Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წინასწარგანწყობები ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე

26 დეკემბერი 2017

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში იწყება ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომზადებული მასშტაბური კანონპროექტის განხილვა. კანონპროექტი მიზნად ისახავს რეპრესიული და სადამსჯელო პოლიტიკის ჩანაცვლებას ზრუნვასა და პრევენციაზე დამყარებული მიდგომით, რომლის მიზანიც იქნება არა ადამიანების დევნა, არამედ მათი საზოგადოებაში დაბრუნება. საპარლამენტო განხილვის დაწყებას, წინ უძღოდა მრავალეტაპიანი სამუშაოები კანონპროექტის შინაარსობრივი და ტექნიკური დახვეწის მიზნით, სახელმწიფო უწყებებთან დიალოგისა და თანამშრომლობის წარმატებული თუ წარუმატებელი მცდელობები, საზოგადოებრივი განხილვა და მომზადებული პროექტის ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტიზა.

მიუხედავად ამისა, საპარლამენტო განხილვა მაინც არაერთგვაროვანი განწყობით იწყება და მათ შორის სახელისუფლებო გუნდიდანაც წინააღმდეგობრივი შეფასებები გაისმის. „ვერ დავინახეთ ისეთი არგუმენტები, რომელიც ასე თავისუფლად მოგვცემდა საშუალებას, მძიმე ნარკოტიკების ნაწილში დეკრიმინალიზაციაზე ვილაპარაკოთ. ვერ ვხედავ, რომ ჩვენი საზოგადოება, თუნდაც ეკონომიკურად, ამისთვის მზად არის”. შს მინისტრის ეს განცხადება ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელმაც ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერები კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, თუ რა ელოდება კანონპროექტს პარლამენტში.

რეალურად, ნარკოპოლიტიკის კუთხით, თუკი რაიმე არის ფუნდამენტურად და საჩქაროდ შესაცვლელი ეს სწორედ ე.წ „მძიმე ნარკოტიკს” შეეხება.  სწორედ ამ ნივთიერებების მოხმარება ასოცირდება სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკთან, დამოკიდებულების განვითარებასა და თანმდევ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან. დღეს სწორედ „მძიმე ნარკოტიკის“ მომხმარებელია უკიდურესად სტიგმატიზებული და იზოლირებული საზოგადოებისგან, რის გამოც ეს ადამიანები არათუ პირადი პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებენ, ისინი იმალებიან და არ ჩნდებიან საზოგადოებაში. ამ ფონზე ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მესიჯები, რომ ჯერ „მსუბუქი ნარკოტიკისა” და „მარიხუანის” მიმართ შეიცვლება მიდგომა, სინამდვილეში კონტრპროდუქტიულია და ერთგვარ ლეგიტიმაციას ახდენს იმ ადამიანების მძიმე ყოფის, ვინც მძიმე ნარკოტიკზე დამოკიდებულების გამო სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლას ყველაზე სწრაფად ელოდება.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსგავსი განცხადებების ავტორები კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებებს ნაკლებად საზიანოდ მიიჩნევენ და ამიტომ ფიქრობენ, რომ მათ მიმართ ნაკლები ყურადღების გამოჩენა ნორმალურია, ხოლო ამ ნივთიერებების მოხმარების დასჯადობა - არაგონივრული. დეკრიმინალიზაციის ამგვარი გაგება ალოგიკური და სახიფათოა, რადგან: ა) წამალდამოკიდებული ადამიანის მიერ უფრო მავნე სუბსტანციის მოხმარების (რაც გართობაზე, რელაქსაციაზე მეტად შეიძლება, ნარკოტიკული შიმშილის გამო ხდებოდეს) სისხლის სამართლის წესით დასჯა კიდევ უფრო გაუგებარი ხდება, რადგან ნარკოტკის მოხმარებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად სხვა ტიპის მიდგომაა საჭირო და არა დასჯა; ბ) ამგვარი გაგებით, დეკრიმინალიზაცია დანახული არ არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კონტექსტში, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც ადამიანებს უნდა მოეხსნათ სამართლებრივი თუ სოციალური სტიგმა, რათა დაიწყონ თავიანთ პრობლემებზე მუშაობა; გ) ადამიანთა „მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლების” ჯგუფად გამოყოფდა კიდევ უფრო აძლიერებს მათ მიმართ არსებულ ისედაც ძლიერ სტიგმას, ასეთ პირობებში კი კიდევ უფრო გართულდება ამ ადამიანებისთვის მხარდამჭერი სერვისების მიწოდება და მათი რესოციალიზაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული კანონმდებლობა საერთოდ არ განასხვავებს „მსუბუქ” და „მძიმე“ ნარკოტიკებს და გაუგებარია, თავად განცხადების ავტორები რას გულისხმობენ ამ ტერმინებში.

რამდენიმე დღის წინ ნარკოპოლიტიკაზე მთავრობის ხელმძღვანელმაც ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის პოზიციით, „ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზღვარი - სად იწყება წახალისება. სად გადის ზღვარი ჰუმანურ, ლიბერალურ მიდგომასა და (ნარკოტიკის) წახალისებას შორის". პირველ რიგში, რომელიმე ქმედებისადმი მიდგომის შერბილება ავტომატურად არ ნიშნავს მის წახალისებას, მოწონებას. ზღვრის გავლებაში პრემიერი ასევე გულისხმობს მომხმარებლისა და გამსაღებლის გამიჯვნას, თუმცა დღეს არსებული კანონმდებლობა ამგვარი ზღვრის მკაფიოდ გავლების შესაძლებლობას, სამწუხაროდ, არ იძლევა, რადგან უმცირესი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვისაც კი ადამიანები უმკაცრესი სასჯელით ისჯებიან. ამიტომ, თუკი ზღვრის გავლებაზეა საუბარი, სწორედ აქ უნდა გაივლოს ის და კანონმდებლობით განისაზღვროს ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები იმგვარად, რომ პირადი მოხმარების მიზნით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის ადამიანს აღარ „მიეკეროს” კრიმინალის სტატუსი და არ მოუწიოს წლობით საპატიმროში ყოფნა.

ნარკოპოლიტიკის თემაზე ქვეყანაში მომუშავე არც ერთი ჯგუფი თუ გაერთიანება არ იბრძვის იმისთვის, რომ რაიმე ფორმით მოხდეს ნარკოტიკის მოხმარების წახალისება, მისი საზოგადოებაში გავრცელების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მდგომარეობის გართულება. პირიქით, მომზადებული კანონპროექტი სწორედ ამ პრობლემებზე ადეკვატური ზომების გატარებას ითვალისწინებს, თუმცა მანამდე საჭიროა სადამსჯელო მექანიზმების შემსუბუქება, რათა ის ადამიანები გამოვიდნენ ჩრდილიდან, რომლებსაც ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური და ჯანდაცვითი პრობლემები ყველაზე მეტად აქვთ.

ცხადია, რეფორმასაე და კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფები სრულად ვერ ქმნიან პოლიტიკურ თუ მედია დღის წესრიგს და საჯარო დებატებსა თუ სხვა ფორმატებში ხშირად ჟღერდება ნარკოპოლიტიკის კონტექსტში არასწორი, ირელევანტური მოსაზრებები. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით აღარ მიმდინარეობს პროფესიული და საგნობრივი განხილვა იქ, სადაც ამის ადგილია - საქართველოს პარლამენტში. ამ კონტექსტში, კანონპროექტის მისამართით კითხვების გაჩენა და მთლიანად რეფორმაზე უარის თქმა უპასუხისმგებლობა იქნება საკუთარი მოქალაქეებისა და საზოგადოების მიმართ. იმისთვის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა მოისმინონ საკმარისი არგუმენტები, მათ უნდა მოუსმინონ კანონპროექტის ავტორებს, ინიციატორ დეპუტატებს და ექსპერტული ცოდნის მქონე ადამიანებს, ვინც უკვე წლებია, აქტიურად მუშაობს ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე. საკომიტეტო განხილვის დაწყება ამის კარგი შესაძლებლობაა და იმედია, ახალი წლიდან ბევრად აქტიურად გაგრძელდება ეს პროცესი, რათა დაანონსებულ რეფორმაზე დროულად მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^