ვინც კულტურული ფაშიზმის შესახებ დაიწყებს საუბარს, უმალ ეკონომიკური ფაშიზმი უნდა შევახსენოთ. მარტო ეკონომიკური არა, სოციალური, ეკოლოგიური და ვინ დათვლის კიდევ რა ფაშიზმები არ დაიწყებენ ტივტივს ასოციაციის ულმობელი წესისდა მიხედვით. მათი სახელი ლეგიონია. სხვა შემთხვევაში, მართებულად, სიბრმავეზე მიგვითითებენ.
ფაშიზმს ბევრი შრე აქვს და თუ ერთ-ერთ შრეში მასტერი ილანდება, სხვაში - რომელიმე მიმართულებით დაღონებული სამოქალაქო აქტივისტის პროფილსაც ადვილად ამოიცნობს გაჩვეული თვალი. მას, ვისაც ხელთ უპყრია ღირებულებების ქრონომეტრი, აუცილებლად უნდა ვკითხოთ, „თეთრი ხმაურის“ აქციაზე გამომსვლელთაგან რამდენი იყო უცოდველი. ხოლო თუ პასუხად ფაშიზმების რანჟირებას მივიღებთ, არ უნდა გაგვიკვირდეს, არც უნდა ვენდოთ. მათ, ვისაც მხოლოდ იდენტობის პოლიტიკა აწუხებს, ალბათ გაუჭირდებათ, დაინახონ იმ აქტივისტების პერსპექტივა, ეკონომიკური ჩაგვრა რომ გაუხდია თავის მთავარ საფიქრალად.
ვინაც ფაშიზმისგან თავისუფალ სამყაროზე, ან თუნდაც ამ სოციალური სისტემის პირობებში ფაშიზმისგან თავისუფლების პერსპექტივაზე გველაპარაკება - არ დაეჯერება. საქმე ის არის, ძირისძირში თუ ჩავყვებით, კარგად დავინახავთ, რომ ქვის სროლის ლეგიტიმაცია არ არსებობს. ჩვენი ბრძოლები კი ფრაგმენტულია უსამართლობით სავსე სამყაროში და ფრაგმენტულივე გამარჯვებების იმედი მხოლოდ შესაძლებლობის ზღვარზე არსებული ტაქტიკური კომპრომისების ძიებაშია. იქნებ, ეს კომპრომისები სულაც დაახლოებისთვის გამოდგეს.
სოლიდარობაზე საუბრის დაწყების წინ გაგვახსენდება, სოლიდარობა იმათ გასაგებად ძალისხმევის გაწევასაც ნიშნავს, შენი რომ არ ესმის. არ შეიძლება პოლიტიკა ყრუთა დიალოგად იქცეს. პროცესად, სადაც უფლებებისთვის ბრძოლას მხოლოდ ერთი პოზიცია დაისაკუთრებს. საკუთრების წესი პოლიტიკის პრივატიზაციასაც მიელტვის; ისევე როგორც იერარქიის წესი, რომელიც ცდილობს პროტესტი ორ ნაწილად გაყოს - ვისაც სცენიდან ლაპარაკის უფლება აქვს და ვინც ქვევიდან უნდა მისჩერებოდეს. ეს მიდგომა პედესტალს, რომელიც საშუალებაა ხალხმრავლობაში გამომსვლელი მსმენელს თვალხილულად წარუდგეს, სტატუსად აქცევს. ის ამბობს - აქციაზე მდგარიყვნენ, მაგრამ ორგანიზატორებს სცენა არ უნდა დაეთმოთ.
თუ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს აგორაა, და აგორა იმას ნიშნავს, რომ ყველას აქვს საუბრის პრივილეგია. იმათაც კი ვინც შენ წინააღმდეგაა, ნარკომომხმარებლის ციხეში ამოლპობას იქადნის. შენ კი მას ურყევ არგუმენტებს ახვედრებ.
საზოგადოებრივი საერთოს ნიშნავს, საზოგადოებრივი პრობლემა - საერთო პრობლემას. ყველას აქვს უფლება წუხდეს საერთოზე, თუნდაც სხვა პრობლემაზე სხვა აზრი ჰქონდეს. პირის ამოკერვა და თავის მოკატუნება, თითქოს სხვა არავინაა შენს გარდა, ვისაც ლაპარაკის ლეგიტიმაცია აქვს, გამარჯვების შანსსაც გააცუდებს და პოლიტიკასაც მოკლავს.