Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შაუმიანი, ულიანოვკა, კიროვკა, ბუდიონოვკა

13 დეკემბერი 2017

სათაურში ჩამოთვლილი სახელები მარნეულის რაიონის დასახლებული პუნქტების სახელწოდებებია. შაუმიანი დაბაა - 4 ათას ადამიანამდე ცხოვრობს ამ დაბაში, ბოლო მონაცემებით. მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად სომეხია, ამიტომაც საბჭოთა პერიოდში დაბას სომეხი ბოლშევიკის სტეფანე შაუმიანის სახელი ეწოდა. შაუმიანს მოგვიანებით ისევ დავუბრუნდეთ, მანამდე კი სხვა შედარებით უფრო პატარა დასახლებების სახელებსაც მივაქციოთ ყურადღება:

ულიანოვკა - ვინმემ ახალი თაობისამ თუ არ იცის, ბოლშევიზმის მამათავარი ვლადიმერ ლენინი გვარად ულიანოვი იყო და, შესაბამისად, ამ გვარიდან არის ნაწარმოები ეს სახელიც.

კიროვი - უცნაურ ვითარებაში მოკლული საბჭოთა პარტიული დიდმოხელე იყო, საქართველოსთვის საინტერესოა იმითაც, რომ ერთი წლის განმავლობაში, 1919-20 წლებში,  დამოუკიდებელ საქართველოში რუსეთის საბჭოთა სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო და მისი პირადი დავალება საქართველოს სახელმწიფოს მაქსიმალური დაუძლურება იყო.

ბუდიონი კი ერთი ესტრავაგანტური გარეგნობის ძველი ყაიდის საბჭოთა ოფიცერი იყო, რომელსაც ძირითადად იოსებ სტალინის ტაკიმასხარის როლი ჰქონდა კრემლში მორგებული.

სტეფანე შაუმიანი კი ტფილისელი სომეხი იყო, ბოლშევიკი. 1918 წელს რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა სახელმწიფოსგან სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს გამოყოფის შემდეგ ლენინმა სწორედ შაუმიანს დაავალა კავკასიაში ვითარების ხელში აღება და ბოლშევიკური წესრიგის დამყარება. ეს სცადა კიდეც კამოს და სხვა რევოლუციონერების დახმარებით შაუმიანმა, მაგრამ ტფილისში, ალექსანდრეს ბაღში 1918 წლის 10 თებერვალს ბოლშევიკურ მანიფესტაციას და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას ამიერკავკასიის ხელისუფლებამ ტყვიამფრქვევები დაახვედრა. შაუმიანს ტფილისიდან გაქცევა მოუწია, თუმცა მალევე წითელი ხელისუფლების ბაქოში დამყარება მოახერხა. ბაქოს რამდენიმე თვის განმავლობაში ბოლშევიკი კომისრები მართავდნენ, სტეფანე შაუმიანის ხელმმძღვანელობით. საბოლოოდ ეს კომისრები დაამხეს, დააპატიმრეს და დღემდე გაურკვეველ ვითარებაში თურქმენეთში დახვრიტეს. ბაქოელი კომისრების თავგადასავალი საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპოსი იყო. მათზე წერდნენ ლექსებს, პოემებს, იღებდნენ ფილმებს. იყო მათი სახელობის ქალაქები, მოედნები, გამზირები, ქუჩები. იყო როგორც კოლექტიური, ასევე, პერსონალური ქუჩები და მოედნები. მაგალითად, თბილისში ავლაბარ-ისანს 26 კომისრის რაიონი ერქვა, ავლაბრის მეტროს ასევე 26 კომისრის მეტრო. დღევანდელი ქეთევან წამებულის გამზირს - შაუმიანის პროსპექტი.

იყო სხვა ბაქოელი კომისრების სახელობის ქუჩებიც თბილისში: ალიოშა ჯაფარიძის, აზიზბეკოვის, ვეზიროვის, ფიოლეტოვისა და სხვების. ახლა ეს ქუჩები, რაიონები და მოედნები თბილისში აღარაა. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ქვემო ქართლში არის ბოლშევიკ სტეფანე შაუმიანის სახელობის დაბა, იქვეა სოფლები ულიანოვკა, ბუდიონოვკა, კიროვკა. არადა, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, კანონიც გვაქვს საბჭოთა სიმბოლოების წინააღმდეგ მიღებული. ნაჩქარევი და ცოტა ზერელე, მაგრამ მაინც კანონი. თითქოს დავემშვიდობეთ საბჭოთა წარსულს, მაგრამ გვაქვს ამგვარი სახელწოდებები.

ამის წამკითხველს შესაძლოა, კითხვა გაუჩნდეს: ან რამ გამახსენა ახლა ეს სახელები, ან მეტი საქმე განა არა მაქვს, ამგვარმა წვრილმანებმა რა უნდა დააშავოს, მით უფრო, რომ ამდენი მოუგვარებელი პრობლემაა ქვეყანაში. ეს პრობლემა იმან გამახსენა, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად დავდივარ ქვემო ქართლში, მართალია, იქ ციხე-სიმაგრეებს ვიკვლევ, მაგრამ ყოველ ჯერზე თვალში უსიამოდ მხვდება ეს საბჭოთა სახელწოდებები და კიდევ - რაც შეეხება იმას, რომ ეს შესაძლოა, წვრილმანია და სჯობს სხვა სერიოზულ საკითხებზე ვიფიქროთ - ჩემი ღრმა რწმენით, ნებისმიერი სერიოზული და რთული საკითხი პატარ-პატარა, წვრილი საკითხებისგან შედგება და თუ ამ წვრილ საკითხებს არ მოაგვარებ, შეუძლებელია, რთული პრობლემა დაძლიო.

ბოლოს, დაბა შაუმიანთან დაკავშირებული ერთი გარემოება - იმის გათვალისწინებით, რომ ამ დაბაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკურად სომეხია, ჩემი აზრით, უფრო მისაღები იქნებოდა შაუმიანის სახელის ჩანაცვლება სხვა გამოჩენილი სომხების სახელებით. დარწმუნებული ვარ, საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ სომეხს ბოლშევიკ შაუმიანზე მეტად ეძვირფასება, მაგალითად, - ოვანეს თუმანიანი, მიქაელ არამიანცი, ან ალექსანდრე მანთაშევი. შეიძლება ამ დიდი ადამიანების სახელით დაბა შაუმიანის სახელწოდების ჩანაცვლება. კიროვკა, ბუდიონოვკა, ულიანოვკისთვის კი ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიის მკვლევრების აზრის გათვალისწინებით, ისტორიული ტოპონიმების დაბრუნება. ამ ბოლშევიკური სახელწოდებების შეცვლა აუცილებელია, მით უფრო რომ მომავალი წელი საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის 100 წლის საიუბილეო წელია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^