Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოლიდარობის მასტერკლასი

14 დეკემბერი 2017

17 მაისს დემონსტრაციას ვატარებთ. მთავარი მესიჯი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სათანადოდ გამოძიება და საქმეების შესაბამისი მუხლით კვალიფიცირებაა, ადრესატიც, შესაბამისად სახელმწიფო იქნება.

დიდი ხანია უკვე თვალს ხუჭავენ ძალადობის გახშირებულ შემთხვევებსა და ტრანსგენდერი ქალების მკვლელობებზე. რამე უნდა ვიღონოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა გავერთიანდეთ ბოლოს და ბოლოს სიძულვილი მარტო ჩვენ ხომ არ გვაწუხებს, სხვა გარიყული სოციალური ჯგუფებიც შავ დღეში არიან.

იმისათვის, რომ აქცია მრავალფეროვანი გამოვიდეს და ჩაგვრებს შორის გადაკვეთის წერტილები ვიპოვოთ, ვიწვევთ ფემინისტურ ჯგუფებს, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების იმ წარმომადგენლებს, ვისაც სურს და შეუძლია მოსვლა და სცენაზე ერთი-ორი სიტყვის თქმა ადამიანის უფლებათა უნივერსალურობაზე.

მემარცხენეებსაც ვეძახით და იმედია, მოვლენ, მიუხედავად იმისა, რომ ენჯეოების პოზიციებს ყოველთვის არ ეთანხმებიან.

ჰო, მწვანეები და ჰუმანური ნარკოპოლიტიკისათვის მებრძოლი ჯგუფები თავისთავად იქნებიან, ისედაც სულ დადიან ერთმანეთის აქციებზე.  

აქციის ფორმატზე გვეკითხება ბევრი და გეტყვით, ჯერ მსვლელობას მოვაწყობთ რუსთაველზე და მერე პარლამენტთან კონცერტი და სიტყვით გამოსვლები იქნება.

კონცერტზე რამდენიმე არტისტი მოვიწვიეთ, მათ შორის, ახალგაზრდებში ძალიან პოპულარული რეპერი „იქსიგრეკა“. ძალიან ცოცხალი ტიპია, ზოგადად პროგრესულად აზროვნებს და ისეთი ადამიანია, აი, იდეისთვის რომ იწვიან ხოლმე.

მოკლედ, კარგი უნდა გამოვიდეს... მართალია, ერთი სიმღერა აქვს სადაც ნარკოდანაშაულზე საუბრობს და საკმაოდ უხეშ რაღაცებს ამბობს, მაგალითად, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება ჯანსაღ ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალს გვაცლის ხელიდან ამიტომ ნარკომომხმარებლები საქართველოს ღუპავენ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ ლიბერალური.

ციტატებს ვერ მოვიყვან ახლა, მეტისმეტად უხეშია, მაგრამ ერთი სიტყვით მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციას კი არა, დეკრიმინალიზაციასაც კი ეწინააღმდეგება.

ამ ამბავზე ბევრი ვიფიქრეთ და ვიკამათეთ კიდეც ორგანიზატორებმა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ლეგალიზაცია/დეკრიმინალიზაციაზე საზოგადოებაში შეთანხმებული აზრი არ არსებობს, თემშიც ბევრს ჰგონია, რომ ნარკოპოლიტიკა უფრო მკაცრი უნდა იყოს, ამიტომ არაუშავს.

აი, რამე ისლამოფობიური ან სხვა მხრივ ქსენოფობიური რომ ჰქონოდა ნათქვამი ან ნამღერი, ნაღდად ვერ დავუძახებდით, სულ რომ გეი ქორწინების ადვოკატი ყოფილიყო.

ისე, არა მგონია პრობლემა იყოს, ბოლოს და ბოლოს „თეთრი ხმაურის მოძრაობაშიც“ არიან თემის წევრები, ყველას გვიყვარს ერთმანეთი, მეგობრები ვართ, „ჰორუმზეც“ ერთად დავდივართ ხოლმე და საერთოდ ჩვენი „მოხოდილია“ ეს მოძრაობები.

გაიგებენ, რომ გადაკვეთის წერტილებს ვეძებთ და ინტერსექციულ მოძრაობას ვაშენებთ. გარდა ამისა, სიძულვილი ვაკუუმში ხომ არ ჩნდება, დისკუსიაა საჭირო და ხალხს უნდა მივცეთ ხმის ამოღების უფლება, არავისი გარიყვით ჯერ საქმე არ გაკეთებულა... თან იმდენად ცოტა ადამიანი გვყავს შოუბიზნესში ვინც ჰომოფობი არაა, რომ ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებთ. ერთადერთი უნდა დავარწმუნოთ, რომ მაინცდამაინც ის სიმღერა არ იმღეროს. არ იქნება ალბათ ლამაზი. ჰო, ასე აჯობებს...

ვინც ამას კითხულობთ და წარბი აწიეთ, გეტყვით, რომ 1) არავითარ შემთხვევაში არ ვიზიარებ „იქსიგრეკას“ პოზიციას ნარკოპოლიტიკისა და მომხმარებლების მიმართ; 2) ვაღიარებ, რომ „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს; 3) ზემოთ აღწერილი სიტუაცია სინამდვილეში არ მომხდარა ...  თუმცა თეორიულად შეიძლება მომხდარიყო კიდეც, ჩვენ (ქვიარები) ხომ აღმოვჩნდით ანალოგიურ მდგომარეობაში 10 დეკემბერს. მართალია, ზემოთ შეთხზულ ქეისში რაღაცებს ვაზვიადებ, მაგრამ შევეცადე იმ არგუმენტებისა და „გაპრავების“ შეჯამება მომეხდინა, რაც აქციის ორგანიზატორებისა და მათი აზრის გამზიარებლებისგან მოვისმინე ამ სამი დღის მანძილზე.

ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები იმდენად ხშირად იკვეთებიან ლგბტ მოძრაობასთან, რომ საერთოდ არ გამკვირვებია, როდესაც 10 დეკემბერს (სხვათა შორის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს) დილიდანვე მხვდებოდა ფეისბუკზე ლგბტ მოძრაობაში აქტიური სხვადასხვა ნაცნობის მოწოდებები: „ქვიარებო, აბა გავედით!“, „დღეს გადამწყვეტი ბრძოლაა!“, „ყველანი მივდივართ აქციაზე!“ და ასე შემდეგ. ჰოდა ბევრი „ქუიარი“ მართლაც ადგა და წავიდა. მეც წავიდოდი საქართველოში რომ ვყოფილიყავი.

ბუნებრივია, ძალიან მაინტერესებდა ყველაფერმა როგორ ჩაიარა და საღამოს, როდესაც აქციის შესახებ ინფორმაციის მოსაძებნად შემოვედი პირწიგნაკზე, რამდენიმე მეგობრის ჯერ მოკრძალებული და მერე ცოტა უფრო თამამი პროტესტი დამხვდა იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის დროს სცენაზე არც მეტი არც ნაკლები რეპერი „მასტერი“ გამოვიდა (იმედია ფსევდონიმი ბულგაკოვის პერსონაჟის საპატივცემულოდ არ აურჩევია).

ჰო, ეგ ისაა, 2013 წლის 17 მაისის შემდეგ თავისი ჰიტი და ქართული ჰიპ-ჰოპის შედევრი „არასდროს“ რომ მოგვიძღვნა „პიდარასტებს“. ისე საკმაოდ ინფორმაციული სიმღერაა - ავტორი გვაუწყებს, რომ „მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი“, რომ მის შეყვარებულს არ ჰქვია ნიკა (არადა, ევროპა-ამერიკა აქვს ნანახი ბიჭს) და, რომ დიდოსტატს მარჯვენა მოკვეთეს და სისხლისგან მაინც არ დაიცალა (ნუ, ალბათ იმდროინდელ მედიცინაშიც იცოდნენ სისხლდენის შეჩერება). კლიპში მთელი ეს (და კიდევ მეტი) ბოდვა რომელიღაც ქვეყანაში ჩატარებული გეიპრაიდის კადრების ფონზე მიდის.

მოკლედ, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ტიპი გაეშვათ სცენაზე. მეწყინა (ალბათ უფრო მეწყინებოდა აქციაზე რომ ვყოფილიყავი და იქ დამხვედროდა), მაგრამ რამაც გამაცოფა იყო ამ საკითხის გარშემო გამართული დისკუსიის სრული არაადექვატურობა.

ამ თემაზე უკვე ბევრი დაიწერა, ბევრი დუჟი დაიღვარა, ბევრი თვალიც დაიქაჩა და კისერზე ძარღვებიც ბევრს აგვითამაშდა, მაგრამ უშედეგოდ. ორგანიზატორებს და მათ თანამოაზრეებს არ სურთ თავისი გადაწყვეტილება შეცდომად აღიარონ და ბოდიში წამოახველონ, რის გამოც თავის ქმედებას გამალებით „აპრავებენ“ სხვადასხვა კეთილშობილური არგუმენტით - გამოხატვის თავისუფლებით დაწყებული და სხვა ჯგუფებთან გადაკვეთის წერტილების ძებნით დამთავრებული. როდესაც ხვდებიან, რომ ამას არ ვჭამთ, გადმოდიან თავდასხმაზე და ამბობენ, რომ ჩვენ (ფაქტობრივად დაუნახავები) საქმის ნაცვლად იარლიყების დაკერებით ვართ დაკავებულები და არ შეგვწევს უნარი, საკუთარი თავების გარდა, რაღაც დიდზე ვიფიქროთ და მის გარშემო გავერთიანდეთ. ბოლოს და ბოლოს, რა ჰომოფობია გაგვიკვირდა საქართველოში? რითი ვერ შევიგნეთ, რომ ცოტა მოთმინების უნარი თუ არ გამოვიმუშავეთ, მხარდამჭერები არასოდეს გვეყოლება, ინტერსექციულ მოძრაობებს ვერასოდეს ავაწყობთ და შედეგსაც ვერ მივაღწევთ?!

პირველ რიგში, ძალიან საინტერესოა, რომ ყოველთვის როდესაც ქალებს ან/და ლგბტ ადამიანებს რაღაცასთან პრობლემა გვაქვს, დამნაშავეები ისევ ჩვენ გამოვდივართ. ჩვენთვის სრულიად მისაღები უნდა იყოს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური ფონი (ისე, სხვათა შორის, „მასტერს“ სექსისტური სიმღერებიც აქვს) და რახან ყველაფერი ისედაც ცუდად არის და ყველას ვძულვართ, არაუშავს თუკი ჩვენი ღია მოკავშირეები (რომელთაგან ბევრს, ჩვენში დარჩეს და, ენაზე არავინ ექაჩება) ამ ტოტალური სექსიზმის და ჰომოფობიის წნეხს ვერ გაუძლებენ და ცოტას შემოგვაფურთხებენ. ნუ რა მოხდა ახლა, უნდა მოვიწმინდოთ შხეფები, მივიღოთ სოლიდარობის მსგავსი „მასტერ-კლასები“ და დიად მიზანზე ფიქრი გავაგრძელოთ.

კეთილი, დავუშვათ, რომ ეს ზედა აბზაცი ჩემს კისერზე დაბერილი ძარღვი იყო, მაგრამ საინტერესოა, საერთოდ რატომ გახდა ეს თემა ამხელა დაპირისპირების საგანი? პასუხის გასაცემად, ალბათ ჯერ სამი დამატებითი კითხვა უნდა დავსვათ: რას მოვიაზრებთ სოლიდარობაში, რა მოლოდინები გვაქვს ერთმანეთისგან და  როგორი სტრუქტურა აქვთ დღეს საქართველოში არსებულ უფლებადაცვით მოძრაობებს.

სოლიდარობას არსებითად მოიაზრებს კონკურენციის, პარტიკულარიზმის წინააღმდეგ გალაშქრებას და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას, რაც, თავის მხრივ, შესაბამის სოციალურ დამოკიდებულებასა და ემოციურ ჩართულობას მოითხოვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოლიდარობა არ არის უბრალოდ ვიღაცის ატანა ან მისი ზედაპირულად, „კარგი ტონის“ გამო მხარდაჭერა. ის საჭიროებს ღირებულებებისა და იდეის გააზრებას, გაზიარებას, და კონსენსუსზე მუშაობას.

საქართველოში დღეს არსებობს იმის მოლოდინი (მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ხშირად გვიმეორებენ ამას), რომ სხვადასხვა საკითხზე მომუშავე ჯგუფებმა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა უნდა გამოამჟღავნონ. მეტს ვსაუბრობთ ასევე ინტერსექციულობაზე, ანუ სხვადასხვა სახის ჩაგვრებისა და გამოცდილებების გადაკვეთაზე, თუმცა ეს საუბარი უფრო ფორმალურ სახეს ატარებს.

ჩვენ დავდივართ ერთმანეთის აქციებსა და ანგარიშების პრეზენტაციებზე, მაგრამ იშვიათად ვინტერესდებით იმით, თუ რას აკეთებენ სხვადასხვა ჯგუფები აქციიდან აქციამე ან რამდენად შეიძლება მათთან გადაკვეთის რეალური წერტილები ვეძებოთ იმისთვის, რომ ერთიან ბრძოლაში ჩავებათ. გასაგებიცაა, საკუთარი საქმე გვაქვს თავზე საყრელი და ამიტომ მივყვებით ჩვენს პროექტებს და სტრატეგიულ გეგმებს შემდეგ აქციამდე. აქედან ლოგიკურად გადავდივართ მეორე და მესამე კითხვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო მოძრაობები საქართველოში დღეს უფრო მრავალფეროვანია (როგორც თემატური ისე სტრუქტურული თვალსაზრისით), ვიდრე, ვთქვათ, 10 წლის წინ, ხშირად იქმნება გარკვეული იერარქია ამ მოძრაობების ხილვად ბირთვსა და დანარჩენ წევრებს შორის. ეს იერარქია ბევრ რამეზეა დამოკიდებული, გენდერით, კლასობრივი და განათლების სტატუსით დაწყებული და გამოცდილებით, პირადი აქტიურობით და კარგი კონტაქტებით დამთავრებული.

 „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ „ბირთვი“ ცნობილია თავისი მეგობრული განწყობით ლგბტ თემის მიმართ, მათ შორის იმიტომაც, რომ მის რიგებში ღიად გეი აქტივისტებიც არიან და ბოლოს და ბოლოს „ჰორუმზეც“ ყველანი ერთად დავდივართ და ერთმანეთის კამპანიებში ვერთვებით. ამიტომ, დროთა განმავლობაში ბევრს გაგვიჩნდა ილუზია, რომ ამ ბირთვის ანტიჰომოფობიური პოზიცია მთელი მოძრაობის აზრს გამოხატავს და შესაბამისად იმ სივრცეში, სადაც ეს მოძრაობაა, ჰომოფობიას ადგილი არ დაეთმობა.

ისევე, როგორც თხმ-ს შეიძლება ეგონოს, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნას მთელი ლგბტ მოძრაობა ეთანხმება. არცერთი არაა მართალი იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში ჩვენ არასწორად ვაიგივებთ მოძრაობების ყველაზე ხილვადი სეგმენტის აზრს მთელი მოძრაობის პოზიციასთან და ამ გაზიარებულ აზრსა და პირად ურთიერთობებზე დაყრდნობით ვმუშაობთ ერთმანეთთან.

მოლოდინებში ამ აცდენამ გამოიწვია ბევრი პრობლემური რეაქცია მომხდარზე. მაგალითად, ძალიან პრობლემურია იმაზე აპელირება, თითქოს ორგანიზატორების გადაწყვეტილება ჰომოფობ და სექსისტ რეპერს დაუთმოს სცენა შეიძლება საშუალო სტატისტიკური ნარკომომხმარებლის და აქციის მონაწილის ჰომოფობიით გამართლდეს. ეს არგუმენტი სინამდვილეში ადამიანების მავნე ჩვევაზე მიგვითითებს - მოძრაობებში არსებული იერარქიები მაშინ უარყონ, როდესაც ეს აწყობთ და როდესაც არ აწყობთ მიედ-მოედონ და თავი იმართლონ („რა ვქნა, 1000 ადამიანი დგას ჩემ უკან და მათ აზრს ხომ არ გადავახტები“).

სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში. ანალოგიურ პრობლემას შევეჩეხე 2016 წლის 17 მაისს. გეხსომებათ ალბათ, რომ ამ დღეს ათამდე ლგბტ აქტივისტი დააკავა პოლიციამ ანტიჰომოფობიური სტენსილების გაკეთებისთვის და ბუნებრივია, როგორც კი ეს შევიტყვეთ ვმობილიზდით და ფაქტობრივად მთელი დღე გავატარეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში. პარალელურად ბევრი ჩვენგანი ცდილობდა სხვა მოკავშირეების მობილიზებას.

სწორედ ასე დავსვი ჯგუფ „ქალთა მოძრაობაში“ აქტივისტების მხარდამჭერი განცხადების საკითხი (ბოლოს და ბოლოს „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ დილიდან სასამართლოსთან იყო და ჩავთვალე, რომ კარგი იქნებოდა მეტი ფემინისტური მხარდაჭერა). პასუხად კი, დიდი კამათის შემდეგ მივიღე ის, რომ  ჯგუფში ძალიან ბევრი წევრია, შეთანხმების მიღწევა რთულია და ბოლოს და ბოლოს სოლიდარობა თუ გვჭირდება, იქნებ ბარემ ჩვენვე დავწეროთ ეს განცხადება. ჯგუფიდან მაშინვე წამოვედი. სალაპარაკო აღარაფერი იყო იმიტომ, რომ არაერთხელ მქონდა ნანახი, როგორ სწრაფად ხერხდებოდა სხვა საკამათო გადაწყვეტილების მიღება ჯგუფის გადამწყვეტი ბირთვის მობილიზების შედეგად.

ორივე შემთხვევაში შეურაცხმყოფელია „შერეული მესიჯები“ ადამიანის უფლებათა უნივერსალურობასა და სხვადასხვა ჯგუფის მიმართ სოლიდარობასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ შემთხვევაში დამამცირებელი არჩევანის თავისუფლების სიმბოლური წართმევაა. მაგალითად, ბევრი ლგბტ ადამიანის გააზრებული არჩევანი იყო, გაფიცული მუშების მხარდასაჭერად წასვლა და, მუსლიმ თემზე თავდასხმების გაპროტესტება. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ამ ჯგუფებს გვერდში არ დავუდგებოდით იმიტომ, რომ მათ წიაღში, სავარაუდოდ, ბევრი ჰომოფობია.

ეს ფაქტორი იმ მომენტში უმნიშვნელოდ ჩავთვალეთ სწორედ იმიტომ, რომ ბრძოლა იყო მნიშვნელოვანი და თავიდანვე დავუშვით და მივიღეთ ის შესაძლებლობა, რომ ამ ჯგუფების პოზიცია ლგბტ საკითხებზე საკმაოდ თანმიმდევრულად და გულწრფელად უარყოფითი იქნებოდა (ბუნებრივია ესეც მხოლოდ გარკვეულ დონემდეა სიმართლე ისევე, როგორც ყველა სხვა განზოგადება). მართალია 10 დეკემბერს აქციაზე მისვლაც ბევრი თემის წევრის არჩევანი იყო, მაგრამ ეს არჩევანი ბოლომდე ინფორმირებული არ ყოფილა, რადგან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ პოზიციებიდან გამომდინარე მათ სცენაზე მძვინვარე ჰომოფობის ნახვის არანაირი მოლოდინი არ ჰქონიათ. „მასტერის“ სცენაზე გამოჩენა ჩვენთვის ორმაგად მტკივნეულია იმიტომ, რომ ის მისი „შედევრი“ 2013 წლის 17 მაისის შემდეგ გამოჩნდა, როდესაც ბევრი ჩვენგანი ძლივს გადაურჩა სიკვდილსა და დასახიჩრებას.

ეს ტექსტი იმისთვის არ დამიწერია, რომ ვინმეს ჰომოფობის იარლიყი მივაკერო (ისედაც მგონია, რომ ამას მეტისმეტად სწრაფად ვაკეთებთ ხოლმე, იმდენად მიგვაჩვია სისტემამ ადამიანების დახარისხებას). პირველ რიგში იმიტომ დავწერე, რომ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ სამოქალაქო მოძრაობებზე, მათი გადაკვეთის წერტილებზე და მიმაჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მოძრაობებში არსებული ძალაუფლების იერარქიების გააზრება, აღიარება და კრიტიკა.

უნდა დავინახოთ, თუ ვისი აზრია ყველაზე ხილვადი, რატომ და როგორ შეიძლება ეს შევცვალოთ. გულწრფელად უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს იმაზე, თუ როგორ გვესმის სოლიდარობა, რამდენად გვჭირდება ერთმანეთი, რა მოლოდინები გვაქვს სხვადასხვა ჯგუფებთან და რამდენად რეალისტურია ეს მოლოდინები. სამწუხაროა, რომ ამ თემებზე დისკუსია ფეისბუკზე კომენტარებშია გაბნეული და ის ჩვენი მოძრაობების მეხსიერებაში დარჩება მხოლოდ და მხოლოდ, როგორც ერთმანეთის ლანძღვის მორიგი შემთხვევა. ეს კულტურა როგორმე უნდა შევცვალოთ, თუკი მართლა გვინდა, რომ რაღაც თანმიმდევრული სააზროვნო სივრცე შევქმნათ.

დაუშვებელია კონფლიქტური სიტუაციები და ერთმანეთის ბრაზი ლანძღვა-გინებამდე და ერთმანეთის ეგოიზმსა და მეწვრილმანეობაში დადანაშაულებამდე დავიყვანოთ. აუცილებელია ვიყოთ თვითკრიტიკული და მივცეთ საკუთარ თავსა და სხვებს როგორც ბრაზის გამოთქმის, ისე შეცდომების აღიარების საშუალება იმიტომ, რომ ეს გამუდმებული საკუთარი თავის მართლებისა და ნებისმიერი შეცდომის „გაპრავების“ ჩვევა ჰაერიდან არ ჩნდება. როგორც ჩანს, იმისათვის, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებს სხვანაირად შევხედოთ, უსაფრთხო სივრცე ჯერ არ გაგვაჩნია. ამ ტექსტის დასაწყისში საკმაოდ პრიმიტიულ, მაგრამ, ჩემი აზრით, ქმედით მეთოდს ვიყენებ. საკუთარი თავის სხვის ადგილზე დაყენება და სიტუაციის სხვისი გადმოსახედიდან გაანალიზება შეიძლება ერთმანეთის გაგებაში დაგვეხმაროს და იქნებ მართლა აქედან დავიწყოთ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^