Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერეკლეს ციხე ნავთლუღში - ათწლიანი ძებნის ბედნიერი დასასრული

17 ნოემბერი 2017

 „ლიბერალის“ რედაქციას დროდადრო ბლოგების დაწერას შევპირდი. იმასაც შევპირდი, რომ პირველ რიგში საკრებულოში საქმიანობის სამწლიან პერიოდს შევაჯამებდი.

ასეც ვაპირებდი, მაგრამ გუშინდელი აღმოჩენით იმდენად აღტაცებული ვარ, რომ შეთანხმების ეს რიგითობა აუცილებლად უნდა დავარღვიო. საქმე ის გახლავთ, რომ არჩევნების შემდეგ ბევრი დრო გამომიჩნდა. ეს დრო კი მსურს მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი ორი უმთავრესი გატაცების - თბილისის და ციხე სიმაგრეების კვლევისთვის. მით უფრო, რომ ჩემთვის საინტერესოა თბილისის ციხე სიმაგრეები.

თბილისის თავდაცვითი ნაგებობების ხსენებისას პირველი, რა თქმა უნდა, ნარიყალა გვახსენდება და ალბათ ბევრისთვის ქალაქის სიმაგრეები ამით იფარგლება. არადა, გავიხსენოთ რომ ნარიყალა, ანუ კალას ციხე რეალურად მთავარი ციტადელი - დედა-ციხე იყო, თორემ ქალაქში არაერთი თავდაცვითი ნაგებობა იყო: შაჰისტახტი, მეტეხის ციხე, თაბორის ციხე, ოქროყანის კოშკი, დიდუბის ციხე, ჩუღურეთის სიმაგრე და კიდევ ერთი ციხე-გალავანი - ნავთლუღის, იგივე ერეკლეს ციხე. წლებია ეს ციხე-სიმაგრე გონებას მიფორიაქებს. ამ ციხეს ახსენებს ერეკლე მეორის დროის ყველა მემატიანე. მწირი ცნობების თანახმად, ერეკლეს 1760-იან წლებში ნავთლუღში, მტკვრის სიახლოვეს, შემაღლებულ ადგილას ციხე აუშენებია. ციხე-გალავანი მართხკუთხა ყოფილა და ერთი მრგვალი კოშკი ჰქონია.

ერეკლეს ციხის შესახებ უცხოელების მიერ ორი საინტერესო ცნობაა შემონახული. მაგალითად, ვიცით, რომ რუსი გენერლის ტოტლებენის თანმხლებმა თავადმა მოურავოვმა 1770 წლის 18 ივნისს ტოტლებენის სახელზე მოხსენება სწორედ ამ ციხეში დაწერა. ასევე მოურავოვს აღწერილი აქვს, რომ თბილისში შავი ჭირის გავრცელების გამო მოსახლეობა სხვადასხვა მხარეს დახიზნულა, ხოლო თავად მეფეს ამალასთან და სამეფო კარის წევრებთან ერთად ნავთლუღში, მისივე სახელობის ციხისთვის შეუფარებია თავი. ოდნავ მოგვიანებით, 1772 წლის თებერვალში აქ ყოფილა გერმანელი მოგზაური გიულდენშტედტი, რომელიც ოდნავ უფრო დეტალურად აღწერს ადგილსაც და სიმაგრესაც: „სოფელი ნავთლუღი მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირას, შედგება დაახლოებით 50 სახლისგან და, გარდა ამისა, ახლანდელმა მეფემ (ანუ ერეკლე მეორემ!) შემოარტყა ოთხკუთხა კედელი ადგილს, დიამეტრით 80 ნაბიჯი და დაატანა მრგვალი კოშკი. ამიტომ მას დაარქვეს ერეკლეს ციხე“.  

ნავთლუღის, ანუ ერეკლე ციხე დატანილია 1783 წელს პიშჩევიჩის მიერ შედგენილ რუკაზე, ხოლო 1800 წელს კაპიტან ჩუიკოს მიერ შედგენილ რუკაზე. სწორედ ამ რუკებითა და აღწერით ვცდილობდი წლების მანძილზე ერეკლეს ციხის ნაშთების მოძებნას, თუმცა ყოველ ჯერზე ამაოდ და წარუმატებლად. ბედმა კი მოულოდნელად გუშინ გამიღიმა - საჯარო ბიბლიოთეკაში სხვადასხვა წიგნებში ქექვისას - გადავაწყდი მეცნიერებათა აკადემიის „მაცნეს“ 1975 წლის გამოცემას, სადაც თვალში მეცა თბილისის საინტერესო მკვლევრის კობა ხარაძის სტატია მე-18 და მე-19 საუკუნეების თბილისის ტოპოგრაფიული გეგმების შესახებ. ამ სტატიაში ერეკლეს ციხეზე საგანგებოდაა ყურადღება გამახვილებული და დაზუსტებულია მდებარეობა. კობა ხარაძე წერს, რომ ერეკლეს ციხის ადგილას დღეისათვის ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესია დგას. სწორედ ის ეკლესია, რომელიც თავად სუმბათაშვილებს ეკუთვნოდათ. შემდეგ წერია, რომ 1975 წლისათვის ეკლესიის მიმდებარედ ციხის რამდენიმე ფრაგმენტი იყო შემორჩენილი. რა თქმა უნდა, ამის წაკითხვის შემდეგ გულმა ვეღარ გამიძლო. ბიბლიოთეკიდან ლამის კისრისტეხით გავვარდი ნავთლუღში, წმინდა ბარბარეს ეკლესიაში. ეკლესიის და მიმდებარე ტერიტორიის გულმოდგინე დათვალიერების შემდეგ მივხვდი, რომ აშკარად მეორე წმინდა ბარბარეს ეკლესია იგულისხმებოდა. როგორც მოგეხსენებათ, შედარებით ძველი წმინდა ბარბარეს ეკლესია, ე.წ. „ზეემკას“ დასახლებაში, სასაფლაოზე დგას. სასაფლაოს ეზოში შესულს პირველი შვება სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავმა მომგვარა. მივხვდი, რომ სწორ ადგილას ვიყავი. მიდამოს დათვალიერების დროს კი ყველაფერი ემთხვეოდა ხარაძის აღწერილობას - მტკვრის პირას შემაღლებული ადგილი, ციხის ასაგებად მეტისმეტად მოხერხებული. დასავლეთ და აღმოსავლეთ მხრიდან ჩამომდინარე ორი პატარა ხევი. რჩებოდა მხოლოდ ციხის ნანგრევის მცირე ფრაგმენტის პოვნა. მტკვრის მხრიდან დათვალიერების დროს ისიც აღმოვაჩინე - სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს კლდის თავზე აშკარად გამოირჩევა დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლის ფლეთილი ქვით ნაშენი მრგვალი გოდოლი. სავარაუდოდ, ეს გიულდენშტედტის მიერ ნახსენები მრგვალი კოშკის საძირკველია. ამ გოდოლზე, ისევე როგორც, ყოფილი ციხის მთელ ტერიტორიაზე საფლავებია, მეოცე საუკუნეში დაკრძალული თბილისელების საფლავები. გოდოლის კედლის აღმოჩენამ ისეთ აღტაცებაში მომიყვანა, რომ შუა სასაფლაოზე ლამის დავლური ვიცეკვე. პირველი ემოციის გასვლის შემდეგ, კიდევ უფრო გულმოდგინედ დავათვალიერე ეკლესიისა და სასაფლაოს მიდამო და ყოფილი ერეკლეს ციხის გალავნის ფრაგმენტები არაერთგან აღმოვაჩინე. ციხის დასავლეთისა და ჩრდილოეთის კონტურები საკმაოდ კარგად იკითხება. რამდენიმე შენობა გალავანზეა დაშენებული. გულახდილად ვიტყვი, რომ ახლაც - ამის წერისას აღტაცება და ემოცია ისევ არ მინელდება - ჩემი წლობით ნაოცნებარი ნავთლუღის, ანუ ერეკლეს ციხე ვიპოვე. მისი მდებარეობა დაზუსტებით ვიცი და ციხის ფრაგმენტებიც დღემდეა შემორჩენილი. ამისათვის კი უდიდესი მოწიწება და პატივისცემა კობა ხარაძეს. ეს ამბავი, ვფიქრობ, არაა პატარა საქმე თბილისის ისტორიისთვის, არაა მცირე საქმე თბილისის მკვლევრებისთვის და ზოგადად თბილისზე შეყვარულთათვის.

მაშ ასე - კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ - ნავთლუღის, ანუ ერეკლეს ციხე მდებარეობდა დღევანდელ „ზეემკაზე“, სასაფლაოს და წმინდა ბარბარეს ეკლესიის ტერიტორიაზე. ჩემი აზრით, არ იქნება ურიგო ეს ერეკლეს ციხე - ტოპონიმად მაინც აღდგეს და დამკვიდრდეს ამ ტერიტორიაზე. ვფიქრობ, რომ ასე პირნათელი დავრჩებით ამ ციხის ამგები და დამცველი ნავთლუღელების წინაშე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^