Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკო-ფილოსოფიის საპროტესტო მანიფესტი...

13 დეკემბერი 2017

(ეძღვნება ამ საკითხთან კავშირში ჟილ დელიოზის ტექსტებს, ანტონინ არტოს უსასრულო მოგზაურობებს ფსიქიკის უცნობ სივრცეებში და ქართველი ახალგაზრდობის ხმაამოღებულ პოზიციას — რომელიც დღესდღეობით უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართული საზოგადოების ცხოვრებაში)

ნარკო-მანიფესტი:

1) ადამიანის უფლებები სახელმწიფომ კი არ უნდა დაიცვას (რა უნდა დაიცვას, რაც არ იცის... :) ) არამედ, პირველ რიგში, ეს უფლებები მან უნდა შეიგნოს! ანუ ჯერ გააცნობიეროს და შეჯერდეს იმაზე, თუ რა არის ა დ ა მ ი ა ნ ი და შემდეგ დაადგინოს, თუ რა არის მისი უფლებები! ასეთ გამოკვლევას ემსახურება ქვემოთ მოყვანილი ტექსტი!

2) ადამიანის უპირველესი უფლებაა სიცოცხლის პროცესში მონაწილეობა, ზუსტად ისევე, როგორც მისი ძირეული უფლებაა ამ პროცესებში მონაწილეობაზე უარის თქმა, ან ალტერნატიულ სასიცოცხლო ტერიტორიებზე არსებობა, ან მცდელობა ასეთების პოვნის, მოძიების, მათში შეჭრისა და იქ არსებობის.

3) სწორედ ახალი ფსიქიკური სასიცოცხლო ტერიტორიების მოძიება არის ადამიანის უმძაფრესი ეგზისტენციალური მოთხოვნა/უფლება - ანუ ექსპერიმენტის უფლება საკუთარ სიცოცხლის ფორმასთან!!

ანტონინ არტოს აქვს ნათქვამი: „მე იმდენჯერ მოვკვდი (სხვადასხვა სასიცოცხლო ტერიტორიისთვის — გ.ე.), რომ საბოლოოდ მოვიპოვე უკვდავება".

4) ასეთი ახალი ფსიქიკური ტერიტორიების ძიებისა და „ნორმატიული ფსიქიკური ცხოვრების ფორმის“ გადაბიჯების გარეშე უკვდავება ადამიანისთვის ცხოვრებაში მხოლოდ მკვდარ მითად დარჩება სამუდამოდ.

5) სიცოცხლის „მიღებული და დადგენილი“ ფორმა არ უნდა იქცეს ციხედ! სიცოცხლეში შემომავალი და გამავალი ჭიშკრები და კარიბჭეები კი არ უნდა იკრძალებოდეს, მოძიებული კი იხურებოდეს, არამედ ვიტალური ძიება/დამკვიდრების მიზნად იქცეს!

6) სიცოცხლის ფორმას უ ს ა ს რ უ ლ ო ვარიაციები აქვს იმასთან შედარებით, როგორც ჩვენ მას აღვიქვამთ ჩვენი კულტურული, ანუ მკვდარი და ცარიელი აღმნიშვნელების ტერიტორიიდან, რომელთა ამოვსება ენერგეტიკული მუხტებით ან მათი სრული გადალახვა და სივრცეში შეკიდება არა მარტო თანამედროვე ხელოვნების მისიაა, არამედ ყველაზე მეტად ფსიქიკურ სასიცოცხლო ფორმებთან ექსპერიმენტების!

7) ეს ექსპერიმენტები თითოეული ადამიანის უძვირფასესი შესაძლებლობაა, გაარღვიოს ჩაკეტილი წრე! უამრავ შემოქმედს, მეცნიერს სწორედ ასეთი ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობის გადაბიჯებისას აღმოუჩენია ის გრანდიოზული ახალი ტერიტორიები, რომლებიც ადამიანთათვის ახალი სასიცოცხლო სივრცე გახდა ამ აღმოჩენის შემდეგ!

8) ადამიანები, რომლებიც ამ დიდი ფსიქოექსპერიმენტის ნაწილს წარმოადგენენ, ნებაყოფლობითი სკაუტები არიან უცნობი და გამოუკვლევი ტერიტორიების. მათ არა მარტო ყურადღება, დაფასება და პატივისცემა უნდათ, არამედ, როგორც უცნობ ტერიტორიაზე ინფორმაციის ამკრეფი პარტიზანები, მომავალში ასეთი ადამიანები სახელმწიფოს სრულ უზრუნველყოფაზე უნდა გადაიყვანონ (როგორც ამას დელიოზი და გვატარი მოითხოვდნენ).

9) სახელმწიფომ, ადამიანი-არსების განსაზღვრისას უნდა უპირველესად გააცნობიეროს, რომ კაცობრიობის ცხოვრებაში დამთავრდა „გადარჩენა/დამკვიდრების“ ფსიქოლოგიის მრავალსაუკუნოვანი ისტორია: ადამიანი გადარჩა და დამკვიდრდა! მეტიც, მთელი თავისი კვლევითი ძალებით შეუტია უცნობს - ამიტომ სახელმწიფოს მისია აღარ არის ჯანმრთელი და საღი ადამიანის მომზადება/გამოზრდა „გადარჩენა/დამკვიდრების“ ბრძოლებისთვის (როგორც ამას საუკუნეები აკეთებდა), ახლა დგება მოხეტიალე ექსპერიმენტატორ/პოეტების დრო (მესამე სივრცე) და ამ გარდაქმნასთან სახელმწიფომ მგრძნობიერობა („სენსიტიურობა“) და სიბრძნე უნდა გამოიჩინოს და თავად მიიღოს შესატყვისი ფორმა!

ეს მანიფესტი არ ითხოვნება არაფერს, ის მ ო ი თ ხ ო ვ ს აქ ნათქვამის სერიოზულ გათვალისწინებას, თუ სახელმწიფოს აქვს გონების მატარებლები და სურს, არ დაკარგოს ჩვენი დროის მახასიათებლებისა და მისწრაფებების შეგრძნება და არ გახდეს ჯებირი საკუთარი მოქალაქეების მოძრაობაში მომავლისკენ!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^