ფხანა/ქექვაა... ჩართულობის დონეს კი ნუ იკითხავთ: გულ/ღვიძლ მიხეული „ეგოების” რახუნ/კაკუნის და ხახუნ/ბღლარძუნის ტვინის ამმღვრევი ექსპოზიცია...
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების „მოვლენებად” ქცევა ხანდახან ცუღლუტი ბავშვის კირკიტა/მეთვალყურეობის ტიპის ცნობიერების შემოქმედებაა. ზოგი „მოვლენა” ვიღაცის იაფფასიანი პატივმოყვარეობის დაპრაწული თვალებით დანახულია, ზოგი კი - შეიძლება თვალუწვდენელი სიღრმეებიდან ამოზრდილი ხის ფოთლები; მაგრამ ამ უზარმაზარი განსხვავების მიუხედავად, საზოგადოების ცნობიერების „ძლიერება” სწორედ ამ სხვადასხვა ბუნების მქონე მოვლენების ერთგვაროვანი გადაბრტყელების მოხერხების მაგიაში მდგომარეობს.
ასეთია ლივლივა საზოგადოებრივი ზედაპირი და მასზე რეაგირების ექსტაზი, რომელიც ადამიანის მიერ ტვინის მოხმარების იმ ყბადაღებული 8%-დან არცერთს არ ითხოვს!
***
ზემოთ ხსენებული, ეგრეთ წოდებული, „მოვლენები” და მათი სახალხო „დისკურსი” სარკის ანარეკლებიანი ზედაპირია, სარკის უკან კი ყოველთვის უკუნი სიბნელეა: უფსკრულის ის სიბნელე, სადაც: უბრალო მოკვდავის „სინათლეს” შეჩვეული მზერა ვერ აღწევს, მარტოობა კანონია და სინათლის ლივლივ/ჩახ-ჩახი გულის შემკუმშავ/ამრევ ვულგარულობად აღიქმება მხოლოდ.
***
პარალელური სამყაროები. აქ, დედამიწაზე ცხოვრობენ ტომები, რომლებიც განვითარების დონით ქვის ხანაში იმყოფებიან და აქვე, დედამიწაზე… - 30 წელიწადში ელიან „ტექნოლოგიურ სინგულარობას”, რომელმაც „ადამიანი” და მისი მისია სამყაროში ეტყობა უნდა ჩაამთავროს.
მაგრამ, ამაზე კიდევ ბევრად უფრო დიდი საოცრება ის არის, რომ ის კაცი, ქვის ხანის ტომიდან, რომ ცივილიზებულ სამყაროში გადმოაცხოვრო - ხუთ წელიწადში შესაძლოა ძნელად გამოარჩიო ჩვენი ცივილიზებული სამყაროს მიღებული წევრისგან. რატომ? იმიტომ, რომ - საზოგადოებრივი ცნობიერების ზედაპირის ცხოვრება დიდად არ გამოირჩევა ქვის ხანის ცნობიერებისგან - ცნობიერებაში სხვა და მეტი რაოდენობის აღმნიშვნელია მხოლოდ - ეგაა და ეგ. შინაარსი ხომ საზოგადოებრივი ცნობიერების სიბრტყობრივ არსებობაში არ იგულისხმება და არ მოიძიება.
ასეთია „საზოგადოებრივი მოვლენებისა” და მათ გარშემო „საზოგადოებრივი დისკურსების” ბუნება და ხასიათი. ხოლო, ვინც ასეთი მოვლენების გარშემო ილექსება და მჭერმეტყველებს, იმ კარგად ნავარჯიშებ ქვის ხანის კაცს ვერ სცდება, რომელიც ასევე „ჩვენიანია”, „ჩვენს” ცივილიზაციას ეკუთვნის, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რომ სარკისებრ ზედაპირზე განთავსებული მოვლენების უკან, იქ მარტოობის კანონის სიბნელეში, უფსკრულოვანი „შინაარსებია” განთავსებული.
***
რაზე დგას, რა წვენებით საზრდოობს და ილაღებს ზედაპირის ეს მოცქრიალე/უდარდელი, კაპრიზებითა და სიჯიუტეებით სავსე სარკეზე მოლივლივე ფენომენი? რა უკეთებს მას სიღრმიდან აქტუალიზაციას დღევანდელობაში? რა არის ის შინაარსი - რომელსაც უბრალო მოკვდავი ვერ სწვდება?
ჩვენი ცივილიზაციის მრავალ ათასწლოვანი ისტორიის მეხსიერებაში სამყაროს აღქმის მხოლოდ ერთი მზერა დაფიქსირდა - „მამაკაცის მზერა”, ანუ სამყაროს ხედვის, შეფასების და მასთან ურთიერთობის დამდგენი ერთი ტიპის ცნობიერება - ურთულესი და უსაშველოდ განტოტვილი ფსიქიური ფენომენი - პატრიარქალური ცნობიერება.
პატრიარქალურ ცნობიერებაზე უამრავია დაწერილი და ნაფიქრი, მაგრამ დაიყვანება ის ერთი ტიპის შეგნებულობამდე: მე ვარ ადამიანი, სამყარო ჩემ გარეთ კი არის „სხვა”: მე უნდა შევიცნო სამყარო (ანუ „სხვა”), დავიპყრო და მოვიხმარო („სხვა”)! ამ დამოკიდებულებამ გააჩინა იერარქიულ/სუბორდინირებული სტრუქტურები - დასახა შ ე დ ე გ ი და წ ა რ მ ა ტ ე ბ ა, როგორც უმაღლესი მიზანი სამყაროში და სწორედ ეს დამოკიდებულება სამყაროსთან ემსახურა ადამიანში „გადარჩენა/დამკვიდრების” ინსტინქტს უხსოვარი დროიდან, ერთგულად და წარმატებულად!
თავისი უმაღლესი გამოხატულება ამ დამოკიდებულებამ ჰპოვა ნიცშეს ფორმულა/მგზნებარების ფრაზაში - „ნება ძალაუფლებისკენ”. რომელიც ნამდვილად არ წარმოადგენს ბუნების უნივერსალური პათოსის გამოხატულებას - ფლორისა და ფაუნის ნება/ჟინი ზუსტად მონიშნულ და განსაზღვრულ ტერიტორიებზე ვრცელდება; სამყაროს უსასრულო და უკიდეგანო დაპყრობის ჟინი მხოლოდ ადამიან-კაცშია გაცხადებული! ეს ფორმულა სწორად რომ „კაცის მზერის” მაქსიმალიზაციაა და სწორედ ასეთი მაქსიმალიზაციის გამო მასში, როგორც პოტენცია, საკუთრი თავის გარდასვლაც იგულიხმება. სწორედ ფრაზის ეს პოტენცია (რომელიც შემდეგ „ნიცშეს ჩვილში” ივრცობა) ხდის თავად ნიცშეს მეტაფიზიკის დამამთავრებლად, ან მეტაფიზიკის ბოლო საფეხურად (როგორც ეს ჰაიდეგერმა დაახასიათა.)
აღწერილმა პატრიარქალურმა დამოკიდებულებამ შექმნა სწორედ პროგრესის ის სახე, რომელიც ათასწლეულებია სამყაროში „გადარჩენა/დამკვიდრების” მიზნით სამყაროს მოხმარება/შთანთქმას ახორციელებს. სწორედ ამ ხარისხის დინამიკის მქონე პროგრესმა მოგვიყვანა ჩვენ იმ ეტაპამდე, სადაც დღეს ვიმყოფებით. სხვანაირად ეს შეუძლებელი იქნებოდა! ფრანგი ფემინისტი ფილოსოფოსი ირეგერი წერს: „კაცი და მისი ცივილიზაცია რომ არა, კაცობრიობა დღესაც თიხის მიწურებში იჯდებოდა”. ასეა, უკომპრომისო ბრძოლა გადარჩენა/დაფუძნებისთვის მოხმარება/შთანთქმის გზით აუცილებლობას წარმოადგენდა წინ სამოძრაოდ!
მაგრამ დღეს, ცივილიზაციამ, კაპიტალიზმის სტადიის მეშვეობით, ეკონომიკისა და მეცნიერების უმძლავრესი განვითარების საშუალებით გააჩინა გრანდიოზული შანსი: კრიტიკულად გავიაზროთ და შევცვალოთ ჩვენი ისტორიულ/ძირეული დამოკიდებულება სამყაროსთან („კაცის მზერა”/პატრიარქატი): ჩვენ შეგვექმნა შესაძლებლობა დამთავრდეს სამყაროს ხედვა როგორც: მე და „სხვა”!
სამყარო ერთია, ერთიანი და მისი მოხმარება კი არ არის საჭირო, არამედ მასთან უღრმესი ერთობით არსებობა (არ დაგვავიწყდეს - ამის შესაძლებლობა, როგორც ითქვა, პატრიარქალური ევოლუციის ხარჯზე შეგვექმნა).
ფსიქოლოგიური (ემფატია - მე სამყარო), ეკონომიკური (განახლებადი ენერგიები), ეთიკურ/პოლიტიკური (ჩვენ ერთნი და განუყოფელი) გადასვლა და ფსიქიკის გადაწყობა ურთულესია: ბინარულობა (ძირეული პოლარულობა — მე-„სხვა") დღესაც ისევ ისე უღრმესად განსაზღვრავს ჩვენს ფსიქიკას და მოხმარება/შთანთქმის და გადარჩენა/დამკვიდრების ინსტინქტი ჯერჯერობით ისეთივე ძლიერია ჩვენში, როგორც ეს ისტორიულად იყო! მაგრამ, ყინული დაიძრა და კაცობრიობის ყველაზე პროგრესულმა ნაწილმა ზუსტად იცის, საით იმოძრაოს. ამ ახალი დინამიკის შედეგია დღეს სამყაროში კონფლიქტების გამრავლება და გამძაფრება - ძველი და ახალი ეჯახება ერთმანეთს: დაპყრობა/მოხმარების ცნობიერება აგონიური ენერგიით დაუპირისპირდა ერთობა/განუყოფლობის იდეას.
ამ უდიდესი კონფლიქტის ნაწილია ფემინიზმიც (ასევე გენდერის მიღმა გასვლის მოძრაობა, ეთნიკური თანასწორობისთვის ბრძოლა, ცხოველთა დაცვა, ვეგანიზმი და ა.შ.). ქალიც მოყოლილი იყო კაცის მიერ სამყაროს მოხმარების კონცეფციაში და ქალის მიერ სამყაროს ბუნებრივი ხედვა, „მისი მზერა” (რომელიც საკუთარ ჩვილთან განუყოფელობა/ერთობის გენეტიკური ნიშნით ისაზღვრება და ამიტომ ქალისთვის ერთობა/განუყოფლობის იდეა ბუნებრივია), რომელიც სწორედ „კაცის მზერის” (პატრიარქატი) საწინააღმდეგოა, ჯერ მაგინალიზირებული შემდგომ კი - გამოდევნილი იქნა.
სამყარო თავისი ბუნებრივ/არსობრივი პრინციპით განუყოფელია, ის კონტინიუმია (ერთიანი და განუყოფელი გრძლივობა) - სხეულების და ცნობიერების დაყოფა პირობითი ფსიქიური წარმონაქმნი ჩვენში.
მომავლის დინამიკურ/ერთიანის ცნობიერებაში, სამყარო განუყოფელ მდინარესავით მიედინება, სადაც არც კაცია და არც ქალი, არც ადამიანი და არც საგანი, არც სიმართლე და არც ტყუილი, არც არსება და არც ღმერთი - არამედ ყველა მიმართულებით მოძრავი ყოფიერების დღესასწაულია მხოლოდ!
***
დღევანდელი კომიკური მოთხოვნა „ჩაშტერების” აკრძალვისა - შტერობაზე მეტია, თუ ის, აქ ჩემ მიერ აღწერილი უფართოესი მაშტაბის ფონთან კავშირში არ იაზრება და არ აღიქმება და მასთან არ ვაკეთებთ მიმართებას… „ჩაშტერებას” ახორციელებს „ვიღაც” „სხვის” მიმართ - ეს კი დღის წესრიგში დამდგარი ერთიანობის მოთხოვნისთვის - პრიმიტივიზმის ფორმაა.
მაგრამ, აბა დაუკვირდით: რომეოს ჯულიეტას მიმართ ქმედება „ჩაშტერება” კი არა, „სტოკინგზე” (ძალადობრივ თვალთვალზე) უარესია; როგორც აბრაჰამი ექცეოდა სარას (ძველი აღთქმა) — ასე მხოლოდ მონას ექცევიან; ოტელომ კი ყველა ქართველ ცოლის მკვლელს „გადაუჯოკრა” - არადა, მსოფლიო ლიტერატურის გმირი გახადა და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ უარყოფითი... და კიდევ — რამდენი ქალისგან გაგვიგია ბედნიერი ტონით ნათქვამი — არ „მომასვენა, ძალით შემაყვარა თავი…”, ან „მომიტაცა, გამაუპატიურა - მაგრამ მერე შემიყვარდა”…
ეს ყველაფერი ნიშნავს - რომ ერთი მიღებული და ოდესღაც ქმედითი ეპისტემა/პარადიგმა (პატრიარქატი) დამთავრდა, მისი მონაწილე ქალები და კაცები არც ცუდები იყვნენ და არც კარგები. ისინი ასრულებდნენ ისტორიის მიერ მათთვის განკუთვნილ როლებს. ამჟამად დაიწყო ახალი, ახალი დრო, ახალი ისტორია - ამიტომ ძველი ურთიერთობის ფორმებთან ადამიანები სენსიტიური გახდნენ, არ იღებენ და არ უშვებენ იმას, რაც ოდესღაც სრულიად მისაღები და ნორმა იყო „პატრიარქალური” საზოგადოებისთვის! იცვლება „მზერა” - „კაცის მზერა” უქმდება, კარგავს ღირებულებას - მოდის დიდი გადახსნილი სამყარო - სადაც არა მარტო ქალი და კაცი, არამედ ყველა არსება თანასწორია არსებობის დღესასწაულის წიაღში!
დაიმახსოვრეთ - სარკის უკან მდებარე ცოდნის დიდი ფრაგმენტი!