ღვინოვ, კახურო! ამას წინათ ერთმა ინტერნეტმედიამ ჩვენს ოჯახზე სტატია გამოაქვეყნა, ვაზისა და ღვინის სიყვარულით დედაქალაქიდან სამეგრელოში გადასახლდნენო. ასეთ დროს, ბუნებრივია, ცალი თვალი კომენტარებისკენ გაგირბის. ჩვეულებრივ, ეს ის მარჯვენა თვალია, რომელიც უნდა მოიკვეთო, რამეთუ ამ საქმიდან სიკეთე არ გამოვა. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ეგრე უიმედოდაც არ ყოფილა. ძალიან ბევრი ადამიანი წარმატებას გვისურვებდა, ზოგიც - гвисурвебда. და როგორ შეიძლება ქართულ ენაზე მოთუხთუხე ვებგარემოში ამგვარი კეთილგანწყობის მიმართ გულგრილი დარჩე?! თუმცა აბსოლუტური ბედნიერება რომ არ არსებობს, აქაც გამოჩნდა, კომენტარებს ლაიტმოტივად გასდევდა, თქვე კაი ხალხო, თუ ვენახი და ღვინო გინდოდათ, სამეგრელოში რა მიგარბეინებდათო.
ორი სიტყვით ამ ამბავზე მინდა მოგახსენოთ.
ღვინოში „აზრზე მოსულები“ ძალიან ბევრს ხუმრობენ ხოლმე გურულებისთვის ერთობ საკრალურ, ფრთიან ფრაზაზე - „სუფთა ადესა“, რაც ნიშნავს კეთილსინდისიერად დადუღებულს, ოჯახურსა და შაქარგაურეველს. თუმცა უკვე ბევრგან დაიწერა და, ალბათ უკვე ოფიციალური ბახვიც საქმის კურსში იქნება, რომ ადესასგან, ისევე როგორც ნებისმიერი ჰიბრიდული ჯიშისგან დაყენებული ღვინო, ჯანმრთელობისთვის მავნებელი ყოფილა. ძაღლის თავი ფერმენტაციაშიაო, ამბობენ სწავლულნი, თორემ აბა ტკბილს და ფელამუშს რას ვერჩით. ჯანჯუხას, სწორედაც დააკვდებაო.
არც ის არის მაინცდამაინც გაუმხელელი და საზარელი საიდუმლო, რომ გვიანი რთვლის პერიოდში აგრარულ ბაზრებში ბოროტმოქმედნი ცელოფნის ტომრებში დანაშაულებრივად გადაფუთულ, უსულგულოდ გამოწნეხილ ჭაჭას ეზიდებიან. ბევრი ადამიანი ამ მასაზე შაქრისა და წყლის დამატებით აწარმოებს კონცენტრატს, სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და არამხოლოდ მანდ, ღვინოდ რომ იცნობენ. ამ კონცენტრატს დიდი წვლილი მიუძღვის სამამულო კულტურული მემკვიდრეობის ორი მთავარი ფაქტის შენარჩუნებაში, როგორიცაა: სარიტუალო სუფრები და მამრთა პოპულაციაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
ასეა, კი. მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. მე-19 საუკუნემდე იმერეთში, გურია-სამეგრელოში, აჭარა-აფხაზეთში დიაქრონულად და სინქრონულადაც ვაზის უამრავი ჯიში ხარობდა, საიდანაც შესანიშნავი ღვინოები დგებოდა. ამას არაერთი უცხოელი მოგზაურის ჩანაწერებიც მოწმობს. მაგალითად, შარდენის. ის სამეგრელოსა და იმერეთში მე-17 საუკუნის 70-იან წლებში მოგზაურობდა და აქაური მაღლარი, ველური ვენახების ენდემური ჯიშების მოსავლებისგან დაწურულ ღვინოებს საუკეთესოდ აფასებდა.
აქვე შეიძლება გავიხსენოთ პირველი ქართული ღვინო, რომელიც ევროპაში გავიდა. ეს იყო ჯანი, სხილა ან მტევანდიდი (ზუსტად ცნობილი არ არის), იაკობ მარის იანოულის (გურია) მაღლარი ვენახებიდან. ბევრს კი არასწორად ჰგონია, თითქოს პირველი ქართული ღვინო, რომელიც ექსპორტზე გავიდა, წინანდალში, ჭავჭავაძეების მარანში ყოფილიყოს დაწურული. რაც შეეხება, საერთაშორისო კონკურსებს, ერთ-ერთი პირველი ოქროს მედალი დადიანი-მიურატის მეგრულმა ოჯალეშმა მოიპოვა საფრანგეთში.
კულტურული ვაზის ყველაზე მეტი - 80 ჯიში კახეთშია აღნუსხული, მას მოსდევს 75 იმერული და 72 ქართლური ჯიში, შემდეგ მოჰყვება მეგრული (60), აფხაზური (58), გურული (53) და აჭარული (52). როგორც ვხედავთ, ვაზის ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისითაც დასავლეთ საქართველო აღმოსავლეთს ტოლს არ უდებს.
კახელები არ გაგვინაწყენდებიან, თუ ერთ საიდუმლოსაც გავამხელთ. თავის დროზე ჩემთვისაც მეტად მოულოდნელი იყო იმის აღმოჩენა, რომ როგორც საქართველოს ამპელოგრაფიის ფუძემდებელთა ტრიადა - რამიშვილი-ტაბიძე-კეცხოველი - ამტკიცებს, საფერავი ფორმათა წარმოქმნის უძველეს კერაში - ძველ კოლხეთში დაიბადა და კახეთში ის მხოლოდ მე-17 საუკუნეში მოხვდა. ამპელოგრაფთა თეორიას ამყარებს ისიც, რომ ბოტანიკური ნიშნებით საფერავი უფრო ახლო დგას კოლხეთის, ვიდრე ალაზნის ხეობის ჯიშებთან. საფერავის მთავარი ღირსებაც აქედან მოდის - არსებობის მანძილზე სხვადასხვა ტიპის ნიადაგურ-კლიმატურ გარემოსგან ადაპტაცია მოუხდა, რამაც მას მდიდარი ბუნება და მრავალფეროვანი გარდასახვის შესაძლებლობები შესძინა.
თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ საქართველოს მეღვინეობის მართლაც გამორჩეული რეგიონის - კახეთის მნიშვნელობის დაკნინებას ვცდილობდე. არამც და არამც. ჩემი მსჯელობა მხოლოდ ამერ-იმერის ერთიანობის იდეისკენ მიმყავს.
„რა ყოფილა ადესა“ (მუნიციპალურ ტრანსპორტში აღმოჩენილი სიმღერიდან). სამეცნიერო მტკიცებულებების არსებობა იმის თაობაზე, თუ რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაირწა პირველად ვაზისა და ღვინის აკვანი, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ პირველ რიგში, ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. მეორე მხრივ, სრულიად დასაშვებია ისიც, რომ ახალი არქეოლოგიური კვლევების საფუძველზე ამგვარი დასკვნები გადაიხედოს და ღვინის სამშობლოდ ამიერკავკასიის რომელიმე სხვა ქვეყანა გამოცხადდეს, რომელიც ამ სტატუსის მოპოვებისთვის დიდი ხანია თავდაუზოგავად იბრძვის. სინამდვილეში, როგორც მეცნიერები ამბობენ, ამიერკავკასიის ერთიანი ცივილიზაციის ნაშთებს დღეს რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოვაჩენთ, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარი უპირატესობა, რის გამოც არავინ დავობს, რომ ამ უძველესი კულტურის ლეგიტიმური სამართალმემკვიდრე საქართველოა, არის არამხოლოდ სიძველე, არამედ ტრადიციის უწყვეტობა და საყოველთაოობა.
მართლაც, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა - ყურძნის წიპწები და ვაზის მერქნები, ღვინის ჭურჭლის ფრაგმენტები თუ ამ ჭურჭელზე დალექილი ღვინის ნარჩენები, კომპლექსური მარნები საწნახლებითა და ქვევრებით არა რომელიმე ერთ სპეციფიკურ ხანას, არამედ რვაათასწლოვან უწყვეტ გამოცდილებას წარმოაჩენს - ნეოლითის, ბრინჯაოს, რკინის, ანტიკურ, ადრეული და გვიანდელი შუა საუკუნეების პერიოდებს. ეს გამოცდილება არც რომელიმე ერთი გეოგრაფიული არეალით, თუნდაც, კახეთით, ან ქართლით შემოიფარგლება. მევენახეობა საქართველოს ბარის, თითქმის, ყველა რეგიონში იყო გავრცელებული. მეტიც, როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერდა, მთისა და ბარის ზონებს სწორედ იმ პრინციპით მიჯნავდნენ, თუ სად გადიოდა ვენახების გავრცელების უკიდურესი ზღვარი.
ვენახი და ღვინო იყო ყველგან - კოლხეთის ჭარბტენიანი დაბლობიდან მესხეთის ალპურ მდელოებამდე, ზღვის დონიდან 1300 მეტრამდე. ხოლო სადაც ვენახი არ იყო, ღვინოს იქ მაინც აყენებდნენ - მთაში სპეციალური მარნები არსებობდა, სადაც ყურძენი ან ტკბილი აჰქონდათ და მეფეთათვის ტკბილ ღვინოებს ადუღებდნენ. ცნობილია ასეთი მარნების არსებობა მთიულეთში, კოჯორში, თრიალეთის ქედზე და სხვაგანაც მრავლად.
გარდამტეხი ეტაპი, რამაც მთელი საქართველოს, უფრო მეტად კი დასავლეთის მეღვინეობა „ბეჭებზე დადო“, მე-19 საუკუნეა. მსოფლიოში ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის განვითარებისა და შხამ-ქიმიკატების ინტენსიური გამოყენების პირდაპირპროპორციულად ძლიერდებოდა მცენარეთა დაავადებები და მავნებლები. აფეთქება საუკუნის შუა წლებში მოხდა და საქართველოშიც შემოაღწია. პირველად, 1854 წელს ამერიკიდან აფხაზეთში ნაცარი შემოვიდა, რომელიც მაღალტენიანი კლიმატის გამო ძალიან სწრაფად მოედო დასავლეთ საქართველოს. მევენახეებმა სულის მოთქმა ვერ მოასწრეს, რომ 70-80-იან წლებში ჭრაქი და ფილოქსერა დაატყდათ თავს. შედეგად, ყურძნის მოსავლიანობა ზოგიერთ რეგიონში ერთ მეშვიდედამდეც კი შემცირდა. სწორედ ამ პერიოდში ვრცელდება საქართველოში, განსაკუთრებით, დასავლეთში, მავნებლის მიმართ გამძლე ჰიბრიდული ჯიშები და მწარე საძირეებზე მყნობის გამოცდილება.
დასავლეთ საქართველოს აგრარულმა საზოგადოებამ მე-19 საუკუნეში მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლაში დიდი ეკონომიკური და ღირებულებრივი კრიზისი განიცადა. ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა ინდუსტრიალიზაციის პერიოდში. დღეს ის ისეთი მავნე ჩვევებით, როგორიცაა ჰიბრიდული ჯიშებისგან ღვინის წარმოება თუ ფალსიფიკაცია, თითქოს, ამ ტრავმული მეხსიერების დავიწყებას ცდილობს. ეს მდგომარეობა კი ძალიან ჰგავს სიყვარულში განცდილი იმედგაცრუებისა და დიდი ტკივილის მავნე ჩვევებით ჩახშობის მცდელობას.
თუმცა ყოველი ამგვარი მცდელობა რომ მარცხისთვისაა განწირული, ესეც ვიცით.
დეცენტრალიზაცია. და აი, დასავლეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთი-სამხრეთის, მთა-ბარისა და ჭურ-ქვევრის გაერთიანების იდეის გარშემო ჩამოყალიბდა „ამერიმერის“ კონცეფცია. ეს არის ბუნებრივი, ტრადიციული, ეკოლოგიურად სუფთა, ქვევრის, მცირე / ოჯახური ღვინოების მოხეტიალე ფესტივალი. დღესასწაული გააერთიანებს ღვინოებს საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონიდან, რომელთა დიდ ნაწილსაც მსოფლიოს ღვინის სამყარო კარგად იცნობს.
აქ შეხვდებით როგორც ბუნებრივი ღვინის მოძრაობის პიონერებს - ნიკოლაძეების მარანს, იაგოს ღვინოს, ჩვენი ღვინოს მარანს, ხოხბის ცრემლებს, იბერიელსა და მრავალ სხვას, ისე - ახალი ტალღის მწარმოებლებს - გიორგი ღვარძელაშვილს, გოგიტა მაკარიძეს, შოთა ლაგაზიძეს, ენეკ პეტერსონს, ზაზა გაგუასა და სხვა უამრავს.
ფესტივალს ახლად დაარსებული ასოციაცია - „ბუნებრივი ღვინო“ მასპინძლობს, რომელმაც გადაწყვიტა, გაერღვია ღვინის დიდი ფესტივალების ტრადიციულად შემოსაზღვრული თბილისი-თელავის მოედანი და ამჯერად, ბუნებრივი ღვინის მოყვარულებს ქუთაისში მოუყრის თავს. „ამერიმერს“, პირველ რიგში, ცხადია, ჰედონისტური, თუმცა ამასთანავე, საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს. ის ბუნებრივი მეღვინეობის გარშემო ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ეს იქნება ძალიან სახალხო, ხალისიანი ფესტივალი, რომელიც ამერისა (აღმოსავლეთ საქართველო) და იმერის (დასავლეთი) სხვადასხვა რეგიონში მონაცვლეობით გაიმართება. ამ ხეტიალში ის ბევრ მეგობარს შეიძენს და არაერთ მევენახეს მისცემს ახალი ჯიშების გაშენებისა და ღვინის ბოთლში ჩამოსხმის სტიმულს.
ახალი ღვინის ფესტივალის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამგვარ ფესტივალებს გარდამტეხი როლი შეუძლია ითამაშოს როგორც მცირე მარნების შესაძლებლობების გაძლიერებაში, ისე - სამომხმარებლო კულტურის განვითარებაში. 2012 წლიდან ფესტივალის, თითქმის, ყველა გამოშვებაში ვიღებდი მონაწილეობას, ჩემს მეუღლესთან ერთად და წელს უკვე ჩემი დამოუკიდებელი მარნით. ერთ წელიწადს ღონისძიების საინფორმაციო კამპანიასაც კი ვუძღვებოდი. პროგრესი, რაც სტუმრებმაც და მწარმოებლებმაც განვიცადეთ, ყველასათვის ცხადი და ხელშესახებია.
პირველ წლებში ხალხს მთავრული ასოებით გაკეთებული აბრა-სატყუარათი - „სამეგრელო“ - ვიზიდავდით. მოდიოდნენ, ძირითადად, ორი კატეგორიის სტუმრები. ერთნი მეგრული, ტკბილი ღვინოების გასინჯვას ითხოვდნენ და იმედგაცრუებულნი გატრიალდებოდნენ, როცა ვეტყოდით, რომ მხოლოდ მშრალი ოჯალეში გვქონდა. მეორენი კი შემოივლიდნენ, დიდხანს ატრიალებდნენ ბოთლებს და ჩაფიქრებულნი უკან მიირწეოდნენ, თითქოს უნდოდათ დარწმუნებულიყვნენ ამ სინტაგმის უტყუარობაში „მეგრული ღვინო“. წელს სულ სხვანაირად იყო. ჩვენს კარავთან მოდიოდნენ ადამიანები, ვინც ინტერესდებოდნენ, ოჯალეში სამეგრელოში მოწეული მოსავლის იყო, თუ - ორბელისა, იწერდნენ ჩვენს მისამართს მარტვილში და რაც ყველაზე საინტერესოა, მეგრული მარნის სანახავად მარტვილში ჩამოდიოდნენ.
ღვინის სამშობლოდ აღიარება ჩვენთვის დიდი პატივი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა. უკვე არაერთი გავლენიანი გამოცემა მონიშნავს საქართველოს, როგორც ღვინის ტურიზმის ახალ, საინტერესო რეგიონს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილ მოთხოვნას საქართველო 2018 წელს ადეკვატურად დახვდეს. ამგვარი ფესტივალების არსებობა და მათი დივერსიფიცირება კი იძლევა იმედს, რომ მალე საქართველოში მეღვინეობის ყველა რეგიონი დაიწყებს გამოცოცხლებას.
ერთხელ ზურა მღვდლიაშვილმა - „ნიკალას“ ღვინოების შემქმნელმა და დღეს უკვე ბუნებრივი ღვინის ასოციაციის თავმჯდომარემ მითხრა, ჩემი თვითმიზანი სულაც არ არის ღვინის ექსპორტზე გატანა. ნეტავ, აქაური მყიდველი ისე განვითარდეს, ბუნებრივი ღვინის ფასს მიხვდეს და მარაგები ადგილზევე ამოვწუროო. სწორედ ზურა და მისი მეგობრები უძღვებიან ამერ-იმერს. ის ადამიანები, ვისი ღვინოებიც საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, ბრიტანეთში და სხვა განვითარებულ ბაზრებზე წარმატებით იყიდება, თუმცა მათი მთავარი საზრუნავი მაინც ადგილობრივი მევენახეობისა და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა. ამიტომ აუცილებლად უნდა დაუთმოთ თქვენი ერთი შაბათი ბუნებრივი ღვინის ფესტივალს, დატკბეთ გემოთა სიხალასით და თქვენი წვლილიც შეიტანოთ მცირე მარნების გაძლიერებაში.