ვინაიდან კონსტიტუცია არა ერთი რომელიმე ჯგუფის პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტია, მისი მიღება და გადასინჯვა ორდინალური პროცედურით ვერ უნდა ხერხდებოდეს. ამიტომ, საქართველოს უზენასი კანონი ითვალისწინებს ცვლილებების სპეციფიკურ წესს, რომელმაც სწორედ ეს საზოგადოებრივი თანხმობა უნდა უზრუნველყოს.
კონსტიტუციაში ახლად მიღებულ ნოვაციებს კანონმდებლებმა მხარი მეორე მოსმენით გუშინ დაუჭრეს, რომლის განხილვისა და დამტკიცების წესს 102-ე მუხლი ადგენს და ეს პროცესი სწორედ მის სულისკვეთებას უნდა შეესაბამებოდეს. წესის მიხედვით, ცვლილების სურვილი რომ კონსტიტუცად იქცეს, ამისთვის ორი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო: (1) ინიცირებული პროექტი ჯერ ერთთვიან საყოველთაო-სახალხო განხილვაზე უნდა გავიდეს; (2) ამის შემდეგ კი მას დეპუტატების ¾-მა ორ თანმიმდევრულ სესიაზე სამთვიანი ინტერვალით უნდა დაუჭიროს მხარი. წინამდებარე ბლოგ-პოსტის მიზანი პირველი საკითხის განხილვაა (მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა პრობლემები მეორის მიმართულებითაც არსებობდეს).
სახალხო განხილვის იდეა სიახლეების შესახებ საზოგადოების აზრის მოსმენაა. ეს ერთი დემოკრატიული ელემენტია კონსტიტუციის გადასინჯვის ჩვენეულ პროცედურაში. ამავდროულად ეს ასპექტი ფორმალური კანონიერების პირობაა. სხვა სიტყვებით, თუ აღმოჩნდა, რომ სახალხო განხილვა არასათანადოდ, ან არ ჩატარდა ინიცირებულ ცვლილებებზე, ეს ამ ცვლილებების არალეგალურობაზე მიუთითებს. მაგალითად, ასეთი რამ მოხდა 2004 წელს, როდესაც მაშინდელმა უმრავლესობამ კონსტიტუცია ისე გადასინჯა, სახალხო განხილვა არც კი ჩაუტარებია. მაშინ, ასეთად რამდენიმე წლით ადრე გამართული შეხვედრები ჩაითვალა, რომელთანაც იმდროინდელ რეფორმას ბევრი არაფერი ჰქონდა საერთო.
მიმდინარე პროცესების შეფასების დაწყებამდე მნიშვნელოვანია ითქვას, როგორ უნდა იყოს სახალხო განხილვა და როგორ უნდა მიემართებოდეს კონსტიტუციურ ცვლილებებს: ა) ის უნდა იყოს ღია და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი როგორც ტერიტორიული, ისე ინფორმაციული თვალსაზრისით; ბ) საკითხები, რომელიც საბოლოოდ კონსტიტუციის ნაწილად იქცევა, აღნიშნულ ფორუმზე უნდა იყოს განხილული.
არსებულ კონტექსტში სწორედ ამ მეორე ასპექტზე ღირს ყურადღების გამახვილება. სახალხო განხილვა არ ითხოვს, რომ კონსტიტუციის ნაწილად მაინცდამიანც ის ფორმულირებები იქცეს, რომელმაც ეს პროცედურა გაიარა. მისი მოთხოვნა არც პოლიტიკური დამოკიდებულების თანხვედრაა. მიუხედავად ხალხის წინააღმდეგობისა, პარლამენტს შეუძლია პროექტი კანონად აქციოს, მაგრამ გადასინჯვის წესი კანონმდებელს აიძულებს მხოლოდ იმ ნორმებს უყაროს კენჭი, რომლებიც განხილვისთვის გამოქვეყნებული პროექტის თემატიკაში ხვდება. ამ ელემენტის შესაბამისობის გამორკვევა ზოგადადაც რთულია, მაგრამ განსაკუთრებით რთულია ეს მოცემულ შემთხვევაში, რადგან პარლამენტმა ერთ ხრიკს მიმართა: მან ახლად მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებები კი არ შეიტანა, არამედ განხილვისთვის კონსტიტუციის სრული ტექსტი გამოაქვეყნა. ამით თითქოს დემოკრატიულ მსჯელობას ყველა თემა და ნორმა დაუქვემდებარა და ხელ-ფეხი გაიხსნა საპარლამენტო განხილვების დროს მასში ყველა შესაძლო საკითხის დამატებისთვის.
მიუხედავად ამ ნაბიჯისა, შესაძლებელია იმის გამორკვევა, თუ რომელმა თემატიკამ გაიარა განხილვა. ამისათვის საჭიროა დაინტერესებული პირი ამოვიდეს არა სრულად გამოქვეყნებული პროექტის ტექსტიდან, არამედ ცვლილებების ნამდვილი შინაარსიდან. ანუ განხილვისთვის გამოქვეყნებულ საკითხებად უნდა ჩაითვალოს ის განსხვავება, რაც ცოტა ხნის წინ მიღებულ კონსტიტუციის რედაქციასა და ინიცირებულ ტექსტს შორისაა: განმარტებითი ბარათი მიუთითებს ვენეციის კომისიის დასკვნაზე და მასთან შესაბამისობის განზრახვაზე, თავად ტექსტში კი რამდენიმე ნორმაა შეცვლილი, მათგან უმთავრესი საარჩევნო თემატიკაა. ყოველ შემთხევაში ამ დოკუმენტში ნამდვილად არ არის შეტანილი ის საკითხები, რომლებიც შემდეგ პარლამენტში გახდა აქტუალური. მათ შორისაა ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები, ნორმები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ და სხვა. ისინი ახლა მეორე მოსმენით მიღებული დოკუმეტის ნაწილს წარმოადგენენ და პროექტში აღნიშნული პორცედურის გვერდის ავლით მოხვდნენ. აქ არგუმენტად ვერ გამოდგება ახალი საკითხების უშუალოდ საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს წამოჭრა. ამ შემთხევაში მთავარი თავად ინიცირებული პროექტი უნდა იყოს, და არა გამომსვლელთა ნება-სურვილს დაქვემდებარებული მოხსენებები. რაც უაღრესად სპეკულაციურსა და განუჭვრეტადს გახდიდა პროცესს. ამგვარად, თუ კონსტიტუციას პარლამენტი მიიღებს იმ სახით, როგორც ის ამჟამადაა, დაირღვევა უზენაესი კანონის გადასინჯვის პროცედურა.
მაგრამ, არსებობს თუ არა მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემდა პოლიტიკურ მოთამაშეს პროცესები კონსტიტუციით გათვალისწინებულ კალაპოტში დაებრუნებინა? ამისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გახსენებაა საჭირო. არის ერთი საქმე[1], სადაც სასამართლო საუბრობს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურის დარღვევით კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შესაძლო ბედზე. მართალია, ეს საქმე ცვლილებების არა ფორმალურ, არამედ მატერიალურ საკითხებს ეხება, სადაც სასამართლო უარს ამბობს განხილვაზე, სადაც უკანასკნელის სტანდარტებს გამოიყენებს, მაგრამ პირველთან დაკავშირებით ის ამგვარ შესაძლებლობას არ გამორიცხავს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,შინაარსობრივი თვალსაზრისით’’ კონსტიტუციურ ცვლილებებს ვერ შეაფასებს, რადგან უზენაესი კანონის ნორმებს შორის იერარქია დადგენილი არ არის. თუმცა იქვე ამატებს, რომ ამის საპირისპიროდ ,,საქართველოს კონსტიტუციით ცხადად არის გაწერილი კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის წესი, რომლის შეცვლაც ამავე წესით უნდა მოხდეს’’. საბოლოო დასკვნით კი ,,...არ გამორიცხავს საკუთარ უფლებამოსილებას, დაადგინოს, რამდენად იყო დაცული კონსტიტუციური კანონის მიღების კონსტიტუციით გათვალისწინებული წესი. ამის საფუძველს შესაძლოა ქმნიდეს კონსტიტუციის გადასინჯვის კონსტიტუციით გათვალისწინებული წესის არსებობა. კონსტიტუციაში დადგენილი მოთხოვნების, წესების პატივისცემა, მათი განუხრელი დაცვა ემსახურება კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფას. სწორედ, ამიტომ, პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა კონსტიტუციით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით უნდა წარიმართოს’’. ყოველივე ზემოთმულის გათვალისწინებით კონსტიტუციის დარაჯისთვის მიმართვა საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს. იქამდე კი პარლამენტს უნდა შევახსენოთ ის რაც ზემოთ ითქვა, - კონსტიტუციის შეცვლა ხალხის გვერდის ავლით, თავად ამ დოკუმენტის დეგიტიმურობას უქმნის საფრთხეს და სამომავლოდ მის მორიგ გადასინჯვას ახალისებს.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება №1/1/549 საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და იოსებ მანჯავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.