Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ გვაღარიბებენ აფთიაქები

14 დეკემბერი 2017

1. გავრცელებული ცრურწმენის საპირისპიროდ, საქართველოში ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დანახარჯებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მსოფლიო ბანკის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჯანდაცვის საერთო დანახარჯის მხოლოდ 28.2 პროცენტი მოდის სახელმწიფოზე. სახელმწიფო ფარავს ჯანდაცვის საერთო დანახარჯების 43 პროცენტს სომხეთში, 81.9 პროცენტს - ხორვატიაში, 78.8 პროცენტს - ესტონეთში, 67.9 პროცენტს - ლიტვაში, 52.2 პროცენტს - რუსეთში.

2. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეთა 25 პროცენტი სტუდენტები, პენსიონრები და ბავშვები არიან. სჯპ-ის მოსარგებლეთა 56 პროცენტი ამ პროგრამის ამოქმედებამდე საერთოდ არ სარგებლობდა სამედიცინო დაზღვევით. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ 2013 წლიდან ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯი იზრდებოდა: მიეცათ რა საშუალება, მისულიყვნენ გამოკვლევაზე, მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომ სამედიცინო ჩარევა სჭირდებათ. სხვა სიტყვებით, სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობამ აამაღლა სამედიცინო მომსახურების მოთხოვნა და, შესაბამისად, გაზარდა ჯანდაცვის დანახარჯი. მონაცემებით მყარდება ეს დასკვნა: 2013 წელს სჯპ-ის დაგეგმილი ბიუჯეტის მხოლოდ 69 პროცენტი გაიხარჯა; უკვე 2014 წელს ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს რეალური დანახარჯი დაგეგმილს 1/3-ით გადასცდა; 2015 წელს წინა წელთან შედარებით ამ პროგრამის ბიუჯეტი 39 პროცენტით გაიზარდა და რეალურმა დანახარჯმა დაგეგმილს მაინც გადააჭარბა. ამ მონაცემების უკან ჩვენ ათიათასობით გადარჩენილ სიცოცხლეს უნდა ვხედავდეთ.

3. სახელმწიფოს მზარდი დანახარჯის მიუხედავად, საქართველოში საგანგაშოდ მაღალია მოქალაქეების ჯიბის დანახარჯი ჯანდაცვის სფეროში - 66 პროცენტი. საქართველოს მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებში მოქალაქეების ჯიბის დანახარჯის საშუალო მაჩვენებელი 44 პროცენტს არ აღემატება. მაგალითად, 11.2 პროცენტია ხორვატიაში, 20.7 პროცენტი - ესტონეთში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიუხედავად, 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის მესამედმა ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი გასწია: შინამეურნეობების მთლიან დანახარჯში ჯანდაცვის დანახარჯმა 10 პროცენტი შეადგინა. მსოფლიო ბანკი ამ მონაცემს კატასტროფულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მოქალაქეების ჯიბის დანახარჯის მაღალი მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

4. 2012 წლიდან 2015 წლამდე 6 პროცენტით მოიმატა იმ ოჯახების რაოდენობამ, რომლებმაც ჯანდაცვაზე კატასტროფულად დიდი ხარჯი გასწიეს. როგორ ხდება, რომ სახელმწიფოს დანახარჯის ზრდა არ ამცირებს მოქალაქეების ჯიბის დანახარჯს? მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ამის უმთავრესი მიზეზი მოქალაქეების მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯია. ჯანდაცვის სერვისების უტილიზაციისა და დანახარჯების კვლევის მიხედვით, მოქალაქეების ჯანდაცვის დანახარჯის 2/3 მედიკამენტებზე მოდის. საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ ჯანდაცვის ბარომეტრის მიხედვით, 2013 წლის შემდეგ უწყვეტად იზრდებოდა სამკურნალო პრეპარატების ფასი - ეს საქსტატის მონაცემებითაც დასტურდება. სხვა სიტყვებით, ფარმაციის ბიზნესი მიზანმიმართულად აღარიბებს მოსახლეობას და ძირს უთხრის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საჯარო პოლიტიკის ყველაზე დიდ მონაპოვარს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^