Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზიანო ფანტაზია

20 ნოემბერი 2017

რატომ არსად ფიზიკურ სამყაროში, არც თავის ქალაში, ტვინში, სხეულის სიღრმეში ან სადმე მის გარეთ არ მოიძებნება ცნობიერება, სუბიექტურობა და ადამიანის „მე“? სად იკარგება ის, რაც ასე უდავოდ აშკარაა თავად ცნობიერების მქონე სუბიექტისთვის? სად ქრება და იკარგება ცნობიერება?

თუ რატომ ხდება ასე, ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ ეს მოუხელთებელი ცნობიერება არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ფიზიკურ მოვლენებსა და საგნებზე, არანაირ შედეგს არ იწვევს ფიზიკურ და ბიოლოგიურ სამყაროებში, რომლებიც მორჩილადაა გადაშლილი დამკვირვებლის თვალწინ.

სუბიექტურობის ფარგლებს როგორც კი მიუახლოვდება, ასე უკვალოდ რომ გაქრეს და გაუჩინარდეს, ცნობიერება მიმართული უნდა იყოს მთელი დანარჩენი ობიექტური, ფიზიკური სამყაროს საერთო მიმართულების საპირისპიროდ. მთელი სამყარო და მასში ყოველი ცალკეული საგანი მიმართულია მიზეზიდან შედეგისკენ, ანუ წარსულიდან მომავლისკენ. თუ ობიექტური სამყაროს ამ ყველაზე ობიექტურ - კაუზალურ და ტემპორალურ - მიდრეკილებას უპირისპირდება ცნობიერება, ეს ნიშნავს, რომ იგი მიმართულია არა მომავლისკენ, არამედ წარსულისკენ.

როგორც ცნობილია, დრო წარმოადგენს მიზეზ-შედეგობრივ წესრიგს, თანმიმდევრობას. მიზეზი დროში წინ უსწრებს შედეგს, ხოლო შედეგი მიზეზის მომდევნოა. მიზეზი წარსულია შედეგისთვის, შედეგი კი მომავალია მიზეზისთვის. ასეთია სამყაროს და მისი ბინადარი მოვლენების, საგნებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი მიმართულობა წარსულიდან მომავლისკენ. ამიტომ თითქოს ცხადია, რომ სრულებით ბუნებრივი ფენომენი მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეძლებს, მოუხელთებლად დაუსხლტეს ჩვენი გრძნობის ორგანოებს და დაკვირვების ნებისმიერ ინსტრუმენტს. ეს მოხდება, თუ ფენომენი არანაირ ფიზიკურ შედეგს არ გამოიწვევს და არანაირ ობიექტურ ზემოქმედებას არ იქონიებს გარემომცველ ბუნებასა და ხელსაწყოებზე.

როცა მანქანა წინ მიდის, საით არის მიმართული მისი ბორბლის მოძრაობა გზასთან შეხების წერტილში? ცხადია, რომ უკან, მანქანის საპირისპირო მიმართულებით! ეს ელემენტარული რამ კიდევ უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს, გაიხსენე, რომელი მიმართულებით მოძრაობს წინ მიმავალი ბულდოზერის ან ტანკის მუხლუხოს ის ქვედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ ეხება და კბენს გზას.

მკითხველისთვის არა ერთხელ გამხელილი ჩემი ვარაუდით, ფიზიკურ სამყაროს აქვს სირთულის საზღვარი, რომელსაც ფიზიკურმა სისტემამ შეიძლება მიაღწიოს. სწორედ სირთულის ეს ზღვარი, ვფიქრობ, ქმნის და წარმოადგენს იმ „მყარ ზედაპირს“, რომელთან შეხების შედეგად ცოცხალი ტვინი, როგორც დინამიკური სისტემის რომელიღაც „გარეთა“ შრე, ასე ვთქვათ, მისი ფუნქციური (ცხადია, არა ანატომიური) ზედაპირი მთლიანი სისტემის საპირისპირო მიმართულებით იწყებს მოძრაობას მანქანის მუხლუხოს ქვედა ზოლის მსგავსად. ასე შეიძენს ბიოფიზიკური პროცესის რაღაც ნაწილი უჩვეულო მიმართულებას მომავლიდან წარსულისკენ. ასე იკარგება ცნობიერება, ასე ქრება სუბიექტური სამყარო ობიექტური სამყაროდან.

წინა ესეებში იმასაც ვამბობდი, რომ ცნობიერება და სუბიექტურობა ობიექტური ფიზიკური სამყაროს ჩვეულებრივი საგნებისა და მოვლენებისგან, პირველ რიგში, განსხვავდება შემცირებული, განახევრებული ფიზიკურობით. სხვა სიტყვებით, იმიტომ არ არსებობს, არ მოიძებნება ცნობიერება ფიზიკურ სამყაროში და იმის გამოა ცნობიერების დაკვირვება შეუძლებელი ობიექტურად, მესამე პირის პოზიციიდან, რომ მას (ცნობიერებას) არ შეუძლია სამყაროში რამენაირი შედეგის გამოწვევა. მას არ შეუძლია ფიზიკურ სამყაროზე მოახდინოს რამენაირი ზეგავლენა, რის გამოც იგი სრულებით მიუწვდომელია გრძნობის ორგანოების ან დაკვირვების ნებისმიერი ინსტრუმენტისთვის. ამრიგად, უშუალოდ მხოლოდ შიგნიდან, მხოლოდ სუბიექტურად და არა გარედან, ობიექტურად მისაწვდომი იმიტომაა ცნობიერება, რომ თუმცა აქვს ბიოფიზიკური მიზეზი, თვითონ პრინციპულად მოკლებულია სამყაროში მიზეზის როლის შესრულების უნარს. ცნობიერება არის შედეგი და არა მიზეზი.

დღეს თითქოს ცოტა უფრო „კონკრეტულად“ მოვნიშნე, თუ რა შეიძლება იწვევდეს ცნობიერებისა და სუბიექტურობის ფიზიკური თვალსაზრისით ამგვარ განახევრებას. შედეგის გამოწვევის უნარი სუბიექტურ ცნობიერებას არ გააჩნია იმიტომ, რომ ის მიქცეულია მომავლიდან წარსულისკენ ობიექტურ სამყაროში, რომელიც, პირიქით, წარსულიდან მომავლისკენ მიიწევს მიზეზ-შედეგობრივი ნაბიჯებით.

მაგრამ თუ ცნობიერება, სუბიექტურობა და „მე“ არის მთელი სამყაროსთვის რაღაცნაირად ზურგის შექცევა და მომავლიდან წარსულისკენ შეტრიალება, ეს ერთ ძალიან მარტივ რამეს შეიძლება ნიშნავდეს. ადამიანის სიკვდილი არის სამყაროში მოსვლა, ამ სამყაროში, უმასპინძლოდ დაგდებულ ამქვეყნად. რომელი რელიგია და მისტიციზმი გაუმკლავდებოდა ასეთ სიკვდილს, თუ არ შეთხზავდა მასპინძელს, ფანტაზიის ნაყოფს?

ამიტომ ერთადერთი ნამდვილად ადამიანური მისწრაფება შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ როგორმე რადიკალურად გამოასწოროს თავისი ცნობიერების, სუბიექტურობისა და „მეს“ არაბუნებრივი ორიენტაცია და მის მიერ მოსჯილ ხელობას - სამყაროს მესაზღვრეობას - ერთხელ და საბოლოოდ დაეხსნას. ესაა მისწრაფება, რომლის მიღწევას ეღირსება ან მხოლოდ ცარიელი სიცოცხლით ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანის უგონო სხეული ან უკვე უნაკლოდ გვამი.

მაგრამ ადამიანის ნებისმიერი მისწრაფება ისევე, როგორც ცნობიერების ყოველი შინაარსი, სათავეს იღებს კულტურაში და გადაეცემა ცნობიერებას სხეულისა და ნერვული სისტემის გავლით, ტვინის მეშვეობით. საკუთარი მისწრაფებებიც მხოლოდ ამ გზით ხდება ცნობიერი სუბიექტისთვის ცნობილი და გასაგები. კულტურა კი საკმაოდ საგულდაგულოდ უმალავს ადამიანს ისეთ მისწრაფებებს, რომლებიც განსაკუთრებით შესატყვისი შეიძლება აღმოჩნდეს მისი არსისთვის, მაგრამ დამღუპველი კულტურისა და ბუნებრივი გადარჩევის მასალისათვის - სიცოცხლისუნარიანი არსებებისთვის. არ გეგონოს, მკითხველო, უნებლიეთ ვუშვებდე იმის შესაძლებლობას, რომ ცნობიერება და ცნობიერი სუბიექტი რამეს ატყობინებს კულტურას. უბრალოდ, თვითონ კულტურას ახასიათებს გარკვეული შინაგანი სიმწყობრე, კოჰერენტულობა, რომლის გამო თუ იგი გარკვეულ მისწრაფებას მიაწერს და გაუგზავნის სუბიექტს, იქვე გამოიმუშავებს ამ მისწრაფების განხორციელების მეთოდებსაც. ეს კი თვითმკვლელობის კულტის გავრცელების საფრთხეს ქმნის, რომლის შედეგად კულტურამ ვინმე ფანატიკოსი სამურაის მსგავსად სეპუკუთი შეიძლება მოიღოს ბოლო.

მაგრამ სიკვდილის ლანდებით დასახლებული ამ ბნელი მღვიმედან დროა დავუბრუნდეთ გამოქვაბულის უკუნეთს, რომელშიც ცნობიერება ბინადრობს. ცნობიერებას მომავლისთვის ზურგი აქვს შექცეული და წარსულისკენ იყურება. ეს კი ნიშნავს რაღაცნაირ შეჯახებას წარსულიდან მომავლისკენ მოძრავ ფიზიკურ სამყაროსა და მის საპირისპიროდ მიმართულ ცნობიერებას შორის. ამ შეჯახებას ვიცნობთ აწმყოს სახელით. ამიტომ ცნობიერების ერთადერთი და უცვლელი „დრო“ არის აწმყო. ბრჭყალებში შემთხვევით არ ჩამისვამს ეს სიტყვა. აწმყო, როგორც დრო, ილუზიაა, რომლის მიღმა იმალება არა რამენაირი და რომელიმე დრო, არამედ ორი საპირისპირო მიმართულობის შეხლა ერთმანეთთან.

მუხლუხოს ანალოგია კიდევ ერთ მსგავსებას გვთავაზობს. მართალია, მუხლუხოს ერთი ნაწილი წინ მიმავალი ტანკის საპირისპიროდ, უკან მიდის, მაგრამ მაინც მთელ მანქანას „მიჰყვება“. ასევეა ცნობიერებაშიც, რომლის  შინაარსებს შეესაბამება და განსაზღვრავს  ობიექტური ბიოფიზიკური მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი განვითარება წარსულიდან მომავლისკენ.

გავიხსენებ წინა ესეში მონიშნულ ორთოფიზიკურ სქემას: სამყაროს საფუძველში, მის ნამდვილ საძირკველში ორი რამაა - აკრძალვა და ნებართვა. აკრძალვა სივრცისებურია და მისი განხორციელება ხდება ჩვენთვის ნაცნობ, ჩვეულებრივ სივრცეში იმით, რომ ერთსა და იმავე ადგილზე არ შეიძლება მოთავსდეს ერთზე მეტი საგანი. ამ აკრძალვის ფონზე, მის ჩარჩოშია ჩასმული დროისებური ნებართვა, რომელიც ნებას რთავს საგნებს, დაიკავონ ერთი და იგივე ადგილი დროში მორიგეობის მიხედვით.

ცხადია, არა დროითი, არამედ ლოგიკური თანმიმდევრობაა ასე დანახულ სივრცესა და დროს შორის. მეჩვენება, რომ პირველადი არის აკრძალვა, მხოლოდ რომლის ჩარჩოში და ფონზე იძენს აზრს ნებართვა ანუ დრო. თუ ასეა, ეს აუცილებელი თანმიმდევრობა განმსჭვალავს ობიექტურ, რეალურ სამყაროს აკრძალვიდან ნებართვისკენ, სივრციდან დროისკენ. ამიტომ სუბიექტური ცნობიერება შეიძლება, გარკვეული აზრით, უპირისპირდებოდეს არა მხოლოდ ბანალურ მიზეზ-შედეგობრიობას, არამედ, ჩემი ბედკრული ტერმინოლოგიით, ობიექტური სამყაროს ორთოფიზიკურ ღერძს, რომელიც მიმართულია სივრცისებური აკრძალვიდან დროისებური ნებართვისკენ, უფრო უხეშად, სივრციდან დროისკენ.

თუ ასეა, მაშინ სუბიექტური ცნობიერება არა მარტო დროში უჩვეულოდ - მომავლიდან წარსულისკენ - არამედ დროიდან სივრცისკენ იმზირება. ამასთანავე, დავუკვირდეთ, რომ ამკრძალავი სივრცე ჩვენს გარემომცველ, ყოველდღიურ სამყაროში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილებზე განთავსებული, მაგრამ აუცილებლად ერთდროული მოვლენებისა და საგნების სახით. ყოველდღიურობა რადგან ვახსენე, ბარემ გავიაროთ მასში, როგორც ქუჩაში.

რათა შორიდანვე შეატყოს, ვისგან რაა მოსალოდნელი, ათასწლეულების განმავლობაში დაგეშილი ჩვენი ტვინი, პირველ ყოვლისა, ამჩნევს და აღნუსხავს სხვების სახეებს. მაგრამ თვალს თუ ერთხელაც მოვავლებთ, დავრწმუნდებით, რომ გავრცელებული მითისა და შესატყვისი გამოთქმების მიუხედავად ადამიანის სახე არც არაფერს გამოხატავს, თუმცა ცარიელსაც ვერ დაარქმევ მას. ეს იმიტომ, რომ ადამიანის სახე იმას იმჩნევს, რასაც ირეკლავს. ირეკლავს კი ყველაფერს, რასაც იტევს. ზოგი მეტს, ზოგი ნაკლებს, ხან მეტს, ხან ნაკლებს. ასევეა ცნობიერებაც, რომელსაც ამკრძალავი სივრცისთვის შუბლი და სახე, ნების დამრთველი დროისთვის კი ბრმა კეფა აქვს შეშვერილი.

თავის უღარიბეს მომენტებშიც კი ცნობიერება სავსეა უამრავი ერთდროულობით. მის შინაარსად გადაქცეული ყოველი საგნის თვისებები - ვთქვათ, ამ დიდი, თეთრი ჭიქის მოყვანილობა, ფერი და, თუ ყურში თითები გამოვდე, წონაც - ერდროულადაა მასში თავმოყრილი და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. არადა, რაღაც წარმოუდგენლად რთული იმალება ამ თავისთავად ცხადი და ვითომ უმარტივესი ვითარების უკან. (სხვათა შორის, ესაა ტვინთან, გრძნობად აღქმასა და ცნობიერებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი დღემდე ამოუხსნელი გამოცანა, რომელიც სპეციალურ ლიტერატურაში „შეკვრის პრობლემის“ (Binding problem) სახელითაა ცნობილი.)

მოკლედ, რამეს არც სუბიექტური ცნობიერების სახე გამოხატავს თავისი ერთადერთი მაყურებლისთვის საჩვენებელად, მერე კი მისი მჭევრმეტყველების წყალობით ხარბი სხვებისთვისაც გულუხვად მისართმევად. ყველა ვარსკვლავისა და ჩვენგანის ჩათვლით, მთელი სამყარო არის აკრძალვის ჩარჩოშემოვლებული უთვალავი ნებართვა. როგორც ქუჩაში ნებისმიერი გამვლელის სახე, ცნობიერების სახეც იმას ირეკლავს, რასაც პირისპირ ხვდება, ირეკლავს სივრცეს, ამკრძალავ სივრცეს, მიქცეულს დროის ნებართვისკენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^